05 თებერვალი 2024 - 08:00

ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების უპრეცედენტო დაახლოება - რა კავშირი აქვს ამასთან საქართველოს?

ევროკავშირი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ერთმანეთს სულ უფრო უახლოვდებიან არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბრიუსელმა უკვე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის შექმნისკენ, რა თქმა უნდა, რუსეთის გვერდის ავლით. ვის რა გეგმები აქვს ამ პროექტთან დაკავშირებით, Deutsche Welle-მ გაარკვია.

რა ხდება?

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომამდე ორი წლით ადრე, ევროკავშირი და ცენტრალური აზია ისე დაუახლოვდა ერთმანეთს, როგორც - არასდროს. ეს პროცესი უნდა დასრულდეს აპრილში დაგეგმილი პირველი ოფიციალური სამიტით, რომელშიც ევროკავშირი და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ისტორიული მოვლენის ადგილად არჩეულია უზბეკეთი, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით არის ცნობილი. აღნიშნული გეგმა ოფიციალურად გაცხადდა ბრიუსელში, ცენტრალური აზიისთვის განკუთვნილი ევროკავშირის საინვესტიციო ფორუმის დახურვაზე, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა ორი რეგიონის უპრეცედენტო დაახლოების შესახებ. ფორუმის მაღალი რანგის მონაწილეები, არც მეტი და არც ნაკლები,  რუსეთის გვერდის ავლით, დიდი აბრეშუმის გზის თანამედროვე ანალოგის - ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ. უფრო მეტიც, მათ მიზნად დაისახეს, რომ ეს მარშრუტი ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროდან პოლონეთამდე გაგრძელდეს და გადასაზიდი ტვირთისა თუ გადასაყვანი მგზავრებისთვის ამას 15 დღეზე ნაკლები დასჭირდეს. 

რას გულისხმობს მრავალმილიარდიანი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია?

ეს ამბიციური პროექტი გულისხმობს სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოდერნიზაციას, მოძრავი შემადგენლობის გაზრდას, პორტის გამტარუნარიანობის გაფართოებას, სასაზღვრო გამშვები პუნქტების სრულყოფას, მულტიმოდალური ლოგისტიკური ცენტრებისა და დამხმარე დაწესებულებების შექმნას ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანაში. ამას კი, სულ ცოტა, 18,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია დასჭირდება. აღნიშნული მაჩვენებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტებმა თავიანთ კვლევაში გამოთვალეს.

ფორუმიდან მხოლოდ ორ დღეში, ევროკომისიამ საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულებებიდან 10 მილიარდი ევრო შეაგროვა, რათა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი შეიქმნას. ეს ნაბიჯი უკვე საშუალებას იძლევა, რომ პროექტი უახლოეს თვეებში დაიწყოს. ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ ფორუმს ამბიციური კონცეფციის განხორციელებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი უწოდა. „ჩვენ ერთად ვცდილობთ, უზრუნველვყოთ უფრო სწრაფი და საიმედო კომუნიკაცია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. ამისათვის კი გვინდა გავაძლიეროთ კავშირები, გავხსნათ ახალი შესაძლებლობები თანამშრომლობისა და ვაჭრობისთვის“, - განაცხადა მან. 

ტრანსკასპიური დერეფანი, როგორც „განვითარების შანსი“

მინისტრების ფორუმზე ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო შესაბამისი იერარქიით იყო წარმოდგენილი. გამონაკლისი მხოლოდ თურქმენეთია. აშხაბადს ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე წარმოადგენდა. თავისი გამოსვლა ყველაზე სწრაფად ბატირ ანაევმა დაასრულა. მაშინ, როდესაც ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მინისტრების სიტყვა 10 წუთამდე გაგრძელდა, თურქმენეთის წარმომადგენელმა ეს დაახლოებით ოთხ წუთში მოახერხა. უფრო მეტიც, ის, ძირითადად, კითხულობდა და თანაც ისე ჩუმად, რომ ზოგჯერ მიკროფონიც კი ვერ შველოდა სიტუაციას. ანაევმა ტრანსკასპიური დერეფნის მეშვეობით ახალი შესაძლებლობების შექმნის იმედი გამოთქვა. როგორც მან განაცხადა, აშხაბადი ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებს და „თურქმენეთში უცხოელ ინვესტორებს ადგილობრივი კონკურენტების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ“.

თავის მხრივ, ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბროჰიმმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიზნად ისახავს, 2032 წლისთვის, საკუთარი ელექტრომომარაგების 100%-ი,  განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით, თავადვე უზრუნველჰყოს. მისმა კოლეგამ ყაზახეთიდან, მარატ კარაბაევმა წამოაყენა ინიციატივა, რომ საინვესტიციო ფორუმი სექტემბერში, ასტანაში ჩატარდეს. „ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებიც ორ გიგანტს შორის იმყოფებიან, განვითარების შანსი ჯერ არ მისცემიათ“, - განაცხადა ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაკიტ ტორობაევმა. აქ საუბარია არა ჩამორჩენაზე, განმარტა მან, არამედ - არარეალიზებულ შესაძლებლობებზე. „ცენტრალური აზიის არცერთი ქვეყანა არ შეიძლება განზე დარჩეს, როდესაც ამ სტრატეგიული ინიციატივის განხორციელება დაიწყება“, - აღნიშნა უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა ჟამშიდ ხოჯაევმა. სწორედ ამ უკანასკნელმა და მისმა ყაზახმა კოლეგამ ისაუბრეს ინგლისურად, დანარჩენმა სამმა კი- რუსულად, ფორუმის მეორე სამუშაო ენაზე. 

კრიტიკა თურქეთის დელეგაციის მხრიდან

ვინც თავს ყურადღების მიღმა გრძნობდა, თურქეთის დელეგაცია იყო. „ამ სცენაზე თურქეთის დროშაც უნდა იყოს“, - განაცხადა ოფიციალური ანკარის წარმომადგენელმა ფორუმის დასრულების შემდეგ, DW-სთან საუბარში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც ევროკავშირმა ამ პროექტში ანკარა უფრო ინტენსიურად უნდა ჩართოს. დერეფნის ერთ-ერთი განშტოება გადის თურქეთზე, მეორე კი - კავკასიასა და შავ ზღვაზე და ის თურქეთის ტერიტორიას არ ეხება. ამიტომაც ფორუმში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

”ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება”, - ამ სიტყვებით მიმართა მთელ დარბაზს ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა. ევროკავშირის ყველა მაღალი თანამდებობის პირის გამოსვლაში ნახსენები იყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები. თუმცა ცენტრალური აზიის ქვეყნების მინისტრები ამ თემაზე კომენტარებს თავს არიდებდნენ. „ჩვენ უნდა შევხედოთ არა იმას, რასაც ისინი ამბობენ, არამედ - მათ ქმედებებს“, - ამბობს მარჩინ პოპლავსკი, აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ცენტრალური აზიის ექსპერტი. მისი აზრით, რეგიონი ეძებს ახალ პარტნიორებს რუსეთის გავლენის დასაბალანსებლად, რომელზეც  2022 წლის 24 თებერვლამდე ცენტრალური აზიის ქვეყნები ეკონომიკურად და სოციალურად იყვნენ დამოკიდებული. 

მონუმენტური გარიგების პოლიტიკური კონტექსტი

"აქ ორი მთავარი მოთამაშეა - რუსეთი და ჩინეთი. რუსეთი - უსაფრთხოებისა და ელიტაზე პოლიტიკური გავლენის კუთხით, ჩინეთმა კი რეგიონთან ეკონომიკური კავშირები განავითარა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რეგიონის ლიდერებმა თავიანთი პოზიცია შეცვალეს, განსაკუთრებით კი - რუსეთის მიმართ, რომელიც, მათი გაგებით, რეგიონული უსაფრთხოების სისტემისთვის მთავარი საფრთხე გახდა“, - აღნიშნავს მკვლევარი. უფრო მეტიც, მისი თქმით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, პირველად, რუსეთი დამოკიდებული აღმოჩნდა ამ ქვეყნებზე, „რომლებიც მისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლის არეალია“ და რომლებიც კვლავ „უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის, როგორც იმპერიის სტატუსს”. გარდა ამისა, როდესაც ცენტრალური აზიის ქვეყნებს აქვთ მხარდაჭერა პეკინისგან, ხოლო ტრანსკასპიური დერეფნის შემთხვევაში, მათ ეს ნამდვილად აქვთ, მათზე მოსკოვის გავლენა და კრემლის მხრიდან გამოწვევები მცირდება.

თუმცა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის რეალიზებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნების პოლიტიკური სისტემების სტაბილურობა, რათა საგარეო პოლიტიკის არსებული კურსი შენარჩუნდეს, - ამბობს პოპლავსკი. საშინაო პოლიტიკა აქ ნაკლებ როლს ასრულებს, - დარწმუნებულია ექსპერტი. მისი აზრით, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის დაახლოება უნიკალური დინამიკაა მათ ურთიერთობებში: „ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ისტორიაში ასეთი იმპულსი არასდროს ყოფილა. ეს ღია ზღვაში გასვლას ჰგავს“. 

სხვა თემები