23 მაისი 2023 - 09:26

ირანში ისევ დევნიან ქალებს, რომლებიც ჰიჯაბს არ ატარებენ. თუმცა ახლა კონტროლის მექანიზმი „ციფრული შარიათის“ მეშვეობით ამოქმედდა. რას ნიშნავს ეს?

ფოტო: AP

ჰიჯაბი ირანის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება. ქვეყნის ხელისუფლება ქალებს თავსაბურავის ტარებას ისევ ავალდებულებს და სწორედ ამ ტრადიციაში ხედავს ისლამური სისტემის ერთ-ერთ მთავარ „საფუძველს“, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს დავიწყებას. თუმცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ უარს ამბობს ჰიჯაბზე, არამედ მზად არის, აქტიურად გააპროტესტოს ის.

აპრილის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში „ზნეობის დაცვისკენ“ მიმართული ახალი კამპანია დაიწყო. შესაბამისად, დასახული მიზნის მისაღწევად, ხელისუფლება ცდილობს, წინდახედულად იმოქმედოს - მცირე შეზღუდვებისა და "ჭკვიანი კამერების სისტემის" დახმარებით. თუმცა საქმე ისაა, რომ ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყანაში არსებული დაბალი დონის გამო, ზემოთ ხსენებული მეთოდი არც თუ ისე ეფექტურად მუშაობს. მაგალითად, ჰიჯაბის გარეშე გარეთ გასვლისთვის ხანდახან კაცებსაც აჯარიმებენ. 

აქციის მონაწილეებს არ გაუმარჯვიათ, მაგრამ ქვეყანაში ჰიჯაბის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა

ფორმალურად, ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვით გამოწვეულ პროტესტს წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. ქვეყანაში ხელისუფლება არა თუ არ შეცვლილა, არამედ მთავრობას რეფორმების აუცილებლობაზე საჯაროდ არც უსაუბრია. ამავდროულად,  ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ირანში ახალი რეალობა შეიქმნა. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის - ქვეყნის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ, ნათლად განაცხადეს, რომ ჰიჯაბის ტარების საკითხზე დათმობა არ შეიძლებოდა. ამავდროულად, ზნეობის პოლიცია ქალაქების ქუჩებიდან გაუჩინარდა, თუმცა, ის ოფიციალურად არ გაუქმებულა. გარდა ამისა, ჩვეულებრივი პოლიცია ჩაცმულობის წესების დარღვევაზე არ რეაგირებდა. 

როგორც ჩანს, ხელისუფლება ეძებდა იძულების უფრო რბილ მეთოდს, რომელიც არ გამოიწვევდა ისეთ აღშფოთებას, როგორსაც - პოლიციის მიერ მოქალაქეთა დაკავება. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში სიტუაცია მხოლოდ მკაცრი რიტორიკით შემოიფარგლებოდა, რეალურ ქმედებებზე არავინ გადასულა. ამასობაში, სულ უფრო მეტმა ქალმა დაიწყო ჰიჯაბთან დაკავშირებული წესების იგნორირება. ქსელში პოპულარულ ჟანრად იქცა დიდი ქალაქების ქუჩებსა და სავაჭრო ცენტრებში გადაღებული ვიდეოები, რომლებშიც თავდაუბურავი გოგოების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

თუმცა დიგიტალიზაციის მიმართულებით გარკვეული სერიოზული წინსვლა ხელისუფლებას მაინც აქვს

„ძვირფასო მანქანის მფლობელო, თქვენს მანქანაში (ამა და ამ ნომრითა და ამა და ამ მისამართზე) ადგილი ჰქონდა ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევას (ჰიჯაბთან დაკავშირებული წესების შეუსრულებლობა). იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა მეორდება და წინა გაფრთხილებები თქვენ მიერ იყო იგნორირებული, გეკრძალებათ მანქანით სარგებლობა 15 დღის განმავლობაში“, - მსგავსი შეტყობინებები ირანში მასობრივ ფენომენად იქცა მას შემდეგ, რაც „ზნეობისა და ჰიჯაბის დაცვის გეგმა“ ძალაში შევიდა.

ზოგიერთ კამერას ადრეც შეეძლო დაედგინა, რომ მანქანაში ქალი თავსაბურავის გარეშე იჯდა და მძღოლს ჯარიმა ეგზავნებოდა. ახლა კი სიტუაცია სულ სხვაგვარია: ჯერ მოდის გაფრთხილება, შემდეგ კი - მანქანის მართვის აკრძალვის შესახებ შეტყობინება. ამასთანავე, ასეთი შეტყობინებების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა.

ამავდროულად, ქვეყანაში არცერთი კანონი არ არის მიღებული, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ჩაცმულობის წესების დარღვევისთვის მანქანის მართვაზე აკრძალვა დააწესოს. იმის გამო, რომ საჯარო მოხელეებს ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ, მოქალაქეებმა წერილობით მიმართეს სხვადასხვა ორგანოს, რათა მათ აეხსნათ, რა მოხდებოდა, თუ ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, ესა თუ ის პირი ქალაქში მანქანით მაინც იმოძრავებდა. სწორი პასუხი დაახლოებით ასე გამოიყურება: ფორმალურად, პოლიციას არ აქვს უფლება, მოქალაქეს ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობა შეუზღუდოს, მაგრამ არავინ იცის, როგორ მოიქცევიან სამართალდამცველები პრაქტიკაში.

ახალი სისტემის მუშაობის სპეფიკის გასარკვევად, ირანის რეფორმისტული გაზეთის, „შარგის“ ჟურნალისტი მივიდა რამდენიმე მისამართზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული დარღვევები დაფიქსირდა. მან რამდენიმე პოლიციელთან გასაუბრებაც მოახერხა. გაირკვა, რომ ხელისუფლებამ ქალაქში ჩინური კამერების ახალი პარტია დაამონტაჟა. შესაბამისად, მათ, თავიანთ წინამორბედებთან შედარებით, უფრო ზუსტი გამოსახულება აქვთ. თუმცა ისინი სახეებს მაინც ვერ აფიქსირებენ, სამაგიეროდ, მანქანის ნომრების იდენტიფიცირება შეუძლიათ. ჟურნალისტი სვამს კითხვას, რამდენად „ჭკვიანია“ ეს სისტემა? ამაზე პასუხის გაცემა ერთი ფაქტით არის შესაძლებელი: მანქანის ტარების აკრძალვის შესახებ შეტყობინებები ბევრმა გრძელთმიანმა კაცმაც მიიღო. ისინი ვერც ულვაშისა თუ წვერის ქონამ გადაარჩინა და არავინ იცის, ვინმემ შეძლო თუ არა ამ სისტემის გადაწყვეტილების გასაჩივრება. 

ახალი შეზღუდვების ეფექტი მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს

დასჯის სისტემის გაციფრულებაზე ირანის ხელისუფლება ჯერ კიდევ მუშაობს. შესაბამისად, აქ საუბარია როგორც ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე, ისე- ამ პროცესში ადამიანური რესურსების ჩართვაზე. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში,  მეტროსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩნდნენ ჩადრიანი ქალები, რომლებიც თავსაბურავის არ მქონე გოგოებს უახლოვდებიან და ეუბნებიან: „გთხოვთ, დაიცვათ ჰიჯაბის ტარების წესები!“. მდიდარ რაიონებშიც კი, სადაც ნაკლებად რელიგიური ადამიანები ცხოვრობენ, ჩადრიანი ქალები მორიგეობენ“, - განუცხადა ონლაინ გამოცემა „მედუზას“ თეირანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ხალხს ამ გზით დაანახოს, რომ „თითქოს თავად ირანელები არიან აღშფოთებულნი ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევით“.

”თუმცა მე უფრო ხშირად მინახავს, რომ როდესაც ასეთი ჩადრიანი ქალი სხვას შენიშვნას აძლევს, გარშემომყოფები მას მაშინვე თავს ესხმიან და მის გაკიცხვას იწყებენ“ , - ჰყვება რესპონდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ზნეობის პოლიცია აღარ გამოჩენილა ქუჩებში და დასჯის ახალი მეთოდები არასრულყოფილად გამოიყურება, როგორც ჩანს, მათ გარკვეული ეფექტი მაინც აქვთ. კერძოდ, ზოგიერთი აქტივისტის თქმით, ტაქსის მძღოლები უარს ამბობენ მათ მომსახურებაზე, თუ ჰიჯაბს არ გაიკეთებენ.  ამის მიზეზი გარკვეულწილად არის ის, რომ ასეთი მგზავრების გამო მძღოლს მანქანის ტარება აეკრძალება და შემოსავლის ძირითად წყაროს დაკარგავს.

სხვა თემები