08 მარტი 2024 - 01:11

როგორი ქალები მოსწონთ კაცებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დავობენ, მით უფრო, როცა საუბარი ქალბატონებზეა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მამაკაცებს ყველა ქვეყანაში სილამაზის საკუთარი ეტალონი და ქალის იდეალი ჰყავთ, რასაც მეტწილად ადგილობრივი კულტურა, ისტორია და ტრადიციები განსაზღვრავს.

იაპონია

გასული საუკუნეების მსგავსად, იაპონელი მამაკაცი დღესაც თავმდაბალ და მოკრძალებულ, თვინიერ და უპრეტენზიო ქალბატონს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც არც ისტერიკას აწყობს, არც მეუღლის ნაკლოვანებების ჩამოთვლითა და საკუთარი ღირსებების შეხსენებით ცდილობს გმირი ქალის სახის შექმნას, არასდროს გარბის გულის მოსაფხანად დაქალებთან და კიდევ უარესი „ძველ მეგობართან“, რომელიც მსგავსი შემთხვევებისთვის ჰყავს თადარიგში. 

იდეალური იაპონელი ქალი - მზრუნველი დედა და საიმედო პარტნიორია, რომელიც მორჩილად ელის დაგვიანებულ მეუღლეს და არასდროს გამოხატავს უკმაყოფილებას. როგორც ჩანს, მამაკაცების უპირობო მორჩილება, რომელსაც იაპონელ ქალებს ასწლეულების განმავლობაში ავალდებულებდა ადათი და ტრადიცია, ერთგვარ გენეტიკურ თავისებურებად იქცა და მემკვიდრეობით გადაეცემა თაობიდან თაობას. 

საფრანგეთი

განუმეორებელი შარმისა და მომხიბვლელობის წყალობით ფრანგი ქალები დიდი ხანია სილამაზისა და ქალურობის ეტალონად ითვლებიან. მეტიც, არსებობს მითი, თითქოს ფრანგ ქალბატონებს აუცილებლად თანდაყოლილი გემოვნება და დახვეწილი მანერები აქვთ, ყოველთვის მდიდრულად, ელეგანტურად გამოიყურებიან და ნებისმიერ მამაკაცს თავბრუს ახვევენ. სინამდვილეში, ფრანგი ქალის სილამაზის საიდუმლო მისი უშუალობა და ბუნებრიობა, ცხოვრების მიმართ მსუბუქი, ცოტა თავქარიანი დამოკიდებულებაა და სწორედ ეს იზიდავთ მამაკაცებს.  

ფრანგები იშვიათად სარგებლობენ მაკიაჟით, არასდროს ატარებენ ექსპერიმენტებს საკუთარ გარეგნობაზე და არ ინტერესდებიან პლასტიკური ქირურგიის საოცრებებით. ოვალური სახის ფორმა, ღია ფერის თვალები და მუქი თმა, ნაკლებად გამომწვევი, სადა სამოსი ნეიტრალურ ფერებში და ბუნებრიობა - სწორედ ასეთია ნამდვილი ფრანგი ქალი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ეთაყვანებიან მამაკაცები.  

იტალია

„თუ ქალს თავის გაწირვა შეუძლია კაცისთვის - ე.ი. ის მისი შვილიაო“, - ირწმუნებიან იტალიელი ქალბატონები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ზედმეტად ანებივრებენ შვილებს, ამიტომ მამაკაცთა უმეტესობა საკუთარ თავში უზომოდ შეყვარებულ ნარცისად იზრდება. იდეალური საცოლე იტალიელისთვის - საშუალო სიმაღლის და სილამაზის, ზომიერად ერუდირებული და თავდაჯერებული ქალია, რომელიც საყვარელი მეუღლის მხოლოდ „სასიამოვნო დამატებაა“ და არასდროს ცდილობს მის დაჩრდილვას საკუთარი ღირსებებით. 

ბრაზილია

კლიმატისა და მუდმივი სიცხის გათვალისწინებით, ბრაზილიელ ქალებს, რომლებიც მხოლოდ 30 წლის შემდეგ იწყებენ ოჯახის შექმნაზე ზრუნვას, ნაკლებად აქვთ ფიზიკური ნაკლის სამოსით შენიღბვის ფუფუნება, ამიტომ სამბასა და კარნავალის ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობენ თხელი, თუმცა მკვრივი ქალბატონები სპორტული აღნაგობითა და ზომიერი რუჯით. 

სხვათა შორის, ბრაზილიის მსხვილ ქალაქებში ავტობუსის გაჩერებაზეც შეიძლება სპორტული ტრენაჟორების მოძიება, ამიტომ ნაკლებად შეძლებული ქალბატონებიც აქტიურად ზრუნავენ საკუთარ ფიგურაზე. აღსანიშნავია კიდევ ერთი ნაციონალური თავისებურება - ბრაზილიელი ქალბატონები, რომლებიც თავისუფლად ელევიან მაკიაჟსა და ძვირფას სამოსს, არასდროს ამბობენ უარს მანიკიურის გაკეთებაზე, რადგან მოუვლელი ფრჩხილები საკუთარი თავის უპატივცემულობად ითვლება და არააკურატულობაზე, „ფეთხუმობაზე“ მიანიშნებს. 

იემენი

იემენელი გოგონები საკმაოდ ადრე - 14-16 წლის ასაკში თხოვდებიან ბევრად უფროს  მამაკაცებზე, რომლებიც ჯერ მომავალი მეუღლის ოჯახს უხდიან „გამოსასყიდს“, მერე საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავენ. საუკეთესო საცოლედ იემენში მოზარდი ითვლება, რომელსაც არც სკოლაში უსწავლია, არც უმაღლესი განათლების მიღების ამბიცია აქვს, რადგან განათლებული ქალით, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს და ქმარსაც ჭკუას ასწავლის, იემენელი მამაკაცები ნაკლებად იხიბლებიან. 

სხვათა შორის, ქალი, რომლის ერთადერთი მოვალეობა - კარგი დიასახლისობაა, მომავალ მეუღლეს პირველად ქორწილის დღეს ხვდება და არავის აინტერესებს, თუ დასაქორწინებლად გამზადებულ წყვილს საერთოდ არ მოსწონს ერთმანეთი, რადგან მათ მომავალზე მათ ნაცვლად ოჯახის წევრები ზრუნავენ.  

გერმანია

მართალია, გერმანელი ქალები დიდხანს იყვნენ დამოკიდებული მეუღლეებზე, რადგან ათწლეულების განმავლობაში ეკრძალებოდათ მუშაობა, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში სწორედ კარიერა გახდა მათი მთავარი საზრუნავი, ოჯახის შექმნაზე კი, მხოლოდ 40 წლის ასაკში, ფინანსური სტაბილურობის მოპოვების შემდეგ იწყებენ ფიქრს. 

რა თქმა უნდა, შეუპოვარი ქალების შემხედვარე მამაკაცებს ხშირად უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი და ის დრო ენატრებათ, როცა მშვიდი და მოკრძალებული გოგონები მხოლოდ დედობასა და დიასახლისობაზე ოცნებობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ვერც მათ გარეშე გამოსდით ცხოვრება, ამიტომ პარტნიორებად მეტწილად გონიერ და განათლებულ ქალბატონებს ირჩევენ კარგი იუმორითა და ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულებებით, ვისთანაც მეგობრობასაც შეძლებენ და საყოფაცხოვრებო ხარჯის განაწილებასაც. 

ალჟირი

რა თქმა უნდა, მუსლიმანურ ალჟირში, სადაც პატრიარქატი მეფობს, მამაკაცი ყოველთვის მართალია! ქალს კი, რომელიც ოჯახის მფარველად ითვლება და იძულებით ზრუნავს მეუღლის მრავალრიცხოვან ნათესავებზე, მოთმინება და თავშეკავება, სიმშვიდე და თვინიერება, რელიგიური ადათისა და უბიწოების წესის დაცვა მოეთხოვება. სხვათა შორის, ალჟირელ მამაკაცებს, რომლებიც სუსტი აღნაგობით გამოირჩევიან, მეტწილად ფუმფულა და ჩასუქებული ქალბატონები მოსწონთ მომრგვალებული ფორმებით, ამიტომ ქორწინების შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ მეუღლეების განებივრებას მათივე მომზადებული კერძებით.

პოლინეზია

უჩვეულო ტრადიციებით ცხოვრობს ეგზოტიკური პოლინეზია. მაგალითად, მაორის ტომში გასათხოვარი ქალის მთავარ ღირსებად შვილები ითვლება, რაც მის ფიზიკურ და მენტალურ მოწიფულობაზე მიანიშნებს. მაორის მამაკაცები არასდროს ინტერესდებიან ქალის წარსულით, რადგან მთავარი მათთვის გვარის გაგრძელება და ღირსეული მემკვიდრის შეძენაა, მით უფრო, რომ პოლინეზიური ტომები მეტწილად პოლიგამიის პრინციპით ცხოვრობენ, მომავალ მეუღლეს ახალგაზრდა ქალისთვის კი, ტომის უხუცესები არჩევენ.

თურქეთი

თურქი მამაკაცი არა იმდენად სილამაზეს და სექსუალურობას, რამდენადაც სიბრძნეს და გონიერებას აფასებს ქალბატონში, რომელსაც საიმედო პარტნიორად და ერთგულ მეგობრად მიიჩნევს. ემოციური, თუმცა საოცრად თვინიერი თურქი ქალები ყოველთვის ბრწყინვალე დიასახლისები და დახელოვნებული კულინარები, მზრუნველი დედები და მეუღლეები არიან, რაც გარკვეულ დათმობაზე წასვლას აიძულებს მამაკაცებს, რომლებიც არა მხოლოდ მუშაობის, არამედ მეგობრებთან ერთად დროსტარების უფლებასაც აძლევენ საყვარელ ქალბატონებს.

საბერძნეთი

საოცრად იმპულსური და ემოციური ბერძნები პრინციპით „მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ“ ხელმძღვანელობენ და ურთიერთობასაც მსუბუქს, ზედმეტი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გარეშე ეძებენ. ბერძენ მამაკაცს გულწრფელი, ხალისიანი და კომუნიკაბელური ქალბატონი მოსწონს, რომელიც ნებისმიერ თემაზე შეძლებს საუბარს, თუმცა საყვარელი მამაკაცის მოსმენის უნარიც ექნება. სასიამოვნო ბონუსად ითვლება ქალის შემოსავლიანი სამსახური და მზითვად მოყოლებული ბინა ან მანქანა, თუმცა საბერძნეთში მამაკაცები არასდროს ჩქარობენ დაოჯახებას, ამიტომ არავინ ჩაუთვლის ინფანტილიზმად თუ 35 წლისა ქორწინებისთვის ჯერ მზად არ აღმოჩნდა. 

ინდოეთი

ინდოეთში სწორედ ოჯახია უმთავრესი, ამიტომ ბავშვებს დაბადებისთანავე ამზადებენ ქორწინებისთვის, რომელიც ბევრის ცხოვრებაში ერთადერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას წარმოადგენს. ინდოეთში მეტწილად ფუმფულა გოგონები სარგებლობენ უპირატესობით, თუმცა მამაკაცები მომავალ მეუღლეებში არა იმდენად ფიზიკურ ღირსებებს, რამდენადაც რიდს და მოკრძალებას, თავშეკავების და კომპრომისის უნარს აფასებენ. ამასთანავე, ქალი გულღია და კომუნიკაბელური უნდა იყოს, რადგან ქორწინების შემდეგ უმეტესობას არა მხოლოდ მეუღლის ოჯახთან, არამედ მთელ მის კასტასთან ერთად უწევს ცხოვრება.  

ჩინეთი

მართალია, ახალ საუკუნეში ჩინეთი არნახული ტემპით განვითარდა, მაგრამ წარმოდგენამ ოჯახსა და ქალის როლზე საზოგადოებაში, ნაკლებად განიცადა პროგრესი, რადგან ისე როგორც საუკუნეების წინ, ჩინელ მამაკაცებს დღესაც მორჩილი და მოკრძალებული გოგონები მოსწონთ, რომლებიც კარგი დედები, დიასახლისები არიან და არასდროს ავიწყდებათ მეუღლისთვის მადლობის გადახდა ნებისმიერი წვრილმანისთვის. 

აშკარა დომინირების მიუხედავად, დღეს ჩინელი მამაკაცები, რომელთაც ნაკლებად აქვთ არჩევანის საშუალება, ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს პოტენციურ საცოლედ განიხილავენ, რადგან დემოგრაფიული კანონის წყალობით, რომელიც 1975-2015 წლებში მოქმედებდა და ოჯახს ერთ შვილზე მეტის ყოლას უკრძალავდა, 30 წელს მიღწეულ 34 მილიონამდე ჩინელს საერთოდ ცოლისა და ოჯახის გარეშე დარჩენა ემუქრება.  

ბულგარეთი

ბულგარელები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას იურიდიულ ნიუანსებს, ამიტომ წლობით ცხოვრობენ ოფიციალური ქორწინების გარეშე. მთავარია, წყვილს უყვარდეს ერთმანეთი და თავიდანვე გაინაწილოს მოვალეობები, რათა მერე არ შეიქმნას პრობლემები. ტრადიციულად მამაკაცი „მონადირეა“ და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავს, მშვიდი და მომთმენი ქალი კი, თავგამოდებული დედა და მეუღლეა, რომელიც ყოველდღიური წვრილმანებით ხარობს და ბევრს არაფერს მოითხოვს პარტნიორისგან.

სხვა თემები