29 თებერვალი 2024 - 10:00

ვინ და რატომ ადანაშაულებს „ბერლინალეს“ ანტისემიტიზმში 

გერმანიაში ისრაელის ელჩის თქმით, „ბერლინალეს“ დაჯილდოების ცერემონიაზე „ანტისემიტურ და ანტიისრაელურ განცხადებებს მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა“. კულტურის წარმომადგენლები პასუხისმგებელ პირს ეძებენ. 

რა მოხდა?

ევროპის ყველაზე პოლიტიკურად დატვირთული კინოფესტივალის იმიჯი „ბერლინალემ“ წელს ისე გაამართლა, როგორც - არასდროს. უფრო მეტიც, გერმანიის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაზე პოლიტიკა იმ დოზით იყო, რომ ზოგიერთ კრიტიკოსს ეჭვიც კი შეეპარა იმაში, კინოფესტივალს ესწრებოდა თუ ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების პლატფორმას. გარდა ამისა, იმაზეც საუბრობდნენ, რომ „ბერლინალეზე“ პრიზები საერთოდ ფილმების მხატვრული ღირებულებისთვის გაიცა თუ არა. რამ გამოიწვია მსგავსი შეფასებები, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

„ბერლინალეს“ ცერემონია გაიხსნა ლოზუნგით - „ძირს „ალტერნატივა გერმანიისთვის!“

გახსნის ცერემონიაზე თითქმის ყველამ, ვინც სცენაზე ავიდა, მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ ისაუბრა და მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლის კინოფორუმზე ყოფნა გააპროტესტა. გარდა ამისა, ფესტივალის დაწყებამდე, წითელ ხალიჩაზე ზემოთ ხსენებული პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა კულტურისა და მედიის საკითხებში კლაუდია როტმა თავის ემოციურ გამოსვლაში 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმა  გაიხსენა და დაჯგუფების წევრებს ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „ბერლინალეს“ სცენიდან უკრაინის ომზეც არაერთხელ ისაუბრეს. ამავდროულად, წლევანდელი ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ესპანელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ალბერტ სერრა, რომელიც ადრე პუტინის მიმართ გარკვეულ სიმპათიებში იყო შემჩნეული და უკრაინელი მწერალი ოქსანა ზაბუჟკო. თავის მხრივ, პრიზების გაცემის ცერემონიაზე აშკარად დომინირებდა პროპალესტინური განწყობა, რამაც, ფაქტობრივად, სკანდალი გამოიწვია. 

პროპალესტინური ლოზუნგები დაჯილდოების ცერემონიაზე

24 თებერვალს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებ განცხადება რამდენიმე დაჯილდოებულმა სცენიდან გააკეთა. მათ ისრაელის წინააღმდეგ ბრალდებები წამოაყენეს და გამოიყენეს ისეთი სიტყვები, როგორიცაა „აპარტეიდი“ და „გენოციდი“. თუმცა იმავე ადამიანებს არ უხსენებიათ  ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის ოქტომბერში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა და არც ისრაელელი მძლევლების გათავისუფლების მოწოდებები გაუხმოვანებიათ. 

დოკუმენტური ფილმის „პირდაპირი მოქმედება“ (პროგრამა Encounters-ის ფარგლებში საუკეთესოდ იქნა აღიარებული) შემოქმედებითი ჯგუფი  სცენაზე კუფიაში გამოწყობილი ავიდა. დამსწრე საზოგადოებამ ტაში დაუკრა და ისმოდა შეძახილები „თავისუფლება პალესტინას!“. ბერლინის მმართველმა მერმა, კაი ვეგნერმა განაცხადა, რომ მიუღებლად მიიჩნია ის, რაც პრიზის გადაცემის დროს მოხდა. მისი თქმით, „ანტისემიტიზმისთვის ბერლინში ადგილი არ არის“. სხვა პოლიტიკოსები უფრო შორს წავიდნენ და ცერემონიას „სამარცხვინო“ უწოდეს. ისრაელის ელჩმა გერმანიაში, რონ პროზორმა კინოფორუმი მკაცრად გააკრიტიკა: „ბერლინალეზე ანტისემიტურ და ანტიისრაელურ განცხადებებს მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა“. დიპლომატის თქმით, „სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ“ აშკარად ანტისემიტური რიტორიკა ისმოდა. სახელმწიფო მინისტრის კლაუდია როტის განცხადებით, ის პირადად მიადევნებს თვალს, რომ მომხდარი ინციდენტი ერთგვარ გაკვეთილად იქცეს. უფრო მეტიც, მისი თქმით, ჩატარდება გამოძიება, რათა მივიღოთ მკაფიო პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ფესტივალი მიუღებელი განცხადებების პლატფორმად იქცეს.

„ბერლინალეს“ დაჯილდოების ცერემონიაზე ისრაელის ცალმხრივი კრიტიკა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც დაგმო. მისი თქმით, „ასეთი განცხადებების უგულებელყოფა“ არ შეიძლება. შექმნილი ვითარება შეაფასა ფრანკფურტის ანა ფრანკის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა მერონ მენდელმა: „გვინდა თუ არა, ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ, ასეთი დებატების დათმენა. ეს სხვანაირად არ მუშაობს“. მენდელი დარწმუნებულია, რომ ისრაელის კრიტიკის სრული აკრძალვა და პოლიტიკოსების მცდელობები, ეს სადისკუსიო პროცესები მოაწესრიგონ, არაფრამდე მიგვიყვანს. მისი თქმით, პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობები მხოლოდ დიალოგითა და კამათით შეიძლება გამოჩნდეს. მენდელი დარწმუნებულია, რომ პროვოკატორებს დიდი ყურადღება არ უნდა მიექცეთ.

რას ამბობს „ბერლინალეს“ ხელმძღვანელობა?

ბერლინის კინოფესტივალის ხელმძღვანელობა დაჯილდოების ცერემონიალზე ახლო აღმოსავლეთის ომის შესახებ ცალკეული კინემატოგრაფისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება. „ლაურეატების განცხადებები დამოუკიდებელი ინდივიდუალური მოსაზრებებია. ისინი არანაირად არ ასახავს ფესტივალის პოზიციას“, - ციტირებს სააგენტო dpa ბერლინალეს წარმომადგენლის განცხადებას. ”სანამ განცხადებები კანონის ფარგლებში რჩება, ჩვენ ისინი უნდა მივიღოთ”, - აღნიშნა მან. ამავდროულად, მისი თქმით, ფესტივალის მენეჯმენტს ესმის, რომ ზოგიერთი ჯილდოს მფლობელის განცხადება „ზედმეტად ცალმხრივად აღიქმებოდა“, მაგრამ იმასაც დასძენს, რომ ამ ადამიანებს კულტურულ ღონისძიებებზე აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება აქვთ.

ცეცხლზე ნავთი დაასხეს სოციალურმა ქსელებმა. „ბერლინალეს“ სექცია „პანორამის“ ინსტაგრამ - გვერდზე ანტიისრაელური პოსტი გამოჩნდა ლოზუნგით „თავისუფალი პალესტინა - მდინარიდან ზღვამდე“. გერმანიაში ამ სლოგანის გამოყენება აკრძალულია, რადგან ის განიხილება როგორც ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობის წაქეზება. ფესტივალის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ „ბერლინალე“ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. „იმ ფაქტის მოთმენა, რომ ვიღაცამ „ბერლინალეს“ სოციალური მედიის არხი ანტისემიტური პროპაგანდისთვის გამოიყენა, წარმოუდგენელია“, - განუცხადეს ფესტივალის წარმომადგენლებმა dpa-ს. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ დანაშაულებრივ ქმედებას“, - ხაზგასმით აღნიშნეს „ბერლინალეს“ თანამშრომლებმა და განმარტეს, რომ პოსტი სასწრაფოდ წაიშალა, ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადებაც შეტანილია. 

რატომ აკრიტიკებენ „ბერლინალეს“ ჟიურის?

ფესტივალს მთავარი „დათვების“ „კონიუნქტურული“ განაწილების გამოც აკრიტიკებენ. გავლენიანმა გერმანულმა გაზეთმა Die Zeit-მა შაბათ საღამოს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თქვენ ხუმრობთ?“. მის ავტორს ეჭვი ეპარება ჟიურის გადაწყვეტილების მართებულობაში, რომლის მიხედვითაც, მთავარი ოქროს დათვი დოკუმენტურ ფილმ „დაგომეას“ გადაეცა. ფილმი მოგვითხრობს 1892 წელს, საფრანგეთის კოლონიური ჯარების მიერ მიტაცებული და ქვეყნიდან გატანილი ხელოვნების 26 ნიმუშის თანამედროვე ბენინში (სახელმწიფო აფრიკაში) დაბრუნებაზე. Die Zeit-ის თანახმად, ფილმი პოლიტიკურად აქტუალურია, მაგრამ ძალიან მოკლე (მხოლოდ 67 წუთი) და შესაბამისად, თემას სიღრმისეულად არ ხსნის და არ სცილდება ჩვეულებრივ ჟურნალისტურ სიუჟეტს, რომელიც შეიძლება ტელევიზიით ნახოთ. კრიტიკული სტატიის ავტორს, ზოგადად, ექმნება შთაბეჭდილება, რომ ჟიური პრიზებს არსებული სოციალურ-პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით არიგებდა და არ ცდილობდა, ნამუშევრები მხატვრული ღირებულების მიხედვით შეეფასებინა. თუმცა ეს კრიტიკა კინოფესტივალის მიმართ სკანდალური ბრალდებების ტალღებში ჩაიძირა.

სხვა თემები