18 ნოემბერი 2023 - 19:54

BBC: პუტინისტი და კრიპტოვალუტით მოვაჭრე - ვინ შოულობს ფულს „ჰამასი”-ისრაელის ომის შესახებ ინფორმაციის გაყალბებით?

ფოტო: Getty Images

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის მომენტიდან, სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter-ი) ამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს რეგიონში არსებულ მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფი წარმოადგენს. აღნიშნულ პლატფორმაზე ამ ადამიანების მიერ გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს ეხება, ოქტომბერში ყველაზე პოპულარული ახალი ამბების წყარო გახდა.

გადაუმოწმებელი ინფორმაციის რეგულარულად გავრცელებით, ამ ინფლუენსერებმა მილიონობით გამომწერი მოაგროვეს. ისინი კონტექსტიდან ამოგლეჯილ ან ყალბ ვიდეოებსა თუ ფოტოებს ავრცელებენ და ზოგჯერ „ჰამასის“ დანაშაულებრივ ქმედებებსაც კი უარყოფენ. დეზინფორმაციის მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჯგუფი გარკვეულ თანხებს გამოიმუშავებს სოციალურ ქსელ X-ის ახალი ფუნქციებით, როგორიცაა ფასიანი ხელმოწერა და სარეკლამო გადახდები. 

როგორ დაიწყო ამერიკელმა სტალინისტმა ისრაელის გმობა

ახალ ინფლუენსერებს შორის ლიდერობს 24 წლის ამერიკელი ჯექსონ ჰინკლი. პირველ რიგში, ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინისადმი მგზნებარე სიყვარულით არის ცნობილი. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ჰინკლის გამომწერების რაოდენობა სოციალურ ქსელ X-ზე ოთხჯერ გაიზარდა და ორ მილიონს მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისადმი მიძღვნილმა მისმა პოსტებმა ყველაზე მეტი ნახვა, გაზიარება, მოწონება და კომენტარი მიიღო  ყოფილ Twitter-ზე.
ამ დროის განმავლობაში ჰინკლის ანგარიშზეა 20 მილიონზე მეტი რეტვიტი. გარდა ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული, ომის შესახებ დაწერილი ყველაზე პოპულარული პოსტების 75% (20-დან 15) სწორედ მას ეკუთვნის. ეს მონაცემები მოიპოვა კომპანია Logically-მ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს დეზინფორმაციის გასაანალიზებლად იყენებს.

ჰინკლის ასეთი პოპულარობა  განპირობებულია მისი პოსტების ბუნებით: ის ავრცელებს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას, რეგულარულად აზიარებს დაშავებული და დაღუპული ბავშვებისა და დანგრეული სახლების ვიდეოებსა თუ ფოტოებს. ის იზიდავს მასობრივ აუდიტორიას და ქმნის ემოციურ გამოხმაურებას. თუმცა ჰინკლს კონფლიქტის შესახებ რაიმე პროფესიული ცოდნა არ გააჩნია. მან აქტივისტის კარიერა გარემოსდამცველის რანგში დაიწყო და ჩვიდმეტი წლის ასაკში, სწორედ ამ რანგში გამოჩნდა პრიალა ჟურნალ Teen Vogue-ის გვერდებზე.

თუმცა, ჰინკლი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მან თავი MAGA-კომუნისტად გამოაცხადა - კომუნისტი და ამავდროულად, შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი. ჰინკლისთვის კომუნიზმი პუტინის მხარდაჭერას, სტალინის განდიდებასა და „ლისენკოიზმს“ (ფსევდომეცნიერული კამპანია გენეტიკის წინააღმდეგ) ნიშნავს.

7 ოქტომბრამდე, სანამ „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხმებოდა, ჰინკლი ცნობილი იყო კრემლის პროპაგანდის ძირითადი პუნქტების გამეორებით: მან დაგმო "ნაცისტები კიევში" და ყოველგვარი რეალური მტკიცებულების გარეშე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნარკომანიაში  დაადანაშაულა. მან ასევე გაასაჯაროვა თავისი ურთიერთობა „მის რუსეთის“კონკურსის გამარჯვებულთან და რუსეთის „პირველი არხისა“ და RT-ს გადაცემებში გამოჩნდა. „როსიისკაია გაზეტა“ კი ჰინკლს ციტირებს, როგორც "ამერიკელ ჟურნალისტს". 

თუმცა, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ჯექსონ ჰინკლმა ყურადღება უკვე ამ კონფლიქტზე გადაიტანა. ომის დაწყებიდან ის ყოველდღე აქვეყნებს ათობით პოსტს, რომლებშიც ისრაელს „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდასთან“ (ორივე ორგანიზაცია აღიარებულია ტერორისტულად და აკრძალულია როგორც რუსეთში, ისე - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში) აიგივებს. BBC-ის მიერ გაანალიზებული ჰინკლის არაერთი პოსტი ყალბ ინფორმაციას შეიცავს. მაგალითად, ერთ-ერთ ტვიტში ის აქვეყნებს ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის ვიდეოს, რომელსაც სირიაში მიმდინარე მოვლენების საილუსტრაციოდ იყენებს. 

მეორეგან ჰინკლს მაგალითად მოჰყავს ისრაელის ლიბერალური გაზეთის - Haaretz-ის გამოძიება, რომელმაც თითქოს დაადგინა, რომ „ჰამასის“ თავდასხმას 900 ისრაელელი ემსხვერპლა და არა - 1200  და მათგან ნახევარი სამხედრო პირი იყო. სინამდვილეში, ასეთი გამოძიება არ არსებობს და Haaretz-მა ამ ინფორმაციას აშკარა სიცრუე უწოდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ტვიტს 5 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა და ის დღესაც ხელმისაწვდომია. უფრო მეტიც, ჰინკლი „ჰამასის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ ისრაელში ფესტივალ Supernova-ს სტუმრები დახოცეს არა ისლამისტური დაჯგუფების წევრებმა, არამედ ისინი „ჰამასსა“ და ისრაელის პოლიციას შორის გამართული სროლების შედეგად დაიღუპნენ. "7 ოქტომბრის სისასტიკეში „ჰამასი“ დამნაშავე არ არის", - ნათქვამია მის ტვიტში. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. BBC-ის ჟურნალისტების მიერ გადამოწმებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ისლამისტური დაჯგუფების წევრები უიარაღო მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრიან.

BBC-სთან საუბრისას ჯექსონ ჰინკლმა განაცხადა, რომ ის კონფლიქტის შესახებ სიმართლეს ავრცელებს და ამის შესახებ სხვა პლატფორმებზე ადრეც საუბრობდა.
”მე არ ვცდილობ რაიმესგან მოგების მიღებას,” - ამბობს ის და დასძენს, რომ ”უმჯობესია, ფულის გამომუშავება სიმართლის თქმით, ვიდრე - ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ტყუილის გავრცელებით“.

 BBC-ის ჟურნალისტმა ჰინკლს ჰკითხა, თუ რატომ ცდილობს ის წარმოაჩინოს თავი ექსპერტად მაშინ, როდესაც არც არაბული იცის და არც ივრითი, ამასთანავე, არც შესაბამისი განათლება აქვს და არც ამ რეგიონში არის ნამყოფი. ამის პასუხად ჰინკლმა განაცხადა, რომ „ექსპერტები და მეინსტრიმული მედიასაშუალებები ექსპერტები სულაც არ არიან“ და მათი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ სპეკულირება დაიწყო. 

„ახალი ელიტა“

ჰინკლი არ არის ერთადერთი ინფლუენსერი, რომელიც ცდილობს, შესაბამისი გამოცდილების, ცოდნისა და განათლების გარეშე, ისრაელ - „ჰამასის“ ომის შესახებ ახალი ამბების წყაროდ გაასაღოს თავი. მარიო ნავფალი დუბაიში ცხოვრობს და კრიპტოვალუტის სფეროში არის დასაქმებული, მანამდე კი სამზარეულოს ტექნიკასა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული სტარტაპი შექმნა. თუმცა X-ის მფლობელმა ილონ მასკმა მას, როგორც ახალი ამბების წყაროს (მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებით) რეკომენდაცია გაუწია. სწორედ ამის წყალობით ნავფალმა ამ სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი გამომწერი მოიპოვა. ნავფალი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს აქტიურად აშუქებს ისე, რომ არცერთ მხარეს არ ემხრობა. ის თითქმის 24 საათის განმავლობაში წერს ტვიტებს, რომელთაც იწყებს სიტყვებით „სასწრაფო!“. თუმცა ნავფალის მიერ გავრცელებული ამბები ხშირად პირველწყაროს არ ეყრდნობა და არასწორ ინფორმაციას იმეორებს. კერძოდ, მან სირიაზე სარაკეტო თავდასხმის ვიდეოები გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ ეს მასალა ღაზაში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა. ეს პოსტი მოგვიანებით წაიშალა. თუმცა მეორე ტვიტმა იმის შესახებ, რომ „ჰამასმა“ ისრაელის გენერალი შეიპყრო, 18 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და დღემდე ხელმისაწვდომია. ნავფალმა BBC-ის კითხვებს არ უპასუხა.

სხვა ინფლუენსერები, რომლებიც აქტიურად აკეთებენ კომენტარს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებ, არიან კოლინ რაგი და დომ ლუკრე (ნამდვილი სახელი დომინიკ მაკგი). ორივე მათგანი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. პირველს 700 ათასზე მეტი, მეორეს კი 600 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მათმა პოპულარობამ ისრაელისა და ღაზას შესახებ პოსტების წყალობით კიდევ უფრო მოიმატა. ამავდროულად, რაგმა გაიმეორა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიბანური „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა პარაპლანით ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს. დომ ლუკრემ კი გამოაქვეყნა ძველი ვიდეოები ღაზიდან სირიის მოვლენების საილუსტრაციოდ და პოლონეთში გამართული კათოლიკური ღონისძიება ისრაელის მხარდამჭერ აქციად გაასაღა. 

ფულის გამომუშავება like-ებითა და retweet-ებით

BBC-ის კორესპონდენტი შაიან სარდარიზადე თვალყურს ადევნებს და შეისწავლის პოპულარულ ე.წ. ფეიკ-ნიუსებს (ყალბ ახალ ამბებს) ისრაელისა და ღაზის კონფლიქტის შესახებ. „სოციალური მედიის ალგორითმები აქეზებს შოკისმომგვრელ ან სკანდალურ შინაარსს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რეგულარულად და მიზანმიმართულად ქვეყნდება. ომი კი ასეთი მასალისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის", - ამბობს ის. ჟურნალისტის თქმით, ილონ მასკის პრემიუმ-გამოწერა X-ზე ასეთი ქცევის წამახალისებელია, რადგან რიგით მომხმარებლებს ფასიანი მომხმარებლების პოსტები მომენტალურად უჩნდებათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი სარეკლამო შემოსავლებიდან წილს იღებენ. 

მასკის რეფორმების შედეგად, X-ის ფასიანმა მომხმარებლებმა შეძლეს მიეღოთ საკუთარი ფასიანი გამომწერები და რაც მთავარია, ისინი სარეკლამო შემოსავლების მეწილეები გახდნენ. ამ შემთხვევაში ანაზღაურება პოსტების ნახვების, მოწონებებისა და კომენტარების პროპორციულია. სხვადასხვა ინფლუენსერის შემთხვევაში, ფასიანი გამოწერის ფასი ერთიდან ხუთ დოლარამდე მერყეობს. მაგალითად, ჰინკლის გამომწერები თვეში სამ დოლარს იხდიან. ანგარიშების მფლობელები ფასიანი გამომწერების რაოდენობას არ ასახელებენ. თუმცა, არიან გამონაკლისებიც. WarMonitor-ი, რომელიც არის ანონიმური ანგარიში და მასკის მიერ რეკომენდირებულია, ანტისემიტურ კომენტარებს აქვეყნებდა, იკვეხნიდა, რომ ივლისში X-სგან, სარეკლამო შემოსავლის განაწილების სახით, 16 ათასი დოლარი მიიღო. 

სხვა თემები