13 ნოემბერი 2023 - 10:11

როგორ ცხოვრობენ დღეს პალესტინელები ღაზას სექტორში

ფოტო: Anadolu

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ ისრაელზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორზე საპასუხო დარტყმები დაიწყო და სახმელეთო ოპერაციას ახორციელებს. ამ ფონზე ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ახლაო აღმოსავლეთში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ ლაზარინი ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას „კატასტროფულს“ უწოდებს. 

საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ღაზას სექტორის მოსახლეობას სასწრაფო დახმარება სჭირდება. გერმანიის წითელი ჯვრის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელმძღვანელის, კრისტოფ იონენის თქმით, ახალი თანამშრომლები ღაზას სექტორში ვერ მოხვდებიან. „ბევრი პალესტინელი, მოხალისის რანგში ადგილზე მუშაობს, თუმცა ეს დიდი საფრთხისა და რისკის პირობებში ხდება“ ,- განუცხადა მან Deutsche Welle-ს. როგორც ცნობილია, ღაზა თითქმის მთლიანად დაბლოკილია. ამიტომაც იქიდან გამოსული ინფორმაციის გადამოწმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, Deutsche Welle ღაზას სექტორში არსებული ვითარების გასაშუქებლად,  უმეტესწილად, ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ გაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა. 

როგორ შედის ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი?

საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ჯერ შედის ეგვიპტეში, საიდანაც სატვირთო მანქანებით რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იგზავნება. ამის შემდეგ ტვირთი ღაზის მხრიდან სხვა სატვირთო მანქანებში გადააქვთ და მიეწოდება დანიშნულების ადგილებს, სადაც მას გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციები, წითელი ჯვარი და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები იღებენ. აღნიშნული დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოებსა და გაეროს დაწესებულებებში ნაწილდება. ჰუმანიტარული ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტირებას ართულებს ის ფაქტი, რომ ღაზას სექტორში საგზაო ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებულია. იონენის თქმით, გერმანიის წითელი ჯვრისა და პალესტინის წითელი ნახევარმთვარის დახმარების მიწოდება ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ნგრევის მასშტაბების გამო, პრაქტიკულად, შეუძლებელია. 

გარდა ამისა, ისრაელს სურს, მიიღოს გარანტიები, რომ ჰუმანიტარული დახმარება ტერორისტების ხელში არ მოხვდება. ოფიციალური თელ-ავივის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საწვავი, რომელიც შეიძლება „ჰამასმა“ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს. ბოლო ათი დღის განმავლობაში, ისრაელმა ღაზის სექტორში შესვლის ნება დართო 200-ზე მეტ სატვირთო მანქანას, რომელთაც ეგვიპტიდან საკვები და მედიკამენტები გადაჰქონდათ. საწვავი ჰუმანიტარულ ტვირთში არ შედიოდა. რიგი ჰუმანიტარული ორგანიზაციის განცხადებით, მიღებული დახმარება ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. UNICEF-ის წარმომადგენელმა ტობი ფრიკერმა DW-ს განუცხადა, რომ ღაზის სექტორში 2 მილიონზე მეტი ადამიანის მომარაგებისთვის, ყოველდღიურად, სულ ცოტა, 100 სატვირთო მანქანა უნდა შედიოდეს. 

რა ხდება ღაზაში საკომუნიკაციო არხებთან დაკავშირებით?

ღაზაში დაფუძნებულმა სატელეკომუნიკაციო სააგენტო Paltel-მა განაცხადა, რომ გასულ კვირას რეგიონში, პრაქტიკულად, სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაცია აღარ იყო. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ამაში ისრაელის არმია დაადანაშაულა, თუმცა ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და სხვა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა, როგორიც არის UNICEF-ი, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამა, Save the Children - ი და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, განაცხადეს, რომ ისინი ზოგჯერ თავიანთ თანამშრომლებს დღეების განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ.

ინტერნეტის შეფერხებები ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობასაც ართულებს. გერმანიის წითელი ჯვრის წარმომადგენლის, კრისტოფ იონენის თქმით, მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირება მხოლოდ რადიოკავშირით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, დაზარალებულებს არ შეუძლიათ სასწრაფო დახმარების გამოძახება. ამიტომაც ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადები ღაზის სექტორის სხვადასხვა წერტილში განათავსეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი მათ აწვდის ინფორმაციას, თუ სად არიან დაჭრილები. ”ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად რთული ვითარებაა, რაც საშიშია თითოეული მხარისთვის, რადგან უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტიები არ არსებობს ”, - აცხადებს იონენი. 

როგორ მარაგდება ღაზის სექტორი სასმელი წყლით?

„ღაზის წყალმომარაგება მართლაც ძალიან არასტაბილური და არასაიმედოა“, - განუცხადა იონენმა DW-ს. სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა DW-სთან საუბარში ორგანიზაცია Save the Children-მაც დაადასტურა. „ბევრი ადამიანი იძულებულია, დაბინძურებული წყალი მოიხმაროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებების აფეთქება, რომლებიც ბავშვებისთვის მომაკვდინებელია“,- აცხადებენ ორგანიზაციაში. გაეროს საგანგებო სიტუაციების მართვის ოფისის ცნობით, ღაზას ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ ნაწილები სამი წყალსადენით მარაგდებოდა. ჰამასის თავდასხმის შემდეგ კი, ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ წყლის მილები არ გაიხსნება მანამ, სანამ ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელები სახლში არ დაბრუნდებიან. იმავდროულად, ისრაელის ზოგიერთი წყაროს ცნობით, წყალსადენები ნაწილობრივ კვლავ გახსნილია. თუმცა 2 ნოემბერს, გაეროს ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ღაზის სექტორს სამი მილსადენიდან არცერთი არ აწვდის წყალს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ღაზაში დღე-ღამეში მხოლოდ სამი ლიტრი წყალია ერთ ადამიანზე. მინიმალური მოთხოვნა კი სულზე 15 ლიტრია, რაც სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად და პირადი ჰიგიენისთვის არის საჭირო. 

რა მდგომარეობაა ღაზას სექტორის საავადმყოფოებში?

"ჩვენმა ქირურგებმა გვითხრეს, რომ ზოგიერთი ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის გარეშე ტარდება. ექიმებს აღარ აქვთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები. სამედიცინო დახმარების გაწევის პირობები უბრალოდ წარმოუდგენლად მიუღებელია", - ნათქვამია ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. აღნიშნულ ანგარიშს ხელს აწერს მისი დირექტორი კრისტიან კატცერი. ამავე ორგანიზაციის პალესტინელმა ქირურგმა მოჰამედ ობეიდმა, რომელიც ქალაქ ღაზის ჰოსპიტალ „ალ-შიფაში“ მუშაობს, იმავე ვებგვერდზე დაწერა, რომ მას ოპერაციის გაკეთება პირდაპირ დერეფნის იატაკზე მოუწია. "9 წლის ბიჭს ფეხი, პრაქტიკულად, ნარკოზის გარეშე მოვკვეთეთ. ანესთეზიოლოგს ბავშვის პირი გაღებულ მდგომარეობაში ეჭირა, რომ არ დამხრჩვალიყო. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია", - წერს ობეიდი. 

გერმანიის წითელი ჯვრის წარმომადგენელი კრისტოფ იონენიც DW-სთან საუბარში საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობას აღწერს. ”სამედიცინო ჯგუფები საშინელი სცენების მომსწრენი ხდებიან. ისინი ნახულობენ საზარელ დაზიანებებს და ვეღარ ახერხებენ სწრაფად დაუკავშირდნენ იმ ადამიანებს, რომელთაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ”, - ამბობს ის. იონენის თქმით, სისტემა სრულად გადატვირთულია. „სამედიცინო ბრიგადების ყველა რესურსი ამოწურულია. საავადმყოფოებში უამრავი დაჭრილია და პერსონალს არანაირი პირობები არ აქვს“, - აცხადებს ის.

გარდა ამისა, საავადმყოფოებში მიდიან ის ადამიანებიც, რომელთაც სამედიცინო დახმარება არ სჭირდებათ. მათ იმედი აქვთ, რომ თავშესაფარს იპოვიან. 1 ნოემბერს, ისრაელზე ჰამასის ტერორისტების შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ პირველად, ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. შესაბამისად, ათობით დაჭრილი პალესტინელი ეგვიპტის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

სხვა თემები