14 ნოემბერი 2023 - 09:00

გადამწყვეტი ტესტი - რატომ დააყენა რთული არჩევანის წინაშე ღაზას ომმა ისრაელელი არაბები?

ფოტო: Getty Images

7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტისა და შემდგომში ღაზას სექტორში „ცაჰალის“ სრულმასშტაბიანი ოპერაციის შემდეგ, ისრაელელი არაბები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ღაზაში მცხოვრები თანამემამულეები მათგან მხარდაჭერას ელიან, ისრაელი კი ერთგულების მოლოდინშია. 

რა ხდება?

ისრაელის ხელისუფლება შიდა პროვოკაციებს უფრთხის და ამიტომაც არაბულ თემზე სპეციალური კონტროლი დაწესდა. „დაპატიმრებები, დაკითხვები, სამსახურიდან გათავისუფლება, კოლეჯიდან გაძევება - არაბი მოქალაქეები ისრაელის უშიშროების სამსახურებისა და საკუთარი კოლეგების დევნის სამიზნეები ხდებიან. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს იმ სუსტი ძაფების გაწყვეტა, რომელიც ისრაელის საზოგადოებას აერთიანებს“, - წერს მემარცხენე გაზეთი Haaretz-ი.

ისრაელელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აპროტესტებს იმას, რომ ბევრი ისრაელელი არაბი „ჰამასის“ მიერ მოწყობილი სასაკლაოს გამო სიხარულს ვერ მალავს, ამიტომაც ისინი მსხვერპლის ამპლუაში არ უნდა მოიაზრებოდნენ. მართლაც, ომის პირველ ორ კვირაში, ისრაელში დააპატიმრეს ათობით ისრაელელი არაბი, რომელთაც სოციალურ ქსელებში ღიად პროპალესტინური პოსტები გამოაქვეყნეს.

მათ შორის არიან ინფლუენსერები, რომელთაც  დიდი რაოდენობით მიმდევარი ჰყავთ. მაგალითად, ასეთია მომღერალი დალალ აბუ ამნა ნაზარეთიდან. ისრაელის ხელისუფლება შიშობს, რომ სოციალური ქსელის აუდიტორიის გაზრდა, ქვეყნის არაბი მოქალაქეების მხრიდან, ძალადობის ახალ ტალღას გამოიწვევს. მსგავსი სცენარი უკვე მოხდა 2021 წლის მაისში, როდესაც მორიგი ესკალაციის ფონზე, ისრაელელმა არაბებმა თავიანთი ებრაელი მეზობლების საკუთრებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყეს. თუმცა ახლა მთავარი სიტყვაა "ომი" და შესაბამისად, ყველაფერი სხვაგვარად არის. „გაბედონ და ერთი პატარა ურნისთვის ცეცხლის წაკიდება სცადონ“, - ამბობს ქალაქ რამლას (აქ ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი არაბული თემი ცხოვრობს) ერთ-ერთი მცხოვრები. გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვალში ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უშვებს ისრაელის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის ჩამორთმევას თუ პირი ტერორისტულ საქმიანობაში, ტერორიზმის წაქეზებაში ან/და პალესტინის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ქმედებებშია ეჭვმიტანილი.

აღნიშნული ინიციატივის მეორე ეტაპი მოიცავს ამ პირების დეპორტაციას პალესტინის ტერიტორიაზე ან ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მზად არის, ისინი მიიღოს. ჯერჯერობით, ახალი კანონისთვის არ მიუმართავთ, მაგრამ ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ 7 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ, ისრაელი ამ მიმართულებით სრულ მზადყოფნაშია. რა განწყობაა ისრაელელ არაბებში და რით განსხვავდება არსებული მდგომარეობა წინა გამწვავებისგან, BBC-მ გაარკვია.

2 მილიონი ისრაელელი არაბი

ბოლო მონაცემებით, ისრაელში მცხოვრები არაბების რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონს აღწევს. ეს ისრაელის 9,3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ია. არაბული თემის 9%-ი კათოლიკე არაბია, დანარჩენი კი - მუსლიმი. უმეტესობა მათგანი საკუთარ თავს პალესტინელს უწოდებს და თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ნათესავები ღაზის სექტორში ან დასავლეთ სანაპიროზე. თემის ნაწილი ცხოვრობს წმინდა არაბულ დასახლებებში, ნაწილი კი - შერეულ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ისინი ისრაელელ ებრაელებთან მჭიდროდ იკვეთებიან. მათი უმეტესობა ივრითზე თავისუფლად საუბრობს.

ყოველწლიურად, ასობით მუსლიმი (ბედუინები არ ითვლებიან) გამოთქვამს სურვილს, რომ ისრაელის არმიას შეუერთდეს. თუმცა ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. 2020 წელს მათმა რაოდენობამ 600 ადამიანს გადააჭარბა. ისრაელელ არაბებს აქვთ იგივე უფლებები, სოციალური დაცვა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, როგორც - სხვა მოქალაქეებს. 1949 წლის პირველი არჩევნების შემდეგ, მათ ხმის მიცემის უფლება აქვთ და პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავთ. პალესტინის ტერიტორიების მცხოვრებთა უმეტესობისგან განსხვავებით, რომელთაც არცერთი ქვეყნის პასპორტი არ აქვთ, ისრაელელი არაბები თავისუფლად გადაადგილდებიან როგორც მთელ მსოფლიოში, ისე - ისრაელის ტერიტორიაზე. მათ დასაკარგი ნამდვილად აქვთ, მაგრამ, როგორც ირკვევა, საქმე მხოლოდ ამაში არ არის.

რას ფიქრობენ ისრაელელი არაბები?

ისრაელელი არაბები სამ პირობით ჯგუფად დაიყვნენ. ერთი მხრივ, არიან ისინი, ვინც მხარს უჭერენ „ჰამასს“. მეორე მხრივ, არიან ისრაელის მხარდამჭერები და ისინი, ვინც ჯერ „ჰამასს“ უჭერდა მხარს, მაგრამ 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში თანაუგრძნობენ ისრაელს. თუმცა ზოგადად, ეს უკანასკნელი ჯგუფი პალესტინელი ხალხის ბრძოლას მხარს უჭერს. ეს საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაა. წინა გამწვავების დროს, ისრაელის არაბული საზოგადოება  ერთსულოვნად პალესტინელი თანამოძმეების მხარეს იდგა და ისრაელს აგრესორის რანგში განიხილავდა. თუმცა „ჰამასის“ სისასტიკემ, რამაც პრესა და სოციალური მედია წალეკა, ბევრი ისრაელელი მუსლიმი გააბრაზა.

შეიძლება თუ არა, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს?

„ჰამასი“, რა თქმა უნდა, ცდილობდა ისრაელელი არაბების ჩართვას ომში, რომელიც  მუსლიმი ძმების მხარდაჭერის მოწოდებებით დაიწყო. თუმცა არაბული თემის წარმომადგენლების ოფიციალური პოზიცია იმავე დღეს, 7 ოქტომბერს, გაკეთდა.

„სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ არაბ და ებრაელ მოქალაქეებს, გამოავლინონ თავშეკავება, მოიქცნენ პასუხისმგებლობითა და მოთმინებით, ასევე დაიცვან კანონი და წესრიგი“, - განაცხადა ისლამისტური კონსერვატორული პარტიის ლიდერმა, მანსურ აბასმა. 

მან ასევე მოუწოდა ღაზაში მყოფ პალესტინელ ლიდერებს, გაათავისუფლონ ტყვეები და პატივი სცენ ისლამურ ღირებულებებს, რომლებიც კრძალავს ქალების, ბავშვებისა და მოხუცების თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული კონსერვატორული პარტიის წევრები 1996 წლიდან მუდმივად იკავებენ ადგილებს ქნესეთში. პარტია ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, პოპულარულია კონსერვატორ ამომრჩეველში და ისრაელში არაბული თემის მშვიდობიან არსებობას უჭერს მხარს. 

კიდევ ერთი არაბი დეპუტატი, ადვოკატი და პარტია „ჰადაშის“ ლიდერი აიმან ოდე „ჰამასის“ წაქეზებას აღშფოთებით გამოეხმაურა. „1948 წლიდან დღემდე, აქ ჩვენ თავად ვუმკლავდებით და ამას ამაყად თავააწეულები ვაკეთებთ, რადგან ვიცით, პოლიტიკურ ველზე როგორ ვიბრძოლოთ. ნებისმიერი მოწოდება შეიარაღებული ძალადობისა და ომის წაქეზებისკენ არაბებსა და ებრაელებს შორის ისრაელის შიგნით არის ის, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა მან. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ეს არის ის ხაზი, რომელსაც ისრაელელი არაბების უმეტესობა იცავს.  მიუხედავად ამისა, ბევრს ეშინია, რომ ამიერიდან ისრაელის ხელისუფლება ამ ადამიანებს მიკროსკოპით დააკვირდება და მათ თავიანთი ერთგულების დამტკიცება დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ. 

სხვა თემები