27 თებერვალი 2024 - 10:00

ბერლინის კინოფესტივალი: გამარჯვებულები და პრიზის გარეშე დარჩენილი ფავორიტები

წელს კინოფესტივალების სეზონი იანვარში გაიხსნა ამერიკული „სანდენსით“, რასაც ალტერნატიული და არაკომერციული კინოს ჩვენება მოჰყვა როტერდამში, თებერვალში კი, წლის პირველი მსხვილი კინოფორუმი - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი მოეწყო, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო და მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა, მით უფრო, რომ უძლიერესი პროგრამით წარდგა პუბლიკის წინაშე. 

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელებმა კარლო შატრიანმა და მარიეტე რისენბეკმა ავანგარდისტი რეჟისორებისა და საავტორო კინოს ავტორების ახალ ნამუშევრებთან ერთად ე.წ. პოპულარული კინოს საუკეთესო ნიმუშებიც შესთავაზეს მაყურებელს ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, თუმცა წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავების სიუხვის მიუხედავად მაინც შეძლეს ფესტივალის ესთეტიკისა და მხატვრული დონის შენარჩუნება.  

ფესტივალის ხელმძღვანელთა ცვლილება

წლევანდელი წელი უკანასკნელი აღმოჩნდა კარლო შატრიანისა და მარიეტე რისენბეკისთვის, რომელთაც მართალია, რევოლუციური გარდაქმნები განახორციელეს რამდენიმე წლის წინ და პრაქტიკულად თავიდან შექმნეს ფესტივალის საკურატორო პროგრამა, მაგრამ ვერ შეძლეს ფესტივალის ხელმძღვანელობასთან სამომავლო გეგმებზე შეთანხმება და საკუთარი ნებით დატოვეს პოსტი. მომავალი წლიდან ბერლინის კინოფესტივალს ამერიკელი ტრიშა ტატლი ჩაუდგება სათავეში, რომელიც მანამდე ლონდონის კინოფორუმს BFI London Film Festival-ს ხელმძღვანელობდა.

ბერლინალეს ჟიური

საინტერესო შემადგენლობით წარდგა ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიური კენიელი მსახიობისა და რეჟისორის ლუპიტა ნიონგოს მეთაურობით. საერთაშორისო გუნდმა მეტწილად ევროპელი და აზიელი კინემატოგრაფისტები - ბრეიდი კორბეტი, ენნ ჰუეი, კრისტიან პეტცოლდი, ალბერტ სერა და ჟასმინ ტრინკა გააერთიანა, რომელთაც უკრაინელი მწერალი ოქსანა ზაბუჟკოც შეუერთდა.  

მოულოდნელი გამარჯვება

ბერლინალეს მთავარ ფავორიტებად ოლივიე ასაიასი, მინ ბაჰადურ ბამი, ჰონ სან-სუ და ირანელი რეჟისორები - ბეჰთაშ სანაი და მარიამ მოგადამი ითვლებოდნენ ფილმებით „დროის მიღმა“, „შამბალა“, „მოგზაურის საჭიროებანი“ და „ჩემი საყვარელი ნამცხვარი“, თუმცა ფესტივალის საუკეთესო ფილმად მატი დიოპის „დაჰომეა“ დასახელდა, რომელმაც მთავარი პრიზი - „ოქროს დათვი“ დაიმსახურა. 

მართალია, გასული წლებისგან განსხვავებით წლევანდელ ბერლინალეს მასობრივად სტუმრობდნენ აფრიკული კინოს წარმომადგენლები თავად ლუპიტა ნიონგოს ჩათვლით, მაგრამ სენეგალელი დიოპის გამარჯვება მაინც ბევრისთვის, განსაკუთრებით ირანელი რეჟისორების გულშემატკივრებისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი.

„დაჰომეა“ (Dahomey, მატი დიოპი)

დიოპის დოკუმენტური ფილმი ბენინის რესპუბლიკაში მოწყობილ გამოფენას მიეძღვნა, სადაც კულტურული საგანძური და ის უნიკალური ქანდაკებები გამოიფინა, რომლებიც რამდენიმე საუკუნის წინ გაიტაცეს ფრანგმა კოლონიზატორებმა და მხოლოდ 2021 წელს, ევროპის მუზეუმებში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ დაუბრუნეს ბენინელებს.  

საინტერესო აღმოჩნდა ფრანგი წარმოშობის სენეგალელი რეჟისორის სტილი და თხრობის მანერა, რომელმაც მეტად ორიგინალურად განაზოგადა კონკრეტული ისტორია და კოლონიალიზმის თემაზე შექმნილ ფილმში გააერთიანა ყველა ის აქტუალური თემა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებას აღელვებს.

ბერლინალეს პრიზიორები

ჟიურის გრან-პრით ჰონ სან-სუს დრამა „მოგზაურის საჭიროებანი“ აღინიშნა, ჟიურის პრიზი კი, ბრუნო დიუმონის ფანტასტიკურ კომედიას „იმპერიას“ (L’Empire) გადაეცა. საუკეთესო რეჟისორად ნელსონ კარლოს დე ლოს სანტოს არიასი დასახელდა ფილმით „პეპე“ (Pepe), საუკეთესო მსახიობი კი, სებასტიან სტენი გახდა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა დრამაში „სხვა მამაკაცი“ (A Different Man), პრემიით აღინიშნა ემილი უოტსონის მეორე პლანის როლიც ფილმში „ასეთი წვრილმანები“ (Small Things Like These). 

პრიზის გარეშე დარჩენილი ფავორიტები

მართალია, წელს ბერლინალეს ორგანიზატორებმა ფესტივალის ბიუჯეტთან ერთად ფილმების რაოდენობაც შეამცირეს და გასული წლის 287 ნამუშევრის ნაცვლად მხოლოდ 200 წარადგინეს, მაგრამ საკონკურსო პროგრამა მაინც უცვლელად შეინარჩუნეს. წლევანდელ სეზონზე მთავარი პრიზისთვის 30 ქვეყნის 20 ფილმი იბრძოდა სადებიუტო ნამუშევრებისა და დოკუმენტური პროექტების ჩათვლით.  

„ასეთი წვრილმანები“ (Small Things Like These, ტიმ მილანტისი)

ფესტივალის საკონკურსო პროგრამა ტიმ მილანტსის ნამუშევრით „ასეთი წვრილმანებით“ გაიხსნა, რომელშიც მთავარი როლები კილიან მერფიმ და ემილი უოტსონმა შეასრულეს, პროდიუსერობა კი, თავად მერფიმ და მეტ დეიმონმა ითავეს. 

კლერ კიგანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნილი ირლანდიურ-ბელგიური დრამა წმინდა მაგდალენას ცნობილ თავშესაფრებს მიეძღვნა, სადაც ე.წ. „ცოდვილ და ზნედაცემულ“ ქალებს ანაზღაურების გარეშე აიძულებდნენ მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებას. აღსანიშნავია, რომ ციხეს დამსგავსებულ თავშესაფრებზე, რომლებიც 1880-იან წლებში დაარსდა და გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლომდე ფუნქციონირებდა კათოლიკური ეკლესიის მეურვეობით, უამრავი ფილმი შეიქმნა, რომელთა შორის საუკეთესო პიტერ მულანის ნამუშევარი - 2002 წელს ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი დრამა „მაგდალენას დები“ აღმოჩნდა.  

„გაყინული დრო“ („დროის მიღმა“, Hors du temps, ოლივიე ასაიასი)

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა ფრანგი რეჟისორის ოლივიე ასაიასის ახალი ფილმიც „გაყინული დრო“. ტრაგიკომედია სწორედ ის ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელსაც მაყურებელი ტრადიციულად ფრანგული საფესტივალო ფილმისგან ელის, რადგან ნაკლებად დინამიკური ავტობიოგრაფიული ფილმის მოქმედება მეტწილად დიალოგების ფონზე ვითარდება, რაც ძალიან მოსწონთ ფრანგებს.

ფილმმა ორ ძმასა და მათ მეგობარ ქალებზე მოუთხრო მაყურებელს, რომელთაც კოლექტიურად გადაწყვიტეს კარანტინის გატარება 2020 წლის კოვიდ-პანდემიის დროს. ძმები, რომელთაგან ერთი რეჟისორი, მეორე კი, მუსიკალური კრიტიკოსია,ზუსტად ისე, როგორც ასაიასი და მისი ძმა, მშობლების ძველ სახლში დაბინავდნენ, სადაც წარსულმა ზოგჯერ სასიამოვნო, ზოგჯერ კი, მტკივნეული მოგონებებით შეახსენა თავი და ერთი მხრივ, განვლილი ცხოვრების გადაფასება, მეორე მხრივ კი, მომავალზე დაფიქრება აიძულა. მთავარი როლი ფილმში რეჟისორის ფავორიტმა მსახიობმა ვენსან მაკენმა შეასრულა, რომელმაც სერიალში „ირმა ვეპი“ უკვე განასახიერა მისი „ალტერ ეგო“. 

„მოგზაურის საჭიროებანი“ (Yeohaengjaui pilyo, A Traveler’s Needs, ჰონ სან-სუ)

ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა სამხრეთ კორეელი რეჟისორის ჰონ სან-სუს დრამა „მოგზაურის საჭიროებანი“, რომელიც მხოლოდ ჟიურის გრან-პრის დასჯერდა. ფილმის მთავარი გმირი სამხრეთ კორეაში სამოგზაუროდ გამგზავრებული, თუმცა შემოსავლის გარეშე დარჩენილი ფრანგი ქალი გახდა, რომელმაც ჯერ პარკში შემთხვევით გაცნობილი სტუდენტის ბინას შეაფარა თავი, მერე კი, ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით სცადა ფულის შოვნა. 

ფრანგი ქალბატონი იზაბელ იუპერმა განასახიერა, რომელიც ფილმებში „სხვა ქვეყანაში“ და „კამერა კლერში“ მონაწილეობის შემდეგ მესამედ მიიწვია კორეელმა რეჟისორმა მთავარ როლზე. ძველი ნამუშევრების მსგავსად, სან-სუმ ახალ ფილმშიც შეინარჩუნა ჩვეული სტილი და აუჩქარებელი თხრობის მანერით, ყოვლისმომცველი მელანქოლიით მოუთხრო მაყურებელს მთავარი პერსონაჟების რუტინულ ყოველდღიურობაზე.     

„შამბალა“(Shambhala, მინ ბაჰადურ ბამი)

მნიშვნელოვან მოვლენად იქცა კიდევ ერთი საკონკურსო ფილმის მინ ბაჰადურ ბამის „შამბალას“ პრემიერა, რომელიც პირველი ნეპალური ფილმი გახდა ბერლინის კინოფესტივალის ისტორიაში. ეფექტური და საოცრად შთამბეჭდავი ნატურის კადრებით გამდიდრებულ ფილმ-მოგზაურობაში რეჟისორმა სიყვარულის და ქორწინების, ნდობის, თვითშეცნობისა და მსხვერპლშეწირვის თემები განიხილა, მთავარ გმირად კი, ახალგაზრდა ქალი - პემა აქცია, რომელიც ნეპალური ტრადიციით სამ ძმაზე გათხოვილი, ერთ-ერთის უგზოუკლოდ დაკარგვის შემდეგ მეორესთან ერთად ებმება მის ძიებაში და სწორედ სახიფათო მოგზაურობაში პოულობს ცხოვრების აზრსა და საკუთარ დანიშნულებას. 

აღსანიშნავია ფილმის ოპერატორის აზიზ ჟამბაკიევის ნამუშევარი, რომელმაც პემას ჰიმალაის მთებში მოგზაურობა მსხვილი ხედებითა და ხელის კამერით გადაღებული კადრების მონაცვლეობით გაამდიდრა და ერთგვარი მედიტაციური ხასიათი შესძინა ფილმს. ჟამბაკიევის განცხადებით, მსგავსი ვიზუალური სტილი პემას შინაგანი სამყაროს და მისი თავგანწირული მარტოობის გადმოსაცემად შეირჩა, რაც ბრწყინვალედ შეავსო ხმოვანმა გაფორმებამ - ქარის სტვენითა და მგლების ყმუილით, ზანზალაკების წკრიალითა და საოცრად თვითმყოფადი ფოლკლორული მუსიკით შექმნილმა საუნდთრეკმა.  

„ჩემი საყვარელი ნამცხვარი“ (Keyke mahboobe man (My Favourite Cake ბეჰთაშ სანაი და მარიამ მოგადამი)

ჟურნალისტების შეფასებით, ფესტივალის სხვა ფილმების ფონზე სწორედ ირანელი რეჟისორების ნამუშევარი აღმოჩნდა ყველაზე უპრეტენზიო, გულწრფელი და ჰუმანური. პათოსსა და მაღალფარდოვნებას მოკლებულმა მელოდრამამ 70 წლის მარტოხელა ქალის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, რომელსაც ძალიან მოჰბეზრდა მეზობელ ქალებთან უიმედო „ბებრული“ საუბრები და გახალისების, თუნდაც მცირე ხნით ახალგაზრდობის დაბრუნების სურვილით მიიწვია სახლში პირველი შემხვედრი ტაქსის მძღოლი.  

მხიარული მოხუცები ჯერ ირანში აკრძალული ღვინით გამოთვრნენ, მერე ცეკვები მოაწყვეს, ბოლოს კი, მართალია ტანსაცმლით, მაგრამ შხაპიც მიიღეს ერთად, თუმცა ასაკოვანი ტაქსის მძღოლის გულმა ვეღარ გაუძლო „თავაშვებულ დროსტარებას“ და მოულოდნელად გარდაიცვალა. 

ტრაგიკომედია ცეკვებით, ალკოჰოლითა და „ამორალური სიუჟეტით“ კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ირანის მთავრობისთვის, მით უფრო, რომ ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტის ფონზე, ფილმის ავტორებმა დეტალურად აღწერეს ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება და ე.წ. „ზნეობის პოლიციის“ განუსაზღვრელი ძალაუფლება, რომელსაც ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვისაც შეუძლია ქალების დასჯა და ქუჩაში გაროზგვა

სითამამე კინემატოგრაფისტებს ზედმეტად ძვირი დაუჯდათ, რადგან „სისტემისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ პროპაგანდაში“ დადანაშაულებულებს გასული წლის დეკემბერში საფრანგეთში აეკრძალათ გამგზავრება. მართალია, ირანის მთავრობის გადაწყვეტილება რეჟისორების ათეულობით მხარდამჭერმა გააპროტესტა საერთაშორისო კინოფესტივალების ორგანიზატორების, ავტორიტეტული საზოგადო და კინო მოღვაწეების ჩათვლით, მაგრამ სანაი და მოგადამი ვერც ბერლინის კინოფესტივალზე მოხვდნენ. მეტიც, რეჟისორებს პასპორტები ჩამოართვეს, მათი საქმის განხილვა კი დაჩქარებული წესით დაიწყო სასამართლოში. 

მარტინ სკორსეზეს საპატიო „ოქროს დათვი“

ლეგენდარულმა რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ არა მხოლოდ დევიდ ჰინტონთან ერთად შექმნილი დოკუმენტური პროექტი „გაკეთებულია ინგლისში: პაუელისა და პრესობურგერის ფილმები“ (Made in England: The Films of Powell and Pressburger) წარადგინა ფესტივალზე, არამედ სპეციალური პრიზიც - საპატიო „ოქროს დათვიც“ დაიმსახურა. პრემია სკორსეზეს მეგობარმა და კოლეგამ ვინ ვენდერსმა გადასცა, რომელმაც „ექსტრაორდინარული ავტორი და კინემატოგრაფიის ნამდვილი მეფე“ უწოდა რეჟისორს. 

დაჯილდოების ცერემონიამდე მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვაზე - „როგორ დაახასიათებდა საკუთარ თავს ერთი სიტყვით“, სკორსეზემ ღიმილით შენიშნა, რომ „ბევრი დღემდე ამოუცნობ და იდუმალებით მოცულ რეჟისორად მიიჩნევს, რაც ზოგჯერ სერიოზულ დისკომფორტს უქმის“, სტივენ სპილბერგთან თანამშრომლობის შესახებ კი, აღნიშნა, რომ შესანიშნავად გამოსდით  ფილმების ერთად პროდიუსირება, რისი საუკეთესო მაგალითი ბრედლი კუპერის ბოლო ნამუშევარი - ბიოგრაფიული დრამა „მაესტრო“ გახდა. სხვათა შორის, სპილბერგი გასულ წელს დაჯილდოვდა ანალოგიური პრემიით - საპატიო „ოქროს დათვით“.  

ქართული კინო ბერლინალეზე

ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი“ (Mother and Daughter Or The Night Is Never Complete), კინოფესტივალის სექცია „ფორუმში“ მოხვდა, რომელმაც 2021 წელს სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს „მოთვინიერებას“ უმასპინძლა, რამდენიმე წლით ადრე, 2013 წელს კი, ნანა ექვთიმიშვილის ფილმი „გრძელი ნათელი ღამეები“ აღნიშნა პრემიით. 

ღოღობერიძის დოკუმენტური ნამუშევარი ერთგვარ მოგონებად იქცა და დედას - საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ პირველ ქალ რეჟისორს ნუცა ღოღობერიძეს მიეძღვნა, რომელმაც მხოლოდ სამი ფილმის „მათი სამეფოს“ (მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად), „ბუბას“ და „უჟმურის“ გადაღება მოასწრო, რადგან 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლად ქცეული მეუღლის დაპატიმრებისა და დახვრეტის შემდეგ, მასაც მძიმე სასჯელი - 10-წლიანი გადასახლება მიესაჯა როგორც „სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს“. მართალია ნუცა ღოღობერიძე გადასახლებიდან დაბრუნდა, მაგრამ კინემატოგრაფიაში დაბრუნება აღარასდროს უცდია.  

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმით „გზაჯვარედინით“ (Crossroads) კი, სექცია „პანორამა“ გაიხსნა. ნაწილობრივ საქართველოში გადაღებულმა როუდ-მუვიმ აჭარის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელსა და მის მოგზაურობაზე მიუთხრო მაყურებელს, რომელიც დისშვილის მოსაძიებლად მიემგზავრება თურქეთში. მთავარი როლები ფილმში მზია არაბულმა და ლუკა კანკავამ შეასრულეს. 

სხვა თემები