11 მარტი 2023 - 16:22

The American Conservative: საქართველო - ბოლოს და ბოლოს, ვისია ეს ქვეყანა?

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას სურდა, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უფრო მკაცრი რეგულაციები დაეწესებინა. ვაშინგტონი და ბრიუსელი კი ამას ეწინააღმდეგებიან. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოახლოებულია მეორე ფერადი რევოლუცია? - აღნიშნულ კითხვას სვამს და თავადვე პასუხს სცემს ამერიკელი ჟურნალისტი როდ დრეჰერი, რომელიც კონსერვატორული ონლაინ პლატფორმა The American Conservative (TAC)-ისთვის წერს. ამავე სახელწოდების ჟურნალს ორგანიზაცია „ამერიკის იდეების ინსტიტუტი“ 2002 წლიდან გამოსცემს. 

რა ხდება? 

როგორც როდ დრეჰერი წერს, საქართველოს პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, უცხოურ აგენტებად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. აღნიშნული კანონპროექტი, პრეზიდენტის ვეტოს საფრთხის მიუხედავად, პირველი მოსმენით მიიღეს. ამას დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ჟურნალისტის თქით, ამ ყველაფრის ფონზე მორიგი ფერადი რევოლუციის კონტურები მოიხაზა. 

როგორც ამერიკელი ჟურნალისტის წერს, ახალი ამბების ჯაჭვს თუ მიჰყვებით, ნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ეწინააღმდეგება კანონპროექტს, რადგან ეს, მისი აზრით, ევროინტეგრაციას აზიანებს. თუმცა ისმის კითხვა, რაში აინტერესებს ევროპას ან აშშ-ს ის, რომ საქართველოს სურს, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა თავის სუვერენულ ტერიტორიაზე დაარეგულიროს? როდ დრეჰერის თქმით, მან დეტალები არ იცის და შეიძლება ეს კანონპროექტი  გონივრული სულაც არ იყოს, მაგრამ მისთვის არც ის იქნება გასაკვირი, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ასეთ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების მანიპულირებისთვის გარკვეულ ძალას ინარჩუნებენ და სწორედ ამიტომ იცავენ მათ. ამერიკელი ჟურნალისტის განმარტებით, მან TAC-ში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ გამოჩნდა თებერვალში, ბუდაპეშტში ორგანიზაცია სახელწოდებით - Power-ი, რომელმაც 20 მილიონი დოლარის დაფინანსების შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანხა გამოყოფილი იყო იმ ინიციატივებისთვის, რომლებიც აშკარად მიზნად ისახავს დემოკრატიულად არჩეული ვიქტორ ორბანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრას. 

„ლირიკული გადახვევა“

ამავე სტატიაში როდ დრეჰერი აკეთებს მცირე „ლირიკულ გადახვევას“ და ზემოთ ხსენებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების განცხადებებს იხსნებს. 

აშშ-ის საელჩომ საქართველოში აღნიშნულ კანონს „კრემლის მიერ შთაგონებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია. „დღეს ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომლის თანახმადაც კანონი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „მმართველი პარტიის მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ კანონპროექტი იქნება დიდი უკუსვლა და „დარტყმა იმ უფლებებზე, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებების ამოსავალი წერტილია“, - იტყობინება BBC. 

თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოსზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კანონპროექტი „ძალიან ცუდი განვითარებაა“ ქვეყნისთვის და შეიძლება მან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სერიოზულად იმოქმედოს. 

Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა განაცხადეს, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყანაში გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლებას ფინანსური ანგარიშგების რთული და მძიმე მოთხოვნების გამო. „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონები შექმნილია დამოუკიდებელი და უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფებისა თუ მედიასაშუალებების მარგინალიზაციისა და დისკრედიტაციისთვის. არა და, ისინი საქართველოში ფართო საზოგადოების ინტერესებს ემსახურებიან“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.

რას ნიშნავს „ფართო საზოგადოებრივი ინტერესი“ და ვინ განსაზღვრავს მას?

ვინ განსაზღვრავს „ფართო საზოგადოებრივ ინტერესს საქართველოში“? - სვამს კითხვას როდ დრეჰერი. მისი თქმით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა საქართველოს საპარლამენტი უმრავლესობის მქონე პარტიამ, რომელსაც საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევა შეუძლია. ვინ წარმოადგენენ „უფრო ფართო საზოგადოებრივ ინტერესს“: საზოგადოების მიერ დემოკრატიულად არჩეული კანონმდებლები თუ უცხო ქვეყნების მთავრობები და არასამთავრობო ორგანიზაციები? ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება ჩავიდნენ ქვეყანაში და იმუშაონ დემოკრატიულად არჩეული მთავრობების, მოქმედი კანონმდებლობისა და კულტურული ტრადიციების ძირის გამოთხრაზე და ვინც ამის შეჩერებას ცდილობს, პუტინის მარიონეტია. ნიშნავს თუ არა ეს მეორე ვარდების რევოლუციის დასაწყისს?- კითხულობს როდ დრეჰერი.

რამდენად რეალურია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში?

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურს. ეს კანონი კი ამ ამოცანას გაართულებს, - ამბობენ აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, რომელთაც  ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება სურთ. როდ დრეჰერის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის შესახებ მას მყარად ჩამოყალიბებული შეხედულება არ აქვს. თუმცა მას სურს, გააფრთხილოს ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ერი (გეგმავს, პილიგრიმული მიზნით საქართველოს ეწვიოს), რომ ბრიუსელი შეეცდება გააუქმოს ის კანონები და წესები, რომლებიც რწმენას ეფუძნება. ჰკითხეთ უნგრელებსა და პოლონელებს, თუ რა მოხდა ლგბტ და ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით - დასძენს დრეჰერი. 

ამერიკელი ჟურნალისტის თქმით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რუსეთის იმპერიალისტური ხელისუფლების მიმართ საქართველოს შიშის გაგება. თუმცა როგორ შეიძლება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს წარმოადგენდეს ის, რომ მესამე მსოფლიო ომში მონაწილეობა მიიღოს იმ კავკასიური სახელმწიფოს სახელით, რომლის დედაქალაქი თბილისიც არის ცოტა უფრო აღმოსავლეთით ვიდრე - ბაღდადი? - ასკვნის ბოლოს ამერიკელი ჟურნალისტი როდ დრეჰერი. 

სხვა თემები