03 ნოემბერი 2023 - 20:16

შეძლებს თუ არა ისრაელი დასახული მიზნების მიღწევას  ღაზას სექტორში?

ფოტო: Facebook

"ჰამასის" ყველა წევრი მკვდარი მკვდარია!" - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა დაჯგუფებამ ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის შედეგად, 1400-ზე მეტი ადამიანი დახოცა. მოგვიანებით მან პირობა დადო, რომ "ტერორის მანქანა" და "ჰამასის" პოლიტიკური სტრუქტურა დაიშლება. ისრაელმა განაცხადა, რომ სწორედ ამ მიზნების მისაღწევად ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს. ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, როგორც კი დარწმუნდება, რომ "ჰამასი" სრულად დამარცხებულია, ისრაელის არმია ღაზას სექტორს დატოვებს. მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ ისრაელს სჭირდება „უსაფრთხოების ახალი რეჟიმის“ უზრუნველყოფა, მაგრამ ის არ აპირებს, ღაზაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე პასუხისმგებელობა აიღოს.

თუ ოპერაცია „რკინის ხმლების“ მიზანი ნამდვილად ეს არის, ის გაცილებით ამბიციურია, ვიდრე - ისრაელის წინა სამხედრო ოპერაცირები ღაზაში. ამასთანავე, შეიძლება ამ ამოცანის შესრულებას რამდენიმე თვე დასჭირდეს. თუმცა აქ ისმის კითხვა: არის თუ არა ასეთი მიზანი რეალური და შეუძლია თუ არა ისრაელის სამხედრო სარდლობას მისი მიღწევა? აღნიშნული საკითხებზე პასუხები BBC-მ მოიძია.

ღაზის სექტორში შეჭრა ავტომატურად მჭიდრო ურბანულ რაიონებში საბრძოლო მოქმედებებს ნიშნავს. ეს კი უზარმაზარ რისკებს შეიცავს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელიც ორ მილიონს აღემატება. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ხელისუფლება აცხადებს, რომ 8000 მშვიდობიანი მოქალაქე უკვე დაიღუპა და ასობით ათასი იძულებული გახდა, მშობლიური სახლ-კარი დაეტოვებინა. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის არმიის (ცაჰალი) წინაშე დგას დამატებითი და ძალიან რთული ამოცანა - გადაარჩინოს 239 მძევალი, რომელთა ადგილსამყოფელი ღაზის სექტორში უცნობია. „არ მგონია, რომ ისრაელმა შეძლოს „ჰამასის“ თითოეული წევრის ლიკვიდაცია, რადგან ეს რადიკალური ისლამის იდეის განადგურებას ნიშნავს. თუმცა ის შეიძლება იმდენად შესუსტდეს, რომ მთელი თავისი ოპერატიული შესაძლებლობები დაკარგოს“, - ამბობს ისრაელის არმიის რადიოს სამხედრო ანალიტიკოსი ამირ ბარ შალომი. 

ისრაელი „ჰამასს“ უკვე ოთხგზის შეებრძოლა, მაგრამ ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმები მაინც ვერ შეაჩერა. ცაჰალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპერაციის მთავარი მიზანი „ჰამასის“ სამხედრო პოტენციალის განადგურებაა. თელ-ავივის უნივერსიტეტის პალესტინის კვლევების ფორუმის დირექტორი მაიკლ მილშტაინიც იმ აზრზეა, რომ „ჰამასის“ განადგურება ძალიან რთული იქნება. მისი აზრით, სრული გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ შესაძლებელია აღმოიფხვრას იდეოლოგია, რომელიც „მუსლიმთა საძმოს“ პალესტინური განშტოების („ჰამასი“) საქმიანობას უდევს საფუძვლად. 

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთა 25 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის. ამავდროულად, მილშტაინის განმარტებით, დაჯგუფება შედგება დამატებით 80-90 ათასი ადამიანისგან, რომლებიც  „ჰამასის“ სოციალურ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ. როგორც თავდაცვის მინისტრმა გალანტმა თქვა, ისრაელის არსებობის მომდევნო 75 წელი, უმეტესწილად, ამ ომის შედეგით იქნება განსაზღვრული.

სახმელეთო ოპერაცია საკმაოდ რისკიანია

სამხედრო ოპერაციის შედეგი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. „ჰამასის“ სამხედრო განშტოება - „იზ ალ-დინ ალ-ყასამის ბრიგადები“ - ისრაელზე შეტევისთვის ემზადება. სავარაუდოდ, ისინი ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამონტაჟებენ და გეგმავენ, სად და როგორ ჩასაფრდნენ. ამასთანავე, დიდი ალბათობით, „ჰამასი“ისრაელის სამხედროებზე თავდასხმისთვის გვირაბების ძალიან ფართო ქსელს გამოიყენებს. 2014 წელს ისრაელის ქვეითმა ბატალიონებმა ჩრდილოეთ ღაზაში გამართულ ბრძოლებში მძიმე დანაკარგი განიცადეს. ამის მიზეზი იყო ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ამოქმედება, სნაიპერების მუშაობა და ჩასაფრებების მოწყობა. ამ ყველაფერს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებთა სამხრეთით ევაკუაცია მოითხოვა.

ისრაელის ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ხანგრძლივი ომისთვის მოემზადონ. ამასთანავე, რეზერვისტების რეკორდული რაოდენობა გაიწვიეს ჯარში და გამოცხადდნენ ისინიც, ვისთანაც გამოძახება არ იყო გაგზავნილი. საბოლოო ჯამში, ქვეყნის შეიარაღებული ძალები 360 ათასი ადამიანით შეივსო. თუმცა, საკითხავია, რამდენ ხანს შეუძლია ისრაელს გააგრძელოს ეს სამხედრო კამპანია მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი სულ უფრო მეტად ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, იზრდება დაღუპულთა რიცხვი, შეწყვეტილია წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება და გაერო ჰუმანიტარული კატასტროფის დაწყებაზე გამუდმებით საუბრობს. 

რა არის ისრაელის საბოლოო მიზანი ღაზაში?

2005 წელს ისრაელმა ღაზის სექტორიდან თავისი ჯარი გაიყვანა, ათასობით დასახლებულის ევაკუაცია უზრუნველყო და იქ ოკუპანტის რანგში დაბრუნებას ნამდვილად არ აპირებს. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც თვლის, რომ ეს დიდი შეცდომა იქნება. თუმცა, ხელისუფლების ვაკუუმს შეუძლია სერიოზული რისკები შექმნას. მაიკლ მილშტაინი ამბობს, რომ ისრაელს შეუძლია გადაჭრას ერთი პრობლემა და შექმნას ათი ახალი. ოფირ ვინტერი ვარაუდობს, რომ „ჰამასის“ დასუსტებამ შეიძლება გზა გაუხსნას პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებას, რომელიც „ჰამასმა“ 2007 წელს ჩამოაგდო, ღაზაში დაბრუნდეს.

პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება ახლა ნაწილობრივ აკონტროლებს დასავლეთ სანაპიროს, მაგრამ მისი პოზიცია იქ სუსტია და ღაზაში დაბრუნება კიდევ უფრო რთული იქნება. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია, პრობლემის მოგვარების დროებითი შესაძლებლობის წარდგენა. მაგალითად, როგორც ეს მოხდა კოსოვოში, რომლის ადმინისტრირებასაც, სერბეთის არმიის გაყვანის შემდეგ, 1999 წელს გაერო ახორციელებდა. თუმცა გაერო ისრაელს არ ენდობა. მილშტაინის თქმით, კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ღაზას სექტორის ადმინისტრაციის შექმნა ადგილობრივი მუნიციპალური და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისგან და ამ პროცესში ეგვიპტემ, აშშ-მ, პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და არაბულმა ქვეყნებმა მიიღონ მონაწილეობა. ეგვიპტის პრეზიდენტს ღაზაზე კონტროლის დამყარების სურვილი  ჯერჯერობით არ გამოუვლენია. თუმცა მან თქვა, რომ დიდი ხნის წინ, მოლაპარაკებების შედეგად დემილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფო რომ შექმნილიყო, მიმდინარე ომი არ დაიწყებოდა. 

ამ ომის შემდეგ, ისევე, როგორც ყოველი წინა ომის შემთხვევაში, საჭირო იქნება ღაზას დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ისრაელს ახლა, როგორც არასდროს, ღაზაში ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტზე ორმაგი კონტროლის დაწესების სურვილი ექნება. გარდა ამისა, ისმის მოწოდებები, რომ გაფართოვდეს უსაფრთხოების ბუფერული ზონა იმ კედლის გასწვრივ, რომელიც ღაზას სექტორს ისრაელისგან ჰყოფს. როგორიც უნდა იყოს ამ ომის შედეგი, ისრაელი ნებისმიერ შემთხვევაში შეეცდება უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმები „ჰამასის“ მხრიდან აღარ განმეორდეს. 

სხვა თემები