09 თებერვალი 2024 - 23:04

რატომ ჩანაცვლდა ზალუჟნი სირსკით? რას ამბობენ ამ თემაზე უკრაინაში, დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთში?

ოლექსანდრ სირსკი

ოლექსანდრ სირსკი

ფოტო: Facebook

8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის უმაღლესი მთავარსარდალი შეცვალა. ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ეს პოსტი ოლექსანდრ სირსკიმ დაიკავა. თუ რა გახდა ამის მიზეზი, BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზალუჟნის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა სურვილი, რომ ეს უკანასკნელი მის გუნდში დარჩება. ზალუჟნიმ არანაკლებ გულითადი მადლობა გამოხატა გენერალური შტაბის, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და პირადად, პრეზიდენტის მიმართ. თავის მხრივ, 2022 წელს ოლექსანდრ სირსკი კიევის ოლქის თავდაცვას მეთაურობდა. იმავე წლის შემოდგომაზე კი, სირსკი ხარკოვის ოლქში უკრაინის კონტრშეტევის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.

ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში პირველივე პუნქტიდან ცხადყო, რომ აღნიშნული ჩანაცვლება ზაფხულის წარუმატებელმა კონტრშეტევამ განაპირობა. „გულწრფელად უნდა ვთქვათ: სამხრეთის მიმართულებით სტაგნაციის განცდამ და დონეცკის ოლქში წარმოებულ ბრძოლებში არსებულმა სირთულეებმა საზოგადოების განწყობაზე გავლენა იქონია. უკრაინელებმა გამარჯვებაზე საუბარი სულ უფრო იშავიათად დაიწყეს“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

„ეს გადაწყვეტილება მოქმედების ტაქტიკის გადახედვის აუცილებლობით არის განპირობებული. აღნიშნულმა სტრატეგიამ გასულ წელს სასურველი შედეგი სრულად ვერ უზრუნველყო, რათა თავიდან აგვეცილებინა სტაგნაცია ფრონტის ხაზზე, რაც საზოგადოების განწყობაზე უარყოფითად აისახება“, - გაიმეორა იგივე აზრი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თავის Telegram-არხზე. გარდა ამისა, როგორც ის წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აუცილებელია „ახალი ფუნქციონალური და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რაც ინიციატივის შენარჩუნებისა და განვითარებისკენ იქნება მიმართული“. ამასთანავე, პოდოლიაკის თქმით, ჯარში მართვის პრინციპების რეფორმაა საჭირო.

ანალოგიური განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა: „ომი იცვლება და ცვლილებებს მოითხოვს. 2022, 2023 და 2024 წლების საბრძოლო მოქმედებები სამი განსხვავებული რეალობაა. 2024 წელი მოიტანს ცვლილებებს, რომელთათვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომები და ახალი სტრატეგიები“.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და ვოლოდიმერ ზელენსკის ოპონენტი პეტრო პოროშენკო სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ზალუჟნისთვის მადლობის გადახდით შემოიფარგლა. გადადგომის მთავარი ოპონენტი კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იყო. „იმედი მაქვს, ხელისუფლება მსგავს ცვლილებებს საზოგადოებას განუმარტავს. როდესაც ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის გაგრძელებაა საჭირო. ასეთ დროს, საზოგადოების ერთსულოვნებისთვის, საჭიროა ავტორიტეტები, რომელთაც ხალხი ენდობა“, - განაცხადა მან. 

რას ელიან სირსკისგან?

თუ რა ტაქტიკაა მოსალოდნელი სირსკისგან, უკრაინაში ფრთხილად საუბრობენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე მოვლენ ბრიგადის გენერლები ანდრეი გნატოვი, მიხაილ დრაპატი, იგორ სკიბიუკი, ამასთანავე, პოლკოვნიკები პაველ პალისა და ვადიმ სუხარევსკი. ამის შესახებ თავდასხმის მესამე ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა. დასახელებული პირებიდან ყველას აქვს სამხედრო გამოცდილება დონბასში, 2014-1015 წლებში. ”ეს არის ახალი სამხედრო თაობა,  დაახლოებით, 40 წლის. მათ გამოცდილებას ვერცერთი სამხედრო სკოლა ვერ ჩაანაცვლებს”, - ამბობს ჟორინი.

უკრაინელი მთავარსარდლის შეცვლაზე რუსეთში სერიოზული კომენტარი არ გაკეთებულა. გამოანაკლისია, RT-ის ხელმძღვანელის, მარგარიტა სიმონიანის ჩანაწერი Telegram- არხზე: ”დღეს, უბრალოდ, ზელენსკიმ გადაწყვიტა, ტაკერის მიერ გამოწვეული (ჟურნალისტი, რომელმაც ვლადიმერ პუტინისგან ინტერვიუ აიღო) ჭექა-ქუხილი მოეპარა“. ომის მომხრე Z-არხები ამ საკითხზე კვლავ ფრთხილად წერენ. მათი აზრით, შესაკრებთა გადანაცვლებით, რუსეთისთვის არაფერი შეიცვლება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი დილის ბრიფინგზე შემოიფარგლა იმ ფრაზით, რომ რაც ხდება, უკრაინის სუვერენული საქმეა. იგივე აზრი გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა. „არჩეულმა ლიდერმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს სამხედრო ხელმძღვანელობის ზედა საფეხურებს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობისა და  არმიის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნატოს საქმე არ არის ამ საკითხზე აზრის გამოთქმა“. „თუმცა მე მივესალმები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ძალიან მკაფიო განცხადებას, რომ არანაირი ცვლილება არ იმოქმედებს უკრაინის ურთიერთობებზე მის პარტნიორებსა და ნატოსთან. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას და ეს არის მთავარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

BBC-ის სამხედრო ჟურნალისტი ჯონათან ბილი ციტირებს ანალიტიკოს ჯასტინ კრამპს, რომელიც ამბობს, რომ ზალუჟნის დაკისრებული ჰქონდა შეუსრულებელი მისია, რაც ნატოს სტანდარტების შესაბამისად, უკრაინის არმიის თანამედროვე სამხედრო მანქანად გადაქცევას გულისხმობდა. მისი თქმით, ამისათვის სამხედროებს მხოლოდ რამდენიმე კვირა მიეცათ. ბილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზალუჟნი პოსტსაბჭოთა ეპოქის გენერალი იყო, საბჭოთა ჯარში სამსახურის გამოცდილებამ მასზე გავლენა იქონია. Financial Times-ის უკრაინელი კორესპონდენტი კრისტოფერ მილერი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ სირსკის სამხედროებში „ყასბის“ რეპუტაცია აქვს. ჟურნალ Economist-ის ჟურნალისტი ოლივერ კეროლი, რომელიც რამდენიმე წელია უკრაინაში მუშაობს, ოლექსანდრ სირსკის უწოდებს „ჰიპერაქტიურ პედანტს“, რომელსაც გენერლები დიდ პატივს სცემენ. გაზეთ Guardian-ის ერთ-ერთმა ინტერვიუერმა სირსკი აღწერა, როგორც „ძალიან საბჭოთა აზროვნების მქონე ადამიანი“, მეორემ მას უწოდა ჯარისკაცი, რომელიც მზად არის დიდი მსხვერპლისთვის, რათა ფრონტის წინა ხაზზე მობილიზაციაზე გავლენა იქონიოს.

სხვა თემები