04 დეკემბერი 2023 - 11:00

მართალია თუ არა, რომ დასავლეთი კიევს რუსეთთან მოლაპარაკებისკენ უბიძგებს?

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

რუსეთთან ომში ჩართულ უკრაინას დასავლეთი მხარდაჭერას სამომავლოდაც ჰპირდება. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპა და ამერიკა კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკების მომხრეა. ომის მეორე წლის ბოლოს ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში და მათ Deutsche Welle გაესაუბრა. 

რა ხდება?

2023 წლის მიწურულს დასავლურ მედიაში გახშირდა დისკუსია, რომლის მთავარი კითხვაა, როგორ გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი? ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ნოემბრის დასაწყისში ბრიტანულ ჟურნალ Economist-ში გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია და ინტერვიუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ვალერი ზალუჟნისთან. მან, ფაქტობრივად, პოზიციურ ომზე გადასვლის შესახებ ისაუბრა.

კიევში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზალუჟნის მიერ გაჟღერებული თეზისი ჯერ ნაწილობრივ გააპროტესტა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი რამდენიმე თავდაცვითი სტრუქტურის გაძლიერების შესახებ განცხადება გააკეთა. "ნაღმები და ბეტონი საკმარისი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ. ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევიდან თავდაცვის სტრატეგიაზე ოფიციალურ გადასვლას ნიშნავს. იმავდროულად, The Economist-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც პრეზიდენტსა და მთავარსარდალს შორის არსებულ სავარაუდო დაძაბულ ურთიერთობას ეხებოდა. გერმანულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა კი, თავის ბოლო ნომერში, "უსასრულო ომის" საფრთხის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მართალია თუ არა, რომ მომლაპარაკებელი აღარავინ არის?

იქამდე კი, საერთაშორისო აჟიოტაჟი გამოიწვია გერმანულ გაზეთ Bild-ში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ, რომლის მიხედვითაც, თითქოს გერმანიისა და შეერთებული შტატების მთავრობებს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყება სურთ. ამისათვის კი, ბერლინი და ვაშინგტონი, რუსული თავდაცვის გასარღვევად და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებად, კიევს საკმარის იარაღს აღარ მიაწვდის. DW-სთან გაკეთებული კომენტარით, ბერლინმა ეს ვერსია უარყო, მსგავსი განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონშიც.

გერმანელ პოლიტოლოგს, სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ექსპერტ ანდრეას უმლანდს არ სჯერა, რომ თითქოს კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკების დასაწყებად, გერმანია და აშშ ფარულად შეთანხმდნენ. მისი აზრით, იარაღის მიწოდება კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება და ამ მიმართულებით მოქმედი შეზღუდვები ორივე ქვეყნის შიდა პოლიტიკას უკავშირდება. შესაბამისად, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობა Taurus-ის რაკეტების უკრაინისთის გადაცემაზე კვლავაც უარს ამბობს. უმლანდი ამას იმით ხსნის, რომ ასეთი ნაბიჯი გერმანელებში "პოპულარული არ არის".

ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კრისტი რაიკმა DW-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან არაფერი იცის ბერლინისა და ვაშინგტონის „საიდუმლო გეგმების“ შესახებ, რაზეც გაზეთი Bild-ი წერდა. მისი თქმით, „მომლაპარაკებელი არ არსებობს“, რადგან რუსეთი შეჩერებას ან უკრაინის „გაკონტროლებაზე“ უარის თქმას არ აპირებს. „გვინდა უკრაინას მარცხის აღიარებისკენ ვუბიძგოთ?“ -  რაიკი ამას დასავლეთისთვის „კატასტროფას“ უწოდებს. 

რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს უკრაინას?

თუ რატომ არ აძლევენ მეტ იარაღს ბერლინი და ვაშინგტონი კიევს, ესტონელ ექსპერტს თავისი პოზიცია აქვს. მისი აზრით, „მათ ჯერ კიდევ ეშინიათ რუსეთის დამარცხების“. ანდრეას უმლანდი ამას "საჩოთირო საკითხს" უწოდებს. „პრობლემა ახლა იმაშიც მდგომარეობს, რომ თუ უკრაინას აიძულებენ, მოლაპარაკებაზე წავიდეს, ამან შეიძლება ქვეყნის შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რადგან უკრაინაში იქნება ბევრი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ისინი რუსეთთან მოლაპარაკებისთვის მზად არ არიან“, - აღნიშნავს ესტონელი ექსპერტი. 2022 წლის შემოდგომაზე, შეიარაღებული ძალების მეთაურმა ზალუჟნიმ, ომის დასრულების მიზნით, მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკება ან კომპრომისული შეთანხმება კატეგორიულად გამორიცხა.

გერმანიაში, როგორც მედიაში, ასევე - ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, ხშირად ისმის მოწოდებები უკრაინისადმი, „მეტი რეალიზმი“ გამოიჩინოს. შესაბამისად, კიევმა უნდა აღიაროს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. უმლანდი თვლის, რომ უკრაინამ უკვე სცადა დათმობაზე წასვლა, როდესაც ყირიმის ანექსიას არ უპასუხა და დადო მინსკის შეთანხმება დონბასზე, რაც “უშედეგო აღმოჩნდა“. „რეალისტური მიდგომა არის არა მოლაპარაკებებში ჩართვა, არამედ გაგრძელება და სამხედრო სიტუაციის გაუმჯობესების მცდელობა“, - ამბობს ესტონელი ექსპერტი. მისი აზრით, უკრაინას რუსეთში შიდაპოლიტიკური ვითარების ცვლილებების იმედი აქვს, რამაც, შესაძლოა, ომის დასრულება გამოიწვიოს. ამის მაგალითად კი მას, სხვა საკითხებთან ერთად, ევგენი პრიგოჟინისა და დაჯგუფება „ვაგნერის“ აჯანყება მოჰყავს.

"ომი ხანგრძლივი იქნება"

ზელენსკისა და ზალუჟნის შორის სავარაუდო დაძაბულობის შესახებ საუბრისას, უმლანდმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობაში "სხვადასხვა ფრაქციას შორის გარკვეული დაძაბულობა ომის დაწყებიდანვე იყო". თუმცა ის ამას ომის სიტუაციისთვის „ბუნებრივად მიიჩნევს“ და „იგივე მოხდებოდა სხვა ქვეყნის შემთხვევაშიც“. საკვანძო საკითხებში უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის რომ უთანხმოება არ არსებობს, დარწმუნებულია ესტონელი ექსპერტი კრისტი რაიკიც.

რაიკი თვლის, რომ ზელენსკის ბოლო ბრძანებები ახალი თავდაცვითი ხაზების მშენებლობის შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე უარის თქმას არ ნიშნავს. მისი აზრით, არსებობს იმის საფრთხე, რომ რუსეთმა შეიძლება ფართომასშტაბიანი შეტევა და ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება სცადოს. კრისტი რაიკის თქმით, ეს რისკი „სერიოზულად უნდა იქნას აღქმული“. ზოგადად, მისი განმარტებით, დასავლეთსა და უკრაინას ჯერ არ აქვთ პასუხი მთავარ კითხვაზე - რა მოხდება შემდეგ? ექსპერტი მხოლოდ იმაშია დარწმუნებული, რომ "ომი ხანგრძლივი იქნება". 

სხვა თემები