Reuters: ბახმუტი - რატომ იბრძვიან რუსეთი და უკრაინა ასე თავგამოდებით ერთი პატარა ქალაქისთვის?

ფოტო: AP
მისი მოსახლეობის 90%-ზე მეტი გაიქცა, ადგილობრივების დიდი ნაწილი ნანგრევებშია მოქცეული, ათიათასობით ადამიანი მოკლულია, მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კი პენტაგონისა და ნატოს ლიდერები აკნინებენ. თუმცა რუსეთი და უკრაინა კვლავ თავგამოდებით იბრძვიან პატარა ქალაქისთვის, რომელსაც ბახმუტი ჰქვია. თითქმის რვა თვის განმავლობაში სანგრებიდან მიმდინარე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის ჯარები სამი მხრიდან ალყაში არიან მოქცეული, კიევის მომარაგების ხაზები გაიცვითა, ამასობაში კი ბახმუტის ნახევარზე მეტს მოსკოვი აკონტროლებს. თუმცა უკრაინამ პირობა დადო, რომ ქალაქის დასაცავად ძალისხმევას გააორმაგებს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს დიდი მსხვერპლია. რა ამოძრავებს კიევსა და მოსკოვს ამ შემთხვევაში, Reuters-მა გაარკვია.
ზოგიერთი წამყვანი დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უმჯობესია, უკრაინულმა მხარემ ახალი გამაგრებული თავდაცვითი ხაზისკენ უკან დაიხიოს. თუმცა კიევიდან ამ დროისთვის ამის არანაირი ნიშან-წყალი არ არის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბახმუტის ციხე-სიმაგრეს“ უწოდა დაუმორჩილებლობის სიმბოლო, რომელიც რუს სამხედროებს სისხლისგან ცლის. მოსკოვისთვის იმ ქალაქის აღება, რომელსაც ის საბჭოთადროინდელი სახელწოდებით - არტიომოვსკით მოიხსენიებს, იქნება 2022 წლის შუა პერიოდის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი „ნადავლი“ და უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი ომის სტიმული. კრემლში აცხადებენ, რომ ეს უკრაინული ძალებისთვის განადგურების მანიშნებელი იქნება.
რა არის ბახმუტი?
ბახმუტი არის ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში. ის ძირითადად რუსულენოვანი ადამიანებით დასახლებული ინდუსტრიული რეგიონის - დონბასის ნაწილია, რომლის ანექსიაც მოსკოვს სურს მის მიერვე გამოცხადებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში. ომამდე ქალაქის მოსახლეობა 70-დან 80 ათასამდე მერყეობდა. თუმცა უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ ბახმუტში 4 ათასზე ნაკლები მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა, მათ შორის - 38 ბავშვი. პირველი მსოფლიო ომის პერიოდს თუ გავიხსენებთ, ბახმუტისთვის ბრძოლა სანგრებიდან მიმდინარეობდა დაუნდობელი საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებით სრულად დანაღმულ ბრძოლის ველზე, რომელსაც ორივე მხარის მეთაურები "ხორცსაკეპ მანქანას" უწოდებდნენ. თუმცა ამ დროს არც პირისპირ შეტაკებები იყო უცხო მოვლენა. ბახმუტი ხოცვა-ჟლეტის მომსწრე მას შემდეგაც იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს, საოკუპაციო ნაცისტურმა ჯარებმა 3000 ებრაელი ახლომდებარე მაღაროში შეიყვანეს, იქ ჩაკეტეს და ამ ფორმით დაახრჩვეს.
სიკვდილის ზონა?
სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები ბრძოლის ველიდან, რომელიც ორივე მხარის გვამებით არის მოფენილი. ამასთანავე, რუსი დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება „ვაგნერის“ (საბრძოლო მოქმედებების უმეტესობას სწორედ ის ატარებს) ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, თავისი დაღუპული მებრძოლების ფოტოები გამოაქვეყნა. დაღუპულთა რაოდენობა გასაიდუმლოებულია. თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი, რომელთაგან ბევრი „ვაგნერის“ რიგებში აყვანილი პატიმარი იყო, მოკლულია. ასევე ვარაუდობენ, რომ ბრძოლის ველზე ათასობით უკრაინელი სამხედრო პირი დაეცა.
კვირას ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასულ კვირას მისმა არმიამ ბახმუტთან ახლოს 1100-ზე მეტი რუსი მოკლა და 1500-ზე მეტი დაჭრა. იმავე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კრემლის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 24 საათის განმავლობაში 220-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს. Reuters-ი ვერ ადასტურებს ბრძოლის ველზე დაღუპულთა მონაცემებს. ზელენსკის თანაშემწის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ბახმუტში ბრძოლას აგრძელებს, რადგან აქ რუსეთის საუკეთესო ქვედანაყოფები იბრძვიან, რაც კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი საგაზაფხულო კონტრშეტევის ძალას ამცირებს.
პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსი კონრად მუზუკა, რომელიც ცოტა ხნის წინ კოლეგებთან ერთად ბახმუტის რაიონში იმყოფებოდა, ამბობს, რომ სამხედრო თვალსაზრისითი ქალაქის დაკავებას აზრი აღარ აქვს. „ბახმუტის დაცვის გადაწყვეტილება ახლა პოლიტიკურია და არა - სამხედრო“, - განუცხადა მუზუკამ Reuters-ს და აღნიშნა, რომ ახლა უკვე უკრაინის დანაკარგების მასშტაბი და ღირებულება ქალაქის აღების სამხედრო სარგებელს აღემატება. მუზუკასთან ერთად იმყოფებოდა რობ ლი. როგორც ამ უკანასკნელმა „ტვიტერზე“ დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ბახმუტის დაცვის გასაგრძელებლად საფუძვლიანი მიზეზები ჯერ კიდევ აქვს, მტრისთვის ძლიერი დარტყმის მიყენების შესაძლებლობა კიევს მას შემდეგ შეუმცირდა, რაც გასულ თვეში კრემლის ძალებმა ქალაქის ჩრდილოეთ ფლანგი დაიკავეს.
ტრამპლინი რუსეთისთვის?
რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი - ბახმუტი რუსი ჯარისკაცებისთვის გამოსადეგი ნამდვილად იქნება. თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შენარჩუნებულია ამ ქალაქის ინფრასტრუქტურა. რაც მთავარია, ბახმუტი რუსეთისთვის იქნებოდა პლატცდარმი, რომლის საშუალებითაც კრემლი დონეცკის რეგიონის ორი დიდი ქალაქის მიმართულებით წინ წაიწევდა. მათზე მოსკოვი დიდი ხანია ოცნებობს. ეს ქალქებია - კრამატორსკი და სლოვიანსკი. ორივე მათგანი რუსული არტილერიისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. მოსკოვს კრამატორსკისა და სლოვიანსკიზე კონტროლის დამყარებაც სურს, რათა ამით დაასრულოს ის, რასაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „გათავისუფლებას“ უწოდებს.