უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევ-პეჩორის ლავრიდან საბოლოოდ აძევებენ. რატომ არ აწუხებთ ეს ფაქტი უკრაინაში?

ფოტო: Getty Images
უკრაინის სახელმწიფო დაწესებულებამ - კიევ-პეჩორის ლავრამ მიიღო გადაწყვეტილება, მარტის ბოლომდე სავანიდან გააძევოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, როგორც წესი, მოსკოვის საპატრიარქოსთან ასოცირდება.
რა მოხდა?
კიევ-პეჩორის ლავრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 29 მარტიდან მონასტრის ქვემო ლავრა უნდა დატოვოს. ამ უკანასკნელს ზემო ლავრის ტაძრებში მსახურება იქამდე ჰქონდა აკრძალული, თუმცა ახლა სავანის დარჩენილი ტერიტორიიდანაც აძევებენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ომის დაწყების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს ხსენება თავისი ოფიციალური სახელწოდებიდან ამოიღო, მაგრამ მასთან კანონიკური კავშირი შეინარჩუნა. რის საფუძველზე ხდება ლავრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განდევნა და რატომ აღელვებს ეს ფაქტი უკრაინაში ძალიან ცოტა ადამიანს? - ამ კითხვაზე პასუხები BBC-მ მოიძია.
უკრაინაში ეს ფაქტი ბევრს არავის აშფოთებს. რატომ?
კიევ-პეჩორის ლავრის დასატოვებლად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს სამ კვირაზე ნაკლები აქვთ. ფორმალური თვალსაზრისით ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ამ ბოლო დრომდე, მის სახელწოდებაში იყო ჩამატებული „მოსკოვის საპატრიარქო“, მაგრამ ახლა ნებისმიერი კავშირი მოსკოვთან მისი წარმომადგენლებისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელია) ლავრის უძველეს ნაგებობებს იყენებდა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, 2013 წელს გაფორმდა. ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პერიოდში კი აღმოჩნდა, რომ ამ შეთანხმების პირობები ირღვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მისი დარღვევის უფლება აქვს.
თუმცა, რა თქმა უნდა, რეალობა ბევრად რთულია. მიუხედავად რუსეთის ეკლესიასთან დაშორების მთელი რიგი მცდელობისა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსახლეობის უმრავლესობისთვის კვლავ მოსკოვთან ასოცირდება. იმავე აზრზეა უკრაინის პრეზიდენტიც. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთისა და ყოველივე რუსულისადმი დამოკიდებულების კონტექსტში, გასული წლის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ძალიან რთული გზა გაიარა.
დღეს, ათიათასობით მსხვერპლის, მარიუპოლის, სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვის, ცივი და ბნელი ზამთრის შემდეგ, განწყობა განსხვავებულია. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლავრიდან გაძევება ერთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. ხომ არ გვაქვს საქმე რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევასთან? პუტინი ამის გამო ესკალაციაზე ხომ არ წავა? - ეს არის კითხვები, რომელთაც BBC-ის ჟურნალისტი სვამს.
ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე, ლავრაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბედი წინასწარ განსაზღვრული ჩანს. მიმართავს თუ არა ის საპროტესტო ლოცვით მსვლელობებს, მოსთხოვს თუ არა სახელმწიფოს გადაწყვეტილების შეცვლას და ჩარევს თუ არა ამ პროცესში დასავლურ უფლებადამცველ ინსტიტუტებს, სამ კვირაში, სავარაუდოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ლავრას დატოვებს. უფრო მეტიც, დღის წესრიგში დადგება კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ზოგადად მის მომავალს შეეხება.
რას ამბობენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში?
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში შემავალი კიევ-პეჩორის ლავრიდან მათი გაძევების გადაწყვეტილება ჩინოვნიკური ინიციატივაა და ის კანონს ეწინააღმდეგება.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური ინფორმაციისა და საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა კლიმენტიმ (ვეჩერია) აღნიშნა, რომ წერილში, რომელიც მათგან მარტის ბოლომდე ლავრის დატოვებას მოითხოვდა, არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ იყო. „ცხადია, მსგავს განცხადებებს უკრაინის სახელმწიფოს სამართლებრივ სფეროსთან არაფერი აკავშირებთ. შესაბამისად, ამას მივიჩნევთ გარკვეულ პროვოკაციად იმ ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებიც ვიღაცის საამებლად გარკვეული სენსაციის შექმნას ცდილობენ. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ყველა ელემენტარულ ნორმას, რეგულაციასა თუ საკანონმდებლო აქტს, რომლებიც სახელმწიფო-ეკლესიის ურთიერთობებს არეგულირებენ“, - განუცხადა BBC-ის კორესპონდენტს მიტროპოლიტმა კლიმენტიმ.
თავის მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსკოვის საპატრიარქომ უკრაინელი მრევლის მიმართ „უკანონობის აპოგეა“ უწოდა.