01 დეკემბერი 2023 - 11:34

ბენქსი: „არტ-პარტიზანი’’, რომელმაც სამყარო შეცვალა

ბრიტანელმა მურალისტმა, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ, თუმცა ყველაზე იდუმალ ქუჩის მხატვრად, თავისი უნიკალური „პარტიზანული“ სტილით გაითქვა სახელი. მართალია, ბენქსის ეპატაჟური შემოქმედება, კიჩისა და ირონიის ზღვარზე შესრულებული ნახატები „კონტრკულტურას“ მიეკუთნება, მაგრამ მისი ნამუშევრებით არა მხოლოდ სტრით-არტის მოყვარულები, არამედ გამოცდილი კოლექციონერები და გალერისტებიც ინტერესდებიან, რომლებიც რეკორდულ ფასად იძენენ უნიკალურ ფრესკებს პრესტიჟულ აუქციონებზე. 

მხატვრების შეთქმულება

არავინ იცის ვინ ინიღბება ბენქსის სახელით, ამიტომ ვარაუდებიც მრავლად და შესაშური ენთუზიაზმით ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ინკოგნიტო მხატვარი ჯგუფის Massive Attack-ის წევრი რობერტ დელ ნაია, თუმცა, არსებობს მოსაზრება, თითქოს „ბენქსი“ - არა ერთი ადამიანი, არამედ „თანამედროვე მხატვრების ერთგვარი შეთქმულებაა“. ვერსია კანადელ მხატვარს კრის ჰილს ეკუთვნის, რომელიც დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში, „ბენქსი“ - ახალგაზრდა ქალის ხელმძღვანელობით გაერთიანებული შვიდი შემოქმედის კრებითი სახელია, საკუთარი მოსაზრების დასტურად კი, ნახატებზე გამოსახული გოგოები მოჰყავს, რომლებითაც ქუჩის მხატვრები არასდროს ინტერესდებიან. 

ბრისტოლი

სავარაუდოდ, ბენქსი 1974 წელს დაიბადა ბრისტოლში, სადაც მისი ათამდე ნამუშევარია შემორჩენილი - „ბნელი მკრეფელის“, „შეყვარებულის“ და „ნიღბიანი გორილას“ ჩათვლით. „მართალია, დღეს ბენქსის ნახატები ასობით ათასი ფუნტი ღირს, მაგრამ ოდესღაც ის ჩვეულებრივი მოზარდი იყო, რომელიც საღებავების ბალონით დაეხეტებოდა ბრისტოლის ქუჩებში“, - ნათქვამია ქალაქის ტურისტულ პორტალში, რომელიც ე.წ. „ბენქსი-ტურის“ მოწყობას და მისი ნამუშევრების დათვალიერებას სთავაზობს მსურველებს. 

ვანდალიზმი

სტრით-არტი მთელ მსოფლიოში ვანდალიზმად ითვლება და კანონით ისჯება, თუმცა განსხვავებული აზრი აქვს თავად ბენქსის: „ამბობენ, თითქოს გრაფიტი ხალხს აშინებს და საზოგადოების დეგრადაციას განასახიერებს, თუმცა სინამდვილეში, ქუჩებში ხატვა მხოლოდ პოლიციელების, რეკლამის განმთავსებლებისა და მათთვისაა საშიში, ვინც თვითონ აკეთებს გრაფიტის“, - აღნიშნა მხატვარმა, რომელიც ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად, მხოლოდ ერთხელ გამოიჭირა პოლიციამ ნიუ-იორკში, საცხოვრებელი სახლის თავზე მოთავსებული სარეკლამო აბრის მოხატვისას და სოლიდურ ჯარიმასთან ერთად, 40-საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებაც მიუსაჯა.  

Dismaland

თემატური გასართობი პარკი ბრიტანეთის ქალაქ უესტონ-სუპერ-მერში, რომელიც 2015 წლის 21 აგვისტოს გაიხსნა თითქმის მთელი თვით, ბენქსის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არტ-პროექტია. პარკის მშენებლობა ტრილერის „ნაცრისფერი მელას“ გადაღებებით შეინიღბა და ფარულად განხორციელდა მხატვრის სავარაუდო მენეჯერის ჰოლი ქუშინგის ხელმძღვანელობით, თავად ბენქსიმ კი, არა მხოლოდ 10 ახალი ინსტალაცია შექმნა, არამედ თანამედროვე მხატვრების, მათ შორის ჯენი ჰოლცერისა და დემიენ ჰერსტის 58 ნამუშევარსაც მოუყარა თავი. უჩვეულო ექსპონატებს შორის მოხვდა ლტოლვილებით გავსებული ნავი და კონკიას დამტვრეული ეტლი, რომელიც პრინცესა დიანას დაღუპვას სიმბოლიზირებს. მართალია, „მსოფლიოს ყველაზე ცუდი პარკი“ გასართობ ინდუსტრიაზე სატირად შეიქმნა, რადგან Disneyland-ისგან განსხვავებით არა ზღაპარში, არამედ დამსხვრეული ოცნებების რეალურ სამყაროში სთავაზობს სტუმრებს მოგზაურობას, მაგრამ რეგიონის ბიუჯეტი მაინც შეავსო 30 მილიონი ფუნტი სტერლინგით. 

Walled off Hotel

ბენქსის კიდევ ერთ მსხვილ პროექტად სასტუმრო Walled off Hotel იქცა ბეთლემში რამდენიმე ნომრითა და „საზარელი ხედით“, რადგან ფანჯრებიდან მხოლოდ ისრაელის გამყოფი კედელი ჩანს, მზის სხივებით კი, 25 წუთით ნათდება მთელი დღის მანძილზე. სასტუმროს გაფორმებაზე რამდენიმე მხატვარმა იზრუნა დომინიკ პეტრინისა და სამი მუსას ჩათვლით, რომელთა ნამუშევრები პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს მიეძღვნა. მათთვის, ვინც ნაკლებად იცნობს ისტორიას, სასტუმროში სპეციალური მუზეუმია მოწყობილი პროფესორ გევინ გრინდონის ხელმძღვანელობით, გალერეაში კი, პერმანენტულად ეწყობა გამოფენები პალესტინელი მხატვრების მონაწილეობით.

ხელოვნება

აქციონიზმი და ჰევენინგი, ინსტალაციები და პერფორმანსები - ბენქსის შემოქმედება დიდი ხანია გასცდა უბრალოდ კედლის ფერწერას. 2003 წელს პროვოკატორმა მხატვარმა როდენის „მოაზროვნის“ უზარმაზარი ინსტალაცია შექმნა ლონდონში, რომელსაც საგზაო კონუსი მოარგო თავზე, ორი წლის შემდეგ კი, ბრიტანული ბანკნოტები გამოუშვა ელისაბედ მეორის ნაცვლად პრინცესა დიანას გამოსახულებით. მეტიც, ბენქსის ყოველთვის შეუძლია აქციოს უსახლკარო სანტა-კლაუსად და მოხატოს ცოცხალი სპილო, შეავსოს საკუთარი ნამუშევრებით ლონდონის, პარიზის, ნიუ-იორკის წამყვანი მუზეუმების კოლექციები და ბიენალეს პარალელურად, „ივაჭროს ხელოვნებით“ ვენეციის ქუჩებში, რადგან მისთვის აბსოლუტურად არ არსებობს ე.წ. „ფორმატის“ მცნება. თუმცა, სწორედ ამგვარი მრავალფეროვნება ამტკიცებს მოსაზრებას, თითქოს ერთი ადამიანის სახელით რამდენიმე მხატვარი ინიღბება.  

ვირთხები

ვირთხა - ბენქსის საყვარელი პერსონაჟია, რომელიც „ერთადერთი თავისუფალი არსებაა ქალაქში“, ამიტომ წამყვან როლს ასრულებს მის შემოქმედებაში. თუმცა, ბენქსის ვირთხა ისეთივე არაპროგნოზირებადია, როგორც ადამიანი, ამიტომ ხან მავნებლობს, ტოქსიკური ნარჩენებით წამლავს ქალაქს და საკუთარ ბინძურ, საზიზღარ ზნეს ავლენს, ხან თავგამოდებით მუშაობს, ელეგანტურად გამოიყურება და ეძებს სიყვარულს. 

თაბახის ფურცელი

2011 წელს, მეტად საინტერესო ლოტი გამოჩნდა eBay-ს ინტერნეტ-აუქციონზე, როცა უცნობმა jaybuysthings -ის ფსევდონიმით პუბლიკას ბენქსის რეალური სახელის შეძენა შესთავაზა. მართალია, თავიდან აუქციონის მესვეურებმა უარი თქვეს ვაჭრობაზე, რადგან შეთავაზება არამატერიალური აღმოჩნდა, მაგრამ არც ანონიმი დაიბნა და თაბახის ფურცელი წარადგინა მისივე თქმით მხატვრის ნამდვილი სახელით. რა თქმა უნდა, ბევრმა მოინდომა მსგავსი ექსპონატის შეძენა, თუმცა ლოტის მფლობელმა თვითონ გადაიფიქრა, როცა ფსონმა მილიონ დოლარს მიაღწია. არსებობს მოსაზრება, თითქოს ხუმრობის ავტორი თავად ბენქსი იყო, რომელმაც სწორედ ასე სცადა საკუთარი ფასის გაგება.

 

„მაიმუნების პარლამენტი“

მართალია, ბენქსი ყოველთვის ღიად დასცინის ე.წ. ''მომხმარებელთა მოთხოვნილებებს'', მაგრამ მაინც აქტიურად ვაჭრობს საკუთარი ნამუშევრებით. მაგალითად, 2019 წელს, Sotheby's-ს აუქციონზე სულ რაღაც 13 წუთში გაიყიდა მისი „მაიმუნების პარლამენტი“, რომელიც ანონიმმა კოლექციონერმა შეიძინა ნიუ-იორკიდან რეკორდულ - 12 მილიონ დოლარად. 

„გოგონა საჰაერო ბურთით’’

1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა Sotheby's-ის აუქციონზე ბენქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევრის „გოგონა საჰაერო ბურთით“ საავტორო ორიგინალიც, თუმცა აუქციონის დასასრულს ერთ-ერთმა სტუმარმა მასიურ ჩარჩოში ჩადგმული შრედერი აამოქმედა, გაოცებული პუბლიკის თვალწინ დაჭრა ნახატი და სრულიად ახალ არტ-ობიექტი „სიყვარული ნაგვის ურნაში“ შექმნა, რომლის ფასი რამდენიმე წუთში გაორმაგდა. რა თქმა უნდა, იდეის ავტორი ისევ ბენქსი აღმოჩნდა, რომელმაც მოგვიანებით, საკუთარ ინსტაგრამზე გააკეთა კომენტარი პაბლო პიკასოს ციტატით, რომ „განადგურების სურვილიც შემოქმედებითი შთაგონებაა“. 

ტრაფარეტები

მართალია, გრაფიტისტები ხშირად აკრიტიკებენ ბენქსის ტრაფარეტების გამოყენების და სიზარმაცის გამო, მაგრამ მხატვარი ყოველთვის თავს იმართლებს და ამბობს, რომ მხოლოდ დროის დაზოგვის მიზნით მიმართავს ამგვარ მეთოდს. აღსანიშნავია, რომ შაბლონის გამოყენება ბენქსის ფრანგ მხატვართან ბლექ ლე რატთან ანათესავებს, რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა 1970-იანი წლების ქუჩის ხელოვნებაში, გრაფიტის შემქმნელები კი, არა უბრალოდ მხატვრებად, არამედ ქუჩის ფიგურატიული ფერწერის ოსტატებად აქცია.

პლანეტის გულშემატკივარი

კრიტიკოსები, რომლებიც ხან „პროტესტანტ მხატვრად“, ხან „არტ-ვანდალად“ მოიხსენიებენ ბენქსის, დიდი ხანია დავობენ, პოლიტიკური კარიკატურის ჟანრს უფრო მიეკუთნება მისი ნამუშევრები თუ ქუჩის მხატვრობას, რადგან სატირითა და სარკაზმით დატვირთულ ნახატებში ბენქსი ერთნაირი ირონიით ასახავს როგორც რასიზმს და ბრიტანეთის პოლიტიკას, ბავშვთა შრომას და მესამე სამყაროს ქვეყნების სიღატაკეს, ისე გლობალურ დათბობას და ქარიშხალ „კატრინას“, სნოუდენის საქმეს და კორონავირუსს, რადგან მისთვის არ არსებობს ტაბუდადებული თემები. თუმცა, ირონიისა და ზოგჯერ უხეში ცინიზმის მიუხედავად, ბენქსის თაყვანისმცემლები დარწმუნებული არიან, რომ მხატვარი „პლანეტის ყველაზე დიდი გულშემატკივარია“, მის ნამდვილ ბუნებას, განწყობასა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულებას კი, ყველაზე კარგად „პაციფისტი მეამბოხე“ გამოხატავს, რომელიც ყვავილების თაიგულს ისვრის ასაფეთქებლის ნაცვლად. 

სხვა თემები