15 თებერვალი 2024 - 14:26

როგორ ხვდება ალკოჰოლური სასმელები ევროკავშირიდან რუსეთში და რა როლს ასრულებს ამ მიმართულებით ლატვია?

ფოტო: ТАСС

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთში ღვინისა და ვისკის უმსხვილესი ექსპორტიორი ლატვია გახდა. ვინ და როგორ იყენებს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ალკოჰოლის ტრანზიტისთვის და ვინ სარგებლობს ამით? აღნიშნულ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია. 

რა ხდება?

2023 წელს, ლატვია რუსეთისთვის ვისკის მთავარი მიმწოდებელი გახდა. გასული წლის ცხრა თვის მონაცემებით, რუსეთში 244 მილიონი ევროს ღირებულების ალკოჰოლური სასმელის იმპორტი განხორციელდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვისტის“ ცნობით, ამ საერთო მაჩვენებლის სამი მეოთხედი - 177 მილიონი ევროს ღირებულების საქონლის მიწოდება სწორედ ლატვიამ უზრუნველყო. მეორე ადგილზე, მაგრამ დიდი სხვაობით, არის ლიეტუვა, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში 27 მილიონი ევროს ღირებულების ვისკის ექსპორტი შეასრულა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია არა მხოლოდ ვისკიზე, არამედ - ღვინოზეც. ლატვიამ რუსეთს 73 მილიონი ევროს ღირებულების ღვინო მიჰყიდა, რითიც რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი - იტალია ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელმა 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე, რუსეთში დაახლოებით 68 მილიონი ევროს ღირებულების ღვინო შეიტანა. ლატვიის მონაცემებით, საბოლოო ჯამში, 2023 წლის დეკემბრამდე, ამ მიმართულებით რუსეთში 1,1 მილიარდ ევროზე მეტი საქონელი იყო ექსპორტირებული. ექსპორტის თითქმის ნახევარი სასმელებმა, ალკოჰოლმა და ძმარმა შეადგინა. ამრიგად, გასულ წელს რუსეთი ლატვიისთვის ექსპორტის მოცულობით მეხუთე ადგილზე იყო. 
 
უმეტესწილად, ალკოჰოლური სასმელები, რომელთა ექსპორტსაც ლატვია რუსეთში ახორციელებს, მოდის დასავლეთ ევროპის საწარმოებიდან, რომლებიც ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაშია რეგისტრირებული. ამას ლატვიის ალკოჰოლური მრეწველობის ასოციაციის წარმომადგენლებიც  აღიარებენ. „როგორც ჩანს, არსებობენ დასავლეთ ევროპის მსხვილი საწარმოები, რომლებიც იყენებენ ლატვიას, როგორც ერთგვარ სადისტრიბუციო ცენტრს“, - ამბობს ლატვიის ბანკის ეკონომისტი მატის მიროშნიკოვი DW-სთან ინტერვიუში. „შესაბამისად, საუბარია არა ლატვიური პროდუქციის წარმოებაზე, არამედ - რეექსპორტზე“,- დასძენს ის. 

იმ ფაქტს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საბაჟო სტატისტიკაში მწარმოებელ ქვეყანებად არიან მოხსენიებული, ალკოჰოლის მსხვილი დისტრიბუტორი და იმპორტიორი რუსული კომპანია „ლადოგას“ პრეზიდენტი ბენიამინ გრაბარი „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ასე განმარტავს: „თუ ადრე დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ რუსეთში იმპორტი ლატვიისა და ლიეტუვის გავლით ხორციელდებოდა, ახლა ისინი არიან სამიზნე - ქვეყნები, სადაც ექსპორტი შედის, იქიდან კი ჯაჭვი რუსეთში გრძელდება".

ამრიგად, ლოგისტიკური ჯაჭვი არ შეცვლილა. არ შეცვლილან მწარმოებლებიც, რომლებიც რუსეთს ალკოჰოლურ სასმელებს აწვდიან, მაგრამ ახლა მათ დოკუმენტებში  ჩნდება ლატვია, როგორც ქვეყანა, სადაც საექსპორტო პროდუქცია იგზავნება. ევროკავშირიდან რუსეთისკენ მიმავალი ლოგისტიკური ჯაჭვის საბაჟო პროცედურაზე, მათ შორის - დოკუმენტაციის მომზადებაზე, ლატვიელი პარტნიორები ზრუნავენ. 

არის თუ არა ექსპორტი რუსეთში დილემა მოგებასა და მორალს შორის?

მარტივი ალკოჰოლური პროდუქტების ექსპორტი, რომელიც ფუფუნების საგნებს არ ეკუთვნის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ ეწინააღმდეგება. თუმცა, რადგან ლატვია სადისტრიბუციო ცენტრის ფუნქციას ასრულებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთევროპული კომპანიები საკუთარ ბიზნეს რეპუტაციას უფრთხილდებიან და რუსეთს პირდაპირი გზით პროდუქციას არ აწვდიან, - ამბობს მატის მიროშნიკოვი. ის უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ არიან კომპანიები, რომელთა არსებობაც ამ საკითხთან პირდაპირ არის დაკავშირებული. „ზოგიერთი კომპანიის კლიენტები მხოლოდ რუსეთი და ბელარუსი არიან. ამიტომაც მათ არ სურთ და უბრალოდ, არც შეუძლიათ მუშაობა შეწყვიტონ“,- დასძენს მიროშნიკოვი.

ბევრ დამოუკიდებელ ორგანიზაციას აინტერესებს, რამდენად ეთიკურია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მოსკოვთან ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება. Moral Rating Agency-ის მიხედვით, რომელიც ადგენს დასავლურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან  ჯერ კიდევ მუშაობენ, ყველაზე ცნობილია ფრანგული კონცერნი Pernod Ricard-ი. ის ცნობილია ისეთი სავაჭრო ბრენდებით, როგორიცაა არაყი Absolut-ი და Jameson Whisky. Pernod Ricard-ი რუსეთისთვის ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი მიმწოდებელია. თუმცა, როგორც რუსული მედია იუწყება, Pernod Ricard-ი რუსეთის ფედერაციასთან ბიზნეს საქმიანობის დასრულებას გეგმავს. თუმცა,  კონცერნის პრესსამსახურის ცნობით, ამას "რამდენიმე თვე" დასჭირდება. ამასობაში კი კომპანიის თანამშრომლები რუსეთში ხელფასებს ჩვეულებრივად იღებენ. ე.წ. პარალელური იმპორტი, რაც მესამე ქვეყნის გავლით რუსეთისთვის საქონლის მიწოდებას გულისხმობს, როგორც ჩანს, გრძელდება. Pernod Ricard-ის ლატვიის წარმომადგენლობამ DW-ს კითხვები უპასუხოდ დატოვა. არც ალკოჰოლის სხვა ექსპორტიორებმა ისურვეს DW-სთან საუბარი. 

რუსეთთან მზარდი ვაჭრობისა და პოლიტიკური კურსის კონტრასტი

ლატვიის ალკოჰოლური მრეწველობის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, დავის ვიტოლისს განსაკუთრებული არგუმენტები აქვს. "ალკოჰოლი ნამდვილად არის პროდუქტი, რომლის გაყიდვაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა, ალკოჰოლი, ჭარბი მოხმარებისას, შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს", - განაცხადა მან ლატვიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა. ეკონომისტი მატის მიროშნიკოვი თვლის, რომ „ერთი მხრივ, რუსეთისგან ფულის მიღება კარგია, რადგან ამ გზით რუსეთის ფედერაციას ომისთვის ნაკლები ფული რჩება. მეორე მხრივ, ეს საშუალებას აძლევს რუსულ ელიტას, გააკეთოს ის, რაც სურს და მისთვის ჩვეული ცხოვრების წესი შეინარჩუნოს ისე, თითქოს არაფერი შეცვლილა“. 

რუსეთთან ალკოჰოლური ვაჭრობის ზრდა ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკურ კურსს მკვეთრად ეწინააღმდეგება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი განსაკუთრებული დაჟინებით მოითხოვდნენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომამდე დიდი ხნით ადრე, ისინი ვლადიმერ პუტინის აგრესიულ პოლიტიკაზე საუბრობდნენ. ლატვია და ესტონეთი რუსულ ენაზე კატეგორიულ უარს ამბობენ. განათლების მიღება აქ მხოლოდ სახელმწიფო ენაზე იქნება შესაძლებელი. ვისაც ლატვიაში რუსული პასპორტით ცხოვრება სურს, უნდა ფლობდეს ლატვიურ ენას A2 დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დეპორტაცია ემუქრება. 

ამდენად, ქვეყანაში პარადოქსული ვითარება შეიქმნა: ერთი მხრივ, რუსეთის, მისი კულტურისა და ენის დაბლოკვა და მეორე მხრივ, მზარდი ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში სარგებლის მიღების მიზნით. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კასპარს გერჰარდსმა, რომელიც ლატვიის ალკოჰოლის ინდუსტრიაზეა პასუხისმგებელი, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უწყებაში DW-ს განუცხადეს, რომ მინისტრს ინტერვიუსთვის დრო არ ჰქონდა. ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა, ილზე ინდრიქსონემ კი ლატვიური მედიის შეკითხვას რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის შესახებ უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთსა და ბელარუსთან ვაჭრობის შეწყვეტას მთავრობა კომპანიებისგან დიდი ხანია ითხოვს. „ჩვენ საზღვრის ფიზიკურად ჩაკეტვა და სატრანსპორტო კავშირების შეფერხება განვიხილეთ. თუმცა, ამას თუ არ გააკეთებს ყველა ქვეყანა, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს ესაზღვრებიან, მხოლოდ ჩვენი ქმედება არანაირ შედეგს არ მოიტანს“,- განაცხადა მან.

სხვა თემები