07 იანვარი 2024 - 00:47

მცირდება თუ არა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსული გავლენა და ვინ გაუწევს „ვაგნერს“ კონკურენციას?

ფოტო: REUTERS

ამერიკული კერძო სამხედრო კომპანია Bancroft-ი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. უქმნის თუ არა ეს რეგიონში რუსეთის გავლენას საფრთხეს, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

სამხედრო პარტნიორობის სფეროში „ურთიერთობების დივერსიფიცირება“ - ასეთი ფრაზა თქვა 2023 წლის ბოლოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალბერტ იალოკე მოკპემემ. ამასთანავე, მან  განმარტა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ სამხედროების წვრთნებში დახმარებისთვის მიმართა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შეერთებული შტატები და რუსეთი.

„აშშ გვთავაზობს ჩვენი ჯარისკაცების წვრთნას როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე - ამერიკის მიწაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მოკპემემ. იქამდე კი ფრანგულმა რადიოსადგურმა RFI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული კერძო სამხედრო კომპანია Banсroft-ი ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებით მუშაობას გეგმავს და სავარაუდოდ, ამერიკელი დაქირავებულები უკვე იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის დედაქალაქ ბანგიში. ეს დაუდასტურა DW-ს ქვეყნის ხელისუფლების ანონიმურმა წყარომაც: „დიახ, ამერიკელი დაქირავებული ჯარისკაცები უკვე აქ იმყოფებიან და ეს დიდ შეშფოთებას იწვევს“. 

იმყოფებიან თუ არა ამერიკელი დაქირავებული ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში?

Bancroft-მა უარყო ინფორმაცია, რომ მისი თანამშრომლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკვე იმყოფებიან. თუმცა, კერძო სამხედრო კომპანიაში დაადასტურეს, რომ ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. "ივლისიდან მოყოლებული, Bancroft-ი ათანხმებს ჩარჩო-შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეიძლება შესაძლებელი გახდეს ცენტალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან ერთობლივი სამომავლო გეგმების განხილვა. ეს არის და ეს", - განაცხადა Bancroft-ის სპიკერმა თავის წერილობით პასუხში.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ Bancroft-თან რაიმე კავშირს უარყოფს, სავარაუდოდ, ის უზრუნველყოფს კერძო სამხედრო კომპანიის არაფორმალურ მხარდაჭერას პერსონალითა და სხვა საჭირო რესურსით, - აცხადებენ ანალიტიკოსები. „დაქირავებული მეომრების უმრავლესობა ყოფილი ამერიკელი სამხედროა“, - ამბობს ნიუ-იორკში მოქმედი უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი კოლინ კლარკი. ექსპერტის აზრით, მათ აქვთ პირადი კავშირები და კონტაქტები, რაც შეიძლება საკომუნიკაციო არხებად იყოს გამოყენებული.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ Bancroft-ის მოლაპარაკებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობასთან უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მათი აზრით, ამ გზით აშშ ცდილობს დაუპირისპირდეს რუსეთს, რომელიც ამჟამად დომინანტია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ამერიკული კერძო სამხედრო კომპანია Bancroft-ს რუსული „ვაგნერის“ ჩანაცვლება სურს. აღნიშნულ დაჯგუფებაში მისი დამფუძნებლის - ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, მნიშვნელოვანი სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები ხორციელდება. გასული ზაფხულის დასაწყისში "ვაგნერელებმა" ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა გარკვეული დროით კი დატოვეს, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდნენ. 

„ვაგნერი“ და რუსული ინტერესები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ფოსტინ-არქანჯ ტუადერამ, რომელიც პირველად ამ პოსტზე 2016 წელს აირჩიეს, აჯანყებულებთან ბრძოლაში  რუსეთს დახმარებისთვის მიმართა. ეს უკანასკნელნი ქვეყნის დედაქალაქ ბანგის რეგულარულად თავს ესხმოდნენ. 2017 წლიდან საქმეში ჩაერთო რუსული „ვაგნერი“. ისინი ასევე უზრუნველყოფენ პრეზიდენტ ტუადერას პირად უსაფრთხოებას. „ვაგნერის“ გავლენა ვრცელდება ბევრ მომგებიან სფეროზე, რომელთაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სახელმწიფო აკონტროლებს. ამასთანავე, ამ რეგიონში „ვაგნერელების“ ყოფნა, კრემლის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეც, ძალიან მნიშვნელოვანია. იმავდროულად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი პოლ კრესენტ ბენინგა აცხადებს: „ჩვენ მივაღწიეთ იმ მომენტს,  რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის უნარს, შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკა გარე ზეწოლის გარეშე განახორციელოს“. ის შეშფოთებულია, რომ „ვაგნერელები“ ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან. 

სარგებლობს თუ არა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული უთანხმოებით?

როგორც ჩანს, ახლა უკვე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება ბალანსის აღდგენას ცდილობს. ერთი მხრივ, ისინი Bancroft-თან მოლაპარაკების ფაქტს აღიარებენ, მეორე მხრივ კი, „ვაგნერთან“ თანამშრომლობას აგრძელებენ. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს პარტნიორობის შენარჩუნებას უსაფრთხოების სფეროში როგორც რუსეთთან, ასევე - შეერთებულ შტატებთან. ანალიტიკოსების აზრით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება ცდილობს, თეთრი სახლისა და კრემლის კონკურენცია პოტენციურად მოგებიანი გარიგების მისაღწევად გამოიყენოს. „მოლაპარაკებებში, რომელსაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება აწარმოებს ყველა ჩვენს პარტნიორებთან, არ გვინდა შევქმნათ განცდა, რომ ვიღაცასთან თანამშრომლობა გვინდა, სხვასთან კი - არა“, - განაცხადა მოკპემემ. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, პრეზიდენტი ტუადერა იმედოვნებს, რომ ამ სიტუაციით ისარგებლებს და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას შეძლებს. ”პრეზიდენტი ტუადერა „ვაგნერის“ მძევალია და მან ეს იცის“, - ამბობს კომუნიკაციებისა და ეროვნული შერიგების ყოფილი მინისტრი ედრიენ პუსუ DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ”ამიტომაც, „ვაგნერელების“ წარუმატებელი აჯანყების მიუხედავად, სიტუაცია ჩიხში რჩება მანამ, სანამ საქმეში უფრო დიდი ძალა არ ჩაერთვება“,- განმარტავს ის. 

თუმცა ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით - ბანგიში, რუს და ამერიკელ დაქირავებულ მებრძოლებს შორის შესაძლო შეტაკების შიში არსებობს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მინერალურ რესურსებზე კონტროლის დამყარებისთვის უცხოელი დაქირავებული მებრძოლების მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბრობენ. უფლებადამცველები ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხისა და ქვეყანაში არასტაბილურობის გამოც შეშფოთებას გამოთქვამენ.

„ამერიკელები და „ვაგნერელები“ ვერ იქნებიან ერთ ტერიტორიაზე იმის გათვალისწინებით, რომ „ვაგნერელებმა“ ცენტრალური აფრიკის მოსახლეობის წინაშე არაერთი დანაშაული ჩაიდინეს და ამის მტკიცებულებები არსებობს“, - ამბობს სოციოლოგი და სამოქალაქო საზოგადოება G16-ის წარმომადგენელი კარლ ბლაგი. ამავდროულად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობა ცდილობს გააქარწყლოს ეს შიშები და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში ამერიელი და რუსი დაქირავებული მებრძოლების ყოფნა ეროვნული არმიის ჯარისკაცების მომზადებასთან არის დაკავშირებული. 

სხვა თემები