21 თებერვალი 2024 - 00:11

მაიას ცივილიზაცია: მთვარის კალენდარი და 13 ტოტემ-ნიშანი

მაიას მესოამერიკულმა ცივილიზაციამ, რომელიც ჩვენს ერამდე 2000-250 წლებში არსებობდა, საოცრად დახვეწილი დამწერლობის, ხელოვნების და არქიტექტურის, მათემატიკური და ასტრონომიული სისტემის შექმნით გაითქვა სახელი. განვითარების პიკს მაიამ ჩვენს ერამდე 900-250 წლებში მიაღწია, როცა იეროგლიფებისა და სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენებით შეიმუშავა უნიკალური კალენდარი, რომლის გაშიფვრას მეცნიერები დღემდე ცდილობენ.  

 

13 ტოტემ-ნიშნის ზოგადი დახასიათება

სხვა უძველესი ცივილიზაციების მსგავსად საკუთარი ზოდიაქალური რუქა შექმნეს მაიას დახელოვნებულმა ასტრონომებმა და მათემატიკოსებმაც, თუმცა დანარჩენებისგან განსხვავებით, მათ მზის ნაცვლად მთვარე აქციეს მთავარ ორიენტირად და სწორედ მის 13 ციკლს მოარგეს 13 ზოდიაქალური ტოტემი (ანუ ნიშანი), რომელთაგან თითოეული ცხოველს განასახიერებს, 28 დღე გრძელდება და საერთო ჯამში 364 დღეს შეადგენს, რადგან 365-ე ანუ „დღე დროის გარეშე“ მაიას კალენდრით მასშტაბურ დღესასწაულს ეძღვნება. 

ღამურა (ანუ „ცუტცი“, 26 ივლისი - 22 აგვისტო, შეესაბამება ლომის ზოდიაქოს ნიშანს) -  ბუნებით ლიდერი და ქარიზმატული ღამურა, თვითრწმენისა და მაღალი თვითშეფასების წყალობით აღწევს წარმატებას საქმიან და სოციალურ ცხოვრებაში. მართალია, ამ ნიშნით დაბადებული ყოველთვის კარგი მეგობარი და საიმედო პარტნიორია, მაგრამ არ ღირს მისი თავისუფლების შეზღუდვა, რადგან მთავარი მისთვის დამოუკიდებლად მოქმედება და ყველა ღირსების, დადებითი თვისებების მაქსიმალურად გამოვლენაა. 

მორიელი (ანუ „დსეცი“, 23 აგვისტო - 19 სექტემბერი, შეესაბამება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს) - ცნობისმოყვარე და დაკვირვებული მორიელი ანალიტიკური აზროვნებით, ობიექტურად მსჯელობის უნარით გამოირჩევა და ყოველთვის ბრწყინვალე ორატორია. მკაცრად იცავს ტრადიციებს და ადათ-წესებს, რადგან სწორედ კონსერვატორული ცხოვრების წესი განსაზღვრავს მის თვითრწმენასა და სტაბილურობას. პირად ურთიერთობაში მორიელი მზრუნველი და ყურადღებიანია, ყოველთვის მზადაა დაეხმაროს და მხარში ამოუდგეს პარტნიორს, მით უფრო, რომ სიყვარულს საქმით ამტკიცებს და არა სიტყვებით.  

ირემი (ანუ „კეჰი“, 20 სექტემბერი - 17 ოქტომბერი, შეესაბამება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს) - შემოქმედებითი ბუნების ირემი კარგად განვითარებული ფანტაზიით, გემოვნებით და სილამაზის აღქმით გამოირჩევა, ამიტომ მეტწილად მხატვრის ან ლიტერატორის პროფესიას ირჩევს. უპირატესობას მშვიდ, ჰარმონიულ ცხოვრებას ანიჭებს, თუმცა არც სირთულეები  აშინებს, რადგან მარტივად ერევა ნებისმიერ პრობლემას. ექსტრავერტი ირემი  ყოველთვის დაუფარავად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს და გარშემომყოფთა ნდობასაც სწრაფად იმსახურებს, სიმპათიას და პატივისცემას კი, გულწრფელობის, სიმსუბუქისა და ინტელექტის წყალობით მოიპოვებს. 

ბუ (ანუ „მოანი“, 18 ოქტომბერი - 14 ნოემბერი, შეესაბამება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს) - გონიერ და ბრძენ ბუსთან, რომელსაც ბრწყინვალედ აქვს ინტუიცია განვითარებული, ძალიან  რთულია დამეგობრება, რადგან უინტერესო და უსარგებლო ურთიერთობას ისევ საკუთარ თავსა და სამყაროში განმარტოება ურჩევნია. ამ ნიშნით დაბადებული კარგი მსმენელი, მოსაუბრე და მრჩეველია, ამიტომ ხშირად მიმართავენ მეგობრები რჩევისთვის. მართალია, გარშემომყოფებთან მარტივად კომუნიკაციის წყალობით, ბუს ყოველთვის უამრავი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ უპირატესობას მაინც იმ მეგობართა ვიწრო წრეს ანიჭებს, ვისაც ბოლომდე ენდობა.   

ფარშევანგი (ანუ „კუცი“, 15 ნოემბერი - 12 დეკემბერი, შეესაბამება მშვილდოსნისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს) - ქათინაურებით განებივრებულ ფარშევანგს ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამიტომ მაღალ სოციალურ და პროფესიულ სტატუსსაც მარტივად აღწევს. პერფექციონისტი ფარშევანგი ყველაფერში სრულყოფილებას ეძებს და ზოგჯერ უბრალოდ შეპყრობილია იდეალისკენ სწრაფვით, თუმცა არასდროს კარგავს ობიექტურობის შეგრძნებას. მართალია, ამ ნიშნით დაბადებული ყოველთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ არასდროს გეგმავს მომავალს, რადგან ერთი სრულყოფილი დღის შექმნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ილუზორულ მომავალზე ფიქრი.  

ალიგატორი (ან ხვლიკი, „კიბრაი“, 13 დეკემბერი - 9 იანვარი, შეესაბამება მშვილდოსნისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს) – მსუბუქი და ბუნებით ოპტიმისტი ალიგატორი მარტივად ერგება სწრაფად ცვალებად გარემოს, თუმცა ძალიან არ მოსწონს, როცა აკონტროლებენ ან მისით ცდილობენ მანიპულირებას. ამ ნიშნით დაბადებული საქმიანობის ნებისმიერ სფეროში ნაყოფიერი იქნება, თუ კარგად დაფიქრების, ყველაფრის დეტალურად შესწავლის დრო მიეცემა და სწორედ ამ თავისებურების წყალობით ითვლება საუკეთესო მკვლევრად და ანალიტიკოსად. 

მაიმუნი (ანუ „ბაც კიმილი“, 10 იანვარი - 6 თებერვალი, შეესაბამება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს) - მაიას ჰოროსკოპის ყველაზე ხალისიანი ტოტემი არასდროს კარგავს კონტაქტს საკუთარ შინაგან ბავშვთან. აქტიური ცხოვრების წესის მიმდევარი მაიმუნი ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა და მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს, უყვარს მხიარული წვეულებები და მასობრივი თავყრილობები, ამიტომ ყოველთვის წარმატებულია საქმიანობის იმ სფეროში, სადაც ღონისძიებების ორგანიზება და ადამიანებთან აქტიურად კომუნიკაციაა საჭირო. ამ ნიშნით დაბადებულს ყოველთვის ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს, რადგან ვერ უძლებს მარტოობას და დეპრესიაც ადვილად ერევა.  

შევარდენი (ანუ „კოზი“, 7 თებერვალი - 6 მარტი, შეესაბამება თევზების ზოდიაქოს ნიშანს) - ჭკვიანი და გონებაგამჭრიახი, ძლიერი და გაწონასწორებული შევარდენი სიმშვიდითა და სიბრძნით იმსახურებს გარშემომყოფთა პატივისცემას. ხშირად ხელმძღვანელობს მსხვილ პროექტებს და ადამიანთა მასობრივ ჯგუფებს, რადგან არც პასუხისმგებლობის გრძნობა აშინებს, არც ძალაუფლება ამძიმებს, თუმცა მიზნისკენ სწრაფვისას არასდროს კარგავს ღირსებას, არ ხლართავს ინტრიგებს და არ ცდილობს სხვის ხარჯზე დაწინაურებას. სამართლიანი და პატიოსანი შევარდენი, რომელიც ყოველთვის მტკიცე მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობს, აუცილებლად კარგი პარტნიორი და მშობელია.  

იაგუარი (ანუ „ბალამი“, 7 მარტი - 3 აპრილი, შეესაბამება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს) - რისკისა და ექსტრიმისკენ მიდრეკილი იაგუარი მთელი ცხოვრება ხიფათსა და უსიამოვნებებს ეძებს, რადგან სწორედ მათი დაძლევით იძენს სითამამესა და თვითრწმენას. თანდაყოლილი სიძლიერისა და სიმტკიცის წყალობით ამ ნიშნით დაბადებული ყოველთვის კარგი ლიდერი, ხელმძღვანელია და სხვათა პატივისცემასაც საკუთარი გამბედაობის წყალობით მოიპოვებს, თუმცა საოცრად მოძრავს და ენერგიულს მუდმივად მოქმედება სჭირდება, რათა თავისივე ენერგიამ არ დაწვას შიგნიდან. 

მელა (ანუ „ფექსი“, 4 აპრილი - 2 მაისი, შეესაბამება კუროს ზოდიაქოს ნიშანს) - შრომისმოყვარე და პასუხისმგებელი მელა ერთნაირად ცდილობს კომფორტის და სტაბილურობის მოპოვებას როგორც პირად ცხოვრებაში, ისე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. ამ ნიშნით დაბადებულს ძალიან უყვარს ოჯახი და მეგობრები, უანგაროდ ეხმარება ახლობლებს და არასდროს ელის მადლიერებას. მართალია, პირად ურთიერთობაში ზოგჯერ ზედმეტად ეძალება ემოციები, მაგრამ ჩვეულებრივ მშვიდი და თავშეკავებული, ერთგული და საიმედო პარტნიორია.  

გველი (ანუ „კანი“, 3 მაისი - 29 მაისი, შეესაბამება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს) - ჭკვიან და ცნობისმოყვარე გველს, რომელიც მუდმივად სიახლის ძიებაშია და ინტერესით საქმიანობს  ნებისმიერ სფეროში, ძალიან მოსწონს, როცა აქებენ, პატივს სცემენ და მის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ. გველი ოჯახური ტოტემია, არ უყვარს მარტოობა და ყოველთვის სიამოვნებით ებმება პარტნიორულ ურთიერთობაში, თუმცა მისი მოხიბვლა საკმაოდ რთულია, რადგან ბუნებით ორიგინალურს ყველაფერი უჩვეულო და განსხვავებული მოსწონს. 

ციყვი (ანუ „ცუბი“, 30 მაისი - 26 ივნისი, შეესაბამება ტყუპების და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებს) - შრომისმოყვარე, თუმცა მეტად ექსპრესიული ციყვი მუდმივად კომუნიკაციას ეძებს ადამიანებთან, ყოველთვის გულწრფელია და სხვისგანაც იმავეს მოითხოვს. ამ ნიშნით დაბადებული აუცილებლად საიმედო, ერთგული მეგობარია და ძალიან მარტივია მასთან საუბარი, რადგან საკუთარ გრძნობებსაც თავისუფლად გამოხატავს  და სხვისი განცდებიც კარგად ესმის.

კუ (ანუ „ააკი“, 27 ივნისი - 25 ივლისი, შეესაბამება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს) - გონიერი, თუმცა ძალიან ჯიუტი და პრინციპული კუსთვის, რომელიც მეტწილად ეკოლოგიური პრობლემებით ინტერესდება, ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ყველა თანასწორი იქნება. მართალია, ამ ნიშნით დაბადებული საკუთარ თავსა და სამყაროში ჩაკეტვისკენაა მიდრეკილი, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ შესაფერის პარტნიორს იპოვის, რადგან სწორედ ოჯახი და პარტნიორული ურთიერთობაა მისთვის მთავარი. 

სხვა თემები