19 ოქტომბერი 2023 - 21:30

ომი ახლო აღმოსავლეთში: ვინ არიან „ჰამასის“ ლიდერები

ფოტო: BBC

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“ ისრაელზე მასობრივი და კარგად კოორდინირებული თავდასხმა (სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“) დაიწყო, მთელი მსოფლიო პალესტინური მოძრაობის ლიდერებით დაინტერესდა. აღნიშნული შეიარაღებული დაჯგუფების მაღალი რანგის ფიგურები, როგორც წესი, მედიაში გამოჩენისას სახეს ნიღბებით იფარავენ. უფრო მეტიც, ორგანიზაციის გამგეობის რამდენიმე გავლენიანმა წევრმა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ისრაელის სადაზვერვო სამსახურების მხედველობის მიღმა გაატარა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ორი მათგანი რუსეთში უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიეღოთ. BBC ავრცელებს ჰამასის ყველაზე გამოჩენილ ლიდერთა სიას, რომელიც აერთიანებს როგორც პოლიტიკურ ფიგურებს, ისე - ბრიგადების სამხედრო მეთაურებს. 

მუჰამედ დეიფი - „ჰამასის ტვინი“ თუ „სიკვდილის მაცნე“?

დეიფის ნამდვილი სახელია მუჰამედ დიაბ ალ-მასრი, ასევე ცნობილია, როგორც აბუ ხალედი ან ალ-დეიფი. ის „ჰამასის“ გასამხედროებულ ფრთას, „იზ ად-დინ ალ-ქასამ“ ბრიგადებს მეთაურობს. მუჰამედ დეიფი 1965 წელს, ღაზაში დაიბადა. პალესტინელები მას „ჰამასის ტვინს“ უწოდებენ, ისრაელში კი „სიკვდილის მაცნედ“ ან „ცხრა სიცოცხლის მქონე მებრძოლად“ იცნობენ. დეიფმა ბაკალავრის ხარისხი ღაზას ისლამურ უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მიიღო. სტუდენტობის წლებში მას სამსახიობო საქმე და ზოგადად, თეატრი აინტერესებდა. ამიტომაც მან სასცენო ჯგუფიც კი ჩამოაყალიბა. როდესაც 1987 წელს „ჰამასის“ შექმნის ინიციატივა გამოცხადდა, დეიფი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მის რიგებს შეუერთდა. 1989 წელს ის ისრაელის ხელისუფლებამ დააპატიმრა და გისოსებს მიღმა 16 თვე გაატარა. მის საქმესთან დაკავშირებით არც გამოძიება ჩატარებულა და არც სასამართლო გამართულა. მაშინ დეიფს უბრალოდ „ჰამასის“ სამხედრო აპარატში მუშაობას ედავებოდნენ.

პატიმრობის დროს დეიფი შეუთანხმდა ზაკარ ალ-შორბაგისა და სალაჰ შეჰადეს, რათა მათ, ისრაელის არმიაზე თავდასხმის მიზნით, შეექმნათ „ჰამასისგან“ განცალკევებული ჯგუფი - „ალ-ქასამის ბრიგადები“. ციხიდან გათავისუფლებულმა დეიფმა „იზ ად-დინ ალ-ქასამის ბრიგადები“ ერთ სამხედრო ფორმირებად ჩამოაყალიბა და ბრიგადის რამდენიმე ხელმძღვანელთან ერთად, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მან ასევე შეიმუშავა გვირაბების მშენებლობის სქემა, რომლითაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე საგუშაგოების გვერდის ავლით შევიდნენ. ამასთანავე, დეიფი ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმებს აქტიურად ემხრობოდა.

თუმცა, მის წინააღმდეგ უფრო სერიოზული ბრალდებები არსებობს. ერთი მხრივ, ეს არის "შურისძიების ოპერაციების" გეგმის შემუშავება და მათი პირდაპირი ხელმძღვანელობა. აღნიშნული ქმედებები მიმართული იყო იაჰი აიაშას მკვლელობის საპასუხოდ, რომელმაც 1996 წლის დასაწყისში ტერორისტული თავდასხმებისთვის ბომბები შექმნა (ავტობუსების აფეთქებების შედეგად, დაახლოებით, 50 ისრაელელი დაიღუპა). მეორე მხრივ, დეიფმა 1990-იანი წლების შუა ხანებში სამი ისრაელელი ჯარისკაცის დატყვევებასა და მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. 2000 წელს ისრაელის ხელისუფლებამ მისი დაკავება და კიდევ ერთხელ დაპატიმრება მოახერხა, მაგრამ დეიფმა ე.წ. მეორე ინტიფადას დასაწყისში გაქცევა შეძლო და მას შემდეგ მის შესახებ დანამდვილებით თითქმის არაფერია ცნობილი: ის ცდილობს კვალი არ დატოვოს. თავად სიტყვა "დეიფი" არაბულად "სტუმარს" ნიშნავს. ეს მეტსახელი მან იმიტომ აირჩია, რომ დიდხანს არსად რჩება, ყოველ ღამეს ახალ ადგილზე ატარებს, რათა ისრაელის სპეცსამსახურებმა ვერ იპოვონ. 

მარვან ისსა - „ადამიანი აჩრდილი“

მარვან ისსა იგივე „ადამიანი აჩრდილი“ მუჰამედ დეიფის მარჯვენა ხელია. ის არის „იზ ად-დინ ალ-ქასამის ბრიგადების“ მთავარი მეთაურის მოადგილე, „ჰამასის“ პოლიტიკური საბჭოსა და მოძრაობის სამხედრო ბიუროს წევრი. ე.წ. „პირველი ინტიფადის“ დროს, „ჰამასთან“კავშირების გამო (ის ძალიან ახალგაზრდა ასაკში შეუერთდა ამ დაჯგუფებას), ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ისსას ხუთი წელი პატიმრობაში გაატარებინეს. ისრაელში აცხადებენ, რომ სანამ ის ცოცხალია, „ჰამასთან“ „ინტელექტის ომი“ გამარჯვებით ვერ დასრულდება, რადგან ისა „იმდენად ჭკვიანია, რომ პლასტმასისგან ლითონის დამზადება შეუძლია“.

ახალგაზრდობაში ისსას კალათბურთში ძალიან კარგი პერსპექტივები ჰქონდა, მაგრამ მისი სპორტული კარიერა ვერ განვითარდა, რადგან 1987 წელს, ის ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა „ჰამასთან“ კავშირის ბრალდებით დააკავა. ათი წლის შემდეგ, 1997 წელს, ის კვლავ დააპატიმრეს, თუმცა ამჯერად - პალესტინის ადმინისტრაციამ. ისსა გაათავისუფლეს მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2000 წელს, როდესაც ე.წ. მეორე ინტიფადა (ასევე ცნობილი როგორც „ალ-აქსას ინტიფადა“) დაიწყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან „ალ-ქასამის ბრიგადების“ სამხედრო სტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„ჰამასში“ ისსას მაღალი თანამდებობის გამო, ის ისრაელის უმთავრეს ძებნილთა სიაშია. 2006 წელს, ისრაელის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები „ჰამასის“ სამხედრო ხელმძღვანელობის შეხვედრას თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს. ისსა მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. ღაზას სექტორში ორივე სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, 2014 და 2021 წლებში, ისრაელის თვითმფრინავმა მისი სახლი მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმებით ორჯერ გაანადგურა. ამის შედეგად, ისსას ძმა მოკლეს, მაგრამ ის სიკვდილს კვლავ გადაურჩა. 2011 წლამდე, სადაზვერვო სამსახურებმა არც კი იცოდნენ, ის როგორ გამოიყურებოდა (1987 წელს დაკავებულ ადამიანს ის მოგვიანებით დაუკავშირეს). მოგვიანებით, მისი სახე გამოჩნდა ჯგუფურ ფოტოზე, რომელიც ისრაელის მიერ გათავისუფლებული პატიმრების პალესტინის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს იყო გადაღებული. მაშინ სანაცვლოდ ისრაელმა დაიბრუნა ჯარისკაცი გილად შალიტი, რომელიც „ჰამასს“ ტყვეობაში 5 წელი ჰყავდა. 

ისსა ისრაელის სადაზვერვო სამსახურებისთვის აბუ ალ-ბარაას სახელითაც არის ცნობილი. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ სწორედ ის იყო ჩართული გასული ათწლეულის არაერთი თავდასხმის მომზადებაში, მათ შორისაა მიმდინარე „ალ-აქსას წარღვნაც“. დარტყმების სიძლიერე, ფართომასშტაბიანი შეჭრის ორგანიზება და დამრტყმელი ნაწილების ზუსტი კოორდინაცია სადაზვერვო თუ ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფებთან, ასევე -  „ბოევიკების“ აშკარა აქცენტი დასახლებებსა და სამხედრო ობიექტებზე - ისრაელელების აზრით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ოპერაციის მომზადებაში თავად „ადამიანი აჩრდილი“ მონაწილეობდა.

იაჰია სინვარი - „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი

„ჰამასის“ ლიდერი და ღაზას სექტორში მისი პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, იაჰია იბრაჰიმ ალ-სინვარი 1962 წელს დაიბადა. ის „ჰამასის“ უსაფრთხოების სამსახურის (ცნობილია, როგორც „მაჯდი“) დამფუძნებელია, რომელიც ისრაელის პოტენციური აგენტების იდენტიფიცირებასა და ისრაელის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა გამოვლენას ითვალისწინებს. სინვარი სამჯერ დააკავეს. პირველად, 1982 წელს, როდესაც მან ადმინისტრაციულ პატიმრობაში ოთხი თვე გაატარა. 1988 წელს ის მესამედ დააკავეს და ოთხგზის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა სანამ ის სასჯელს იხდიდა, ისრაელის ჯარისკაცი გილად შალიტი „ჰამასის“ ტყვეობაში ჩავარდა.

შალიტის ამბავს ისრაელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მის მხარდასაჭერად მრავალი ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია  მოეწყო და ქვეყნის ხელისუფლება მზად იყო, სერჟანტის გასათავისუფლებლად ნებისმიერი ზომა მიეღო. საბოლოოდ, ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 2011 წელს, შალიტი გაათავისუფლეს და გაცვალეს 1000-ზე მეტ პალესტინელში, რომლებიც სასჯელს ისრაელის ციხეებში იხდიდნენ. „ჰამასისა“ და „ფათჰის“ სხვა წევრებს შორის იყო იაჰია სინვარიც. გათავისუფლების შემდეგ მან „ჰამასის“ პოლიტბიუროში კვლავ დაიკავა ადგილი, როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა. 2015 წლის სექტემბერში, აშშ-ის კონგრესმა სინვარის სახელი  „საერთაშორისო ტერორისტების“ სიაში შეიტანა. 2017 წლის 13 თებერვალს ის ღაზას სექტორში „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს. 

სხვა თემები