13 მარტი 2024 - 09:00

როტენბურგი - ქალაქი - ზღაპარი, რომელიც ტურისტების სიმრავლით ვენეციასაც კი უსწრებს. რა კავშირი აქვს მას პინოქიოსთან?

გერმანიის ქალაქი როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერი ზღაპრული სილამაზის ადგილების სიმრავლით გამოირჩევა. სწორედ აქ მდებარე ერთ-ერთი სახლი გახდა ჯეპეტოს სახელოსნოს პროტოტიპი. აქ საუბარია დისნეის მულტფილმ „პინოქიოზე“, რომელიც 1940 წელს გადაიღეს.

აქ ყველაფერი ისე ლამაზია, როგორც ზღაპარში

ძველი ხის ნაგებობა, რომელსაც გერმანიაში „ფახვერკი“ ეწოდება და რომელიც უოლტ დისნეის ჯეპეტოს სახელოსნოს პროტოტიპი იყო, ბავარიაში, პლონლაინის პატარა მოედანზე მდებარეობს. აქ დღესაც მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი ჩადის და ფოტოებს იღებს. თუმცა როგორც ამბობენ, ეს ხდება არა იმდენად მულტფილმის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ადგილი საოცრად ლამაზი და თვალწარმტაცია. იმასაც დასძენენ, რომ ამ ქალაქმა შესანიშნავად შეინარჩუნა რომანტიკული ატმოსფერო - აქ მართლაც ყველაფერი ისე ლამაზია, როგორც ზღაპარში.

როტენბურგს უდავოდ შეიძლება ეწოდოს შუა საუკუნეების ყველაზე პოპულარული გერმანული ქალაქი და ამას არაერთი გამოკითხვის შედეგი ადასტურებს. გერმანიის ეროვნული ტურისტული საბჭოს (DZT) მიერ შედგენილი 2023 წლის ასი საუკეთესო ატრაქციის ტრადიციულ რეიტინგში, ამ ქალაქმა მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველი ორი პოზიცია რუსტსა და ბრიულში არსებულმა უზარმაზარმა გასართობმა პარკებმა დაიკავეს, მესამე კი - ჰამბურგის მინიატურულმა საოცრებათა ქვეყანამ. შესაბამისად, ამ სიაში როტენბურგი პირველი ქალაქია. გარდა ამისა, „ინსტაგრამზე“ მონიშვნის სიხშირის მიხედვით, გასულ წელს, როტენბურგი გერმანიის ყველაზე ფოტოგენური პატარა ქალაქების სამეულში მოხვდა. ამ ქალაქის სილამაზეს აფასებდნენ გერმანული რომანტიზმის ეპოქის მხატვრები, მოგვიანებით კი - ევროპელი ექსპრესიონისტებიც.

რაც შეეხება სტატისტიკას, როტენბურგს ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. უმეტესობა აქ ერთი დღით ჩადის, ღამისთევის გარეშე. დაახლოებით 350 ათასი მოგზაური რჩება მხოლოდ სასტუმროში. აღსანიშნავია, რომ შობიდან მარტის ბოლომდე როტენბურგში სიმშვიდე ისადგურებს. დანარჩენი თვეების მონაცემების მიხედვით კი, ქალაქის ყოველ 2 500 მცხოვრებზე დღეში სამი ტურისტი მოდის, რაც უფრო მეტია, ვიდრე - ვენეციაში. იტალიის ქალაქში, ყველაზე დატვირთულ პერიოდებშიც კი, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ერთიდან ორამდე მერყეობს.

აქედან გამომდინარე, როტენბურგი ძველი ევროპული ქალაქების უმაღლეს ტურისტულ ლიგაშია, რომელშიც ასევე შედის ბელგიური ბრიუგე ან ხორვატიული დუბროვნიკი. თუმცა ზემოთ ხსენებული ქალაქებისგან განსხვავებით, როტენბურგში ოვერტურიზმის განცდა მაინც არ არის. 

რა არის როტენბურგის პოპულარობის საიდუმლო?

როტენბურგის პოპულარობის საიდუმლო, ასე ვთქვათ, აშკარაა... ეს შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი შესამჩნევია. ქალაქმა შესანიშნავად შეინარჩუნა თავისი ისტორიული სახე, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საკმაოდ დაზიანდა. ომის დასრულების შემდეგ, დანგრეული ადგილები ისტორიული ფოტოებისა და დაგეგმარების მიხედვით საგულდაგულოდ აღადგინეს. ამასთანავე, ქალაქის რეკონსტრუქციის დაფინანსებაში მონაწილეობდნენ ტურისტები, რომლებიც ადრე ეწვივნენ ამ ქალაქს და ადგილობრივი რომანტიკული ატმოსფერო ძალიან შეუყვარდათ. როდესაც ყველაფერი აღდგა, ფულის შემოდინება გრძელდებოდა, ოღონდ ამჯერად, ავთენტური იერსახის შენარჩუნებისთვის. ამ ადამიანებისა თუ კომპანიების სახელები შეგიძლიათ იხილოთ ძველი ქალაქის კედლის გასწვრივ, ქვის მემორიალურ ფილებზე სეირნობისას. განსაკუთრებით თვალშისაცემია დონორების დიდი რაოდენობა იაპონიიდან და შეერთებული შტატებიდან. 

როტენბურგის ერთ-ერთი სტუმარი, მაგრამ არა ტურისტი, იყო მომავალი პაპი ფრანცისკე. 1986 წელს, 49 წლის კათოლიკე მღვდელმა არგენტინიდან, ხორხე მარიო ბერგოლიომ სამი თვე გაატარა როტენბურგში, სადაც ის მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე. კერძოდ, სწავლობდა გერმანულს გოეთეს ინსტიტუტის ადგილობრივ ფილიალში. 

„თოვლის გუნდა“ და შობა როტენბურგში - მთელი წლის განმავლობაში

შეუძლებელია როტენბურგის შესახებ ისტორიის დასრულება ადგილობრივი საშობაო და ტკბილი ტრადიციების ხსენების გარეშე. ამ ქალაქს აქვს საშობაო ბაზრობა მთელი წლის განმავლობაში. ამასთანავე, აქ იყიდება ბევრი სხვადასხვა საბავშვო სათამაშო, რადგან სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Käthe Wohlfahrt-ის სათავო ოფისი, რომელიც საბავშვო პროდუქციაზეა სპეციალიზებული. ვერც ტკბილეულის მოყვარულები ჩაუვლიან გულგრილად გვერდს ადგილობრივი საკონდიტრო მაღაზიების ფანჯრებს, რომლებიც მრავალფეროვანი „თოვლის გუნდებით“ (Schneeballen) არის მორთული. ეს არის რეგიონალური დელიკატესი, რომელიც სხვადასხვა ვარიაციით მზადდება. 

სხვა თემები