19 ოქტომბერი 2023 - 21:15

ვინ აფინანსებს „ჰამასს” და რა აკავშირებს მას ირანსა და რუსეთთან

ფოტო: Yousef Masoud/Keystone Press Agency/Global Look Press

„ჰამასს“ ოფიციალური დახმარების იმედი არ შეიძლება ჰქონდეს. ამის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული დაჯგუფება, ევროკავშირთან ერთად, მრავალმა ქვეყანამ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ისტორიულად, „ჰამასის“ ფინანსების უმეტესი ნაწილი, ერთი, მხრივ, საზღვარგარეთ მცხოვრები მდიდარი პალესტინელებისგან მოდიოდა, მეორე მხრივ კი - სპარსეთის ყურის ქვეყნების კიდევ უფრო მდიდარი კერძო პირებისგან.

BBC-ის ინფორმაციით, ფინანსური დახმარების გარკვეული ნაწილი დასავლეთში მოქმედმა ისლამურმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმაც გადარიცხეს. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა „ჰამასთან“ ურთიერთობისთვის პასუხი გაყინული აქტივებით აგო. ეკონომიკა, როგორც ასეთი,  ღაზაში პრაქტიკულად არ არსებობს. 2006-2007 წლებში ეგვიპტემ და ისრაელმა ერთობლივად მოაწყვეს სექტორის ბლოკადა, რამაც პალესტინელების მასობრივი გადინება გამოიწვია. ითვლება, რომ ამ პერიოდში ღაზა მილიონზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა.

ბლოკადის დაწყებიდან მრავალი წლის განმავლობაში „ჰამასი“ თავის მარაგს ეგვიპტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, გვირაბებით გადატანილი საქონლით ავსებდა. საკვებისა და მედიკამენტების გარდა, იმავე გვირაბებით იარაღსაც აწვდიდნენ. ეგვიპტემ ზოგიერთი კომერციული საქონლის ღაზაში შეტანა სალაჰ ად-დინის სასაზღვრო გადასასვლელით მხოლოდ 2018 წელს დაუშვა ოფიციალურად. ეს საქონელი „ჰამასის“ ლიდერებისთვის ოქროს მაღარო აღმოჩნდა: ეგვიპტიდან ღაზაში შემოსული საქონლის გადასახადით, ისინი 2021 წელს თვეში 12 მილიონ დოლარზე მეტს იღებდნენ. თუმცა, დღეს „ჰამასის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი (თუ ყველაზე დიდი არა) სპონსორი ირანია. 

რა აკავშირებს „ჰამასს“ ირანთან?

ირანისა და „ჰამასის“ ურთიერთკავშირის შესახებ ყველაფერი ნამდვილად არ არის ცნობილი. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ პერიოდში ეს კონტაქტი საკმაოდ ახლო იყო. 1990-იანი წლების დასაწყისიდან „ჰამასის“ მებრძოლებს „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი“ აფინანსებდა, ამზადებდა და იარაღით ამარაგებდა. სწორედ მაშინ გახსნა პალესტინურმა დაჯგუფებამ ოფიციალური წარმომადგენლობა თეირანში.

ამის მიუხედავად, დაფინანსებაც და თანამშრომლობაც, 2012-დან 2017-წლამდე, 5 წლით შეწყდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ „ჰამასმა“ სირიის სამოქალაქო ომში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე უარი თქვა. თუმცა 2017 წელს ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა და მისი სამხედრო ფრთის დამფუძნებელმა იაჰია სინვარმა განაცხადა, რომ „ურთიერთობა ირანთან უბრალოდ შესანიშნავია“ და „ირანი ერთგული მოკავშირეა“. 2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანი „ჰამასსა“ და პალესტინის „ისლამურ ჯიჰადს“ ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარზე მეტის დახმარებას უწევს. 

Wall Street Journal-ის ცნობით, ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვაში „ჰამასს“ ირანის „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი“ დაეხმარა. ამ უკანასკნელმა პალესტინური მოძრაობის მებრძოლებს გასულ კვირას, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე მწვანე შუქი აუნთო. გაეროში გამოსვლისას ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ სირიასა და ლიბანში „ისრაელის გარშემო არსებული ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერებს შორის შეხვედრები გაიმართა. ამიტომაც ადვილი მისახვედრია, რომ ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ. ირანის მარიონეტები ჩვენს რეგიონში ცდილობდნენ, თავიანთი ქმედებები შეძლებისდაგვარად სწორედ თეირანთან შეეთანხმებინათ“.

თუმცა, გაეროში ირანის მისიამ თეირანის ჩართულობის შესახებ პრეტენზია უარყო. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვმონაწილეობთ მის ქმედებებში, რადგან ყველა გადაწყვეტილებას ის თავად იღებს“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ის ოფიციალურ პირებს ჯერ არ უნახავთ მტკიცებულება, რომ ამ თავდასხმების უკან ირანი დგას. თუმცა, მისივე განცხადებით, თეირანი დიდი ხანია ისრაელის მტერია და რეგიონის ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს მხარს უჭერს.

იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც შეიძლება ირანის როლზე გავლენა იქონიოს, საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ასახელებენ. თუ ეს დიპლომატიური სტაბილურობა რეალურად დადგა (ახლა ეს თითქმის შეუძლებელია, ღაზას სექტორზე საპასუხო საარტილერიო თავდასხმებისა და ასობით პალესტინელის დაღუპვის გათვალისწინებით), სავარაუდოა, რომ ისრაელის ურთიერთობები სხვა არაბულ ქვეყნებთან მკვეთრად გაუმჯობესდება. ეს პერსპექტივა კი კატეგორიულად მიუღებელია ირანისთვის, რომელიც ებრაული სახელმწიფოს განადგურების ოფიციალურ მოწოდებას აგრძელებს. 

რა ურთიერთობაა „ჰამასსა“ და რუსეთს შორის?

„ჰამასი“ რუსეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში არ შედის. მისი წარმომადგენლები მოსკოვს რეგულარულად სტუმრობენ და კრემლთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ასეთი ბოლო ვიზიტი შედგა 2023 წლის მარტში, როდესაც „ჰამასის“ წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ბოგდანოვს შეხვდნენ. „რუსულმა მხარემ დაადასტურა თავისი უცვლელი პოზიცია პალესტინის პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტის მხარდასაჭერად გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

გარდა ამისა, „ჰამასმა“ უკრაინასთან ომში აშკარად რუსეთის მხარე დაიჭირა. „რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მიზნად ისახავს, მსოფლიოში აშშ-ის დომინანტობას ბოლო მოუღოს და ჩვენი პლანეტა უფრო მრავალპოლარული გახადოს. ეს ყველა ჩაგრული ერისთვის სასარგებლოა, უპირველეს ყოვლისა კი, პალესტინელი ხალხისთვის, რომელიც ამერიკის ჰეგემონიას ყველაზე მეტად განიცდის. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მცდელობებს, რომლებიც მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული“, - განაცხადა „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მუსა აბუ მარზუკმა. საგულისხმოა, რომ ამ განცხადებაში მარზუკმა, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, უკრაინის ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.

სხვა თემები