29 ნოემბერი 2023 - 12:29

რატომ იწვევს წითელი ღვინო თავის ტკივილს? მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ

ფოტო: Getty Images

თუნდაც ერთი ჭიქა წითელი ღვინო ზოგიერთ ადამიანში თავის ტკივილს იწვევს მაშინ, როდესაც მას ასეთი სიმპტომი სხვა ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში არ აღენიშნება. ამ მიმართულებით ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი ჰიპოთეზა შეიმუშავეს. უფრო მეტიც, მათი თეორიის მიხედვით, ძვირადღირებულმა ღვინომ უფრო მეტად უნდა გატკინოთ თავი, ვიდრე - იაფფასიანმა. თუ რა არის ამის მიზეზი, BBC-მ გაარკვია. 

რა ხდება?

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრები თვლიან, რომ წითელი ღვინის თანმდევ თავის ტკივილს იწვევს შავ ყურძენში არსებული ანტიოქსიდანტი კვერცეტინი. ის ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის მეტაბოლიზმზე უარყოფითად მოქმედებს, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა. ამავე პუბლიკაციის მიხედვით, რაც უფრო მეტი მზის შუქი მოხვდება ყურძენს ზრდის პროცესში, ის მით მეტ კვერცეტინს გამოიმუშავებს.

შესაბამისად, თავის ტკივილისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის ძვირადღირებული ღვინო ამ თვალსაზრისით შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე - იაფფასიანი, -  განუცხადა BBC-ს კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ენდრიუ უოტერჰაუსმა. „იაფი ყურძნის ჯიშები მოჰყავთ მსხვილ ვაზებზე, რომელთაც ხშირი ფოთლები აქვთ. ასე რომ, ისინი მზის სხივებს ბლომად ვეღარ იღებენ. მაღალი ხარისხის ყურძენი კი იზრდება პატარა ვაზზე, რომელსაც ნაკლები ფოთოლი აქვს”, - განმარტავს ის. ”ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად მზის შუქის რაოდენობა საგულდაგულოდ კონტროლდება”, - დასძენს ექსპერტი. თუმცა სხვა ექსპერტები მაინც თავს იკავებენ, რომ იაფფასიანი ღვინო შეაქონ.

ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული თერაპიის ექსპერტმა, პროფესორმა როჯერ კორდერმა BBC-ს განუცხადა, რომ იაფფასიანი ღვინის წარმოებაში ხშირად იყენებენ დანამატებს, რომლებმაც ასევე შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს. აქ საუბარია პექტინაზებზე, რომლებიც დაღვინების პროცესს აჩქარებენ. ამასთანავე, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს კონსერვანტზე, რომელსაც დიმეთილ დიკარბონატი ეწოდება. პროფესორი კორდერი აღნიშნავს, რომ მისი დაშლის შედეგად მიიღება პროდუქტი მეთანოლი, რომელიც შესაბამის სამეცნიერო კვლევას მოითხოვს.

რას ფიქრობენ სხვები?

კვერცეტინის გავლენის შესახებ არსებული ჰიპოთეზის გარდა, არსებობს რამდენიმე თეორია იმის შესახებ, თუ რატომ ეწყება ზოგ ადამიანს თავის ტკივილი თუნდაც ერთი პატარა ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს გამოწვეულია სულფიტებით იმავე კონსერვანტებით, რომლებიც ღვინის შენახვის ვადას ზრდის. თუმცა მათი შემცველობა, როგორც წესი, უფრო მაღალია ტკბილ თეთრ ღვინოში, ვიდრე - წითელში. შესაბამისად, თუ თქვენ ალერგია გაქვთ სულფიტებზე, ასეთ ღვინოებს ნამდვილად უნდა მოერიდოთ. თუმცა ძალიან მწირი მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რომ ნამდვილად სულფიტები არიან თავის ტკივილში დამნაშავენი. ამ სიმპტომის კიდევ ერთი შესაძლო გამომწვევი მიზეზია ჰისტამინი. ეს ინგრედიენტი უფრო ხშირად გვხვდება წითელ ღვინოში, ვიდრე - თეთრ ან ვარდისფერში. ჰისტამინს შეუძლია ორგანიზმში სისხლძარღვები გააფართოვოს, რაც თავის ტკივილს იწვევს. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა ითქვას, რომ, აღნიშნულ მოსაზრებას კონკრეტული მტკიცებულებები აკლია. 

როგორ ჩატარდა ახალი კვლევა?

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებს თავიანთ კვლევაში მაგალითად მოჰყავთ საყოველთაოდ ცნობილი მონაცემები, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ი ალკოჰოლთან თანდაყოლილ შეუწყნარებლობას განიცდის. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი სახის სიწითლეს, თავის ტკივილს, გულისრევასა და სხვა უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს. ეს კი გენეტიკური მუტაციით არის განპირობებული. ამის შედეგად კი, ბევრ აზიელს აღენიშნება ფერმენტ ALDH2-ის უკმარისობა, რაც ალდეჰიდდეჰიდროგენაზა-2-ის სახელით არის ცნობილი. ეს მიტოქონდრიული ცილა ეთანოლის მეტაბოლიზმში მონაწილეობს. 

ამ ფერმენტის წყალობით, ადამიანების უმეტესობაში ალკოჰოლის ტოქსიკური კომპონენტები ჯერ ნაკლებად მავნე ნაწილებად იშლება, შემდეგ კი საერთოდ გამოიდევნება. ალკოჰოლი ორგანიზმში ორ ეტაპად იშლება: ჯერ გადაიქცევა ტოქსიკურ ნაერთად, რომელსაც აცეტალდეჰიდი ეწოდება, შემდეგ კი ფერმენტი ALDH2  მის უვნებელ აცეტატს ძმრად გარდაქმნის. თუ პროცესის მეორე ეტაპი არ დადგა, მაშინ ორგანიზმში გროვდება მავნე აცეტალდეჰიდი, რაც იწვევს უსიამოვნო სიმპტომებს, მათ შორის - თავის ტკივილს. ზემოთ ხსენებულ კვლევაში მეცნიერებმა ლაბორატორიულად დაამტკიცეს, რომ ეს ხდება კვერცეტინის მაღალი შემცველობის მქონე წითელი ღვინის მიღებისას: ამ ნივთიერებას ფერმენტ ALDH2-ის მოქმედების დაბლოკვა შეუძლია.

საჭიროა ადამიანებზე გამოცდა

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კვერცეტინი მხოლოდ ალკოჰოლთან შერევისას იწვევს ორგანიზმში პრობლემებს. ის ბევრ ხილსა და ბოსტნეულშია, ამასთანავე, თავისი სასარგებლო, ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, იყიდება როგორც დიეტური დანამატი. მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი თეორია, რომ წითელი ღვინის მიღების შემდეგ თავის ტკივილს სწორედ ეს ნივთიერება იწვევს, ჯერ კიდევ ადამიანებზე გამოცდას საჭიროებს. „ბოლოს და ბოლოს, ამ ათასწლეულის საიდუმლოს ამოსახსნელად ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. შემდეგი ნაბიჯი არის ამ თეორიის მეცნიერულად გამოცდა ადამიანებზე, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამ ტიპის თავის ტკივილისკენ. ასე რომ, სიახლეებს თვალყური ადევნეთ“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა მორის ლევინმა, რომელიც ნეირომეცნიერების ექსპერტი და კალიფორნიის უნივერსიტეტის თავის ტკივილის ცენტრის დირექტორია. 

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით და ინტენსიურმა მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული შედეგები გამოიწვიოს როგორც მოკლე, ისე - გრძელვადიან პერიოდში. ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა NHS შეგვახსენებს, რომ კვირაში 14 ერთეულზე მეტი ალკოჰოლის რეგულარულად დალევამ (ერთი ერთეული არის 10 გრამი სუფთა ალკოჰოლი) შეიძლება ღვიძლი დააზიანოს და გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მათ შორის - ინსულტი და გულის დაავადება. კიბოს საქველმოქმედო ორგანიზაცია Cancer Research-ის თანახმად კი, ალკოჰოლი კიბოს შვიდ სახეობას აპროვოცირებს. სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში 10-დან დაახლოებით ერთი დიაგნოზი ალკოჰოლის მოხმარებით არის გამოწვეული. 

სხვა თემები