10 ოქტომბერი 2017 - 15:30

კანცელარიზმი - ჟურნალისტის #1 მტერი. ეს რაღაა?!

კანცელარიზმს შეხვდებით თითქმის ყველა საინფორმაციო ვებგვერდზე, გამონაკლისი არც ჩვენ ვართ, ხშირად ოპერატიულობას ეწირება სტილისტური თუ წმინდად გრამატიკული მხარეები. ჟურნალისტებიც ადამიანები არიან (უმეტეს შემთხვევაში), წინამდებარე სტატია კი მიზნად პრევენციას ისახავს.

კანცელარიზმი? ეს რაღაა?!

კანცელარიზმი საკმაოდ გავრცელებულია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მედიასაშუალებებში წერის ან მეტყველების განხორციელებას ახდენენ. სწორედ ეს ფრაზა - „წერის ან მეტყველების განხორციელებას ახდენენ“ - შეგვიძლია განვიხილოთ კანცელარიზმის ტიპურ ნიმუშად. აკადემიური განმარტება კი ასეთია: „კანცელარიზმი 1. საქმის გაძღოლა კანცელარიულად, მხოლოდ მიმოწერით, ფორმალურად. 2. სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც დამახასიათებელია საქმიანი ქაღალდებისათვის, დოკუმენტებისათვის.“ ჩვენ ამ განმარტების მხოლოდ მეორე ნაწილი გვჭირდება.

ტერმინი „კანცელარიზმი“ მომდინარეობს რუსული Канцелярит-იდან. ეს სიტყვა 1962 წელს პირველად გამოიყენა რუსმა მწერალმა და ჟურნალისტმა კორნეი ჩუკოვსკიმ წიგნში „სიცოცხლესავით ცოცხალი“ („Живой как жизнь“). ამ ტერმინით ჩუკოვსკიმ აღნიშნა ცოცხალ მეტყველებასა და ტექსტებში საკანცელარიო-საქმოსნური სლენგისა და სიტყვათა წყობის შემოჭრის ტენდენცია. მას მაგალითად მოჰყავს ისეთი ნიმუშები, რომლებიც ახლაც კი მოქმედია და არა მხოლოდ რუსულში. მაგალითად, კაცი/ქალი კი არ მოკლეს, არამედ მისი ლიკვიდაცია მოახდინეს, ტყე კი არ იწვის, არამედ - მწვანე საფარი, კაცმა ცოლი კი არ მოიყვანა, ცოლი მოყვანილი იქნა კაცის მიერ და ა.შ.

და რატომ არის კანცელარიზმი ასე საშიში?

გააჩნია, რა პრიზმიდან ვუყურებთ. ღვიძლს არ ადიდებს, მაგრამ ენის დაკნინებას ნამდვილად იწვევს, უსუსტებს შინაარსს და უკარგავს ფორმას. 

ენათმეცნიერებში საყოველთაოდ მიღებულია აზრი, რომ ენა მიილტვის გამარტივებისკენ, ეს მისი ბუნებრივი მოცემულობაა. ამ ფონზე კი, კანცელარიზმი ენას უბიძგებს უმიზეზოდ გაართულოს შინაარსი, დაამახინჯოს ფორმა და ამოაგდოს ის ბუნებრივი კაპალოტიდან. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ კანცელარიზმი არის არაბუნებრივი ენობრივი სისტემა, ერთგვარი ანტისისტემა. არაბუნებრივ წყობას ხშირად შეხვდებით დღევანდელ მეტყველებასა და ტექსტებში: „მან იარაღის გასროლის განხორციელება მოახდინა ჩემი მიმართულებით“. მაგალითად ესეც გამოდგება. არადა, ავტორს ხომ მხოლოდ იმის თქმა სურდა, რომ ესროლეს. საკანცელარიო მეტყველებაში ხშირად და უმიზეზოდ იყენებენ პასივს (ვნებით გვარს). ოფიციალური მოხელეების გამოსვლიდან ბევრჯერ გაიგონებდით, რომ, მაგალითად, „ობიექტი საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების მიერ შემოწმდა“, „ამომრჩეველმა აქტივობის განხორციელება მოახდინა“, ხოლო „ცეცხლი მეხანძრეების მიერ ლიკვიდირებულ იქნა“ (აქ მრავალმხრივ კანცელარიზმთან გვაქვს საქმე).
 
ენათმეცნიერებში, ასევე, საყოველთაოდ მიღებულია აზრი, რომ ენა, უპირველეს ყოვლისა, არის კომუნიკაციის საშუალება. ზემოთ დასახელებული კანცელარიზმები კი, ნამდვილად ვერ გამოდგება კომუნიკაციისა და გაგებინების ეფექტიან საშუალებად. 
თავად ტერმინის გამომგონებელი ჩუკოვსკი კანცელარიზმს მართლაც საშიშ დაავადებად მიიჩნევდა, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ სწორედ პირდაპირი გაგებით. ტერმინი „კანცელარიტი“ (ქართულად „კანცელარიზმი“) მენინგიტის და კოლიტის ბგერწერული ანალოგია.

და მაინც, რატომ არის კანცელარიზმი ჟურნალისტის #1 მტერი?

ცხადია, ჟურნალისტს უფრო დიდი მტრებიც ჰყავს - მიკერძოებულობა, ზედაპირულობა, პროფესიული ალღოს სიმწირე და ა.შ. მაგრამ, ენობრივი თვალსაზრისით, რასაკვირველია, კანცელარიზმები ჟურნალისტის უპირველესი მტერია. ჟურნალისტიკა მასობრივი ხელობაა (მასმედია, ანუ მასობრივი მედია), შესაბამისად, ის უნდა იყოს მაქსიმალურად გასაგები და ბუნებრივ ენობრივ სისტემაზე მორგებული. ამ მიზნის მისაღწევად არაბუნებრივი სინტაქსური კონსტრუქციები, მრავალსიტყვაობა და ხელოვნურად შეკოწიწებული ტერმინების გამოყენება (ანუ ის ყველაფერი, რაც კანცელარიზმს ახასიათებს) ვერ გამოდგება.

გარდა ამისა, ჟურნალისტი შეზღუდულია დროშიც. მან მინიმალურ დროში უნდა მოახერხოს მაქსიმალური ინფორმაციის გავრცელება. ეს განსაკუთრებით ტელეჟურნალისტებს ეხება, თუმცა, ლაკონიურობა პრესაშიც ასევე საჭიროა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა თქვას რეპორტიორმა „გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს“, როცა შეუძლია იგივე თქვას ორი სიტყვით: „გზა იწმინდება“.

რა გავლენა აქვს კანცელარიზმებს ჩვენს ცხოვრებაზე?

ზოგადად, გავრცელებულ აზრთან ასოცირების სურვილი კომფორტულია და ამ კომფორტზე უარს ადამიანთა უმეტესობა ვერ ამბობს. გავრცელებულ აზრს კი აწარმოებენ ძალაუფლების მქონეები (ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა, მედია), რომლებიც ინტენსიურად იყენებენ საკანცელარიო ენას. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ გრამატიკულ მუტანტებს საკმაო გავლენა აქვს ჩვენს ლექსიკაზეც. 

ანუ კანცელარიზმი უნდა აიკრძალოს?

არა. უფრო სწორად, ვერა. ენა ასახავს თავად ამ ენის „მფლობელის“ მდგომარეობასაც. ბიუროკრატიის ჩახლართულ სტრუქტურას კი ყველაზე ზუსტად კანცელარიზმები, ანუ ბიუროკრატიული ენა ასახავს. შესაბამისად, სანამ იქნება ბიუროკრატია, იქნება კანცელარიზმიც. გარდა ამისა, ის ზოგჯერ გარდაუვალია. მაგალითად, ოფიციალური განცხადების წერისას, როგორც წესი, პირდაპირ არ ვწერთ: „გამიშვით შვებულებაში!“, არამედ ასე: „მოგახსენებთ, რომ“... და შემდეგ მიზეზსაც ჩამოვწერთ. მაგრამ აქ ჩნდება ჟურნალისტის მეორე მტერიც - პლეონაზმი. პლეონაზმი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად ზედმეტობას, სიჭარბეს ნიშნავს, ამ შემთხვევაში - ზედმეტ სიტყვებს წინადადებაში. ფრაზა „მოგახსენებთ, რომ“ არის სრულიად ზედმეტი, რადგან ისედაც ცხადია, რომ მოახსენებთ, რაკი განცხადებით მიმართავთ. მოკლედ, კანცელარიზმთან ერთად პლეონაზმიც ჟურნალისტის კიდევ ერთ მტრად შეგვიძლია განვიხილოთ. სხვა მტრებიც ჰყავს ჟურნალისტს. და საერთოდაც, სახიფათო პროფესიაა ჟურნალისტობა. იქნებ, სხვა რამე აგერჩიათ, მაგალითად, პრეზიდენტობა - ბევრი არაფერი გექნებათ საკეთებელი და კანცელარიზმებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად გამოიყენოთ.

კომენტარები ()

სხვა თემები