27 ნოემბერი 2023 - 21:23

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე: ათწლეულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული საგანძური

მხატვარი და ილუსტრატორი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მე-20 საუკუნის იმ შემოქმედებით ელიტას მიეკუთვნებოდა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპული კულტურის, თეატრის მხატვრობისა და ბეჭდვითი ილუსტრაციის განვითარებაში.   

მართალია, საოცარი ნიჭით დაჯილდოებული დე ლეტე-ვაჩნაძე ჯერ ბრაზილიაში, მერე საფრანგეთში მოღვაწეობდა, მაგრამ კავშირი საქართველოსთან არასდროს გაუწყვეტია. თვითონაც ბევრჯერ უთქვამს, რომ „არც საბჭოელი იყო და არც ფრანგი, არამედ ქართველი’’, რაც ნათლად დაადასტურა მისმა შემოქმედებამ, რომელსაც ყოველთვის ლაიტმოტივად გასდევდა ქართული სული და თვითმყოფადობა.  

არისტოკრატული წარმომავლობა

ქართველი არისტოკრატების - ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების შთამომავალი, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე 1925 წლის 8 ივნისს დაიბადა ირანში, ქალაქ თავრიზში, სიუზი ვაჩნაძისა და უნგრელი პეტრუს ფონ ლეტეს ოჯახში. სიუზის გამზრდელი ბებია - ფრანგი ქალბატონი სიუზან იოანესი ვანო ჯორჯაძის მეუღლე იყო, რომელსაც სამი შვილიდან ერთ-ერთი - ლელია და სიძე გიორგი ვაჩნაძე კაზაკებმა მოუკლეს მე-20 საუკუნის დასაწყისში. ბოლშევიკების ოკუპაციისა და საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მეუღლესთან განქორწინებულმა სიუზანმა აღარ ისურვა საქართველოში დარჩენა და შვილებთან ერთად დაბრუნდა პარიზში.

პირველი წარმატება

სწორედ პარიზში გამოვლინდა მოზარდი თამარის მრავალმხრივი ნიჭი, როცა დედის - სიუზი ვაჩნაძის წყალობით ჯერ ლუბოვ ეგოროვას კლასიკური ცეკვის ჯგუფში ჩაირიცხა, მერე მადლენ ვატიესა და ბერნან ჰიუგეს სახელოსნოში შეისწავლა ფერწერა, 1950-იანი წლების დასაწყისში კი, ფრანგ მხატვრებთან ერთად მოაწყო რამდენიმე შთამბეჭდავი ექსპოზიცია და სრულიად ახალგაზრდამ დაიმსახურა პუბლიკის მოწონება.

პარიზში გაიცნო თამარმა მომავალი მეუღლეც, ნოე ჟორდანიას ვაჟი, საფრანგეთის ქართული ანსამბლის პიანისტი რეჯებ ჟორდანია, ვისთან ქორწინება დიდი სიყვარულის მიუხედავად, მაინც ხანმოკლე აღმოჩნდა. 1952 წელს, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 27 წლის დე ლეტე-ვაჩნაძე დედასთან და მცირეწლოვან შვილთან - ზოლტანთან ერთად გაემგზავრა ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულუში, სადაც მისი მამა, საბჭოთა რეპრესიებს თავდაღწეული პეტრუს ფონ ლეტე ცხოვრობდა.  

სან-პაულუს თეატრი

სან-პაულუს თეატრში თამარმა ჯერ სპექტაკლებისთვის „რომეო და ჯულიეტა“, „მედეა“, „კალიგულა“ შექმნა კოსტიუმები და დეკორაციები, მერე კი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა და თავად დადგა რამდენიმე წარმოდგენა, ბალეტის „ტრისტანისა და იზოლდას“ ჩათვლით, რომლის პერსონაჟებს ქართული ჩიხტიკოპი და ხორუმის მოცეკვავის კოსტიუმები მოარგო. 1957 წლის მაისში დე ლეტემ კოსტიუმებისა და დეკორაციების გამოფენა მოაწყო, აგვისტოს თვეში კი, მის მიერ შექმნილი 22 ესკიზი გამოიფინა სან-პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.  

უიღბლო მოგზაურობა ამერიკაში

1958 წელს თამარი რამდენიმე თვით დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც მეგობრის, ფრანგი ბალერინას ჟანინ შარას წყალობით გაიცნო ცნობილი ბალეტმაისტერი და ქორეოგრაფი ჟან ბაბილე, რომელიც საკუთარი ცეკვით აღაფრთოვანა. სწორედ ბაბილესთან შეხვედრით შთაგონებულმა თამარმა გადაწყვიტა მომავლის ამერიკაში ძიება და მწირი ფინანსებით გაემგზავრა ნიუ-იორკში. თუმცა სპარსეთში დაბადებულ მხატვარსა და მოცეკვავეს ნაკლებად გაუმართლა, რადგან ვერც სამუშაო იშოვა, ვერც მოქალაქეობა და ქვეყანაში ცხოვრების უფლება მოიპოვა. უშედეგოდ დასრულდა წარმოშობით ქართველ ბალეტმაისტერთან, ჯორჯ ბალანჩინთან შეხვედრის მცდელობებიც, რამაც გულდაწყვეტილ დე ლეტეს კანადაში გამგზავრება აიძულა, სადაც რთულად აღსაზრდელ მოზარდთა პედაგოგად მუშაობდა, მერე კი, ისევ ბრაზილიაში დაბრუნდა. 

აღიარება სან-პაულუში

სან-პაულუში დე ლეტემ ჯერ რამდენიმე გამომცემლობასთან თანამშრომლობით გააფორმა მსოფლიო მითოლოგიის კრებული, შარლ პეროს, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები, მერე მოლიერის, ფედერიკო გარსია ლორკას და ჟან პოლ სარტრის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისთვის შექმნა 30-ზე მეტი მაკეტი, კოსტიუმი და დეკორაცია, ბოლოს კი, ჟერმანო მარიუტისთან ერთად მოაწყო გალერეა Ambiante-ში გამოფენა, რომელმაც გაზეთის Estado de Sao Paulo -ს მიმომხილველი ჯერალდო ფერაცის მოწონება დაიმსახურა. პუბლიცისტმა ვრცელი სტატია მიუძღვნა და ბრწყინვალე ხელოვანი უწოდა თამარს, „ვისაც ყოველთვის უნდა ჰქონოდა შემოქმედებითი თავისუფლება და ლაღად მუშაობის საშუალება“.  

ესკიზები Christian Dior-ისთვის

1960 წელს დე ლეტემ Christian Dior-ის მოდის სახლისთვის შექმნა რამდენიმე ესკიზი. მართალია, მისი ნამუშევრები დადებითად შეფასდა, მაგრამ ბრენდთან თანამშრომლობა მაინც ხანმოკლე აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა და მოდის სახლის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ დასრულდა. 

მეტად ნაყოფიერი გამოდგა დე ლეტესთვის 1961 წელი, რადგან ჯერ შარლ ბოდლერის ლექსი „შეყვარებულთა სიკვდილი“ გადააკეთა პიესად, მერე ბალეტებისთვის „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“, „მარიონეტები“, „ორცხობილის გამყიდველი“ და ფილმისთვის „ოქროს ლეგენდა“ შექმნა ლიბრეტო, კოსტიუმები და დეკორაციები, ბოლოს კი, საფრანგეთის დრამატულ კომპოზიტორთა და ავტორთა საზოგადოების ასოცირებული წევრი გახდა.


 

 

საფრანგეთი

ბრაზილიაში მოპოვებული აღიარების მიუხედავად, დე ლეტემ მაინც საფრანგეთში გადაწყვიტა დაბრუნება. „მივხვდი, რომ ევროპელი ვარ და რასაც უნდა ვაკეთებდე, არასდროს გავხდები სხვა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ არც მინდა ვიყო სხვა. ევროპა ხომ მარილია ამა სოფლისა ყველა თავისი ნაკლით, სისუსტითა და შეცდომით“, - აღნიშნა თამარმა ერთ-ერთ წერილში.

 სირთულეების მიუხედავად, 1963 წელს დე ლეტე მაინც დაბრუნდა საფრანგეთში და ბრეტანის რეგიონში, ატლანტის სანაპიროზე პატარა სოფელში ლამპალუზ- პლუარზელში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. 

თითქმის 20-წლიანი შემოქმედების განმავლობაში მხატვარმა არა მხოლოდ თეატრალური დადგმებისთვის შექმნა კოსტიუმები და დეკორაციები, არამედ რამდენიმე პერსონალური გამოფენაც მოაწყო. გაზეთ „ფიგაროს“ ყურადღება დაიმსახურა 1980 წელს მოწყობილმა გამოფენამ, რომელზეც მხატვარმა არაჩვეულებრივი პორტრეტები წარუდგინა პუბლიკას. „ყველა პორტრეტი ძიება იყო, დიდხანს ვსაუბრობდი ჩემს მოდელებთან - ბავშვებთან და უფროსებთან, ნელ-ნელა ვშთანთქავდი თითოეულს და მხოლოდ მერე გადამქონდა ტილოზე“, - აღნიშნა დე ლეტემ, რომელიც სახლში სტუმრობდა მოდელებს, რამდენიმე საათს მუშაობდა და უამრავ ესკიზს აკეთებდა პროფილსა და ანფასში.  

ნიჭმა და თვითმყოფადმა შემოქმედებითმა სტილმა, თავდაუზოგავმა შრომამ და შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დე ლეტეს გამოფენებს პარიზის თითქმის ყველა პრესტიჟულმა გალერეამ უმასპინძლა, მისმა ნამუშევრებმა კი, ბრაზილიური კრიტიკის მსგავსად ფრანგული პრესაც აღაფრთოვანა. ამავე პერიოდში შექმნა თამარმა ორი ხატი პარიზის წმინდა ნინოს ქართული ეკლესიისთვის.

   
 

სამშობლოში დაბრუნება

საზღვარგარეთ დაბადებული და გაზრდილი, თუმცა დედით ქართველი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე, რომელიც მთელი ცხოვრება საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, არა მხოლოდ საკუთარ ნამუშევრებში ცდილობდა ქართული იდენტობის ხაზგასმას, არამედ სიამაყით საუბრობდა საქართველოზე და ამბობდა, რომ ისიც ქართველი იყო. მეტიც, 1983 წელს, როცა უარი თქვა როგორც საფრანგეთის, ისე საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე, მოწმობაში, რომელიც საფრანგეთში ცხოვრების უფლებას აძლევდა, „საბჭოთა“-ს ნაცვლად „ქართველი ლტოლვილის“ მითითება მოითხოვა. იგივე დაადასტურა მისმა ვაჟმა ზოლტან ჟორდანიამაც, რომელმაც დედას „უსამშობლოდ დარჩენილი, თუმცა ყოველთვის საკუთარი ფესვების ერთგული“ უწოდა.

თამარი დე ლეტე-ვაჩნაძე 2001 წელს გარდაიცვალა 76 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი, შვილს სთხოვა შემოქმედებითი მემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნება, რომელმაც პირნათლად შეასრულა დედის უკანასკნელი სურვილი.

გასულ წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის უნიკალური კოლექცია, რომელმაც პარიზისა და სან-პაულუს თეატრებისთვის შექმნილი 500-ზე მეტი ესკიზი და ჩანახატი, 34 ფერწერული  ტილო, მე-19 საუკუნის არისტოკრატების - ჯორჯაძეების, ანდრონიკაშვილების, ვაჩნაძეების საგვარეულო ფოტოალბომები და საარქივო ფოტოები, მე-18 საუკუნის 2 ფერწერული ტილო, ხელნაწერები, წიგნები, კატალოგები, ჟურნალები და წერილები გააერთიანა, საქართველოში დაბრუნდა და ხელოვნების სასახლეში დაიდო ბინა, რამდენიმე დღის წინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ გალერეაში მოეწყო დე ლეტე-ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა, რომელზეც მხატვრის ნამუშევრები - თეატრის ესკიზები და ილუსტრაციები, აპლიკაციები და კოლაჟები, გრაფიკული ნამუშევრები და საბავშვო მარიონეტები გამოიფინა. 

„დედა სიცოცხლის ბოლომდე ქართველი იყო, გარდაიცვალა როგორც ქართველი და სურდა, რომ მთელი მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ყველაფერი, რაც შექმნა საქართველოში ყოფილიყო“, - აღნიშნა ზოლტან ჟორდანიამ, რომელმაც უძვირფასესი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს, დედა კი, მონატრებულ სამშობლოს დაუბრუნა.

 


 

სხვა თემები