05 მარტი 2024 - 09:00

დატოვებენ თუ არა რუსული სამხედრო შენაერთები სომხეთს?

ფოტო: ТАСС

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები დედაქალაქის აეროპორტში არ უნდა მსახურობდნენ. აღნიშნულმა განცხადებამ ამ თემასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დისკუსია გამოიწვია. 

რა ხდება?

ერევნის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნასთან დაკავშირებით სომხეთში მწვავე დებატები დაიწყო. ბევრი იმაზეც კი ალაპარაკდა, რომ ეს შეიძლება სომხეთის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანის შესახებ დისკუსიის დასაწყისად იქცეს. რუსი მესაზღვრეები სომხეთში 1992 წლის 30 სექტემბერს დადებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების შესაბამისად არიან განლაგებული. ამ დოკუმენტის მიხედვით, ისინი მსახურობენ სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებზე, ასევე - ცალკეულ საგუშაგოზე ერევნის საერთაშორისო აეროპორტში. გარდა ამისა, ქვეყანაში განლაგებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის ნაწილს წარმოადგენს. ამ საკითხის აქტუალობა გააცივებს თუ არა სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობას, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რამ გამოიწვია დისკუსია?

სომხეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ დისკუსიის ოფიციალური მიზეზი გახდა რუსეთის მოქალაქე დიმიტრი სეტრაკოვთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელიც 2023 წლის დეკემბერში მოხდა. სომხეთში ჩაფრენილი სეტრაკოვი ერევნის აეროპორტში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და რუსეთის ფედერაციაში მისი ექსტრადაცია განახორციელს ისე, რომ სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის ამის შესახებ არც კი შეუტყობინებიათ. აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები დედაქალაქის აეროპორტში არ უნდა მსახურობდნენ. "მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს ჩვენ თვითონ დავიცავთ. უფრო მეტიც, დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი ჩვენს საზღვრებს დაიცავენ", - განაცხადა სიმონიანმა 27 თებერვალს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე.

სამი დღის შემდეგ გაირკვა, რომ რუსი მესაზღვრეების საკითხი მმართველი პარტიის დონეზე აქტიურად განიხილებოდა. "ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, შეშფოთებული ვართ ამით. ამჟამად დისკუსიები მიმდინარეობს და სწორედ მისი შედეგების საფუძველზე იქნება გადაწყვეტილებაც მიღებული", - განაცხადა მმართველი ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ მდივანმა არტურ ოვანნისიანმა.  

დაძაბულობის ახალი რაუნდი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 28 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ალენ სიმონიანის განცხადებებს არამეგობრული ქცევის მაგალითი უწოდა. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს ამ საკითხთან დაკავშირებით ერევნიდან ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, აცნობა თუ არა ოფიციალურმა ერევანმა რუსულ მხარეს ქვეყნის მთავარ აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა, ფაქტია, რომ ამ განცხადებამ, ყარაბაღის შემდეგ, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია. 

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სომხეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსული პოლიტიკით უკმაყოფილოა. სწორედ ამიტომ, ერევანი აგრძელებს თავისი განზრახვის დემონსტრირებას, რაც რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე უარის თქმასა და  ევროკავშირთან, განსაკუთრებით კი - საფრანგეთთან ურთიერთობების გამყარებას გულისხმობს. ამ კურსმა, რომელიც წელიწადზე მეტია დაფიქსირდა, მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. კრემლში ეჭვობენ, რომ ერევანი აპირებს, საგარეო პოლიტიკური ვექტორი რადიკალურად შეცვალოს და ის რუსეთიდან დასავლეთისკენ მიმართოს.

დატოვებენ თუ არა რუსი სამხედროები სომხეთს?

ერევნის აეროპორტის ტერიტორიიდან რუსი მესაზღვრეების შესაძლო გაყვანის შესახებ განცხადება ბევრმა განმარტა, როგორც სომხეთში რუსეთის სამხედრო დანაყოფების ეტაპობრივი შემცირებისთვის ნიადაგის მომზადება. თუმცა ამას ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ. მმართველი პარტიის დეპუტატმა არმან ეგოიანმა DW-ს განუცხადა, რომ ფუნდამენტური სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არეგულირებს (მათ შორის, სამხედრო სფეროში), უცვლელი რჩება. „ამ მოცემულობაში მე არ მესმის, სომხეთში რუსული სამხედრო შენაერთების რა სახის შემცირებაზეა საუბარი“, - ამბობს დეპუტატი. მისი აზრით, მთავარია, სომხეთის კანონმდებლობის დაცვა იმ მიმართულებით, რაც ქვეყანაში რუსული სამხედრო შენაერთების ყოფნას ეხება. დეპუტატს ზემოთ ხსენებული სეტრაკოვის თვითნებური ექსტრადაცია მოჰყავს მაგალითად.

უმსხვილესი ოპოზიციური ბლოკის -  „სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა, გეგამ მანუკიანმა „ზვარტნოცის“ აეროპორტის ტერიტორიიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ წარმოქმნილ დისკუსიებს უაზრო უწოდა. „არასერიოზულია სომხეთის პარლამენტის სპიკერის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ის მედიაში გავრცელებულ ჭორებსა და დისკუსიებს ეხება“, - განაცხადა მან DW-სთან ინტერვიუში.

გაუარესდება თუ არა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა?

ერევნის ანალიტიკური ცენტრის - „APRI Armenia“- ს უფროსი მკვლევარი, პოლიტოლოგი ბენიამინ პოღოსიანი სომხურ-რუსულ ურთიერთობებში არსებულ კრიზისს მათი „ხარისხობრივი ცვლილების“ ნიშნად მიიჩნევს. „ყველა ეს ხმამაღალი განცხადება უფრო მეტად მიანიშნებს არა სომხეთში რუსული სამხედრო დანაყოფების შესაძლო შეზღუდვაზე, არამედ რუსეთ-სომხეთის პოლიტიკური კავშირების ხარისხობრივ ცვლილებაზე და ეს, რა თქმა უნდა, სომხურ-რუსული დღის წესრიგის სამხედრო კომპონენტზეც იმოქმედებს”, - განაცხადა პოღოსიანმა DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მან გაიხსენა სომხეთის ხელისუფლების განცხადებები, რომლებიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ (რუს. Организация Договора о коллективной безопасности — ОДКБ) დე- იურე შესაძლო გასვლას ეხებოდა.

ეს აღარ არის სიმბოლური ქმედებები, არამედ - კონკრეტული ნაბიჯებია სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის შესამცირებლად - მიიჩნევს პოლიტოლოგი. უფრო მეტიც, აღნიშნული ტენდენცია დინამიკაში ვითარდება. „სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ საუბარი არ არის. თუმცა რამდენიმე წლის წინ, მათ ასევე თქვეს, რომ არც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ დატოვებაზე ფიქრობდა ვინმე“ , - აღნიშნა ბენიამინ პოღოსიანმა. მისი აზრით, სომხეთში რუსეთის სამხედრო შენაერთების რაოდენობის შეზღუდვა რთული წარმოსადგენია, რადგან სხვა რომელ ქვეყანას შეუძლია დაიკავოს რუსეთის ფედერაციის ადგილი მაშინ, როდესაც რეგიონში სიტუაციის მორიგი ესკალაციის რისკი მაღალია?! „ჯერ კიდევ არსებობს სამხედრო დაპირისპირების დიდი ალბათობა. ამიტომაც, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გაგზავნის თავის ჯარს სომხეთში ბაზის სახით ან სხვა ფორმით, დგება სამხედრო კონფლიქტში ჩართვის საფრთხის წინაშე და ეს კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს რეგიონულ ომში, თუ იქ ირანი და თურქეთი შევლენ“, - დაასკვნა ექსპერტმა.  

სხვა თემები