27 თებერვალი 2024 - 10:00

როგორ წარმოუდგენია ისრაელის პრემიერ-მინისტრს ომის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორი? რას გულისხმობს ნეთანიაჰუს გეგმა?

ფოტო: Reuters

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომისშემდგომი ღაზას სექტორისთვის თავისი ხედვა წარადგინა. გეგმის მიხედვით, უსაფრთხოებას განუსაზღვრელი ვადით ისრაელი გააკონტროლებს, ტერიტორიის ადმინისტრაციულ მართვას კი უზრუნველყოფენ ის პალესტინელები, რომლებსაც ისრაელისადმი მტრულად განწყობილ დაჯგუფებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ისრაელის მთავარ მოკავშირეს, აშშ-ს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვს. თეთრ სახლში სურთ, რომ ომის შემდეგ ღაზას მართავდეს პალესტინის ადმინისტრაცია, რომელიც ამ ეტაპზე დასავლეთ სანაპიროზეა ბაზირებული. მიუხედავად ამისა, იმ მოკლე დოკუმენტში, რომელიც ნეთანიაჰუმ მინისტრებს ხუთშაბათს საღამოს წარუდგინა, პალესტინის ადმინისტრაცია საერთოდ არ იყო ნახსენები, - იუწყება BBC-ის კორესპონდენტი იერუსალიმიდან, ჯენი ჰილი.

როგორც ცნობილია, პალესტინის ადმინისტრაცია საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა ნეთანიაჰუ ომისშემდგომი ღაზის მმართველობის ამ ორგანიზაციისთვის ჩაბარებას იქამდეც გამორიცხავდა. ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ღაზას „დემილიტარიზაციაზე“ საუბრობს. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, ისრაელი გაანადგურებს ყველა სამხედრო პოტენციალს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად აუცილებელია. გარდა ამისა, „დემილიტარიზაციის“ ფარგლებში, ჩაიკეტება ღაზას საზღვარი ეგვიპტესთან, რათა თავიდან იყოს აცილებული კონტრაბანდა როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა გზით.

ნეთანიაჰუს გეგმის მიხედვით, ყველა რელიგიურ, საგანმანათლებლო და სოციალურ დაწესებულებაში „დერადიკალიზაციის“ პროგრამები განხორციელდება. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ პროექტში მსგავსი გამოცდილების მქონე არაბული ქვეყნების ჩართვაც არის შესაძლებელი. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნებზეა საუბარი. გარდა ამისა, იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელი ტერიტორიის უსაფრთხოებას ისრაელი გააკონტროლებს.

მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ბენიამინ ნეთანიაჰუს მუდმივად მოუწოდებდნენ, ღაზას მომავლის შესახებ საკუთარი ხედვა საჯაროდ წარმოედგინა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ახლა ცდილობს, აღიდგინოს ლიდერის რეპუტაცია, რომელსაც შეუძლია ისრაელის უსაფრთხოება უზრუნველყოს და თავის ხედვაში, ძირითადად, კოალიციურ მთავრობაში მყოფ მემარჯვენეებზე აპელირებს. 

რას ფიქრობენ ნეთანიაჰუს გეგმებზე პალესტინელები და მოკავშირეები?

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის სპიკერის განცხადებით, ნეთანიაჰუს გეგმა კრახისთვის განწირულია. ნაბილ აბუ რუდეინეს აზრით, „თუ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფით მსოფლიო გულწრფელად არის დაინტერესებული, მან უნდა დაასრულოს ისრაელის მიერ პალესტინის მიწების ოკუპაცია და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიაროს”. 

თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია, რომელიც დასავლეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივ აღიარებას ეხება. იმავდროულად, არის მოლოდინი, რომ იმ მოლაპარაკებების მონაწილეები, რომლებიც ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობვენ, სავარაუდოდ, მალე პარიზში შეხვდებიან.

შეერთებულ შტატებს სურს, რომ გარიგება დაიდოს მანამ, სანამ მუსლიმთა წმინდა თვე რამადანი დაიწყება. რამდენადაც ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება, საერთაშორისო თანამეგობრობა მზარდ ზეწოლას ახორციელებს ისრაელზე, რათა საომარი მოქმედებები შეწყდეს. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ოქტომბერში ომის დაწყების შემდეგ, 29 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ძირითადად, ქალები და ბავშვები. როგორც ცნობილია, ისრაელის სამხედრო შეტევა გამოიწვია „ჰამასის“ მებრძოლების უპრეცედენტო თავდასხმამ 7 ოქტომბერს, როდესაც დაჯგუფების წევრებმა, დაახლოებით, 1200 ადამიანი (ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქე) დახოცეს, 253 კი ღაზაში მძევლად წაიყვანეს.

გაეროს სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელიც  პალესტინელი ლტოლვილების დახმარებაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ ღაზას ემუქრება „მონუმენტური კატასტროფა, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება რეგიონის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით“. გაეროს გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელის, ფილიპ ლაზარინისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ სააგენტომ „მიაღწია კრიტიკულ წერტილს, რადგან ისრაელმა არაერთგზის მოითხოვა, გაუქმდეს გაეროს ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენლობა, რომელიც პალენტინელ ლტოლვილებს ეხმარება. ამასთანავე, დონორების დაფინანსების შეჩერებას სთხოვენ იმ ფონზე, რომ ღაზას სექტორში უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისია“. უმსხვილესმა დონორებმა აღნიშნულ სააგენტოს დაფინანსება შეუჩერეს წინა თვეში მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ გაათავისუფლა რამდენიმე თანამშრომელი, რადგან ისინი ისრაელმა ოქტომბრის თავდასხმების მონაწილეობაში დაადანაშაულა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავისი ომის შემდგომი სტრატეგიის ფარგლებში, აპირებს ზემოთ ხსენებული სააგენტოს დახურვასა და მის ჩანაცვლებას საერთაშორისო დამხმარე ორგანიზაციებით (თუ რომლით, ჯერ დაზუსტებული არ არის). გარდა ამისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ გააგრძელებს ომს მანამ, სანამ ისრაელი „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადს“ (სიდიდით მეორე შეიარაღებული დაჯგუფება ღაზას სექტორში) საბოლოოდ არ გაანადგურებს და ყველა ისრაელელ მძევლს არ გაათავისუფლებს. 2023 წლის ბოლოს ნეთანიაჰუმ საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ ომი შეიძლება „კიდევ ბევრ თვეს“ გაგრძელდეს.

სხვა თემები