27 ოქტომბერი 2023 - 11:00

რა უნდა ვიცოდეთ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შესახებ

ისლამისტურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული ლიბანის საზოგადოებაში, აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე - სამხედრო მიმართულება. მისმა მებრძოლებმა სირიაში, ერაყსა და იემენში, ასევე - ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტებში მიიღეს მონაწილეობა.

2022 წელს, აშშ-ის ვუდრო ვილსონის სახელობის ცენტრმა „ჰეზბოლას“ სამხედრო განშტოება დაახასიათა, როგორც „ყველაზე მრისხანე არასახელმწიფო სამხედრო აქტორი ახლო აღმოსავლეთში და შესაძლოა, მთელ მსოფლიოშიც“.

 „ჰეზბოლა“ ლიბანის საზოგადოებასა და პოლიტიკაში ღრმად არის ინტეგრირებული

ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური შიიტური დაჯგუფება, რომლის სახელწოდებაც „ღმერთის პარტიას“ ნიშნავს, განლაგებულია და მოქმედებს ლიბანში, სადაც ის შეიქმნა. „ჰეზბოლა“ არ არის მხოლოდ სამხედრო ფორმირება. ის ღრმად არის ინტეგრირებული ლიბანის საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ”მისმა ძლიერმა უსაფრთხოების აპარატმა, პოლიტიკურმა სტრუქტურამ და სოციალური სამსახურების ქსელმა ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ის ”სახელმწიფოში სახელმწიფოდ” ჩამოყალიბებულიყო“, - განმარტა აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ (CFR) დაჯგუფების დახასიათებაში, რომელიც 2022 წელს გამოქვეყნდა. 

არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა 1997 წელს და გერმანიამ 2020 წელს, „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2013 წელს ჯგუფის შეიარაღებული ფრთა ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება საკამათო გახდა იმის გამო, რომ „ჰეზბოლა“ 1992 წლიდან ლიბანის მთავრობების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა. 

დაჯგუფება ლიბანში ძალან პოპულარულია. უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი არის ის, რომ „ჰეზბოლა“ უზრუნველყოფს ფართო სოციალურ დახმარებას, რომელიც საავადმყოფოებს, სკოლებსა და სოციალური დაცვის დაწესებულებებს მოიცავს. 2020 წლის კვლევის მიხედვით, ლიბანელი შიიტი მუსლიმების 89%-ი „ჰეზბოლას“ დადებითად ახასიათებს. ქვეყნის დანარჩენი დაჯგუფების საქმიანობას არ იწონებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ლიბანს კონფლიქტურ სიტუაციებში ითრევს. 

როგორ და როდის შეიქმნა „ჰეზბოლა“?

„ჰეზბოლა“ დაარსდა 1982 წელს, ლიბანის სამოქალაქო ომის ქაოსის ფონზე, რომელიც 15 წელს გაგრძელდა და მხოლოდ 1990 წელს დასრულდა. ამ ომის დროს ლიბანის საზოგადოების სხვადასხვა პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი (მუსლიმები, ქრისტიანები, მემარცხენეები და არაბი ნაციონალისტები) ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდა. იმ პერიოდში ლიბანში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში სირიისა და პალესტინის შეიარაღებული ნაწილებიც მონაწილეობდნენ. 

ამის შემდეგ, "ლიბანში არსებული შიდა დაპირისპირების ფონზე, ისრაელის ჯარები შეიჭრნენ სამხრეთ ლიბანში ჯერ 1978 წელს, მერე - 1982 წელს, რათა განედევნათ პალესტინელი სამხედროები, რომლებიც  რეგიონს ისრაელზე თავდასხმის ბაზად იყენებდნენ", - წერს CFR-ი. შიიტ მუსლიმთა ჯგუფმა ისრაელის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა. ირანმა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას სპარსელები შეადგენენ, გადაწყვიტა, არაბულ სამყაროზე ზეგავლენის შესაძლებლობით ესარგებლა და ლიბანში შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფების დაფინანსება დაიწყო.

ამ ეტაპზე ირანი მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში მოქმედ არაერთ ასეთ დაჯგუფებას. მათ შორის არის პალესტინური „ჰამასი“. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, თეირანი „ჰეზბოლასთვის“ ყოველწლიურად, დაახლოებით 700 მილიონ დოლარს (661 მილიონი ევრო) გამოყოფს. დროთა განმავლობაში „ჰეზბოლას“ შეიარაღებულმა ნაწილმა ექსტრემისტული მოძრაობის რეპუტაცია მოიპოვა, რადგან ის ლიბანში სხვა შეიარაღებულ ჯგუფებსა და უცხო ობიექტებს თავს ესხმოდა, რაც  თვითმკვლელი-ტერორისტების ჩართვასა და მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გულისხმობდა. 

რა პოლიტიკურ სტრატეგიას მიჰყვება „ჰეზბოლა“?

1985 წელს „ჰეზბოლამ“ გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელშიც მისი მთავარი მიზნები იყო ასახული: დასავლელი კოლონიზატორების განდევნა ლიბანიდან, ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ირანთან შეერთება. ქვეყნის მომავლის შესახებ დაჯგუფების თავდაპირველი ხედვა, ირანული თეოკრატიული მოდელის საფუძველზე, ლიბანში რელიგიურ-ისლამისტური რეჟიმის შექმნას გულისხმობდა. 

დროთა განმავლობაში „ჰეზბოლას“ მიზნები გარკვეულწილად შერბილდა, რადგან დაჯგუფება ლიბანის პოლიტიკურ პროცესებში უფრო მეტად ჩაერთო. 2009 წელს გამოქვეყნდა ახალი მანიფესტი, რომელიც აღიარებდა, რომ ისლამისტური რეჟიმი, შესაძლოა, ლიბანისთვის შესაფერისი არ იყოს. თუმცა „ჰეზბოლას“ პოზიცია ისრაელის მიმართ არ შეცვლილა. ის ისრაელის მიმართულებით რაკეტებს რეგულარულად ისვრის. 

რა რაოდენობის იარაღს ფლობს და რამდენი მებრძოლი ჰყავს „ჰეზბოლას“?

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალლა ირწმუნება, რომ დაჯგუფების რიგებში 100 ათასამდე მებრძოლი ირიცხება. თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს მაჩვენებელი შეიძლება გადაჭარბებული იყოს. ლიბანური დაჯგუფების განკარგულებაშია იარაღის მნიშვნელოვანი არსენალი, „რომელიც ძირითადად მცირე ზომის გადასატანი და მიწისზედა საარტილერიო რაკეტებისგან შედგება“, - აღნიშნა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა 2021 წლის ანგარიშში, რომელიც თავისი „სარაკეტო საფრთხის“ პროექტისთვის წარადგინა. 
 
ანალიტიკოსებმა ზუსტად არ იციან რამდენი რაკეტა აქვს დღეს „ჰეზბოლას“, მაგრამ მათი რიცხვი, შესაძლოა, 130 ათას ერთეულს აღწევდეს. უმრავლესობა მათგანი უმართავია. თუმცა, როგორც ისლამისტური დაჯგუფების წარმომადგენლები ამტკიცებენ, მათ ზუსტი დამიზნების სისტემის რაკეტების მოპოვებაც შეძლეს. ჩინური, ირანული და რუსული წარმოების იარაღი „ჰეზბოლამდე“ ირანისა და სირიის გავლით აღწევს. 

რამდენად ეფექტურია „ჰეზბოლა“, როგორც საბრძოლო ძალა და სად არის ის აქტიური?

„ჰეზბოლა“ ძლიერ მოწინააღმდეგედ ითვლება. თავის დამფინანსებელ ირანთან ერთად, ის დიდი ხანია სირიის ხელისუფლების მოკავშირეა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის. 2014 წლიდან „ჰეზბოლას“ მებრძოლები ერაყში ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“ და ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყელი სამხედრო შენაერთების მოკავშირეები არიან. 2015 წელს ლიბანურმა დაჯგუფებამ ასევე გაგზავნა სამხედრო მწვრთნელები და მებრძოლები იემენში, რათა საუდის არაბეთთან ომში ჰუსიტებს დაეხმარონ.

სხვა თემები