25 მაისი 2023 - 10:46

ნიკოლ ფაშინიანი მზად არის, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს. რას ითხოვს სანაცვლოდ ერევანი და რას პასუხობს ბაქო?

სომხეთის პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად არის, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს და გარკვეული პირობების გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვოს. რას ნიშნავს ეს, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

ნიკოლ ფაშინიანის პრესკონფერენცია, რომელიც 22 მაისს ერევანში გაიმართა, შესაძლოა, რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სწორედ ამ დროს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარება, თუ ბაქო აღნიშნულ ტერიტორიაზე სომეხთა უფლებების დაცვის გარანტიას გასცემს. ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესაძლო ხელმოწერის შესახებ, ვილნიუსში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც განაცხადა: „ჩვენ (აზერბაიჯანის ხელისუფლება - რედ.) ვიმედოვნებთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები კავკასიას საბოლოოდ გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს“. ეს ყველაფერი კი ხდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მოლაპარაკებების წინ, რომელიც 25 მაისს, მოსკოვში უნდა გაიმართოს. 

ყარაბაღის გადაცემა აზერბაიჯანისთვის

მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ხანგრძლივი კონფლიქტის დასასრული შესამჩნევად რეალური სომხეთის პრემიერმინისტრის პრესკონფერენციის შემდეგ გახდა. ნიკოლ ფაშინიანმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ პირობებზე, რომელიც ერევანსა და ბაქოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს უნდა ახლდეს. "აზერბაიჯანის ტერიტორიის 86 600 კვადრატული კილომეტრი მთიან ყარაბაღს მოიცავს. თუ ერთმანეთს სწორად გავუგებთ, მაშინ სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას დასახელებულ საზღვრებში, ხოლო ბაქო აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში", - დააზუსტა ფაშინიანმა.

უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და ერევნელი პოლიტოლოგი არეგ ქოჩინიანი ამ განცხადებას "გარღვევასა" და "უპრეცედენტო დათმობას" უწოდებს. „ამ ორმა ქვეყანამ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა პირველად და მკაფიოდ აღიარა. თუმცა გასათვალისწინებელია მეორე მომენტი - სომხეთი ამას იმ პირობით აკეთებს, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი იმოქმედებს“, - განმარტავს ქოჩინიანი.

აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის ფონზე, ფაშინიანმა თავის გამოსვლაში მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელოვან პუნქტზე მიუთითა: „ერევანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები ბაქო-სტეფანაკერტის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა იყოს განხილული“.

რა რეაქცია ჰქონდა აზერბაიჯანს? 

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებს აზერბაიჯანში გულგრილად თუ არა, სულ ცოტა, თავშეკავებულად შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში აღნიშნული ინფორმაცია აქტიურად გავრცელდა, ექსპერტებისა და საზოგადოების მხრიდან რეაქცია, ფაქტობრივად, არ ყოფილა. პოლიტიკური დამკვირვებლისა და ყარაბაღის სამშვიდობო პროექტების მონაწილის, შაჰინ რზაევის თქმით, ეს იმით არის განპირობებული, რომ რეალურად, ფაშინიანს ახალი არაფერი უთქვამს. რაც შეეხება ყარაბაღელი სომხების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პირობებს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს აზერბაიჯანის შიდა საქმეა და ბაქო ამ გარანტიებს მხოლოდ თავად ყარაბაღელ სომხებთან, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილავს, - გვახსენებს რზაევი.

ანალოგიური პოზიცია აქვს პოლიტოლოგთა კლუბ „სამხრეთ კავკასიის“ ხელმძღვანელს, ილგარ ველიზადეს. მას მიაჩნია, რომ ფაშინიანმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად უკვე აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე დამატებითი პირობების წაყენება მიზანშეწონილი აღარ არის. „თუ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ეს ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას ნიშნავს. სწორედ სომხეთის ხელისუფლების ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები არის მთავარი დაბრკოლება აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესში“, - აცხადებს ექსპერტი. 

არსებობს თუ არა კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივა?

„ფაშინიანის განცხადებები ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას უკავშირდება. მას სურს, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და ყარაბაღში სომხებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას მიაღწიოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება“, - განაცხადა კონფლიქტების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ სამხრეთ კავკასიის უფროსმა ანალიტიკოსმა ოლესია ვართანიანმა. 

ექსპერტების შეფასებით, თუ ფაშინიანის განცხადებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე მიგვიყვანს, ეს შეიძლება რეგიონში მშვიდობის დამყარების რეალური საფუძველი გახდეს. თუმცა არეგ ქოჩინიანი გვაფრთხილებს, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის გარდაუვალ დასასრულზე საუბარი ჯერ ნაადრევია. „ფაშინიანმა მკაფიოდ გამოხატა, რომ ის არ ფიქრობს, თითქოს მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე რაიმე სახის გარღვევა იქნება ან გარკვეული ხელშეკრულება გაფორმდება. რამდენადაც მესმის, შემოთავაზებული სამშვიდობო ხელშეკრულების პუნქტების დაახლოებით ნახევარი უკვე შეთანხმებულია. თუმცა ყველა უმნიშვნელოვანესი და ურთულესი საკითხი დღემდე გადაუჭრელია. აშკარაა, რომ პროგრესი არის, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ საბოლოო და ყოვლისმომცველი ტექსტისგან", - დაასკვნა ქოჩინიანმა. 

სხვა თემები