05 თებერვალი 2024 - 14:07

როგორი იქნება ღაზა ომის შემდეგ და შესაძლებელია თუ არა მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში?

ფოტო: Getty Images

„ჰამასის“ სისხლიანი თავდასხმის საპასუხოდ, ღაზაში ისრაელის სამხედრო კამპანია თითქმის ოთხ თვეს გაგრძელდა. აშშ-ის მეთაურობით, შუამავლები ჯერჯერობით უიმედოდ ცდილობენ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დიდ ომში არ გადაიზარდოს. დიპლომატიური მანევრებისთვის მხარეებს დიდი დრო არ აქვთ, თანაც იმ ფონზე, რომ შეერთებულ შტატებში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები სულ უფრო ახლოვდება. 

„ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო საზოგადოება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ძველ ფორმულას კვლავ სერიოზულად განიხილავს. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი ნახევარ საუკუნეზე მეტია უკვე გრძელდება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ორი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების სხვა ალტერნატივა ვერ მოიძებნა. როგორი შეიძლება იყოს ღაზას ომის შემდგომი მომავალი? იქნება თუ არა მშვიდობა და შეძლებს თუ არა პალესტინა არსებობას? – ამკითხვებზე პასუხები BBC-მ მოიძია. 

ოკუპაციიდან სუვერენულ სახელმწიფომდე

მსოფლიო რუკაზე პალესტინის სახელწიფოს გამოჩენის პერსპექტივა ახლა, როგორც არასდროს, ძალიან სათუოა. თუმცა სწორედ ამ დიპლომატიურ გადაწყვეტაზე საუბრობს ისრაელის თითქმის ყველა მოკავშირე თუ ნეიტრალური სახელმწიფო. არაბული სამყაროს ქვეყნებს, ამერიკელებსა და ევროპელებს ამ იდეის ჯერ კიდევ სჯერათ. თუმცა მთავარი მოწინააღმდეგეც სახეზეა - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ის თავისი პოლიტიკური კარიერის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა და ახლა, საომარი მოქმედებების ფონზე, თავს არიდებს მთავარ კითხვას: როგორ ხედავს ის ანკლავის მომავალს. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი იანვრის ბოლოს „ორი სახელმწიფოს“ იდეისადმი ისრაელის პრემიერ-მინისტრის უარყოფით დამოკიდებულებას  ხისტად   გამოეხმაურა: „რა უნდა იყოს გამოსავალი? გავაძევოთ პალესტინელები ღაზადან თუ ყველანი ამოვხოცოთ?“.

როგორც წესი, ევროპელები ახლო აღმოსავლეთში მეორე ვიოლინოზე უკრავენ. შესაბამისად, მათ არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ყურადღებით მოუსმენენ. თუმცა ისრაელის მთავარი ტრადიციული მოკავშირე შეერთებული შტატებიც მომავალში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დაჟინებით მოითხოვს. ”როდესაც კონფლიქტი დასრულდება, უნდა არსებობდეს ხედვა, თუ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ორი სახელმწიფოს თანაარსებობის გადაწყვეტილება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ამ უკანასკნელს, ნოემბრის არჩევნების წინ, არაბი და მუსლიმი ამერიკელების მხარდაჭერა ესაჭიროება. ეს განსაკუთრებით ეხება მიჩიგანის შტატს, სადაც ყველაზე დიდი არაბი-ამერიკელების ელექტორატია. ისინი დემოკრატების პრეზიდენტს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ.

ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე კოალიციის პარტნიორებს ღაზას ოკუპაცია და ამ ტერიტორიის ისრაელელებით დასახლება სურთ. ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უშიშროების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა გასულ შაბათ-კვირას გამართულ კონფერენციაზე ღაზაში დევნილების დაბრუნებასა და პალესტინელების ნებაყოფლობითი ემიგრაციის წახალისებაზე ღიად ისაუბრა. თუმცა ისრაელის მოკავშირეებიც და თავად ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის - სამხედროები, ამას ეწინააღმდეგებიან.

38 - წლიანი ოკუპაციის შემდეგ, ისრაელმა ღაზადან თავისი სამხედრო შენაერთები და ისრაელელი მოსახლეობა 2005 წელს გაიყვანა. თუმცა იმ სამხედროებს, რომლებიც ამჟამად ღაზაში იბრძვიან, იქ დაბრუნება არ სურთ. მაგალითისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ომის შემდგომი სიტუაციის დარეგულირების გეგმა წარადგინა. მან იმ პალესტინელებს, რომლებიც რადიკალურ დაჯგუფებებთან არ არიან დაკავშირებული, მთავარი როლი დააკისრა. ამავდროულად, მისი გეგმის მიხედვით, ღაზას სექტორში უსაფრთხოებას ისრაელი გააკონტროლებს, სამხედროებს კი ექნებათ თავისუფალი წვდომა, რათა პერიოდულად შევიდნენ ამ ტერიტორიაზე და ინსპექტირება ჩაატარონ.

როგორც ამბობენ, სწორედ ნეთანიაჰუ არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იდეისა, რომელიც ორი სახელმწიფოს ფორმულას ითვალისწინებს. პოლიტოლოგისა და პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პედაგოგის, ფრედერიკ ენსელის აზრით, 1993 წლის ოსლოს შეთანხმების მიხედვით, რეალურ სამშვიდობო პროცესთან დაბრუნებისთვის საჭიროა სამი პირობის შესრულება. ეს არის „ჰამასის“ დემილიტარიზაცია, პალესტინის ადმინისტრაციის დაბრუნება ღაზას სექტორში და მესამე, ნეთანიაჰუს მთავრობის შეცვლა.

როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებს ისრაელის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის გადარწმუნების იმედი ჯერ არ დაუკარგავს. გასულ კვირას, ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ, როდესაც ბაიდენს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა შეუძლებელია, მან უპასუხა: „არა, მე ასე არ ვფიქრობ“. დიპლომატიურ წრეებში ამბობენ, რომ ამერიკულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკება შეიძლება სექტემბრამდე გაგრძელდეს, შემდეგ კი არჩევნები და გაურკვევლობა იქნება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ სრული და საბოლოო განადგურების პერსპექტივის ძალიან ცოტას ჯერა.

სავარაუდოდ, „ჰამასი“ შეეცდება, საკუთარი ადგილი იპოვოს ნებისმიერი მომავლის ღაზაში, - ამბობს ჰიუ ლოვატი, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) უფროსი თანამშრომელი. თუმცა არაბულ ქვეყნებს საკითხის მოგვარების საკუთარი გეგმა აქვთ. ისინი ღაზის სექტორის მართვასა და აღდგენაში დახმარებისთვის მზად არიან, მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში. მუსლიმურ სამყაროში გავლენიანმა ქვეყანამ, საუდის არაბეთმა, სადაც ორი მთავარი ისლამური სულიერი სალოცავი მედინა და მექა მდებარეობს, პირდაპირ განაცხადა, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ დიალოგს მხოლოდ ამ პირობით დაიწყებს.

ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ, ერ-რიადსა და თელ-ავივს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმამდე და ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა. „ჩვენ ვეთანხმებით, რომ რეგიონული მშვიდობა მოიცავს მშვიდობას ისრაელისთვის. თუმცა ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პალესტინელებისთვის მშვიდობის გზით, რაც პალესტინის სახელმწიფოს გულისხმობს“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ დავოსში გამართულ ფორუმზე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ იბნ ფარჰან ალ საუდმა. 

ნდობის პრობლემა

ორი სახელმწიფოს თანაარსებობაზე შეთანხმება ნახევარი საუკუნის მანძილზე ვერ მოხერხდა. დამკვირვებელთა აზრით, ასეთი პერსპექტივა ახლა საერთოდ მიუღწეველია. ისრაელის საზოგადოების დარწმუნება, რომ „ჰამასის“ სისასტიკე არ განმეორდება, ადვილი არ იქნება. ასევე რთული წარმოსადგენია პალესტინის საზოგადოების დარწმუნება, რომ ღაზაში ათასობით მოკლულისა და დაკარგულის შესახებ დაივიწყოს.

7 ოქტომბრის თავდასხმებამდე და შემდეგ ჩატარებული გამოკითხვები ამ შიშებს ადასტურებს. დეკემბრის შუა რიცხვებში, დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში პალესტინის პოლიტიკური და სოციალური კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1231 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ორი სახელმწიფოს იდეის მხარდაჭერა პალესტინაში, სექტემბრის შემდეგ, უმნიშვნელოდ, 34%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობაში შეიარაღებული ბრძოლის მხარდაჭერა 54%-დან 68%-მდე გაიზარდა. Pew Research Center-ის თანახმად, ისრაელელებს შორის ორი სახელმწიფოს იდეის მხარდაჭერა ათწლეულის განმავლობაში მცირდება. „ჰამასის“ თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარებული გამოკითხვისას, ისრაელელთა მხოლოდ 35%-ს სჯეროდა, რომ ორ სახელმწიფოს "მშვიდობიანი თანაარსებობა" შეუძლია.

ორი ხალხის მშვიდობიან თანაარსებობას დასჭირდება ათწლეულების განმავლობაში არასაომარ მდგომარეობაში ცხოვრება, რათა ადამიანებმა ერთმანეთის ნდობა ისწავლონ. „დროა საჭირო. ადამიანები ახლა რაციონალურად ვერ აზროვნებენ. ისინი ტრავმირებული არიან და შურისძიება სურთ. ამ ფორმულის ყველა რაციონალური კომპონენტის მიუხედავად, ხალხი ამისთვის ჯერ მზად არ არის“, - განაცხადა ისრაელელმა პუბლიცისტმა და ყოფილმა მომლაპარაკებელმა გერშონ ბასკინმა საუდის არაბეთის გაზეთ Arab News-ის კომენტირებისას.

ზოგიერთ ექსპერტს მშვიდობის საერთოდ არ სჯერა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ნათან ჯ. ბრაუნი კარნეგის ფონდთან კომენტარში ვარაუდობს, რომ მშვიდობიანი ხვალინდელი დღე არ არსებობს. მისი თქმით, აქტიური ბრძოლები შეწყდება, მაგრამ ლოკალური აფეთქებები გაგრძელდება, ღაზას სექტორი იქნება უმართავი და ოდესღაც ალყაში მოქცეული ანკლავიდან გადაიქცევა „სუპერ ბანაკად“, სადაც დარჩენილი ხალხი მთლიანად იქნება დამოკიდებული გარე ჰუმანიტარულ დახმარებაზე. "მშვიდობა შეიძლება არ იყოს, არ იქნება ომი და არც - მშვიდობა", - იმავე აზრს იმეორებს მარკ ლეფევრი ფრანგული ორგანიზაციის „მსოფლიო ახლა“ წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება, მიმდინარე კონფლიქტის ყოვლისმომცველ რეგიონალურ ომად გადაქცევის რისკი ჯერ კიდევ არსებობს. ვითარება ჩრდილოეთ ისრაელში იძაბება, მაგრამ ჯერჯერობით, ისრაელსა და ირანის მიერ დაფინანსებულ ლიბანურ „ჰეზბოლას“ სრულმასშტაბიანი ომიდან ერთი ნაბიჯი აშორებს. ირანის სანქციების გარეშე შიიტური დაჯგიფება თამასას ვერ გაზრდის, მაგრამ რისკი მაინც ჯერ კიდევ მაღალია. 

სხვა თემები