11 იანვარი 2024 - 15:00

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი -  ვინ არის გაბრიელ ატალი?

ფოტო: AFP

საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. გაბრიელ ატალი განათლების ყოფილი მინისტრი, ოდესელი ემიგრანტების შთამომავალი და გეია. კიდევ რა არის ცნობილი მის შესახებ და რატომ შეიცვალა მთავრობის მეთაური ასე მოულოდნელად საფრანგეთში, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

2024 წლის 9 იანვარს, გაბრიელ ატალმა შეცვალა ელიზაბეტ ბორნი, რომელმაც საფრანგეთის მთავრობის მეთაურის პოსტი ნებაყოფლობით დატოვა. ეს უკანასკნელი საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტს 2022 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა. ბორნის წასვლამ ანალიტიკოსებს ბევრი კითხვა გაუჩინა. ზოგიერთი ექსპერტი მის გადადგომას საფრანგეთში მიგრაციის საკამათო კანონის მიღებას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბორნმა დოკუმენტის მიღება მოახერხა, ის მოიცავდა მთელ რიგ დებულებას, რომლებსაც მარინ ლე პენის პარტიის მემარჯვენე პოპულისტები დაჟინებით მოითხოვდნენ. გასული წლის დეკემბერში მიღებულმა კანონმა იმდენად მასშტაბური ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ ამის შემდეგ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა. ელიზაბეტ ბორნმა, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა მაკრონს, გადადგომის შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების გაგრძელება აუცილებელია.

ატალი მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაურია

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელი, 34 წლის გაბრიელ ატალი, არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა განათლების მინისტრია ქვეყნის ისტორიაში (ის ამ პოსტს პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე იკავებდა), არამედ მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელიც არის. თუმცა ატალის დანიშვნა ფრანგებისთვის დიდი სიურპრიზი არ ყოფილა. ის ემანუელ მაკრონის უახლოესი მოკავშირეა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც საფრანგეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. „ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მაკრონმა დანიშნა ადამიანი, რომელიც მისი ძალიან ახლობელია“, - განაცხადა  საფრანგეთის ამჟამინდელი მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა ანონიმურობის დაცვის პირობით. „მიგრაციის კანონის გარშემო ატეხილი მწვავე დისკუსიების შემდეგ, სრულიად ნათელია, რომ მაკრონი ეძებს ვინმეს, ვისაც დაეყრდნობა“, - ასკვნის წყარო.

ატალსა და მაკრონს აერთიანებს არა მხოლოდ მათი შედარებით ახალგაზრდა ასაკი და ამბიციები, არამედ - პოლიტიკური შეხედულებებიც. მაკრონის მსგავსად, ატალიც ყოფილი სოციალისტია. 2017 წელს მან სოციალისტური პარტია დატოვა და მაკრონის პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრობამდე ატალი, განათლების მინისტრის პოსტის გარდა, მთავრობაში სხვა თანამდებობებსაც იკავებდა. 

როგორ აიწყო ატალმა კარიერა და რა არის ცნობილი მისი ოჯახის შესახებ?

გაბრიელ ატალი 1989 წელს, პარიზის გარეუბანში  დაიბადა. მამამისი ივ ატალი ტუნისელ ებრაელთა ოჯახში დაიბადა. ის იურისტი და კინოპროდიუსერია. გაბრიელის დედა, სახელმწიფო მოხელე მარი დე კურისი ეთნიკური ბერძენი და თეთრკანიანი ემიგრანტების შთამომავალია, რომლებიც რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ ოდესიდან გაიქცნენ. მარი დე კურისი მართლმადიდებელია და მან შვილიც მართლმადიდებლური წესით მონათლა.

გაბრიელ ატალმა შესანიშნავი განათლება მიიღო. კერძო სკოლის დამთავრების შემდეგ მან მთელ მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში (Sciences Po)  ჩააბარა. ატალმა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში მიიღო. ის უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებამდე გახდა საფრანგეთის მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის - მარისოლ ტურენის ყველაზე ახალგაზრდა კონსულტანტი და ე.წ. სფიჩრაითერი. ამის შემდეგ ატალმა პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო. 28 წლის ასაკში ატალი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მდივანი გახდა, 29 წლისა პარტიის პრესმდივანი იყო, 33 წლის ასაკში კი - განათლების მინისტრი.

გაბრიელ ატალს პირადი ურთიერთობა აქვს სტეფან სეჟურნესთან, რომელიც ევროპარლამენტში პრო-ევროპული პოლიტიკური ჯგუფის - Renew Europe-ის ფრაქციის ხელმძღვანელია. ატალი საფრანგეთის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც თავის ჰომოსექსუალურ ურთიერთობას არ მალავს. 

რას ფიქრობენ ფრანგები ატალზე?

მაკრონმა მთავრობის მეთაურად დანიშნა პოლიტიკოსი, რომელიც გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთში ძალიან პოპულარულია. ზოგიერთმა ფრანგულმა მედიასაშუალებამ ტერმინი "Attalmania"-ც კი გამოიყენა. ატალი ჯერ კიდევ განათლების მინისტრობის პერიოდში იპყრობდა ყურადღებას. სასწავლო წლის დაწყებისთანავე, მან სახელმწიფო სკოლებში ქალების მუსლიმური სამოსის - აბაიას ტარება აკრძალა. ამ ნაბიჯმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია და აღნიშნული ინიციატივა მედიაში დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. „მაკრონის მსგავსად, ატალი სულ უფრო მეტად იხრება მემარჯვენეების პოლიტიკური შეხედულებებისკენ“, - ამბობს საფრანგეთის განათლების სამინისტროს ერთ-ერთი ოფიციალური პირი, რომელმაც ანონიმურობა ამჯობინა.

დისკუსია გამოიწვია  ატალის სხვა გადაწყვეტილებებმაც, რომლებიც ეხებოდა სკოლის ფორმას და სასწავლო წლის განმეორებით გავლით შესაძლებლობას, თუ მოსწავლეს ცუდი აკადემიური მოსწრება ჰქონდა. ერთ-ერთ სკოლაში მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ, ატალმა მობინგთან ბრძოლა გამოაცხადა და დანიის მაგალითზე, სასკოლო სასწავლო გეგმაში ე.წ. „ემპათიის გაკვეთილების“ შეტანა უნდოდა. ახლა უკვე ატალის, როგორც მთავრობის მეთაურის, პირველი ამოცანა მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებაა. თუმცა, მას დიდი არჩევანი არ ექნება. ექსპერტების თქმით, მაკრონმა დიდი ხანია გადაწყვიტა, ვინ რომელ პოსტს დაიკავებს ახალ მთავრობაში.

სხვა თემები