18 მარტი 2023 - 20:52

BBC: რით ემუქრება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი პუტინს? რას ამბობენ ექსპერტები? 

ფოტო: Reuters

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. არის თუ არა ეს გადაწყვეტილება კანონიერი და რა საფრთხე ემუქრება რუსეთის პრეზიდენტს? - ამის შესახებ BBC კოპენჰაგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ექსპერტებს - გლებ ბოგუშსა და კევინ იონ ჰელერს ესაუბრა. 

რამდენად შეესაბამება ჰააგის სასამართლოს ორდერი რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის იმუნიტეტს?

სამართლებრივი თვალსაზრისით, აღნიშნული ორდერის გაცემაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლოს წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ორდერი შეასრულონ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პუტინი მათ ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ის ჰააგის სასამართლოს უნდა გადასცენ. თუმცა სამართლებრივი ვალდებულებები ერთია, სახელმწიფოების ქმედებები კი შეიძლება განსხვავებული იყოს, - ამბობენ ექსპერტები. 

მსგავს საქმეებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პოზიცია ადრე  ჩამოყალიბებული იყო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში, რომელიც სუდანის მაშინდელ პრეზიდენტს, ომარ ალ-ბაშირს ეხებოდა. ეს უკანასკნელი მასობრივ მკვლელობებში იყო ბრალდებული. აღნიშნული პოზიციის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე იმუნიტეტი არ აქვს, ცალკეულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის საკითხები კი მათ თავად უნდა გადაწყვიტონ. 

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში სახელმწიფოს მეთაურს აქვს პირადი იმუნიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფო მას ვერ დააპატიმრებს, სანამ ის თანამდებობაზეა ან ამ პოსტზეა აღიარებული. მაშასადამე, ეს ყოველთვის დროის საკითხია და სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ახლა უკვე რთულად შესაძლებელია. 

თუ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ჩადის ქვეყანაში, რომელსაც, ერთი მხრივ, აქვს ვალდებულებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე და მეორე მხრივ - იმუნიტეტთან მიმართებით, რა უნდა გააკეთოს „მასპინძელი“ ქვეყნის ხელისუფლებამ?

ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის ექსტრადიციის პრეცედენტები არ არსებობს, თუმცა ჰააგის სასამართლოს მათი დაკავების ორდერები გაცემული აქვს. მაგრამ იყო ორი შემთხვევა, როდესაც ეჭვმიტანილები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე ნებაყოფლობით გამოცხადდნენ. ესენი იყვნენ კენიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. "ასე რომ, პუტინს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ეჭვმიტანილს, აქვს შესაძლებლობა, სასამართლოში ნებაყოფლობით გამოცხადდეს. ეს არ არის უფრო ფანტასტიკური ვერსია, ვიდრე - მისი დაკავების პერსპექტივა", - განაცხადა ბოგუშმა. 

მართალია თუ არა, რომ თუ პუტინი დაესწრება საერთაშორისო ფორუმს ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, მას არ დააპატიმრებენ?

ამას თავად სახელმწიფო გადაწყვეტს. რომის სტატუტის წევრები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  აღიარებენ (მაგალითად, ტაჯიკეთი, სადაც რუსული თვითმფრინავები ხშირად დაფრინავენ), ვალდებულნი არიან შეასრულონ ორდერი - დააკავონ ეჭვმიტანილი და გადასცენ სასამართლოში. თუმცა, თავად ჰააგის სასამართლოს არ აქვს არანაირი საშუალება, რომ აიძულოს სახელმწიფო, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. 

ამასთანავე, პუტინისთვის რისკები ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ქვეყანას აქვს ვალდებულება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი შეასრულოს. ამასთან, არსებობს განსხვავებული მაგალითები. კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სუდანის იმდროინდელი პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერი კი გამოსცა, მაგრამ ის არავის დაუკავებია. 

აშკარაა, რომ პუტინის დაპატიმრებაც ნაკლებად სავარაუდოა და ნაკლებად სავარაუდოა ისიც, რომ ის თვითონ ჩავიდეს ასეთ ქვეყანაში. თუმცა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლება ვალდებულია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ითანამშრომლოს. 

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ ცნობს. მაშ, როგორ შეიძლება მისი წარმომადგენლის პასუხისგებაში მიცემა?  

იმაში ხომ არავის ეპარება ეჭვი, რომ, მაგალითად, რუსეთში შესაძლებელია ნიდერლანდების მოქალაქის დაკავება, რომელიც ადგილობრივი ორგანოების მიერ არის ეჭვმიტანილი? - სვამს კითხვას ბოგუში. თუ ერთ სახელმწიფოს აქვს ასეთი უფლება, იგივეს გაკეთება შეუძლია რომის სტატუტის 123 წევრ სახელმწიფოს, რომელთაც უკრაინამ თავისი იურისდიქცია გადასცა - მიიჩნევს ექსპერტი.

ამ შემთხვევაში, დანაშაული ჩადენილია უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინას შეუძლია გასამართლება. ამასთან, უკრაინამ ნებაყოფლობით, საკუთარი ინიციატივით, თავისი ძალა და კომპეტენცია საერთაშორისო სასამართლოს გადასცა. ამისათვის ჰააგის სასამართლოს წევრობა საჭირო არ არის. 

მაშინ რა აზრი აქვს ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერს?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა არ არის იმის ალბათობა, რომ პუტინი სასამართლოში მოხვდება. ეს უფრო ამ გადაწყვეტილების სიმბოლიზმს ეხება, - ამბობს ჰელერი. ცხადია, უახლოეს მომავალში პუტინის დაკავების პერსპექტივები უკიდურესად მოჩვენებითია. თუ ის ეწვევა ქვეყნებს, მაშინ ეს იქნება მხოლოდ "მეგობრული" სახელმწიფოები, რომლებიც მას საერთაშორისო სასამართლოს არ გადასცემენ. თუმცა, მისი გადაადგილება მთელ მსოფლიოში ბევრად უფრო გართულდება, ვიდრე - ახლა, - თვლის ჰელერი. ”სახელმწიფოს მეთაურის დაპატიმრების ორდერის გაცემა გაბედული ნაბიჯია, რომელსაც თავისი შედეგები  ექნება”, - ამბობს ექსპერტი. ”ვფიქრობ, პუტინს ექნება განდევნილის სტატუსი, ყოველ შემთხვევაში - დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამასთანავე, ამ ორდერს შეუძლია გავლენა იქონიოს სამხრეთზე, რომელიც შეიძლება პუტინთან საქმის წარმოებაზე დაფიქრდეს“, - დასძენს ჰელერი. 

„იმუნიტეტი დაუსჯელობასთან არ უნდა გაიგივდეს, არ უნდა ჩაითვალოს, რომ ეს [პრეზიდენტს] ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, - ხაზს უსვამს ბოგუში. „არსებობს მხოლოდ პროცედურული კონფლიქტი, რომელიც იმუნიტეტსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციასთან არის დაკავშირებული. თუმცა, არსებობს საერთაშორისო დანაშაულების უნივერსალური აკრძალვა. საერთაშორისო სასამართლო არის უბრალოდ კაცობრიობის აგენტი, რომელიც ამ ბერკეტების გამოყენებით დევნის მათ, ვინც ძირითად ნორმებს დაარღვევს. იმუნიტეტი ადამიანს მათი ქმედებებისგან არ აშორებს", - განმარტავს ექსპერტი.

სხვა თემები