27 თებერვალი 2023 - 10:17

რა არის ემოციური გადაწვის სინდრომის გამომწვევი მიზეზი და რა როლი აქვს ამაში ტრადიციულ თუ სოციალურ მედიას

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ემპათიური გადაწვა არის სხეულის ემოციური თავდაცვის ფორმა, რომელიც სხვა ადამიანების გადაჭარბებული ტანჯვის ხილვისას გვემართება. თუმცა რაღაც დროის შემდეგ, თანაგრძნობის უნარი შეიძლება დაბრუნდეს და ამაში ტრადიციული თუ  სოციალური მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს. რა არის ემოციური გადაწვის სინდრომის გამომწვევი მიზეზი, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

ამ ბოლო დროს, როგორც კი ინტერნეტში შევდივართ, მკვლელობების, კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების შესახებ ცნობები ყველა მხრიდან მოედინება. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ადამიანები წყვეტენ რეაგირებას მედიაში გავრცელებულ ამბებსა თუ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებზე, რომლებიც ომსა და ძალადობას ეხება. ეს არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც თანაგრძნობისგან გადაღლა ან ემპათიური გადაწვა ეწოდება. ამ დროს ადამიანები კარგავენ უნარს, ჰქონდეთ რეაქცია სხვის მწუხარებაზე და დაეხმარონ მათ, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. 

„ეს განსაკუთრებით ვიგრძენი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან რაღაც დროის შემდეგ“, -  იხსენებს ლისაბონში მდებარე, პორტუგალიის კათოლიკური უნივერსიტეტის კომუნიკაციის სწავლების ასისტენტ-პროფესორი ჯესიკა რობერტსი. „როდესაც პირველად გავიგე იქ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ, საშინელი განცდა დამეუფლა. თუმცა როდესაც შემდეგ გავიგე, რომ მსგავსი რამ სხვა ქალაქებშიც ხდებოდა, ჩემი რეაქცია არც ისე ექსტრემალური იყო“, - დასძენს ის. როგორც ამერიკელი მწერალი სიუზან ზონტაგი თავის ნარკვევში წერდა,  „როდესაც სხვების ტკივილს ვუყურებთ, თანაგანცდა არასტაბილური ემოციაა. ის მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, თორემ გაქრება“.

თანაგრძნობისგან გადაღლა და ძალადობისადმი უმოქმედობა

აშშ-ის ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მედია კვლევის ექსპერტმა, ბრედ ბუშმანმა ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, რომელიც ადასტურებს, რომ ძალადობრივ სცენებს ციფრული მედიის ფორმატებში (ვიდეო თამაშები და ფილმები) შეუძლია შეამციროს ადამიანების მიმღებლობა რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების ან ძალადობის მიმართ.

ბუშმანის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში 320 სტუდენტი მონაწილეობდა. მათ 20 წუთის განმავლობაში ითამაშეს ვიდეო თამაშები, რომელთაგან ზოგიერთი ძალადობრივ სცენებს შეიცავდა, სხვა კი - არა. ამის შემდეგ სტუდენტებს კითხვარი უნდა შეევსოთ და ამ დროს აუდიტორიის კარს გარეთ, დერეფანში, კამათის ხმა ისმოდა. "ეს იყო პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით გამართული ჩხუბის ჩანაწერი. გარდა ამისა, ჩვენს ერთ-ერთ კოლეგას ვთხოვეთ, დერეფანში ნაგვის ურნა მონოტონურად ეხმაურებინა და ხმამაღლა კვნესა დაეწყო", - განუცხადა ბუშმანმა DW-ს. ექსპერიმენტის ავტორები დააკვირდნენ, თუ რამდენი ხანი დასჭირდათ მონაწილეებს დერეფანში მყოფი ადამიანის კვნესისთვის ყურადღება მიექციათ. საშუალოდ, მონაწილეები, რომლებიც არაძალადობრივ ვიდეო თამაშებს თამაშობდნენ, 16 წამში კონცენტრირდნენ, ხოლო მათ, ვინც ძალადობრივ სიმულაციურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, საამისოდ 73 წამი დასჭირდათ. განსხვავებულად აღიქვეს აღნიშნული კატეგორიების წარმომადგენლებმა რეალური კამათის დონეც. პირველმა ნაწილმა ის უფრო მძაფრად აღიქვა, ვიდრე - მეორემ.

ძალიან ადვილი მისახვედრია, რომ ძალადობრივი ვიდეო თამაშები ადამიანების აგრესიის დონეს ზრდის. თუმცა ბუშმანის ექსპერიმენტებში, როგორც ჩანს, მათ დროებით მოადუნეს ადამიანების მიდრეკილება ძალადობის მიმართ რეალურ სამყაროში. "ძალადობრივი სცენების ყურება იწვევს ადამიანებს მოდუნებას და ისინი ფიქრობენ, რომ ძალადობა არც ისე საშიშია. ამის შედეგად, ისინი ნაკლებად ეხმარებიან მათ, ვინც რეალურ სამყაროში ძალადობის მსხვერპლი გახდა", - განმარტავს ბუშმანი. 

არის თუ არა თანაგრძნობისგან გადაღლა ემოციური თავდაცვის ფორმა?

ბუშმანის აზრით, ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც თანაგრძნობით გამოწვეულ გადაღლას ეფუძნება, მგრძნობიარობის შემცირებას წარმოადგენს. ”არსებითად, ეს არის ერთგვარი ემოციური ფილტრი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაგვიცვას ტრავმული ან გაუსაძლისი ტანჯვისგან, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით”, - განმარტავს ბუშმანი. თუ როგორ იკლებს მგრძნობელობის დონე ძალადობის სცენების მიმართ, აშკარაა სტრესზე ადამიანების ფიზიოლოგიური რეაქციების გაანალიზების დროსაც. „თუ გავზომავთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის აღმგზნები ფაქტორების ან შიშის დროს ტვინში მიმდინარე ელექტრო იმპულსების რეაქციებს, ვნახავთ, რომ სხეულის ფიზიოლოგიური შოკური რეაქცია ძალადობრივ სცენებზე შესუსტებულია იმ ადამიანებში, რომლებმაც ძალადობრივი ვიდეო თამაშები ახლახან ითამაშეს“, - ამბობს ბუშმანი. 

თუმცა მისი თქმით, ძალადობისა და ტრავმის მიმართ დესენსიბილიზაცია შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ადაპტაციური სტრატეგია მათთვის, ვისაც სამუშაოს გამო ხშირად უწევს ტრავმულ მოვლენებთან გამკლავება. მაგალითად, ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან სამხედროები, ექიმები ან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლები. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ძალადობის მიმართ მგრძნობელობა ჩვეულებრივ ადამიანებში მცირდება. "სწორედ ორგანიზმის ასეთი ადაპტაცია არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც რეალურად ასტიმულირებს საზოგადოებაში შემდგომ აგრესიასა და ძალადობას", - განმარტავს ბუშმანი.  

რატომ შემცირდა ემპათია ლტოლვილების მიმართ?

ფაქტობრივად, იმავეს ამბობს სტამბოლის იბნ ხალდუნის უნივერსიტეტის თანამშრომელი იასმინ ალდამენი. მისი ერთ-ერთი კვლევა ფოკუსირებული იყო ემპათიური გადაწვის სინდრომსა და მედიის ნეგატიური გაშუქების გავლენაზე, რომელიც თურქეთსა და იორდანიაში სირიელი ლტოლვილების მიმართ დამოკიდებულებას ასახავდა. „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ლტოლვილების თემასთან დაკავშირებით მედიის ნეგატიური გაშუქება და გზავნილები ადამიანებს აკარგვინებს თანაგრძნობას და უფრი მეტიც, სიძულვილს უღვივებს“, - განუცხადა ალდამენმა DW-ს. 

სამწუხაროდ, ამ ფაქტში არაფერია ახალი და გასაკვირი. ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ აგრესია ყოველთვის არსებობდა. თუმცა ახალი არის ის, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ტრადიციულ და სოციალურ მედიას ადამიანებში ემპათიური გადაწვის სინდრომის პროვოცირება. ეს კი, თავის მხრივ, საზოგადოებაში სიძულვილისა და რასიზმის ზრდას იწვევს. "ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სულ უფრო ნაკლებ ფულს გზავნიან. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება ახლა თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ", - ამბობს ლისაბონის პორტუგალიური კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯესიკა რობერტსი.

შესაძლებელია თუ არა ემპათიური გადაწვის სინდრომის დაძლევა?

დრო და დრო, რობერტსი და ალდამენი კამათობენ, რამდენად შესაძლებელია თანაგრძნობისა და თანაგანცდის აღდგენა. „სოციალური მედიის გავლენა შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანების მიმართ თანაგრძნობისა და თანაგანცდის მაჩვენებლის გასაზრდელად. ონლაინ პროექტ Humans of New York-ის  ფარგლებში, შევისწავლეთ შემთხვევა, რომლის მიხედვითაც ბიჭს თანაგანცდაში სხვა ადამიანების ცხოვრებისეული დადებითი და დამაჯერებელი ისტორიები დაეხმარა და არა - მათი ტრავმები“,- განუცხადა რობერტსმა DW-ს. 

იასმინ ალდამენი კი მოუწოდებს ტრადიციული და სოციალური მედიის მომხმარებლებს, შეცვალონ იმ მასალებისა და პოსტების ტონი, რომლებითაც ისინი ლტოლვილებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე საუბრობენ. "ჩემი კვლევის მიხედვით მომზადდა რეკომენდაცია, რომ სირიელ ლტოლვილთა კრიზისი და ზოგადად, კრიზისები უფრო ჰუმანისტური პერსპექტივიდან გაშუქდეს. მედია მიგრანტების შესახებ პოზიტიურ ისტორიებს უნდა ჰყვებოდეს, რათა ბევრი ტრაგიკული ამბის გამო ადამიანებს თანაგანცდისგან გადაღლა არ განუვითარდეთ ", - განუცხადა ალდამენმა DW.

სხვა თემები