20 ოქტომბერი 2023 - 20:28

„ყვავილის მთვარის მკვლელები“ - მარტინ სკორსეზეს ახალი დრამა რეალურ ისტორიაზე

 „ყვავილის მთვარის მკვლელები“ (Killers of the Flower Moon) – კინომოყვარულები დიდი ხანი ელოდნენ სკორსეზეს ახალი ფილმის „ყვავილის მთვარის მკვლელების“ გამოსვლას. ვესტერნის ჟანრში დადგმული ტრილერის პრემიერა მაისში შედგა კანის კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში, 19 ოქტომბრიდან კი, ფილმი მსოფლიო გაქირავებაში ჩაეშვა. 

 

ახალი ნამუშევრით ხანდაზმულმა სკორსეზემ, რომელსაც 17 ნოემბერს 81 წელი შეუსრულდება, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანად იმსახურებს თანამედროვე ამერიკული კინოს წამყვანი რეჟისორის სტატუსს. მართალია, კინოკრიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ 2019 წლის გადაღებული „ირლანდიელით“ სკორსეზემ შემოქმედება შეაჯამა და სამუდამოდ დაემშვიდობა კინემატოგრაფიას, მაგრამ განგსტერული დრამა მხოლოდ მზადება აღმოჩნდა ყველაზე მასშტაბური, შესაძლოა კარიერის მთავარი ფილმისთვის, რომელიც უკვე დასახელდა 2023 წლის „ოსკარის“ პრემიის მთავარ ფავორიტად.

 

დევიდ გრანი

რეალურ ისტორიაზე შექმნილ ფილმს ჟურნალ New Yorker-ის რეპორტიორის დევიდ გრანის დოკუმენტური რომანი დაედო საფუძვლად. მართალია, ცნობილი პუბლიცისტის ნამუშევრები მანამდეც სარგებლობდა პოპულარობით, მაგრამ სწორედ რომანი „ყვავილის მთვარის მკვლელები. ნავთობი. ფული. სისხლი“ იქცა ბესტსელერად, რომელმაც ედგარ პოს პრემია მოიპოვა და წამყვანი გამოცემების New York Times-ის,Wall Street Journal-ისა დაWashington Post-ის წლის საუკეთესო პუბლიკაციად დასახელდა.

ლიტერატურული პირველწყარო

ნონ-ფიქშენის ჟანრში შექმნილ რომანში ავტორმა გასული საუკუნის 20-იან წლებსა და ე.წ. „ტერორის ეპოქაზე“ მოუთხრო მკითხველს, როცა ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის გენოციდმა პრაქტიკულად სრულად გაანადგურა ოსეიჯის ტომის ინდიელები.

1870 წელს ამერიკის მთავრობამ ოსეიჯის ინდიელებს კუთვნილი მიწების დატოვება და ოკლაჰომას შტატის დასავლეთ ნაწილში გადასახლება აიძულა. მართალია, ინდიელთა ბელადებმა „მოუსავლიანი, ამიტომ თეთრკანიანი კოლონიზატორებისთვის უსარგებლო მიწები“ შეისყიდეს, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში სწორედ მათ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ნავთობის საბადო. ერთი შეხედვით „ოსეიჯებს“ ძალიან გაუმართლათ, რადგან სწრაფად გამდიდრდნენ კუთვნილი ჭაბურღილების წყალობით, მაგრამ სწორედ „შავ ოქროდ“ წოდებულმა ნავთობმა მიიზიდა ავანტიურისტები მთელი ქვეყნიდან, რომელთა შორის კრიმინალებიც მრავლად აღმოჩნდნენ.

ინდიელთა იშვიათი სტუმართმოყვარეობის მიუხედავად, ახლად მოსულებმა მაინც არ დაინდვეს მასპინძლები და ერთიანად გაანადგურეს. საზარელმა მკვლელობებმა იმდენად მასობრივი ხასიათი შეიძინა, რომ 1926 წელს ჟურნალმა Literary Digest-მა სტატიაც კი გამოაქვეყნა. „ოკლაჰომაში სასტიკად უსწორდებიან ოსეიჯის ინდიელებს, ზოგს უკაცრიელ ადგილებში კლავენ, ზოგს გვიან ღამით აფეთქებენ საკუთარ სახლში, ზოგს კი, შხამით წამლავენ“, - აღნიშნა სტატიის ავტორმა, რომელმაც აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა სამართალდამცავებს. სწორედ პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ დაინტერესდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ედგარ გუვერი „საოცრად მდიდარი წითელკანიანებით“, რადგან ჩათვალა, რომ მასშტაბური გამოძიება საუკეთესო რეკლამა იქნებოდა ახლად შექმნილი გამოძიების ბიუროსთვის.

გრანმა მართლაც კოლოსალური სამუშაო შეასრულა, რადგან დეტალურად შეისწავლა მთელი საარქივო მასალა - მოწმეების ჩვენებების, სასამართლო სხდომების სტენოგრამების, სამართალდამცველების ანგარიშების ჩათვლით და მართალია, მოცულობითი, მაგრამ საოცრად შთამბეჭდავი ისტორია შექმნა იმ სისასტიკესა და დაუნდობლობაზე, რომელიც ოსეიჯის ტომმა გამოცადა საკუთარ თავზე.

სკორსეზეს ეკრანიზაცია

ჰოლივუდში გრანის რომანით მის გამოსვლამდე დაინტერესდნენ. „ყვავილის მთვარის მკვლელების“ ეკრანზე გადატანის სურვილი ჯერ ჯორჯ კლუნიმ გამოთქვა, მერე ბრედ პიტმა და ჯეი ჯეი აბრამსმა, თუმცა, საბოლოო გამარჯვება პროდიუსერებმა დენი ფრიდკინისმა და ბრედლი ტომასმა მოიპოვეს, რომელთაც 5 მილიონ დოლარად შეიძინეს ეკრანიზების უფლება, თანამშრომლობისთვის კი, მარტინ სკორსეზესა და Paramount Pictures-ის მესვეურებს მიმართეს, რომელთაც კინოკომპანიისთვის რეკორდული თანხა - მთელი 200 მილიონი დოლარი გამოჰყვეს ფილმის ბიუჯეტისთვის.

სცენარზე სამუშაოდ სკორსეზემ ოსკაროსანი დრამატურგი ერიკ როტი მიიწვია, რომელსაც გრანის ეპიკურ რომანში ცვლილებების შეტანა და ნაკლებად მასშტაბური, მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორიის შექმნა დაავალა, რითაც პირველ რიგში პროდიუსერები გაანაწყენა, რადგან ერთი მხრივ, ინდიელების თანაგრძნობით გაკიცხა თეთრკანიანები, მეორე მხრივ კი, გლობალური მოვლენების ნაცვლად აქცენტი კონკრეტულ პერსონაჟებზე გააკეთა და სწორედ მათი ხასიათის დამუშავებით სცადა გაეცა პასუხი შეკითხვაზე - რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს ადამიანი სიმდიდრისა და კეთილდღეობის დევნაში.

 

პროდიუსერების პროტესტის მიუხედავად, სკორსეზემ მაინც არ დათმო და მართალია, პირქუში, მაგრამ საოცრად რეალისტური ფილმი შექმნა. რეჟისორმა სწორედ ისტორიული მოვლენების ფონზე მოუთხრო მაყურებელს ინდიელებზე, მათ კულტურასა და უჩვეულო ტრადიციებზე.

 

 

რობერტ დენირო და ლეონარდო დიკაპრიო

მთავარ როლებზე რეჟისორმა ძველი მეგობრები რობერტ დენირო და ლეონარდი დიკაპრიო მიიწვია, ვისთანაც არა მხოლოდ ხანგრძლივი თანამშრომლობა, არამედ საუკეთესო ნამუშევრებიც აკავშირებს. დენირომ უილიამ ჰეილი - მასობრივ მკვლელობებში მთავარი ეჭვმიტანილი განასახიერა, დიკაპრიომ კი, მისი ნათესავის, პირველი მსოფლიო ომიდან ახლად დაბრუნებული ერნესტ ბიორკჰარტის როლი შეასრულა, რომელიც მორჩილად ასრულებს ავტორიტეტად ქცეული ბიძის ყველა ბრძანებას და თვალს ხუჭავს მის სიხარბესა და სისასტიკეზე.

სკორსეზემ ისევ ბრწყინვალედ იმუშავა მსახიობებთან, რომელთაც სრულიად ახალი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცა. დიკაპრიომ საკუთარი გმირის წყალობით გადმოსცა იმ ადამიანის ფარსი და ტრაგიზმი, რომელიც მუდმივად საკუთარ თავს ატყუებს, დენირომ კი, ერთ პერსონაჟში გააერთიანა კეთილშობილი მოხუცი და სასტიკი ცინიკოსი, რომლის ფარისევლობაც ისეთივე ბოროტებაა, როგორც მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

 

შემოქმედებითი ჯგუფი

2020 წელს დაგეგმილი გადაღებები, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო, 2021 წელს მოეწყო ოკლაჰომას შტატში, ოსეიჯის ოლქის ისტორიულ ლოკაციებზე ადგილობრივი ინდიელების - მეტწილად ფილმის გმირების რეალური პროტოტიპების შთამომავლების მონაწილეობით.

ფილმის ვიზუალურ მხარეზე მექსიკელმა ვირტუოზმა ოპერატორმა როდრიგო პრიეტომ იზრუნა, რომელმაც დეტალებზე, პირველ რიგში, გმირების პორტრეტულ თავისებურებებზე გაამახვილა ყურადღება, მხატვართა და დეკორატორთა ჯგუფმა ჯეკ ფისკის ხელმძღვანელობით კი, დეკორაციებისა და კოსტიუმების წყალობით აღადგინა 1920-იანი წლების ამერიკისთვის დამახასიათებელი გარემო და ოსეიჯის ტომის თეატრალიზებული რიტუალები ხალხმრავალი და საშინლად ქაოსური ოკლაჰომას ფონზე. ფილმის მონტაჟზე ტელმა სკუნმეიკერმა იმუშავა, მუსიკალური გაფორმება კი, ცნობილი როკ-ჯგუფის The Band-ის ლიდერმა რობი რობერტსონმა ითავა, რომელმაც ბას-გიტარისა და ტუჩის ჰარმონიკის წყალობით შესძინა სკორსეზეს ნამუშევარს დრამატიზმი და დინამიკა.

მართალია, კრიტიკოსებმა „ყვავილის მთვარის მკვლელები“ ვესტერნის ჟანრს მიაკუთვნეს, მაგრამ თავად სკორსეზესთვის აღმოჩნდა მიუღებელი მსგავსი ჟანრობრივი შეზღუდვა. „დროა გავთავისუფლდეთ კლიშეებისა და სტერეოტიპებისგან, რადგან თანამედროვე კინოში აღარ არსებობს ჟანრობრივი კლასიფიკაცია, არსებობს მხოლოდ კარგი და ცუდი კინო, რომელიც ან გამოსვლისთანავე ქრება, ან სამუდამოდ ისტორიის ნაწილი ხდება’’, - აღნიშნა რეჟისორმა, რომელიც სოლიდური ასაკის მიუხედავად, მაინც საოცრად მხნედ გამოიყურება და ენთუზიაზმით აგრძელებს მუშაობას.

ავტორი: მარიამ ცომაია

სხვა თემები