25 ოქტომბერი 2023 - 09:38

„რამშტაინი“ ახალ ტურნეს იწყებს. მოეხსნა თუ არა ლინდემანს ბრალდება და იშლება თუ არა ცნობილი როკ-ჯგუფი?

ფოტო: AP

„რამშტაინის“ 2024 წლის ევროპული ტურნეს გარკვეული დეტალები ცნობილია. კერძოდ, 12 ქვეყანაში 18 კონცერტია დაგეგმილი. რას გულისხმობს მომავალი წლის ტურნე, აქვს თუ არა ლინდემანს სცენაზე გამოსვლის უფლება და საბოლოოდ, იშლება თუ არა „რამშტაინი“ – Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

როგორც „რამშტაინის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, პირველი კონცერტი პრაღის სტადიონზე გაიმართება. წინა წლების მსგავსად, კონცერტები გერმანიაშიც ჩატარდება. ახალი ტურნეს კონცერტების ბილეთების ონლაინ გაყიდვა 18 ოქტომბერს დაიწყო.

შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ 2024 წლის ტურის განრიგში „რამშტაინის“ მშობლიური ქალაქი ბერლინი არ შედის. თუმცა, როგორც ამბობენ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. წელს მიუნხენში ოთხგზის გამოსვლის შემდეგ, ჯგუფმა გერმანიის დედაქალაქში უკვე სამი კონცერტი გამართა. 60 წლის ფრონტმენი ტილ ლინდემანი (Till Lindemann), გიტარისტები - რიჰარდ კრუსპე (Richard Kruspe) და პაულ ლენდერსი (Paul Landers), ბასისტი ოლივერ რიდელი (Oliver Riedel), კლავიშისტი კრისტიან "ფლაკე" ლორენცი (Christian "Flake" Lorenz) და დრამერი კრისტოფ შნაიდერი (Christoph Schneider) ჯერ კიდევ ბერლინში ცხოვრობენ. 1994 წელს, სწორედ გერმანიის დედაქალაქში შეიკრიბა ეს ექვსი მუსიკოსი და ჩამოაყალიბა საერთაშორისო არენაზე ყველაზე წარმატებული გერმანული როკ-ჯგუფი, რომელსაც თავისი უნიკალური და შეუდარებელი სტილი და ჟღერადობა აქვს.

ლინდემანის წინააღმდეგ ბრალი მოხსნილია, სიმღერა შეიძლება!

როკ-ჯგუფის წლევანდელი გასტროლები ფრონტმენ ლინდემანის წინააღმდეგ ბრალდებებით შეილახა. ქალები, რომლებიც, სავარაუდოდ, “რამშტაინის“ სოლისტის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი იყვნენ, სოციალურ ქსელებსა და მედიაში თავიანთ შემთხვევებს აღწერდნენ. გერმანული მედია იტყობინებოდა, რომ კონცერტების დროს ჯგუფის პრომოუტერები ახალგაზრდა ქალებს კონცერტის შემდგომ წვეულებებზე იწვევდნენ, რათა მათ მუსიკალურ კერპებს უშუალოდ დაკონტაქტებოდნენ. ზოგიერთი ქალი ამტკიცებდა, რომ წვეულებების დროს და მას შემდეგაც სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროება განიცადა.

თავად ლინდემანმა წაყენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო. საბოლოოდ, ბერლინისა და ლიეტუვის პროკურორებმა აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება შეწყვიტეს. კერძოდ, ბერლინის პროკურატურამ განაცხადა, რომ წარდგენილი ინფორმაციის შეფასება არ იძლევა რაიმე მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ლინდემანმა „სქესობრივი აქტი ქალებთან მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა“. შესაბამისად, ჯგუფის ფრონტმენის წინააღმდეგ აღძრული საქმე დაიხურა. 

ტურნე "ნულოვანი რიგის" გარეშე

dpa-ს ცნობით, ჯგუფი ტურნეზე გამოიყენებს იმავე სცენას, სადაც 2019 წლიდან გამოდიოდა. გიგანტური სტრუქტურის მშენებლობას, რომელსაც ათეულობით სატვირთო მანქანა ემსახურება, რამდენიმე დღე სჭირდება. ამასთანავე, ტურნეს პირობაა ე.წ. უსაფრთხოების კონცეფციის დაცვა, რომელიც საგანგებო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. სწორედ ეს ადამიანები გაუწევენ მონიტორინგს ამ კონცეფციის დაცვას და სტადიონებზე მაყურებელს დააკვირდებიან. „ნულოვანი რიგი“, ტერიტორია „რამშტეინის“ სცენის პირდაპირ, სადაც კონცერტის საყურებლად მხოლოდ ჯგუფის თაყვანისმცემელი ქალები შეირჩეოდნენ, ამჯერად ცარიელი იქნება. 

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სკანდალის პიკი იყო, „რამშტაინმა“ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ მუსიკოსები მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებით ძალიან იყვნენ შეწუხებული და საკითხს უკიდურესად სერიოზულად უდგებოდნენ. „ჩვენს გულშემატკივრებს ვეუბნებით: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კონცერტებზე თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოთ როგორც სცენის წინ, ისე მის გარეთ“, - ნათქვამია გერმანული ჯგუფის განცხადებაში. 

„რამშტაინის“ დაშლის შესახებ ჭორები ნაადრევია

პოპულარული გერმანული როკ-ჯგუფი „რამშტაინი“ თითქმის 30 წელია არსებობს. თავისი ახალი ტურნეთი ის გზავნის სიგნალს, რომ საკონცერტო საქმიანობას აგრძელებს. ჯგუფი ყოველთვის იმედოვნებდა, რომ სკანდალების მიუხედავად ან თუნდაც სწორედ მათ გამო, მუშაობის გაგრძელებას შეძლებდა. „რამშტაინს“ წარმატება და მხარდაჭერა ნამდვილად არ აკლია. უფრო მეტიც, ბრალდებების წაყენების შემდეგ ალბომების გაყიდვები გაიზარდა. რვიდან ექვსი მათგანი ტოპ-ასეულში მოხვდა. წლევანდელი ტურნე კი თითქმის მთლიანად გაიყიდა. 

ჩეხეთისა და გერმანიის გარდა, „რამშტაინის“ 2024 წლის ტურნე სერბეთს, საბერძნეთს, ესპანეთს, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, ირლანდიას, ბელგიას, დანიას, ავსტრიასა და იტალიას მოიცავს. როგორც წესი, ორსაათიანი შოუს განმავლობაში, როკ-ჯგუფი ცეცხლის, ეფექტებისა და პიროტექნიკის გამოყენებით, 20-მდე კომპოზიციას შეასრულებს.

სხვა თემები