22 იანვარი 2024 - 11:01

თოვლის სამყარო: ზამთრის ულამაზესი ქალაქები. ფოტოგალერეა

მართალია, ზამთრის შვებულება მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება, მაგრამ მაინც სასიამოვნოა მოკლე პაუზით სარგებლობა, ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა და არდადეგების იმ ჯადოსნურ სამყაროში გატარება, სადაც მყუდროებას ზამთრის სუსხი და ქათქათა თეთრი თოვლი ქმნის. 

ბერნი (შვეიცარია), ვენა (ავსტრია), პრაღა (ჩეხეთი)

მართალია, ამბობენ, თითქოს სილამაზითა და მოხდენილობით შვეიცარიის პატარა ქალაქები  ჯაბნიან მსხვილ მეზობლებს, მაგრამ ბერნი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ყოველთვის „ბრწყინვალე ფორმაშია“, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ზამთრის სეზონზეა, როცა ქათქათა თეთრი თოვლით დაფარული და ფერადი გირლანდით გაფორმებულ მყუდრო კაფეებში სთავაზობს სტუმრებს ცხელი შოკოლადისა და უგემრიელესი ფუნთუშების დაგემოვნებას. 

ულამაზესი არქიტექტურა, კარლის ცნობილი ხიდი და პრაღის ციხესიმაგრე, ასტრონომიული საათი, სტარომესტსკის მოედანი და 12-ე საუკუნეში აგებული დენთის კოშკი - ზამთრის პრაღა მართლაც გაცოცხლებულ ზღაპარს ჰგავს, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში სთავაზობს სტუმრებს მოგზაურობას.

ავსტრიის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, რომელიც ევროპის მუსიკალურ ცენტრად ითვლება, უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობით, დახვეწილი ატმოსფეროთი და განუმეორებელი ენერგეტიკით იზიდავს სტუმრებს, რომელთაც არაჩვეულებრივი არქიტექტურით, მუზეუმებისა და საკონცერტო დარბაზების სიმრავლით აოცებს, ამიტომ განსაკუთრებით სასიამოვნოა შთაბეჭდილებებით დატვირთული დღის შემდეგ იმ უძველეს კაფეებსა და რესტორნებში შესეირნება, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ანებივრებენ სტუმრებს ადგილობრივი გასტრონომიული შედევრებით. 


 

ჰარბინი (ჩინეთი), შირაკავა-გო (იაპონია)

ჩინური ჰარბინი, რომელმაც საოცარი სილამაზის, არქიტექტურისა და შეუდარებელი ატმოსფეროს წყალობით გაითქვა სახელი, განსაკუთრებულ აქტუალურობას იანვარ-თებერვალში იძენს, როცა ყინულის გიგანტური ფიგურების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს და სრულად ამართლებს „ყინულის დედაქალაქის“ სახელს. 

გიგანტურ მთებში ჩაკარგულმა, გარე სამყაროს მოწყვეტილმა პატარა იაპონურმა ქალაქმა შირაკავა-გომ კი, რომელიც იაპონიის ყველაზე უხვთოვლიან რეგიონშია გაშენებული, ნაციონალური არქიტექტურის - „გასე ძუკურის“ სტილის წაწვეტებული სახურავებით დამშვენებული სახლებით მოიპოვა პოპულარობა. სხვათა შორის, „გასე“ ლოცვისთვის აღმართულ ხელებს ნიშნავს და სწორედ მათ ჩამოჰგავს 100-მდე ნაგებობაც, სადაც საცხოვრებელ სახლებთან ერთად, მაღაზიები და მუზეუმებია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ 1995 წელს მცირე დასახლება თავისი სახლებით, რომელთა შორის უძველესი 250 წლისაა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა როგორც „ტრადიციული ყოფის გარემოსთან ჰარმონიული შერწყმისა და უძველესი სოციალურ-ეკონომიური ყოფის შენარჩუნების საუკეთესო ნიმუში“. 


 

მიუნხენი, ტეგერნზე (გერმანია)

მართალია, ზამთრის მიუნხენი ნაკლებად სუსხიანია, რადგან ტემპერატურა სტაბილურად ინარჩუნებს 4-6 გრადუსს, მაგრამ თოვლით დაფარული ქალაქი, სადაც არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, ძალიან ჰგავს ძმები გრიმების ზღაპრულ ქალაქს, მით უფრო, რომ საახალწლო ალიაქოთის შემდეგ მიუნხენელები ყველიერისთვის იწყებენ მზადებას, რომელსაც 6 თებერვალს აღნიშნავენ საკარნავალო მსვლელობით. 

ბავარიულმა ტეგერნზემ კი, რომელიც ულამაზესი ტბის ნაპირზე გაშენდა და მისივე სახელი შეიძინა, პირველ რიგში უძველესი ციხე-სიმაგრეების და უნიკალური ისტორიული ნაგებობების სიმრავლით გაითქვა სახელი, რომელთაც ერთიანი კომპლექსი შექმნეს და პატარა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცნენ. 


 

ზაკოპანე (პოლონეთი), ბრაშოვი (რუმინეთი)

ტატრას მთებში ჩაკარგული ზაკოპანე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად ითვლება, პირველ რიგში საოცრად თვითმყოფადი, კარპატების რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა, ამიტომ ხშირად „პოლონეთის ზამთრის დედაქალაქსაც“ უწოდებენ. 

რუმინეთის ცენტრალურ ნაწილში გაშენებული ბრაშოვი კი, ევროპის „ფარული განძია“, რადგან იმ იშვიათ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც 21-ე საუკუნეშიც შეძლეს შუა საუკუნეების ტრანსილვანიის საოცარი ატმოსფეროს შენარჩუნება, რაც განსაკუთრებით ქალაქის ისტორიულ ცენტრში იგრძნობა.

იფრანი (მაროკო), სან-კარლოს-დე-ბარილოჩე (არგენტინა)

იფრანს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მაროკოს სხვა ქალაქებისგან, ხშირად „მაროკანულ შვეიცარიასაც“ უწოდებენ, რადგან კოხტა ხის კოტეჯებისა და თოვლის აკურატული ბილიკებით აფრიკის კონტინენტზე შემთხვევით მოხვედრილ რესპექტაბელურ ევროპულ ქალაქს უფრო ჰგავს, მით უფრო, რომ კლიმატიც ნაკლებად აფრიკული, უფრო ცივი და ალპურია.

„ლათინოამერკული შვეიცარიის“ სახელით კი, ნაუელ-უაპის ტბის ნაპირზე გაშენებულ სან-კარლოს-დე-ბარილოჩე სარგებლობს, რომელიც არქიტექურითაც ძალიან ჰგავს ევროპულ ქვეყანას და უმაღლესი ხარისხის შოკოლადის წარმოებითაც. თუმცა, არგენტინის ზამთრის კურორტზე არა მხოლოდ უგემრიელესი შოკოლადის დაგემოვნება და თხილამურებით სრიალი, არამედ ნადირობა და თევზაობაც შეიძლება, რაც დიდი ხანია ტურისტების საყვარელ თავშესაქცევად იქცა. 


 
 

ბანფი, კვებეკი (კანადა), ნიუ-იორკი (ამერიკა)

სამყაროსგან უზარმაზარი მთებით იზოლირებულმა, არნახული სილამაზის ბანფმა, სადაც ყოველთვის საოცარი სიმშვიდეა, პირველ რიგში საოცარი პეიზაჟებითა და სამკურნალო წყლებით გაითქვა სახელი. თუმცა, ეროვნულ ნაკრძალში მოქცეულ ქალაქში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს, აქტიური დასვენების მოყვარულებიც შესანიშნავად გაერთობიან, რადგან ბანფი არაჩვეულებრივად გამართული ინფრასტრუქტურის მფლობელია და ყოველთვის თამამად მასპინძლობს საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებებს.

თოვლით დაფარულ და ორიგინალური ილუმინაციით განათებულ კვებეკში კი, სადაც მრავალრიცხოვანი ბაზრობები, კონცერტები და ფესტივალები ეწყობა, ყოველთვის სადღესასწაულო განწყობაა. ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად ისტორიული ნაწილი „პტი-შამპლეინი“ ითვლება, რომელიც ძალიან ჰგავს ევროპულ ქალაქს თავისი არქიტექტურით, ქვით მოკირწყლული ვიწრო ქუჩებითა და კედლის მხატვრობით. 

საინტერესოა ზამთრის ნიუ-იორკიც, რადგან სწორედ აქ ეწყობა ქვეყნის მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები - Macy's-ის ცნობილი აღლუმის შემდეგ სანტა-კლაუსების მარათონი იმართება, თებერვალში კი, ცხელი შოკოლადის ფესტივალი ეწყობა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სთავაზობს სტუმრებს ეგზოტიკური რეცეპტებით დამზადებული შოკოლადის მირთმევას, დღის ბოლოს კი, საზეიმოდ აჯილდოებს ფესტივალის გამარჯვებულს. 


 

ტრომსე (ნორვეგია), სტოკჰოლმი (შვედეთი)

მართალია, ნორვეგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი - ტრომსე, რომელმაც საუკუნეების შემდეგაც ბრწყინვალედ შეინარჩუნა ნორდიული თვითმყოფადობა, საოცრად მდიდარი კულტურული ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ტურისტებს მაინც სხვა სანახაობით - ჩრდილოეთის ნათებით ხიბლავს, რომელიც ჩრდილოეთ პოლარული წრის მთავარ თავშესაქცევად ითვლება, ტრომსეში კი, უნიკალური მდებარეობის წყალობით მთელი ექვსი საათი შეიძლება საოცარი ბუნებრივი მოვლენით დატკბობა. 

შვედეთის დედაქალაქი განსაკუთრებით ჯადოსნურად სწორედ ზამთრის სეზონზე გამოიყურება, როცა ქათქათა თეთრი თოვლის ფონზე უფრო ხასხასა ფერებს იძენენ სახლების ფერადი ფასადები, მაღაზიების ვიტრინები კი, ბრჭყვიალა გირლანდებით ირთვება. მართალია, ზამთარში სტოკჰოლმში ძალიან ცივა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება სუსხისგან თავის შეფარება მყუდრო კაფეებში, არომატული ყავით და სკანდინავიური გლიოგეთი გათბობა, კარლსონის საყვარელი დარიჩინიანი ფუნთუშის - კანებულეს დაგემოვნება და ნამდვილი სტოკჰოლმის გემოს გაგება.  


 

ქვისთაუნი (ახალი ზელანდია), მაუნთ ბულერი (ავსტრალია)

საოცარი ლანდშაფტის წყალობით ახალი ზელანდია ერთნაირად ლამაზია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში, რასაც პირველ რიგში სამხრეთ კუნძულის პატარა ქალაქი ქვინსთაუნი ადასტურებს. ვაკაპიტუს ტბაზე გაშენებული ქალაქი სწორედ ზამთრის სეზონზე იძენს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას, როცა ერთიანად მწვანე ბუნება საოცარ კონტრასტს ქმნის თოვლის თვალისმომჭრელ სითეთრესთან.

ავსტრალიური მაუნთ-ბულერი კი, „კენგურუების“ კონტინენტის ის იშვიათი ქალაქია, რომელიც სამხრეთისთვის ნაკლებად დამახასიათებელი სუსხიანი ზამთრითა და დიდთოვლობით გამოირჩევა, თუმცა სწორედ უჩვეულო კლიმატი და ეგზოტიკური ზამთარი მატებს ქალაქს იმ განუმეორებელი შარმსა და მომხიბვლელობას, რომელიც მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს. 

ლონდონი (ბრიტანეთი), ამსტერდამი (ნიდერლანდები), აოსტა (იტალია)

სხვა ევროპული დედაქალაქების მსგავსად ზამთრის ლონდონიც საუცხოოდ გამოიყურება. მართალია, თოვლი აქაც იშვიათი სტუმარია, მაგრამ ერთიანად განათებული ქალაქი, განსაკუთრებით ჰაიდ-პარკსა და ოქსფორდ-სტრიტზე, სადაც ილუმინაცია საოცარ ნახატებს ქმნის, მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.  

რა თქმა უნდა, ამსტერდამი თავისი ცნობილი არხებით ნებისმიერ სეზონზე საოცარი სანახავია, თუმცა ზამთარში, როცა სახლის სახურავები და ბარჟები, სანაპიროს გაყოლებაზე ჩამწკრივებული ხეები და ლამპიონები თოვლით იმოსება, ქალაქი ნამდვილ ღია ბარათს ემსგავსება და საოცარ მყუდროებას იძენს.  

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს გაშენებული აოსტა კი, იტალიის ნამდვილი მარგალიტია, რადგან არა მხოლოდ ალპური პეიზაჟებით, არამედ ძველრომაული და შუასაუკუნეების არქიტექტურული ნიმუშებითაც აოცებს სტუმრებს.

სხვა თემები