25 იანვარი 2024 - 09:52

2023 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელთაც მსოფლიოს ყურადღება დაიმსახურეს

საკმაოდ რთული გამოდგა გასული წელი მსოფლიოსთვის, რადგან მეტწილად ომისა და დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. საომარ მოქმედებებს უკრაინაში, ისრაელ-„ჰამასის“ ომი დაემატა, აფრიკის კონტინენტზე კი, სახელმწიფო გადატრიალებები გახშირდა. არ დაინდო სამყარო არც ბუნებამ, რადგან გლობალურმა დათბობამ და დამძიმებულმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ ტყის მასობრივი ხანძრებითა და მიწისძვრებით შეახსენა თავი პლანეტის მოსახლეობას.  

მასობრივი ხანძრები და მიწისძვრები

ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთისა და სირიის საზღვარზე თებერვლის დასაწყისში. მართალია, 7,8 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ორივე ქვეყანა აზარალა, მაგრამ ბევრად დამანგრეველი აღმოჩნდა თურქეთისთვის, სადაც 100-ზე მეტი შენობა დაინგრა და 50 ათასი ადამიანი დაიღუპა, საერთო ზარალმა კი, 25 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 


  
მიწის ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა სექტემბერში მაროკოშიც, მარაკეშთან ახლოს. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ისტორიული ღირსშესანიშნაობები დააზიანა და 3 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ავღანეთში, ქალაქ ჰერათიდან 40 კილომეტრის დაშორებით კი, სამი მიწისძვრა მოხდა ერთ კვირაში, რომელთაც საერთო ჯამში 2 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. 

უმძიმესი იყო ივლისი საბერძნეთისთვისაც, სადაც მთელი 17 დღე გაგრძელდა მასობრივი ხანძრები. 80-მდე ცეცხლის კერა დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რისი მიზეზი პირველ რიგში, ანომალიური სიცხე გახდა. მართალია, ზაფხულის სეზონი ყოველთვის მძიმეა ბერძნებისთვის, მაგრამ გასული წლის ხანძრები, რომელთაც საერთო ჯამში 550 ათასი ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურეს, უმძიმე და ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. 

ფინეთი ნატოს წევრი

აპრილის დასაწყისში ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი გახდა. ქვეყნის მთავრობამ უარი თქვა ნეიტრალიტეტის სტატუსზე, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა და ჩრდილოევროპული რეგიონის მილიტარიზაციის პროგრამას შეუერთდა. მართალია, თავიდან ფინელებმა კატეგორიულად უარყვეს ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო ბაზების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსება, მაგრამ დეკემბერში მაინც გააფორმეს შეთანხმება თავდაცვით თანამშრომლობაზე შეერთებულ შტატებთან, რამაც ამერიკელ ძალოვნებს ფინური სამხედრო ობიექტების გაკონტროლების უფლება მისცა. 

ესკალაცია სუდანში

პოლიტიკური კრიზისი, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა სუდანში, აპრილში სამოქალაქო ომში გადაიზარდა. შეიარაღებული დაპირისპირება დედაქალაქ ხართუმში დაიწყო და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში გავრცელდა. საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობა დაერეგულირებინა კონფლიქტი და მიეღწია ცეცხლის შეწყვეტისთვის, უშედეგო აღმოჩნდა, რამაც დასავლეთის ქვეყნებს საკუთარი მოქალაქეების სუდანიდან სასწრაფოდ ევაკუირება აიძულა.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ომი, რომელიც ყოფილი თანამოაზრეების, სამხედრო ლიდერების, გენერალ აბდელ ფატახ ალ-ბურჰანისა და გენერალ მუჰამედ ჰამდან დაგალოს დაპირისპირებით დაიწყო ძალაუფლების მოპოვებისა და ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის სურვილით, მეათე თვეა გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება. შეიარაღებულმა კონფლიქტმა უკვე იმსხვერპლა 9 ათასი ადამიანი, 7 მილიონი კი, ლტოლვილად აქცია.
 

12-დღიანი საცობი ჩინეთში და სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში

აპრილში მთელი 12 დღით შეფერხდა მოძრაობა ჩინეთში, პეკინი-ტიბეტის მაგისტრალზე. 100-კილომეტრიანი საცობის მიზეზი მოახლოებული უქმეები გახდა, რადგან ჩინელებმა კოლექტიურად გადაწყვიტეს ქალაქიდან გასვლა. აღსანიშნავია, რომ 50 რიგად ჩამწკრივებული ავტომობილები, რომლებიც მხოლოდ 5 კილომეტრ/საათის სიჩქარით გადაადგილდებოდნენ, სატვირთოებმა შეაფერხეს გაბარიტული ტვირთით. ბედის ირონიით, სწორედ სატვირთოებს გადაჰქონდათ სამშენებლო მასალა საგზაო სამუშაოებისთვის, რომელთა განხორციელებას ჩინეთის საგზაო დეპარტამენტი მაგისტრალების გაფართოებისა და საცობების თავიდან არიდების მიზნით გეგმავდა. 

უმსხვილესი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა ივნისში ინდოეთში, ოდიშას შტატის ქალაქ ბალასორთან ახლოს, როცა კალკუტა-ჩინაის სამგზავრო მატარებელი სათადარიგო რელსებზე გადავიდა და სატვირთო მატარებელს შეეჯახა, გადაბრუნებულ ვაგონებს კი, ჰაორა-ბენჰალორის ექსპრესი დაეჯახა. კატასტროფამ, რომელიც საუკუნის უმსხვილეს სარკინიგზო ავარიად შეფასდა, 300-მდე ადამიანი იმსხვერპლა, 100-ზე მეტი კი აზარალა.

სამხედრო გადატრიალება ნიგერსა და გაბონში

2023 წლის ზაფხული განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა აფრიკის კონტინენტისთვის, სადაც ანტიკოლონიალური გამოსვლები სამხედრო გადატრიალებით დასრულდა. პოლიტიკური სუვერენიტეტის მოპოვების მიუხედავად, საფრანგეთის ყოფილი კოლონიები მაინც მეტროპოლიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ, რამაც სერიოზული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემები გამოიწვია.  

სწორედ ამგვარი პრობლემებისგან გათავისუფლება და სრული დამოუკიდებლობის მოპოვება მოინდომეს ნიგერის სამხედრო ჩინოვნიკებმა, რომელთაც ჯერ პრეზიდენტ მუჰამედ ბეზუმის ჩამოართვეს უფლებამოსილება, მერე საფრანგეთთან გაფორმებული ყველა შეთანხმება გააუქმეს და კატეგორიულად მოითხოვეს ჯარის გაყვანა. მოგვიანებით, ქვეყნის  მთავრობამ რეგიონული გაერთიანების „საჰელის ხუთეულის“ ყველა სტრუქტურა დატოვა გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ჩათვლით, რამაც ნიგერში დისლოცირებულ ფრანგ სამხედროებს ქვეყნის ეტაპობრივად დატოვება აიძულა. 

სამხედრო გადატრიალება მოხდა აგვისტოში გაბონშიც, სადაც ნაციონალური შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის ოფიცრებმა ტელეარხ Gabon 24-ის ეთერით აუწყეს ქვეყანას ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ. ძალოვნებმა თამამად განაცხადეს, რომ ბოლოს მოუღებდნენ არსებულ რეჟიმს და რამდენიმე კვირით ადრე ჩატარებული არჩევნების შედეგები გააუქმეს, მოგვიანებით კი, გარდამავალი მთავრობა შექმნეს, რომლის ხელმძღვანელობა გენერალ ბრის ოლაგი ნგამას ჩააბარეს. 

სილვიო ბერლუსკონი

12 ივნისს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა სილვიო ბერლუსკონი. იტალიელმა ბიზნესმენმა, სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომელიც ოთხჯერ ხელმძღვანელობდა მინისტრთა კაბინეტს, ყველაზე დიდხანს - მთელი ცხრა წელი შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რადგან მასზე დიდხანს მხოლოდ ბენიტო მუსოლინი და ჯოვანი ჯოლიტი მართავდნენ ქვეყანას, თუმცა იმ პერიოდში იტალია მონარქიად ითვლებოდა. ბერლუსკონიმ დაამყარა კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი, როცა 1994 წელს საკუთარი პარტიის „წინ, იტალიის“ შექმნიდან სულ რაღაც 60 დღეში გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.

პოლიტიკაში 57 წლის ასაკში დებიუტირების შემდეგ, ბერლუსკონი პირველი მულტიმილიარდერი გახდა, ვინც ევროპული სახელმწიფოს მთავრობას ჩაუდგა სათავეში. იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი არა მხოლოდ ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების, არამედ უმსხვილესი საინფორმაციო ჰოლდინგის Fininvest-ს მესაკუთრე იყო, მანვე შექმნა 1970-იანი წლების ბოლოს პირველი კომერციული სატელევიზიო ქსელი ევროპაში, „მილანის“ საფეხბურთო კლუბს კი, მხოლოდ 30-წლიანი მფლობელობის შემდეგ შეელია. 2005 წელს 12 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით ბერლუსკონი 25-ე პოზიციით მოხვდა Forbes-ის „მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების“ ნუსხაში, თუმცა 2011 წელს პოზიციები დათმო და 7,8 მილიარდით გადაინაცვლა 118-ე ადგილზე. 
 

ომი უკრაინაში

ჩიხში შევიდა ორწლიანი კონფლიქტი უკრაინაში, რადგან გადამწყვეტი შეტევის განხორციელების ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის. მართალია, მხარეებმა საბოლოოდ თქვეს უარი მანევრირებულ ომზე და პოზიციური ბრძოლა არჩიეს, მაგრამ რადიკალური ცვლილებები ვერც ამგვარმა სტრატეგიამ მოიტანა. 

ისრაელ-„ჰამასის“ დაპირისპირება

სანამ მსოფლიო საზოგადოება უკრაინის პრობლემებზე მსჯელობდა, სისხლისმღვრელი კონფლიქტი განახლდა ახლო აღმოსავლეთში. 7 ოქტომბრის ღამეს რადიკალური დაჯგუფების „ჰამასის“ მებრძოლებმა ჯერ დაბომბეს, მერე კი, ღაზას სექტორის ანკლავის საზღვარი გადაკვეთეს და ისრაელის სასაზღვრო ქალაქებში შეიჭრნენ, სადაც 1200-მდე ადამიანი მოკლეს, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. 

მოულოდნელ თავდასხმას საომარი მდგომარეობის შემოღებით უპასუხა ისრაელის მთავრობამ და მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა რეზერვისტთა მობილიზაცია, თუმცა, ფართო რეზონანსი გამოიწვია ოპერაციამ „რკინის ხმლები“, რომელიც მართალია, „ჰამასის“ წევრების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობა უფრო აზარალა, რადგან ასობით უდანაშაულო პალესტინელი იმსხვერპლა. ორ ბანაკად გაიყო მსოფლიო საზოგადოებაც, რადგან ნაწილმა ისრაელის რადიკალური მოქმედება გაამართლა, ნაწილმა კი პირიქით, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება გააპროტესტა და პალესტინელებს დაუჭირა მხარი. 
 

აღდგენილი დიპლომატიური ურთიერთობა

კონფლიქტებისა და შეიარაღებული დაპირისპირებების ფონზე, შერიგება გადაწყვიტეს ძველმა მტრებმა - ირანმა და საუდის არაბეთმა, რომელთაც მარტში გააფორმეს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტი ქვეყნებს შორის, რომელსაც ბევრმა ახლო აღმოსავლეთის „ცივი ომი“ უწოდა, 2016 წელს დაიწყო ცნობილი შიიტი ღვთისმსახურის ნიმრ ან-ნიმრის ერ-რიადში სიკვდილით დასჯის შემდეგ, რამაც ირანელთა პროტესტი და თეირანში, საუდის არაბეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე თავდასხმა გამოიწვია. შუამავლის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომელთაც ურთიერთობის განახლების შემდეგ 20 წლით ადრე ხელმოწერილი ეკონომიკური შეთანხმებაც აღადგინეს, ჩინელმა დიპლომატებმა ითავეს. 

დონალდ ტრამპის დაპატიმრება

აგვისტოს ბოლოს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში ჩავიდა და არა მხოლოდ საკუთარი ნებით ჩაბარდა სამართალდამცავებს, არამედ დაპატიმრების ფორმალური პროცედურაც გაიარა ფულტონის ოლქის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ტრამპს, რომელიც დროებით მოათავსეს საპატიმროში, სასამართლომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და შედეგების გაყალბებაში დასდო ბრალი. მართალია, ექს-პრეზიდენტმა 30 წუთზე ნაკლები დაჰყო საპატიმროში, მაგრამ მისი პირადი მონაცემები - წონისა და სიმაღლის ჩათვლით, მაინც დეტალურად აღინუსხა. მეტიც, ტრამპმა პატიმრის კუთვნილი ნომერიც - P01135809 მიიღო, რამაც განსაკუთრებით გაამხიარულა, მერე კი, გირაო - 20 ათასი დოლარი გადაიხადა და „გათავისუფლებული“ პირდაპირ ატლანტის აეროპორტისკენ დაიძრა. 

კომენტარი დაპატიმრებაზე ზე ექს-პრეზიდენტმა იმავე დღეს გააკეთა პრეს-კონფერენციაზე. „ძალიან სამწუხაროა დღეა ამერიკისთვის, რადგან ის, რაც ჯორჯიაში მოხდა, მხოლოდ პაროდიაა მართლმსაჯულებაზე“, - აღნიშნა ტრამპმა, რომელმაც საპატიმროს ოფიციალური ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში კომენტარით „არჩევნებში ჩარევა“. მართალია, მოგვიანებით ყოფილი პრეზიდენტი ისევ „მიიწვიეს“ სასამართლოში, მეტიც მისი საქმის განხილვა, რომელსაც თაღლითობის ბრალდებაც დაემატა, დღესაც გრძელდება, მაგრამ დაპატიმრება აღარავის უცდია.

სხვა თემები