08 დეკემბერი 2023 - 11:15

საშობაო ბაზრობა და სადღესასწაულო განწყობა ევროპაში. ფოტოგალერეა

საშობაო ბაზრობის სამშობლოდ გერმანულენოვანი ევროპა - ავსტრია, შვეიცარია, ელზასი და რა თქმა უნდა, გერმანია ითვლება, სადაც ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ეწყობოდა „ზამთრის ბაზარი“. მართალია, მსხვილ ქალაქებში ცივი სეზონის დადგომისთანავე იშლებოდა ე.წ. სავაჭრო კარვები, რათა მოსახლეობას წინასწარ დაეჭირა თადარიგი და დროულად შეევსო ზამთრის მარაგი, მაგრამ ათწლეულების შემდეგ ზამთრის ბაზარი შობის დღესასწაულის აუცილებელ ატრიბუტად იქცა და მთელ ევროპაში გავრცელდა. 

საშობაო ბაზრობის პოპულარიზაციას მეტწილად გერმანელმა ღვთისმსახურმა, ეკლესიის რეფორმატორმა მარტინ ლუთერმა შეუწყო ხელი, რადგან სწორედ მან შემოიღო შობის დღესასწაულზე საჩუქრების გაცვლის ტრადიცია, რომელთა შეძენა სწორედ ბაზრობაზე შეიძლებოდა. შუა საუკუნეების გერმანიაში ბაზრობა ქალაქის ცენტრში, საკათედრო ტაძართან ახლოს ეწყობოდა, რათა მრევლს წირვის შემდეგ სადღესასწაულო „შოპინგის“ მოწყობაც შესძლებოდა, თუმცა, ზოგჯერ, ვაჭრობით გატაცებულებს საერთოდ ავიწყდებოდათ წირვაზე დასწრება, რის გამოც 1616 წელს ნიურნბერგელმა პასტორმა ქალაქის საბჭოს მიმართა და ბაზრობის ტაძრის ტერიტორიიდან გადატანა მოსთხოვა.

თანამედროვე საშობაო ბაზრობა, რომელიც ზამთრის ევროპის აუცილებელი ატრიბუტია, მეტწილად ქალაქის ცენტრში იმართება და პირველ რიგში, ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი სუვენირებით და საჩუქრებით, რეგიონისთვის დამახასიათებელი ნუგბარითა და დელიკატესებით ცდილობს ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. 
 

დრეზდენი, ვენა, სტრასბურგი

პირველი საშობაო ბაზრობა დრეზდენში მოეწყო 1435 წელს, არ ჩამორჩნენ გერმანელებს არც მეზობელი ავსტრიელები, რომელთაც პირველად 1473 წლის დეკემბერში გამართეს საშობაო ვაჭრობა, როცა ვენის მთავარ მოედანზე გამოფინეს საკვები პროდუქტი და საკუთარი ხელით შექმნილი ნაკეთობები. უძველესი ტრადიციებით ამაყობს სტრასბურგიც, სადაც ბაზრის ტიპის ვაჭრობამ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში მოიპოვა პოპულარობა, თუმცა საშობაო ბაზრობა მხოლოდ 1570 წელს დამკვიდრდა პროტესტანტიზმის გავრცელების შემდეგ.  

დღეს სტრასბურგის გიგანტური ბაზრობა ქალაქის ისტორიულ ცენტრში იმართება და პირველ რიგში ნაციონალური კერძების მრავალფეროვნებით იწონებს თავს. არანაკლებ მასშტაბურია ვენის ბაზრობაც, რომელიც წელიწადში სულ მცირე 3 მილიონ სტუმარს მასპინძლობს და მეტწილად ტრადიციული სუვენირებით, ხის ნაკეთობებითა და ადგილობრივი ნუგბარით ვაჭრობს, რომელთა დაგემოვნება განსაკუთრებით სასიამოვნოა სიმფონიური ორკესტრის მუზიცირების ფონზე. სახალისო სანახაობა იმართება დრეზდენის ბაზრობაზეც, რომლის მთავარ ღირსშესანიშნაობად ერცგებრიგეს პირამიდა, მინიატიურული რკინიგზა და მოხატული ხის ციხე-სიმაგრე ითვლება გიგანტური ადვენტ-კალენდრით, რადგან სწორედ მისი კარის გაღებით და თოჯინების წარმოდგენით ითვლიან დრეზდენელები ადვენტის დღეებს.


 

ნიურნბერგი, ბრიუსელი

მართალია ნიურნბერგი, სადაც მხოლოდ 1610 წელს მოეწყო ბაზრობა, ვერასდროს  დაიკვეხნის პირველობით, მაგრამ დიდი ხანია მსოფლიოს საუკეთესო საშობაო ბაზრობის ტიტულს ფლობს და ნამდვილად არ აპირებს სხვისთვის დათმობას, ისე, როგორც ბრიუსელი, რომელიც მხოლოდ 2002 წელს ჩაება სადღესასწაულო მარათონში, თუმცა, საინტერესო ატრაქციონების და ნაციონალურ სიამაყედ ქცეული ჰაეროვანი ვაფლის წყალობით, ერთ წელიწადში დაიმკვიდრა ადგილი საუკეთესოთა შორის. 

ვალკენბურგი, ციურიხი

ორიგინალურობით გამოირჩევა ჰოლანდიური ვალკენბურგის საშობაო ბაზრობა, რომელიც მიწისქვეშა გამოქვაბულებში ეწყობა. მართალია, ათწლეულების წინ ქვაბულებში მარმარილოს მოიპოვებდნენ ადგილობრივი არქიტექტურის, მათ შორის ვალკენბურგის ცნობილი ციხე-სიმაგრის ასაგებად, მაგრამ დღეს იქ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ბაზრობაა ზღაპრული ატმოსფეროთი და ნამდვილი სადღესასწაულო განწყობით. 

საინტერესო ადგილი - ქალაქის სარკინიგზო სადგური შეირჩა ციურიხის საშობაო ბაზრობისთვისაც, რომელიც სუვენირების ფართო ასორტიმენტით, პავილიონების სიმრავლითა და Swarovski-ის 6 ათასი კრისტალით მორთული ნაძვის ხით იზიდავს სტუმრებს. შვეიცარული შობის აუცილებელი ატრიბუტია ვერდმიულეპლაცის მრავალიარუსიანი ნაძვის ხის ფორმის პლატფორმაც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საშობაო სიმღერის შესრულება, ვისაც მწვანე ქურთუკი და ზანზალაკებიანი წითელი ქუდი აქვს.  

კოლმარი, კოპენჰაგენი

ჯადოსნურ სამყაროს ემსგავსება შობის დღესასწაულზე „პატარა ვენეციად“ წოდებული კოლმარიც, რომელსაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს სხვადასხვა ფერის ფარნებით განათებული ქუჩები და არხები, მათ გაყოლებაზე ჩამწკრივებული ფახვერკული სახლები, უძველესი ეკლესია და რა თქმა უნდა, კოიფუს დახურული ბაზრობა მატებს, სადაც უამრავი სუვენირის, ნუგბარისა და ფრანგული ლიქიორის შეძენა შეიძლება.  

საშობაო ზღაპარს ჰგავს კოპენჰაგენში, „ტივოლის ბაღებში“ მოწყობილი საშობაო ბაზრობაც, რადგან 2 ათასამდე ფერადი გირლანდა და უზარმაზარი ნაძვის ხე, პარკში მოხეტიალე ელფები და თავად თოვლის ბაბუა, რომელსაც დანიაში „იულეტომტეს“ უწოდებენ, მართლაც საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. სხვათა შორის „ტივოლი“ ევროპის უძველესი გასართობი პარკია, რომელიც 1843 წელს გაიხსნა.


 

ტრენტო, ედინბურგი

იტალიური ღვინის არომატითაა გაჟღენთილი ტრენტოს საშობაო ბაზრობა, სადაც ტრადიციულ საშობაო კერძებთან ერთად საუკეთესო ღვინის დაგემოვნებაც შეიძლება, რადგან იტალიის ჩრდილოეთ რეგიონმა ტრენტინო-ალტო-ადიჯემ, სწორედ შუშხუნა ღვინის საუკეთესო სახეობების, მათ შორის შარდონესა და პინო-ნუარის წარმოებით გაითქვა სახელი.    

ედინბურგში კი, ტრადიციულ შოტლანდიურ ბაზრობასთან ერთად, რომელიც მეტწილად დახვეწილი სამკაულით ვაჭრობს, რადგან შოტლანდიელებს ჯერ კიდევ წინაპარმა კელტებმა გაუთქვეს სახელი როგორც დახელოვნებულ იუველირებს, გერმანული ბაზრობაც იმართება, რომლის მთავარ სიამაყედ ხელნაკეთი ნაძვის ხის სათამაშოები და სადღესასწაულო მორთულობა ითვლება, შოტლანდიური ვისკის და ნაციონალური კერძის - ჰაგისის დაგემოვნება კი, არა მხოლოდ ბაზრობებზე, ერთად მთელ ქალაქში შეიძლება. 


 

ლონდონი, პარიზი

ბრიტანეთის დედაქალაქი ერთდროულად რამდენიმე ბაზრობას მართავს - მე-18 საუკუნის სტილში გაფორმებული Old Spitalfields Christmas Market მეტწილად ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობს, Southbank Centre Christmas Market-მა, რომელიც ლონდონელების თავშეყრის საყვარელი ადგილია, ე.წ. ქუჩის კულინარიით გაითქვა სახელი, რადგან მხოლოდ აქ შეიძლება ერთდროულად მთელი ევროპის „გემოს გასინჯვა“ - ბელგიური ვაფლით და ჰოლანდიური ხავწით დაწყებული, გერმანული ძეხვითა და იტალიური პასტით დასრულებული, Leaden Hall Christmas Market  - ბრიტანელი ფერმერების სიამაყეა, Hyde Park Winter Wonderland Christmas Market და Greenwich Christmas Market კი, კლასიკური საშობაო ბაზრობებია მრავალფეროვანი ატრაქციონებით, სუვენირებითა და კულინარიული საოცრებებით.

ლონდონის მსგავსად პარიზიც რამდენიმე საშობაო ბაზრობას მასპინძლობს. ელისეს მინდვრებზე მეტწილად სავაჭრო ჯიხურები მწკრივდება, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება სუვენირების შეძენა, სენ-ჟერმანის ბულვარზე მოწყობილი ბაზრობა ბრენდული სამოსისა და ტრადიციული ნუგბარის მრავალფეროვნებით იწონებს თავს, ბულონის ტყის საშობაო ბაზრობამ კი, დელიკატესებით - იისფერი მდოგვით, კორსიკანული ლორით, ალპური ყველითა და ტყის თხილის ტორტით გაითქვა სახელი.


 

სტოკჰოლმი, პრაღა, ბუდაპეშტი

სტოკჰოლმის ისტორიულ ნაწილში - სტორტორგეტის რაიონში, სამეფო სასახლესთან მოწყობილი ბაზრობა, ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი სუვენირებითა და ნაციონალური დელიკატესებით ანებივრებს სტუმრებს, თუმცა ყველაზე საინტერესო და სახალისო მაინც ბაზრობის ტერიტორიაზე მოწყობილი კვესტური თამაშია „გაიცანი ძველი ქალაქი“.

პრაღის საშობაო ბაზრობაზე, რომელიც კლასიკური ევროპული ბაზრის ტრადიციების დაცვით იმართება, ისე როგორც საუკუნეების წინ, დღესაც შეიძლება ხისა და ჩალის ნაძვის ხის სათამაშოების შეძენა, თაფლაკვერის, თხილის ორცხობილას და ცხელი ღვინის მირთმევა, რომელიც საშობაო ბაზრობის აუცილებელი ატრიბუტია. 

ბუდაპეშტში, ვერეშმარტის მოედანზე მოწყობილი ბაზრობა საშობაო მელოდიებით, ახლად გამომცხვარი ფუნთუშებითა და დარიჩინის სურნელით ქმნის მთელ ქალაქში სადღესასწაულო განწყობას, მით უფრო, რომ მეზობელი ქალაქებისგან განსხვავებით უნგრეთის დედაქალაქი მთელი ღამე მასპინძლობს სტუმრებს, რომელთაც სხვა კერძებთან ერთად ტრადიციული ცხარე სოსისით, ვაშლის შტრუდელით და გლინტვაინით უმასპინძლდება. 

სხვა თემები