31 ოქტომბერი 2023 - 22:36

ისრაელი, „ჰამასი“, ღაზა: ვინ და როგორ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს?

ფოტო: Getty Images

ისრაელი „ჰამასის“ ტერორს დაბომბვით, ღაზას სექტორის ბლოკადითა და სახმელეთო ოპერაციებით პასუხობს. რა არის დასაშვები საერთაშორისო სამართლის მიხედვით და რა ითვლება ომის დანაშაულად - Deutsche Welle-მ დააზუსტა.

რა ხდება?

ომი რომ სასტიკი რამ არის, „არ ახალია“. ომი ძალადობაა, უფრო სწორად კი, პოლიტიკური მიზნების მიღწევის სახელით წარმოებული ორგანიზებული ძალადობა. საერთაშორისო სამართალი შექმნილია იმისთვის, რომ ეს ძალადობა გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს. თუმცა, ისრაელსა და ღაზას სექტორში მომხდარი სისხლიანი რეალობის პირობებში საქმე არც ისე მარტივად არის. ფაქტი არის ის, რომ  ევროკავშირის, გერმანიის, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის უმეტესი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხა და აღნიშნული დაჯგუფების წარმომადგენლებმა 1400-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ბონიდან, შტეფან ტალმონი ამ თავდასხმას "მასობრივ მკვლელობას" უწოდებს. თუმცა, ისრაელსა და პალესტინას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ის ასკვნის: „7 ოქტომბრის თავდასხმა იმდენად მასშტაბური და ინტენსიური იყო, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქმე გვაქვს შეიარაღებულ კონფლიქტთან“. ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც განაცხადა, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია.

სამხრეთ ისრაელში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მეორე დღეს ნეთანიაჰუმ პირდაპირ განაცხადა, რომ „ჰამასის“ ყველა დაწესებულებას ნანგრევებად აქცევდა. მას შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორს თითქმის უწყვეტ რეჟიმში ბომბავს. ისრაელის თავდაცვის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ისაუბრა "ასობით ტონა ბომბის" შესახებ, რომელსაც ღაზას სექტორში ჩამოაგდებენ. ის ხაზს უსვამდა "განადგურებას და არა - სიზუსტეს". „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად რეგიონში 8000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, ასობით ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა მხოლოდ 365 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. ეს დაახლოებით იმხელა ტერიტორიაა, რამდენიც გერმანიის ქალაქი კიოლნია.

სად გადის თავდაცვის საზღვარი?

გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით, ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას, ეჭვქვეშ არავინ აყენებს. თუმცა, არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რომელიც თავდაცვას გარკვეულ საზღვრებში აქცევს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მებრძოლების მშვიდობიანი მოსახლეობისგან და სამხედრო სამიზნეების სამოქალაქო ობიექტებისგან გარჩევის მოთხოვნა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ან სამოქალაქო ობიექტები არ უნდა გახდნენ წინასწარ განზრახული თავდასხმის ობიექტები. შესაბამისად, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა აკრძალულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ეს დაგეგმილად მოხდა. შტეფან ტალმონი განმარტავს, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში: „თუ „ჰამასი“ სარაკეტო დანადგარებს საცხოვრებელ ზონაში განათავსებს, მაშინ ისრაელს აქვს მასზე თავდასხმის უფლება, თუნდაც ამას მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლოს. სამწუხაროდ, ასეთი მსხვერპლის მაჩვენებელი შეიძლება მაღალი იყოს“. 

ღაზას სექტორში სამხედრო სამიზნეების სამოქალაქო ობიექტებისგან გარჩევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა მსოფლიოში. „ჰამასმა“ გვირაბები საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ გათხარა, ხოლო ტერორისტების შტაბ-ბინები და ობიექტები ხშირად საცხოვრებელ და საოფისე შენობებშია განთავსებული. პრაქტიკულად, საერთაშორისო სამართალი ამ გარემოებას არ ითვალისწინებს. „თუ „ჰამასი“თავის სამეთაურო ცენტრებს სკოლებში, მეჩეთებსა და საავადმყოფოებში განათავსებს, მაშინ ისინიც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გახდებიან“, - განმარტავს შტეფან ტალმონი. თავის მხრივ, „ჰამასი“ ომის დანაშაულს ჩადის, თუ ის თავის სამხედრო პოზიციებს სამოქალაქო ობიექტებში ათავსებს. 

კოლექტიური დასჯის აკრძალვა

ისრაელმა ღაზის სექტორს სრული ბლოკადა დაუწესა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისაუბრა ალყის შესახებ, რომელიც ღაზისთვის ელექტროენერგიის, წყლის, საკვებისა და საწვავის მიწოდების შეწყვეტას გულისხმობს. საჰაერო თავდასხმებისა და ბლოკადის მასშტაბებიდან გამომდინარე, ისრაელის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ბეცელემი“ ისრაელს ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. „ექიმები საზღვრებს გარეშე“ კი ამ კუთხით ღაზას სექტორის მოსახლეობის კოლექტიურ დასჯაზე საუბრობენ, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით დაუშვებელია.

პროფესორ ტალმონის თქმით, საერთაშორისო იურისტების უმეტესობაც თვლის, რომ სექტორის სრული ბლოკადა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. „საერთაშორისო კანონმდებლობა ე.წ. კოლექტიური სასჯელის აკრძალვას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში კი ღაზის სექტორის მთელი პალესტინელი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯაზეა საუბარი. აქ მცხოვრები ყველა ადამიანი არ არის „ჰამასის“ წევრი და ისინი ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებელნი არ არიან. თუმცა, დე ფაქტო, ყველა მათგანი ისრაელის რეაქციის მსხვერპლად იქცა“, - ამბობს მეცნიერი. უფრო მეტიც, საერთაშორისო სამართალი მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილობისთვის გაწირვას პირდაპირ და ცალსახად კრძალავს. „ტოტალური ბლოკადის შემთხვევაში, დგება დრო, როდესაც საკვები და სასმელი წყალი იწურება და მშვიდობიანი მოსახლეობა იწყებს შიმშილს”, - აღნიშნავს ტალმონი. 

ევაკუაცია ნებადართულია, გაძევება - აკრძალული!

13 ოქტომბერს, ისრაელის სამხედროებმა მოსთხოვეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მილიონზე მეტ მშვიდობიან მოქალაქეს, ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან (არა და, აქ მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს) სამხრეთისკენ გადაენაცვლათ. „ჰამასმა“ კი პირიქით, მოსახლეობას დარჩენისკენ მოუწოდა და ისრაელის არმიის თქმით, აღნიშნული დაჯგუფება ევაკუაციას აფერხებს. თუმცა, გაერო ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს, რადგან ღაზის სექტორის ინფრასტრუქტურა განადგურებულია და ძალიან ცოტა ადგილია დარჩენილი ამდენი ხალხის განსათავსებლად. ნორვეგიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა იან ეგელანდმა, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს, ისევე, როგორც - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ისრაელის მხრიდან ევაკუაციის მოთხოვნას უკანონო უწოდა. 

ამასთანავე, ევაკუაციის მოთხოვნის შესრულება ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტია, რადგან დაბომბვები გრძელდება. The Washington Post-ის მიერ დამოწმებულ ვიდეო კადრებში ჩანს ადამიანების ცხედრები, მათ შორის - ბავშვების, რომლებიც ღაზას სამხრეთ ნაწილში ევაკუაციის დროს  დაიღუპნენ. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისრაელის საჰაერო თავდასხმები გახდა. თუმცა, როგორც შტეფან ტალმონი განმარტავს, საერთაშორისო კანონმდებლობა თავდამსხმელი მხარის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საშუალებას აძლევს: „მაგალითად, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ჩაატაროს სამხედრო ოპერაციები“. ასე რომ, ტალმონის შეფასებით, ისრაელი აქ უკანონოდ არ იქცევა. 

არის თუ არა ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართალი „არქაული კანონი“?

„ისრაელის მიერ ღაზის სექტორის მთელი მოსახლეობის განდევნის მცდელობა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“, - განმარტავს ექსპერტი, „მაგრამ მას შეუძლია განახორციელოს ევაკუაცია და მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება ამ ტერიტორიაზე მოქალაქეთა დაცვისა და უსაფრთხოების სახელით“. თუმცა, ზოგადად, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ან როგორც მას ადრე ეძახდნენ, ომის წესები და ჩვეულებები, არქაული კანონია, - ამბობს შტეფან ტალმონი. „ეს კანონები დაიწერა სახელმწიფოების მიერ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ოდესღაც თავად აღმოჩნდებოდნენ რეალურ ომში. მათ არ სურდათ შებოჭილიყვნენ იმ წესებით, რომელთაც ვერ დაიცავდნენ“, - ასკვნის ექსპერტი.

სხვა თემები