05 მარტი 2024 - 08:00

რატომ გამოიწვია ვენეციის ბიენალეზე ისრაელის მონაწილეობამ ცხარე კამათი?

ათასობით ხელოვანი და არქიტექტორი მოითხოვს, კულტურული ფორუმის მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალიდან ისრაელი გაირიცხოს. ამის მიზეზად კი, „ჰამასის“ „ბოევიკების“ თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია სახელდება. 

რა ხდება?

ვენეციის ბიენალეს გახსნამდე ორი თვით ადრე, ცნობილი კულტურული ფორუმის ირგვლივ მწვავე დებატები გაიმართა. ამის მიზეზი კი გახდა მხატვრების, არქიტექტორებისა და კურატორების ღია წერილი, რომელიც თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა. აღნიშნული მიმართვის ხელმომწერები გამოფენიდან ისრაელის გარიცხვას ითხოვენ. გამოქვეყნების დროისთვის დოკუმენტს ხელი 8000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. 

წერილის ავტორებმა ისრაელს „აპარტეიდის სახელმწიფო“ უწოდეს და პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის სამხედრო დანაყოფების ქმედებებთან დაკავშირებით, კულტურული ფორუმის ხელმძღვანელობის დუმილი დაგმეს. მიმართვის ავტორები მიმჩნევენ, რომ ისრაელის ნებისმიერი ოფიციალური წარმომადგენლობა საერთაშორისო კულტურულ არენაზე ღაზის სექტორში ოფიციალური თელ-ავივის პოლიტიკის მიმართ მიმღებლობას ნიშნავს. როგორც ცნობილია, ისრაელის თავდაცვის ძალები სახმელეთო სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბერს, რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ახორციელებენ. ზემოთ ხსენებული დოკუმენტის ხელმომწერებმა კი კულტურული ფორუმის ორგანიზატორები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ორი წლის წინ, ვენეციის ბიენალეს წარმომადგენლები უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

წერილის ინიციატორი იყო სპეციალურად შექმნილი ალიანსი „ხელოვნება და არა - გენოციდი“. თუმცა დოკუმენტში არ არის მითითებული, თუ კონკეეტულად ვინ დააარსა ეს ასოციაცია. ამ მიმართვას ხელი მოაწერა გერმანიის კულტურული სფეროს წარმომადგენელმა, ბერლინის სახვითი ხელოვნების მუშაკთა პროფესიული ასოციაციის პრესმდივანმა, ზოი კლერ მილერმაც. თავად ასოციაციას პრესმდივნის პოზიციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

იტალიელი მინისტრი: ისრაელს უფლება აქვს, თავისი ხელოვნება წარმოაჩინოს

იტალიის კულტურის მინისტრმა ჯენარო სანჯულიანომ დაგმო მოწოდება, რომელიც ფორუმში ისრაელის მონაწილეობის აკრძალვას ეხებოდა. მან წერილს „მიუღებელი“ და „სამარცხვინო“ უწოდა. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მსგავსი ქმედებები „აზრისა და შემოქმედებით გამოხატვას ემუქრება“. „ისრაელს არა მხოლოდ აქვს უფლება თავისი ხელოვნება წარმოაჩინოს, არამედ - პასუხისმგებლობაც აქვს დაკისრებული, თავისი ხალხის წარმომადგენელი იყოს მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისინი მოულოდნელად დაუნდობელი ტერორისტების სამიზნედ იქცნენ“, - განმარტა სანჯულიანომ. გამოფენა „ყოველთვის იქნება თავისუფლების, შეხვედრებისა და დიალოგის სივრცე და არა - ცენზურისა და შეუწყნარებლობის“, ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა. „კულტურა აერთიანებს და არა ჰყოფს“, - დასძინა მან.  

ძალაუფლების ესთეტიკის მკვლევარი ისრაელიდან იტალიაში გაემგზავრება

სავარაუდოდ, ისრაელს ვენეციაში წარადგენს მულტიმედიური მხატვარი რუთ პატირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა და თელ-ავივში ცხოვრობს. მისი გუნდის თქმით, არტისტისთვის მნიშვნელოვანია „გენდერულ პარადიგმებს მიჰყვეს და ძალაუფლების ესთეტიკა შეისწავლოს“. 2023 წელს პატირმა და მისმა კურატორებმა ჟურნალ Artnews-თან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ვენეციის ბიენალემ უნდა დატოვოს „სივრცე ხელოვნებისთვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის“. მე-19 საუკუნის ბოლოს დაარსებული ვენეციის ბიენალე არის მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორუმი და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2024 წლის გამოფენაში 90 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ბიენალე სტუმრებს 20 აპრილიდან 24 ნოემბრის ჩათვლით მიიღებს. 

კულტუროლოგი ანტისემიტიზმის ბრალდებების გამო ატეხილი სკანდალების შესახებ

ისრაელის კრიტიკამ და ანტისემიტურმა განცხადებებმა ბოლო წლების კულტურულ ღონისძიებებზე სკანდალი არაერთხელ გამოიწვია. მაგალითად, ეს მოხდა 2022 წელს გერმანიაში, კასელში, დოკუმენტური ხელოვნების გამოფენაზე ან ახლახან დასრულებულ ბერლინის კინოფესტივალზე. ნორმალურია, რომ კულტურულმა ფორუმმა შეიძლება დაუშვას სხვადასხვა პოზიცია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ ორგანიზატორებმა უნდა გაიგონ, სად იკვეთება „წითელი ხაზები“, - განუცხადა epd-ს კულტურის ექსპერტმა სტელა ლედერმა. კულტურული ინსტიტუტების ამოცანაა, ცალმხრივი პოლიტიკური პოზიციებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, - მიიჩნევს კულტუროლოგი. გარდა ამისა, სტელა ლედერი ანტისემიტიზმის, როგორც ასეთის, აღიარებაშიც დარწმუნებული არ არის. „ამ საკითხზე კულტურულ სფეროში მრავალი წელია რეალური განხილვა არ ყოფილა“, - ამბობს მეცნიერი.

სხვა თემები