სადამდე მიიყვანა რიში სუნაკმა ბრიტანეთი 100 დღეში და დაბრუნდება თუ არა ბორის ჯონსონი?

რიში სუნაკი
ფოტო: Twitter
დიდმა ბრიტანეთმა გასული წელი უპრეცედენტო პოლიტიკურ კრიზისში გაატარა და ორი თვის განმავლობაში გაათავისუფლა ორი პრემიერმინისტრი - ბორის ჯონსონი და ლიზ ტრასი. 100 დღის წინ ეს პოსტი რიში სუნაკმა დაიკავა. მან პირობა დადო, რომ მთავრობისა და კონსერვატიული პარტიის სკანდალებით გაჟღენთილ რეპუტაციას აღადგენდა, ბრიტანეთს კი რაციონალური პოლიტიკისა და მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს დაუბრუნებდა.
სუნაკის პრემიერობის პირველ 100 დღეში, დიდმა ბრიტანეთმა „ევროპის ავადმყოფი ადამიანის“ სტატუსი გაიმყარა. საიუბილეო საჩუქრად კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი გაფიცვა იქცა. მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, მეხანძრეები, მემანქანეები - ასობით ათასი ბრიტანელი გაფიცულია, რადგან ცხოვრება ძვირდება, ხელფასები არ შეესაბამება რეკორდულ ინფლაციას, ჯანდაცვა და სოციალური სფერო კი ღრმა კრიზისშია. ხელისუფლების რეიტინგი სწრაფად ეცემა და კონსერვატიული პარტიის 13-წლიანი მმართველობის დასასრულს მოასწავებს.
BBC-ის ინფორმაციით, კრიზისის დაძლევის მარტივი რეცეპტები ამოწურულია, რადგან შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად არც ზედმეტი ფულია და მომავალში კიდევ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსი იქნება. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო კოვიდისგან გამოჯანმრთელების პროცესშია და რუსეთ-უკრაინის ომის შოკიდან გამოდის. ამასობაში კი ბრიტანეთის ეკონომიკა საპირისპირო მიმართულებით მიდის და წელს ის რუსეთის ეკონიმიკაზე უარეს დღეში აღმოჩნდება - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი.
ამაში დამნაშავე არის არა სუნაკი, არამედ - მისი წინამორბედი ლიზ ტრასი, რომელმაც სულ რაღაც ერთ თვეში მოახერხა და ბრიტანეთის საპენსიო სისტემა მთელ ეკონომიკასთან ერთად კოლაფსის პირას მiიყვანა. სწორედ ამიტომ პარტიამ ტრასი გააძევა და პრემიერის სავარძელი სუნაკს გადასცა. მოღიმარმა 42 წლის ფინანსისტმა და ინდური წარმომავლობის მქონე მულტიმილიონერმა ანტიკრიზისული მენეჯერის როლს თავი გაართვა. მის დროს მთავრობა აშკარა სისულელეების კეთებას შეეშვა და ტრასის ნავიც დასტაბილურდა. ქვეყანაში ვითარების გაურესების ტემპი შენელდა და სტაბილური სახე მიიღო. თუმცა მას სერიოზული გამოწვევები ჯერ კიდევ წინ აქვს.
ამისათვის კი სუნაკმა უნდა გაათავისუფლოს ბრიტანეთი ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობის გამომწვევი ხუთ ძირითადი მიზეზიდან ერთისგან მაინც. ეს არის:
ბრექსიტი;
გაფიცვები;
კორუფცია და სკანდალები მთავრობასა თუ პარლამენტში;
მიმდინარე მწვავე ეკონომიკური კრიზისი;
ეკონომიკის ძველი ქრონიკული დაავადებები;
გაუმკლავდება თუ არა სუნაკი ამ ამოცანებს, ამას გვიჩვენებს დრო, რომელიც არ ითმენს.
დაბრუნდება თუ არა ბორის ჯონსონი?
სუნაკს კოზირები აღარ დარჩა. კრიზისის დაძლევას დასჭირდება რთული გადაწყვეტილებები და დიდი დრო, რაც პრემიერმინისტრს არ აქვს - შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2025 წლის იანვრისა. თუმცა, სავარაუდოდ, ის, ტრადიციისამებრ, 2024 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გაიმართება.
ფულის გამომუშავება შესაძლებელია, მაგრამ ეს მოითხოვს ეკონომიკის ზრდას და არა - დაცემას. გადასახადების გაზრდაც შესაძლებელია, მაგრამ ამ მიმართულებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისედაც ყველა დროის რეკორდია მოხსნილი. ბოლოს და ბოლოს, ეკონომიკის აღორძინებისთვის გადასახადების შემცირებაც შეიძლება. თუმცა ამისთვის საჭიროა სესხის აღება და ბრიტანეთს უკვე აქვს 2,5 ტრილიონი ფუნტის მოცულობის ვალი. გარდა ამისა, სუნაკი მოსახლეობას მის შემცირებას დაჰპირდა და ამჟამინდელი ტემპით, ეს არ მოხდება 2027 წლამდე. ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი.
სერიოზული რეფორმებისთვის სუნაკს არ აქვს შესაბამისი პოლიტიკური წონა და პარლამენტში ფრაქცია „ტორის“ მხარდაჭერა. მათ გარეშე კი, რომც მოინდომოს, ევროკავშირთან დაახლოებას, იმიგრაციის შემცირებასა და მშენებლობაზე შეზღუდვების შემსუბუქებას ვერ შეძლებს. არა და, ქვეყანაში გარღვევისა და ვითარების მკვეთრი გაუმჯობესების გარეშე, სუნაკის სავარძელი ცალსახად შეირყევა. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ტორების კანდიდატი, მისი შემცვლელის მოძებნა ადვილი არ იქნება.
თუმცა ერთი კანდიდატი უკვე არის და ის ისევ ბორის ჯონსონია. ”თუკი ასე გაგრძელდება, მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის, ნელ-ნელა გაჩნდება იდეა, რომ ”სუნაკის გადატვირთვამ არ იმუშავა”. თუ ჯონსონის მხარდამჭერები შეძლებენ და ყველა წარუმატებლობას სუნაკს დააბრლებენ, დადგება კიდევ ერთი ზაფხული ლოზუნგებით: „დააბრუნეთ ბორისი!“- განაცხადა UK in a Changing Europe-ის ექსპერტმა რობ ფორდმა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ სუნაკს პრემიერმინისტრობის საუკეთესო კანდიდატად ბრიტანელების მხოლოდ 22%-ი მიიჩნევს. ოპოზიციის ლიდერ სტარმერს კი 34% ანიჭებს უპირატესობას. სუნაკის რეიტინგი წლის დასაწყისიდან დაეცა და მიაღწია ბორის ჯონსონის რეიტინგს, მისი პრემიერობის ყველაზე ცუდ მომენტებში - კოვიდ წვეულების სკანდალის დროს და გადადგომამდე. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 63%-ი ჯონსონს პრემიერმინისტრობის ღირსეულ კანდიდატად არ მიიჩნევს, მისი პარტიის წევრებს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ. „სუნაკის რეიტინგი ბევრად უკეთესი არ არის, ვიდრე - ჯონსონის შარშანდელი რეიტინგი. ამასთანავე, უფსკრული კონსერვატიულ პარტიასა და ლეიბორისტებს შორის კიდევ უფრო გაფართოვდა. ბორისის მგზნებარე მხარდამჭერებს ბრმად სჯერათ, რომ ამ გემის შემობრუნება მხოლოდ მას შეუძლია. თუმცა ეს ასეც რომ არ მოხდეს, მათთვის უფრო სასიამოვნოა ფსკერისკენ სვლა, როცა კაპიტანი ბორისი ჯონსონია და არა - რიში სუნაკი“, - ამბობს რობ ფორდი.