ვინ არიან 2023 წლის „ოსკარის“ ფავორიტები და ვინ იქნებიან გამარჯვებულები?

ფოტო: Getty Images
2023 წლის „ოსკარის“ ნომინანტები ცნობილია და ფაქტობროვად, სიურპრიზებიც არ ყოფილა. აღნიშნულ ჩამონათვალშია „ოქროს გლობუსის“ ყველა გამარჯვებული და ფავორიტი, აქვეა ყველა ის ფილმი, რომელთა მოკლე სიაში მოხვედრასაც ბევრი დამკვირვებელი და კომენტატორი პროგნოზირებდა. თავის მხრივ BBC შეეცადა ძირითადი კატეგორიების მიხედვით ფავორიტები განესაზღვრა.
საუკეთესო ფილმი
ეს არის ერთადერთი კატეგორია, რომელიც ათი ნომინანტით არის წარმოდგენილი, რაც სხვა კატეგორიებში ნომინირებულ ხუთეულებზე ორჯერ მეტია. სწორედ პრეტენდენტთა ეს გაზრდილი რაოდენობა განსაზღვრავს მათ სტილისტურ მრავალფეროვნებასა და სასოწარკვეთილ ბრძოლას ოქროს ქანდაკებისთვის.
ეს ათი ნომინანტი შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს.
„ავატარი: წყლის გზა“ და „ტოპ განი: მავერიკი“ არის ფილმები, რომლებიც ფართოდ არის ცნობილი კინოფრენჩაიზის სამყაროში. გასულ წელს, მათ უზარმაზარი წარმატება ხვდათ წილად. შესაბამისად, კინოსალაროებში ისინი პირველ და მეორე ადგილებზე არიან. მართალია, ამაზე აკადემია იშვიათად ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ამ ორი ფილმის ნომინანტთა სიაში შეყვანა უკვე გარკვეული ხარისხის მანიშნებელია. თუმცა „ავატარისგან“ სხვას არავინ ელოდა. ჯერ კიდევ პირველმა „ავატარმა“ მაყურებელზე უდიდესი შთაბეჭდილება იქონია წარმოუდგენელი სანახაობის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ამ ფილმებს აღნიშნულ მთავარ ნომინაციაში გამარჯვების მცირე შანსი აქვთ.
აბსოლუტურად სხვა პოლუსზეა კრიტიკისა და ფესტივალების ფავორიტი ჟანრი- არტ-ჰაუსი. აქ გამოირჩევა ბრწყინვალე „ტარი“, რომელიც სუპერწარმატებული დირიჟორი ქალის მორალური და პროფესიული კოლაფსის შესახებ მოგვითხრობს. ეს უკანასკნელი მტაცებელივით ემორჩილება თავისი ორკესტრის ახალგაზრდა მუსიკოსების ლესბოსურ ვნებას. დირიჟორი ქალი კი არა, კაცი რომ ყოფილიყო, #MeToo კამპანიის თემატიკის წყალობით, ფილმი შეიძლებოდა პოლიტკორექტულობის ფავორიტი გამხდარიყო. ქეით ბლანშეტის ბრწყინვალე შესრულების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიზანმიმართულმა ინტელექტუალიზმმა მას გამარჯვების შანსი მისცეს.
აქვე შეიძლება დავასახელოთ შვედი რეჟისორის, რობერტ ეტსლუნდის „სევდის სამკუთხედი“. თანამედროვე კაპიტალიზმის მახვილგონივრული და აშკარა კრიტიკა უფრო ევროპულ ფესტივალებს შეეფერება. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ფილმმა კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა.
„ქალები საუბრობენ“ არის ერთგვარი ფემინისტური მანიფესტი. აქ მოქმედება მიმდინარეობს ბოლივიაში, მენონიტების დახურულ კოლონიაში, სადაც ქალები კაცების მხრიდან ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ აჯანყდებიან. მიუხედავად ფემინისტური დღის წესრიგის მუდმივი აქტუალობისა, ფილმის გარკვეული ერთფეროვნება არ იძლევა საშუალებას, ის ფავორიტთა შორის დასახელდეს.
„ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ არის სამეცნიერო ფანტასტიკის, კომედიისა და საბრძოლო ხელოვნების სიურეალისტურ-აბსურდული ნაზავი. მოქმედება ლოს-ანჯელესში მდებარე ჩინურ სამრეცხაოსა და მრავალრიცხოვან ფანტასტიკურ სამყაროს შორის ვარირებს. მიუხედავად შესანიშნავი გამომგონებლობისა, ეს ფილმი მაინც ზედმეტად ეგზოტიკურად გამოიყურება მთავარი პრიზისთვის. თუმცა ნომინაციების საერთო რაოდენობით (თერთმეტი), ეს უჩვეულო სურათი მოულოდნელი ლიდერი გახდა.
რემარკის რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ გერმანული ეკრანიზაცია წარმოუდგენლად ძლიერი და გასაოცრად აქტუალურია ევროპაში გაჩაღებული ახალი ომის გამო. შეძლებს თუ არა არაინგლისურენოვანი ფილმი 2020 წლის კორეული „პარაზიტების“ სენსაციური წარმატების განმეორებას? ყველა მისი დამსახურების მიუხედავად, ეს ნაკლებად სავარაუდოა. როგორც ჩანს, მას მოუწევს ოსკარით დაკმაყოფილება საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
დაბოლოს, ოქროს შუალედი. ირლანდიელი მარტინ მაკდონის "ინიშერინის ბანშიმ" გასულ წელს ბრწყინვალე შეფასება და დიდი წარმატება მოიპოვა. "როკ-ენ-როლის მეფის" ბაიოპიკი „ელვისი“, რომლის რეჟისორიც ბეზ ლურმენი გახლავთ, აკადემიის ყველა კატეგორიაში განიხილება.
ასეა თუ ისე, როგორც „გლობუსის“ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მთავარ პრიზს მაინც სტივენ სპილბერგის „ფაბელმანები“ მიიღებს. სპილბერგი ჰოლივუდის ცოცხალი კლასიკაა. საკუთარ წარსულში გადასული და დიდ რეჟისორად ჩამოყალიბების ისტორიის ამსახველი ფილმისთვის წინააღმდეგობის გაწევა საკმაოდ რთულია. უფრო მეტიც, ის, როგორც ყოველთვის, სპილბერგს ოსტატურად აქვს გაკეთებული. ფილმის ნახვა ერთი ამოსუნთქვით არის შესაძლებელი და მისი გამარჯვება, თუ ეს მოხდება, სავსებით დამსახურებული იქნება.
საუკეთესო რეჟისორი
როგორც ჩანს, სიურპრიზები არც აქ იქნება და ოსკარს სპილბერგი მიიღებს. თუმცა გასაკვირის არ იქნება, თუ აკადემია შენიშნავს ორი დენიელის (სხვათა შორის, თავიანთ სარეჟისორო ტანდემს "დანიელებს" უწოდებენ) - დენ კვანისა და დენიელ შაინერტის გამომგონებლობისა და რეჟისორული ვირტუოზობის ნიმუშს - "ყველაფერი ყველგან ერთდროულად". ვეტერანი სპილბერგისგან განსხვავებით, დენიელები ჰოლივუდის შედარებით ახალგაზრდა შთამომავლები არიან (კვანი 34 წლისაა, შაინერტი კი - 35-ის). „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ მათი მხოლოდ მეორე ნამუშევარია და რეჟისორების სითამამე ახალი კინოს ძიებაში, რა თქმა უნდა, წახალისებას იმსახურებს.
დანარჩენი პრეტენდენტები, სავარაუდოდ, სხვა კატეგორიის ჯილდოებით დაკმაყოფილდებიან. "ტარას" რეჟისორისთვის ეს იქნება ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის (ქეით ბლანშეტი), მარტინ მაკდონისთვის - საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის "ინიშერინის ბანში", რობერტ ესტლუნდისთვის კი საკმარისი ექნება კანის ოქროს პალმის რტო, რომელიც მისმა ორმა ფილმმა ზედიზედ მიიღო. ეს ჯილდოები კინოსაზოგადოებაში ოსკარზე უფრო ღირსეულიც კია.
კაცის საუკეთესო როლი
BBC-ის აზრით, აქ ფავორიტი ბრენდან ფრეიზერია. ეს იქნება ფილმ „ვეშაპში“ არა მხოლოდ წარმოუდგენელი, ამოუცნობი, ფიზიკური ტრანსფორმაციისთვის, არამედ მამის როლის ფანტასტიკური შესრულებისთვის, რომელიც აღადგენს ემოციურ კავშირს თავის ქალიშვილთან. ამ მხრივ, შესანიშნავია ბრიტანელი ბილ ნაი ფილმში „ცხოვრება“. ოსკარს არ უწინასწარმეტყველებენ არც ოსტინ ბატლერს, რომელმაც ელვის პრესლის როლის შესრულებისთვის მიიღო „ოქროს გლობუსი“.
ქალის საუკეთესო როლი
BBC-ის აზრით, ქეით ბლანშეტი ფილმში "ტარი", უკონკურენტოა. ის თითქმის მთელი 2 საათ-ნახევრიანი ფილმის განმავლობაში კადრშია და ოსტატურად გადმოსცემს თავისი გმირის რთული ფსიქოემოციური მდგომარეობის ყველა ნიუანსს. „ტარის“ რეჟისორმა და სცენარისტმა ტოდ ფილდმა ეს როლი სპეციალურად ბლანშეტისთვის დაწერა და განაცხადა, რომ თუ ის უარს იტყოდა ამ როლზე ან ვერ ითამაშებდა, მაშინ ფილმიც არ იარსებებდა.
ჰონგ კონგელი მსახიობი მიშელ იეო საოცარია ფილმში "ყველაფერი ყველგან ერთდროულად", ისევე, როგორც ცნობილ სურათში - "ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი". კუბელმა ანა დე არმასმა, რომელმაც ყურადღება მიიპყრო ბონდის ფილმში „სიკვდილის დრო არ არის“, მერილინ მონროს როლი შეასრულა ფილმში „ქერა“.
მიშელ უილიამსის ნომინაცია „ფაბელმანებში“ უფრო თავად ფილმის დამსახურებაა, ვიდრე - მსახიობისა. ნომინანტებს შორის შესამჩნევია ოლივია კოლმანის არყოფნა, რომელიც ფილმ „სინათლის იმპერიის“ ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა მას უკვე აქვს ერთი ოსკარი ფილმისთვის „ფავორიტი“. ასე რომ, ყველაზე სავარაუდო გამარჯვებული მაინც ქეით ბლანშეტია.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი
აღნიშნულ ნომინაციაში ფილმში „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ ლიდერობს ერთდროულად ორი მსახიობი ჯეიმი ლი კერტისი და სტეფანი სიუი. სხვა კატეგორიებში შავკანიანი ნომინანტების არარსებობის გამო, პოლიტკორექტულობის კონტექსტში, შეიძლება ანჯელა ბასეტს მიენიჭოს უპირატესობა აფრო-ამერიკული ნამუშევრისთვის - „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი
ამ კატეგორიაში არის ორი ნომინანტი ფილმიდან „ინიშერინის ბანში“: ბარი კეოგანი და ბრენდან გლისონი. ირლანდიელ გლისონს აქვს კარგი შანსი, თუმცა არ იქნება გასაკვირი, რომ ის კე ჰუი ქუანმა („ყველაფერი ყველგან ერთდროულად“) დაამარცხოს.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
აღნიშნულ კატეგორიაში უდავო ფავორიტი არის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“. არგენტინული პოლიტიკური თრილერი „არგენტინა, 1985“ ასახავს არგენტინაში სამხედრო ხუნტის დამხობის შემდეგ გამართული სასამართლო პროცესის ისტორიას, რომელიც დღეს წარმოუდგენლად აქტუალურია. თუმცა ამის მიუხედავად, წმინდა კინემატოგრაფიულად, სურათი გარკვეულწილად მარტივია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონკურენცია გაუწიოს გერმანულ ნამუშევარს - „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“.