09 თებერვალი 2024 - 03:49

10 თებერვალი: ახალი წელი ჩინურად და სუპერ ახალმთვარეობა

მართალია, იანვარში თითქმის მთელმა მსოფლიომ იზეიმა ახალი წლის დადგომა, მაგრამ ჩინეთში, ისე როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ინდონეზიაში, სინგაპურსა და ვიეტნამში, ჯერ მხოლოდ ემზადებიან დღესასწაულის აღსანიშნად. 

ახალი წელი აღმოსავლური კალენდრით

ახალ წელი ანუ  „ჩუნცზი“, რაც „გაზაფხულის ფესტივალს“ ნიშნავს და ყველაზე ხანგრძლივ დღესასწაულად ითვლება ჩინეთში, არა კონკრეტულ დღეს, არამედ ზამთრის მზებუდობის შემდეგ მეორე ახალმთვარეობას აღინიშნება, ამიტომ წელს ჩინური დღესასწაული 10 თებერვალს დაემთხვევა, მისი აღნიშვნა კი, მთელი ორი კვირა, 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთანავე, ევროპელებისგან განსხვავებით, ჩინელები 2024 წლის ნაცვლად, 4721 წელს შეხვდებიან, რადგან აღმოსავლური კალენდრით წლების ათვლა ხუან-დის - ღვთაებასთან გაიგივებული მმართველის დედამიწაზე მოვლინებით დაიწყო.

დღესასწაულის დროს ჩინეთის ქალაქებში მასობრივად ეწყობა მისტიკურ-მითოლოგიური წარმოდგენები და აღლუმები დრაკონის გიგანტური ფიგურების დემონსტრირებით. მართალია, ახალი წლის მეხუთე დღეს ჩინელთა უმეტესობა სამსახურში ბრუნდება, მაგრამ საყოველთაო ზეიმი მაინც გრძელდება, კულმინაციას კი ბოლო დღეს აღწევს ფარნების შთამბეჭდავი დღესასწაულით, როცა ქალაქის ქუჩები და შენობები სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქაღალდის ფარნებით ირთვება. 

თანამედროვე სამყაროში ჩინურმა ახალმა წელმა საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და ჩინელების მასობრივ მიგრაციასთან ერთად პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დღეს ჩინური დღესასწაული, რომელიც ხალისიანი განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალებაა, თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ასე რომ, მათ, ვისაც ტრადიციულმა იანვრის დღესასწაულებმა დანაკლისის გრძნობა დაუტოვა ან ჩათვალა, რომ საკმარისად ვერ მოილხინა, თამამად შეუძლია 10 თებერვალს იზეიმოს ახლა უკვე „ნამდვილი ახალი წლის“ შემობრძანება. 

მწვანე დრაკონის წელი

ჩინელებს ევროპელებმა დავასწარით მათივე ტრადიციებით ახალი წლის აღნიშვნა, ამიტომ კარგად ვიცით, რომ ხე - ზრდის, წარმატებისა და განვითარების ელემენტია, დრაკონი კი - ყველაზე ძლიერი და ენერგიული ზოდიაქოს ნიშანი, ამიტომ 2024 წელი - საუკეთესო წელია კარიერული ზრდისთვის, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ოჯახის შექმნისთვის. ამასთანავე, დრაკონი საიმპერატორო ძალაუფლებას, სიბრძნესა და კეთილშობილებას განასახიერებს, მწვანე ფერი კი, რომლითაც მისტიკური ცხოველი შეიმოსება, განახლებას და კეთილდღეობას, სიწმინდესა და ჰარმონიას სიმბოლიზირებს. 

სადღესასწაულო რჩევები

ტრადიციების მოყვარული ჩინელები, რომლებიც რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ მზადებას მთავარი და ყველაზე მასშტაბური დღესასწაულისთვის, ყველა წესსა და ადათს მაქსიმალური სიზუსტით იცავენ, რადგან სჯერათ, რომ სწორედ საახალწლო განწყობა განსაზღვრავს მთელი წლის კეთილდღეობას. შეეცადეთ თქვენც ხალისითა და ოპტიმისტური განწყობით შეხვდეთ ახალ წელს და იფხიზლოთ მთელი ღამე, რათა არ გაგეპაროთ კარზე მომდგარი ბედნიერება. თავი შეიკავეთ დღესასწაულის დღეებში ზედმეტი ფაციფუცისგან, საშინაო საქმეებსა და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ზრუნვისგან, რათა არ დააფრთხოთ იღბალი, მოერიდეთ მაკრატლის გამოყენებას, ფაფის, მსხლის მირთმევას და მედიკამენტების მიღებას, არ ღირს არც ფულის სესხად გაცემა, არც ვალად აღება. 

მენიუ - მართალია, საახალწლო მენიუს მეტწილად ქვეყნის რეგიონი განსაზღვრავს, მაგრამ თევზის კერძები, ჩინური პელმენი „ცზიაოცზინი“ და ე.წ. „დღეგრძელობის ატრია“, ტკბილი ბრინჯის ბურთები და მანდარინი ნებისმიერი სადღესასწაულო ვახშმის აუცილებელი ატრიბუტია. მეტიც, ჩინურად სიტყვა „თევზი“ სიტყვის „ბარაქის“ თანაჟღერადია, ამიტომ აუცილებელია თევზის კერძების უხვად მომზადება. სიმდიდრის მომტანია მანდარინი და პელმენი „ცზიაოცზინი“, რომელიც ღორის ხორცით და კომბოსტოთი მზადდება. ბრინჯის ბურთები ერთობასთან ასოცირდება და ოჯახის სიმტკიცეს განასახიერებს, ატრია კი, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს სიმბოლიზირებს. 

სახლის გაფორმება - აუცილებელია სახლის გულდასმით დალაგება, რადგან მხოლოდ ასე განიდევნებიან ბოროტი ძალები. მოიშორეთ თავიდან დაზიანებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ძველი სამოსი და გატეხილი ნივთები, განსაკუთრებით ჭურჭელი. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ დღესასწაულის პირველ კვირას კატეგორიულად იკრძალება სახლის დალაგება და დასუფთავება, რადგან ჩინელების რწმენით, სწორედ მტვერში იბუდებს ახლად მობრძანებული იღბალი და ბარაქა. 

ბოროტების, უიღბლობისა და უსიამოვნებების განდევნის ეფექტური საშუალებაა ახალი წლის ღამეს ზარების წკარუნი და სახლის წითელი ფერის ქსოვილით, ფარნებითა და ბარათებით გაფორმება, რომლებზეც საკუთარ სურვილებს ჩამოწერთ, თუმცა სურვილები რეალური და მაქსიმუმ ერთ წელზე უნდა იყოს გათვლილი.    

სამოსი - მართალია, ჩინელები სადღესასწაულოდ ნაციონალური სამოსით იმოსებიან, მაგრამ ალტერნატივად დრაკონის საყვარელი ხასხასა წითელი და მწვანე ფერის, ხარისხიანი ქსოვილის - აბრეშუმის, ატლასის და შალის სამოსიც გამოდგება. თუმცა, არ ღირს ლურჯი და მუქი ყავისფერი ტანსაცმლის შერჩევა, რომელიც აზიურ ქვეყნებში სევდის და გლოვის ფერად ითვლება.  

საჩუქრები - საინტერესო და მეტად სიმბოლური საჩუქარია წითელი კონვერტი ფულის კუპიურებით, რომელსაც აუცილებლად უფროსი თაობის წარმომადგენლები ჩუქნიან უმცროსებს, რადგან ითვლება, რომ მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად უფროსები სიბრძნესა და საკუთარ გამოცდილებასაც გადასცემენ მომავალ თაობას. ასე რომ, მოამზადეთ მსხვილი კუპიურები ოჯახის უმცროსი წევრებისთვის და ორმაგად იხეირებთ, რადგან ამ შემთხვევაშიც ბრწყინვალედ ამართლებს გაცემულის ათმაგად უკან დაბრუნების პრინციპი.  

ახალმთვარეობა

ასტროლოგების მტკიცებით, თებერვლის პირველი ახალმთვარეობა, რომელმაც უკვე შეიძინა სუპერ ახალმთვარეობის სახელი, მართლაც უნიკალური იქნება, რადგან ერთის მხრივ, 10 თებერვალს ანუ ჩინურ ახალ წელს დაემთხვევა, რაც განსაკუთრებულ ენერგეტიკას შემატებს, მეორეს მხრივ, მთვარე მეტად ენერგიული ზოდიაქოს ნიშანში - მერწყულში „დაიბადება“ და  მაქსიმალურად მოუახლოვდება დედამიწას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის ეფექტს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ახალი მთვარის გავლენა, რომელიც მეტწილად ნეგატიურია, 13-14 თებერვლამდე გაგრძელდება და აპათიით, დეპრესიით, აგრესიითა და გაღიზიანებით გამოიხატება. 

 

რეკომენდაციები

ახალმთვარეობის დროს არაა რეკომენდირებული ახალი პროექტების დაწყება, კაპიტალის დაბანდება და მსხვილი საყიდლების გაკეთება, ნაკლებად შედეგიანი იქნება მასობრივი ღონისძიებების მოწყობა, ხმაურიანი წვეულებები კი, აუცილებლად კონფლიქტით დასრულდება. უმჯობესია რამდენიმე დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ, მეტი დრო დაუთმოთ ჯანმრთელობას და საკუთარ შინაგან სამყაროს. მით უფრო, რომ ახალმთვარეობა საუკეთესო პერიოდია სულიერი განწმენდისა და მედიტაციისთვის, საკუთარ თავში გარკვევისა და რიტუალების ჩასატარებლად. განსაკუთრებით ეფექტურია წითელ ფურცელზე სურვილების ჩამოწერა, მთავარია, მთელი გულით მოინდომოთ და სხვას არ მიაყენოთ ზიანი საკუთარი სურვილებით. 

მართალია, ახალმთვარეობა სასიკეთო პერიოდია სამომავლო გეგმების დასახვისთვის, მაგრამ ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება, რადგან რაც არ უნდა პერსპექტიულად მოგეჩვენოთ ახალი წამოწყება, საბოლოოდ მაინც მარცხით დასრულდება. არ ღირს არც დათქმულ შეხვედრებზე დაგვიანება, რათა არ დაკარგოთ ის მნიშვნელოვანი, რისი ანაზღაურებაც შეუძლებელი იქნება. მოერიდეთ სიყალბეს და ტყუილის თქმას, რადგან ასე მხოლოდ პრობლემებს მოიმკით პირად ცხოვრებაში.  
 

სუპერ ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში

ზოგადად, ახალმთვარეობა წარსულის გააზრების, გადაფასების და აღორძინების პერიოდად ითვლება, თვითანალიზის და თვითშემეცნებისკენ მიდრეკილი მერწყულის წყალობით კი, თებერვლის სუპერ მოვლენა განსაკუთრებით ინტროსპექტული იქნება, ამიტომ აქტუალურობას შეიძენს ცხოვრების აზრის ძიება, ზოგს უკვე გაკეთებული არჩევანი დააეჭვებს, ზოგს კი, ცხოვრების რადიკალურად შეცვლა მოუნდება. 

ასტროლოგების მტკიცებით, 10 თებერვლის ახალმთვარეობისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი იქნება ემოციური დაძაბულობა, რასაც პლანეტების - პლუტონისა და მერკურის კომბინაციაც დაემატება, რომლებიც ტრანსფორმაციასა და კომუნიკაციას განაგებენ, ამიტომ გაუბედაობა სითამამით შეიცვლება და ბევრი შეძლებს იმ გადამწყვეტი  ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც დიდხანს გაურბოდა.    
 

ახალი მთვარის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

განსაკუთრებით რთული თებერვლის ახალმთვარეობა თევზებისა და თავად მერწყულისთვის იქნება, რომელთაც მართალია, მოვლენებითა და შთაბეჭდილებებით სავსე თვე ელით, მაგრამ პრობლემებიც მრავლად ექნებათ, მათი მოგვარება კი, ერთის მხრივ, ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მეორეს მხრივ, ფინანსურ და ემოციურ „გადახარჯვას“ გამოიწვევს. 

შედარებით მსუბუქი იქნება თვე ვერძისთვის, კუროსა და თხის რქისთვის, რომელთაც ასტროლოგები საქმიან სფეროზე კონცენტრირებას ურჩევენ, რადგან სწორედ ახლა აქვთ ადრე შესრულებული სამუშაოსგან ბენეფიტების მიღების და ფინანსური დანახარჯის ანაზღაურების საუკეთესო შესაძლებლობა. 

რომანტიკული სიახლეები და ცვლილებები პირად ცხოვრებაში ელით ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსანს. განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება 9 თებერვალი, რადგან ახალი ნაცნობობა აუცილებლად სერიოზული ურთიერთობით გაგრძელდება. თუმცა, არ ღირს აჩქარება, უმჯობესია ზოდიაქოს ამ ნიშნებმა ერთგვარი დამკვირვებლის პოზიცია აირჩიონ და ყურადღებით დააკვირდნენ პოტენციურ პარტნიორებს.  

ნაკლებად შედეგიანი იქნება თებერვალი კირჩხიბსა და მორიელისთვის, რომელთაც ასტროლოგები მეტი სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნებისკენ, მომავალ პერსპექტივებზე ფიქრისა და გეგმების დასახვისკენ მოუწოდებენ. ამ თვის ფავორიტები კი ლომი და ქალწული იქნებიან, რომელთაც სუპერ ახალმთვარეობა არა მხოლოდ იღბალს უწყალობებს ნებისმიერ წამოწყებასა და პირად ცხოვრებაში, არამედ სასიამოვნო სიურპრიზითაც გაახარებს.  


 

სხვა თემები