04 დეკემბერი 2023 - 11:01

რას ნიშნავს მოქცევითი ენერგეტიკა და რა გამოწვევების წინაშე დგას ის

ფოტო: Deutsche Welle

შოტლანდიაში იქმნება ახალი და ეკოლოგიურად უფრო სუფთა მოქცევის ნაკადების ელექტროსადგურები. თუმცა, ეს ტექნოლოგია ამ ეტაპზე საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მასობრივ წარმოებაში მისი ჩასმა რთულია. რას წარმოადგენს მოქცევითი ენერგეტიკა და რა გამოწვევები აქვს აღნიშნულ დარგს, Deutsche Welle-მ გაარკვია.  

რა ხდება?

ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები კლიმატისთვის  საზიანოა და ჰაერს აბინძურებს. თუმცა, მათ აქვთ ერთი უპირატესობა, რაც ამ სისტემას უფრო მოქნილს ხდის. კერძოდ, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მიხედვით, მსგავსი სადგურების სიმძლავრე შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ქარისა და მზის ელექტროსადგურები, მართალია, ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, მაგრამ ისინი ელექტროენერგიას მხოლოდ ამინდისა და დღის კონკრეტული მონაკვეთის მიხედვით გამოიმუშავებენ. შესაბამისად, მათი სიმძლავრის  პროგნოზირება მხოლოდ მოკლევადიანი პერსპექტივით არის შესაძლებელი. სწორედ ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.

განსხვავებული სიტუაციაა მოქცევის ნაკადის ახალ ელექტროსადგურებთან ან როგორც მათ ინგლისურადაც უწოდებენ Tidal Stream-თან მიმართებით, რომლებიც დიდ ბრიტანეთში იქმნება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გაკეთდეს ელექტროენერგიის გამომუშავების მრავალწლიანი პროგნოზი, რადგან ეს მაჩვენებელი მიქცევისა და მოქცევის ბუნებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. თუმცა, ამ შედარებით ახალ ტექნოლოგიას ბევრი თავისებურება აქვს და ის გაცილებით ძვირია, ვიდრე - ქარის ენერგია. 

როგორ მუშაობს მიქცევა-მოქცევის ელექტროსადგურები?

მიქცევა-მოქცევის ახალი ელექტროსადგურების მუშაობის ძირითადი პრინციპი განსხვავდება ტრადიციულისაგან, რომლებიც კანადასა და საფრანგეთში ფუნქციონირებს. ძველი ტიპის სადგურებში, ზღვის მოქცევის დროს, კაშხლის უკან სპეციალური აუზი ივსება, შემდეგ აქედან ეს წყალი კონტროლირებადი წესით გადის ტურბინებში, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ამ მოქმედების პრინციპის გამო, ისინი სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენენ გარემოზე. მოქცევის ტალღების ახალი ელექტროსადგურები კი კონკრეტულ ადგილებში იგება და ისინი გარემოზე გაცილებით ნაკლებად ზემოქმედებენ.

უელსის კარდიფის უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიის პროფესორი ნიკ ჯენკინსი განმარტავს, რომ ახალ ტექნოლოგიას ბევრი ნიუანსი აქვს. „ასეთი სადგურების სიმძლავრე შეიძლება დღეში ოთხჯერ გაიზარდოს და შემცირდეს. ამასთანავე, არსებობს მხოლოდ რამდენიმე ადგილი, სადაც მათი აგებაა შესაძლებელი, რადგან ფუნქციონირებისთვის მოქცევის მაღალი სიჩქარე სჭირდებათ“, - ამბობს ის. ზოგადად, ჯენკინსი ტექნოლოგიას დადებითად აფასებს. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი სადგურების ტურბინები ელექტროქსელთან დააკავშირა. გაერთიანებული სამეფოს ანგარიშზეა მთელ მსოფლიოში მოქცევის ნაკადზე მომუშავე სადგურების ნახევარზე მეტი, რომელთა უმეტესობაც შოტლანდიაშია. 

ინოვაცია ორკნის კუნძულებიდან

ამ სფეროში ერთ-ერთი პიონერია შოტლანდიური კომპანია Orbital Marine Power-ი. მან ექსპლუატაციაში გაუშვა თავისი პირველი მოქცევის ნაკადის ელექტროსადგური ორკნიში 2021 წელს, სხვა პროექტები კი დამუშავების პროცესშია. ”დიდი ბრიტანეთი და ორკნის კუნძულოვანი არქიპელაგი ხელსაყრელი რეგიონებია აქ არსებული სწრაფი დინების გამო, განსაკუთრებით, შოტლანდიის ჩრდილოეთით”, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ სკოტი. ”დიდი რაოდენობით წყალი მოედინება ჩრდილოატლანტიკური ოკეანიდან ჩრდილოეთის ზღვამდე და ეს ხდება დღეში ორჯერ“, - დასძენს ის. ედეის კუნძულის მოქცევის სიჩქარე წამში 3 მეტრს აღემატება, რაც იდეალური პირობებია ახალი ტექნოლოგიის დასანერგად.

Orbital Marine Power-ის გამოგონებას O2 ეწოდება. გარეგნულად ის წააგავს თვითმფრინავს, რომელსაც 74 მეტრი სიგრძის ფიუზელაჟი (თვითმფრინავს კორპუსი) აქვს.  ფრთებზე დამაგრებულია დიდი პროპელერები, რომლებიც ექსპლუატაციის დროს წყლის ქვეშ იშლება. წყლის დინების ზემოქმედებით, 20 მეტრი დიამეტრის როტორები ქარის ტურბინის მსგავსად ბრუნავენ. "ჩვენი მოწყობილობის კომპონენტები ძალიან ჰგავს ქარის ტურბინების კომპონენტებს, რადგან ისინი ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ ", - განუცხადა სკოტმა DW-ს. "ტექნიკური სირთულე მხოლოდ იმ დეტალებშია, რომლებიც მოქცევის ნაკადს ქარისგან განასხვავებენ", - დასძინა მან. Orbital Marine Power-ი ირწმუნება, რომ მათი ნაგებობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ელექტროსადგურია, რომელიც მოქცევის ნაკადზე მუშაობს. ამ შემთხვევაში ერთი ტურბინის სიმძლავრე საათში 1 მეგავატს შეადგენს. 

ახალი ელექტროსადგურები დამუშავების პროცესშია

კომპანიის სათავო ოფისში, რომელიც ედინბურგში მდებარეობს, ტექნოლოგიის დახვეწა/ოპტიმიზაცია და ახალი პროექტების დაგეგმვა გრძელდება. მაგალითად, ორკნიში O2-ის გარდა, დეველოპერებს სურთ ახალი ობიექტების აშენება უელსის სანაპიროსა და ლა-მანშის სრუტეზე. ორკნის მახლობლად კიდევ ორი ტურბინის მშენებლობას ბრიტანეთის ხელისუფლება სუბსიდირებს. 2023 წელს ახალი ტექნოლოგია სახელმწიფო ტენდერებში იქნა ჩამატებული. აღნიშნული ინიციატივის მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება. მთავრობა კომპანიებს გადაუხდის თითქმის 200 ფუნტს (227 ევრო) ამ გზით წარმოებული ელექტროენერგიის მეგავატ/საათზე.

თუმცა იქამდე, ახალი საზღვაო ქარის ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისთვის, ბრიტანეთის მთავრობამ გაცილებით დაბალი ტარიფი დააწესა. ეს იყო 50 ფუნტი მეგავატ/საათზე. თუმცა ტენდერის დროს, რომელიც სექტემბერში დასრულდა, არ იყო წარმოდგენილი არცერთი კომპანია, რომელსაც ამ ტიპის ელექტროსადგურის აშენება სურდა. ამის მიზეზი კი ელექტროენერგიის დაბალი ტარიფი იყო. ზოგიერთი ანალიტიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიზანი, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების არეალი გააფართოვოს, საფრთხის ქვეშაა. იმავდროულად, მოქცევის ნაკადის ელექტროსადგურის ტექნოლოგია სხვა გამოწვევების წინაშე დგას. მაგალითად, აგვისტოში, შოტლანდიური კომპანია Sustainable Marine Energy Ltd იძულებული გახდა, გაკოტრების განცხადება გაეკეთებინა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ კანადის ხელისუფლებამ არ დაამტკიცა ანალოგიური პროექტი ახალი შოტლანდიის სანაპიროზე, რადგან ადგილობრივები თევზის რესურსების შესახებ შეშფოთებული იყვნენ.

ენდრიუ სკოტი არსებულ ვითარებას ირონიულად აფასებს: „ჩვენ ვცდილობთ, კლიმატის ცვლილების პრობლემა განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით გადავწყვიტოთ. თუმცა, რადგან ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ არ იქნება უარყოფითი გავლენა გარემოზე ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც სადგური უნდა დამონტაჟდეს. შესაბამისად, ამ მიმართულებით არანაირი პროგრესი არ შეინიშნება“. ახლა მისი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ტურბინების მასობრივი წარმოება დაიწყოს და ამით მათი თვითღირებულება შეამციროს. თუმცა, სკოტი აღიარებს, რომ მოქცევის ნაკადის გლობალური ენერგეტიკული ინდუსტრია ვერასოდეს გახდება ისეთი დიდი, როგორც - ქარის ენერგია. „მაგრამ ჩვენთვის, როგორც ცალკეული კომპანიისთვის, ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა წარმოებაში, მომსახურებასა და ექსპლუატაციაში”, - ამბობს Orbital Marine Power-ის აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, ეს ტექნოლოგია შეიძლება ალტერნატიულ ენერგეტიკაში მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.

სხვა თემები