01 აპრილი 2024 - 12:46

ოპენჰაიმერი - რატომ არ შექმნეს ნაცისტებმა ბომბი მასზე ადრე?

ფოტო: picture alliance

1945 წლის ზაფხულში, შეერთებულმა შტატებმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბი ჩამოაგდო. თუ როგორ შეიქმნა ბირთვული იარაღი შეერთებულ შტატებში, დღეს უკვე კარგად არის ცნობილი. თუმცა, რამდენად წინ იყვნენ ამ მიმართულებით მეცნიერები ნაცისტურ გერმანიაში, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

1938 წლის ბოლოს, ორმა გერმანელმა ქიმიკოსმა - ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა აღმოაჩინეს ბირთვული დაშლის პროცესი, რომლის დროსაც ატომის ბირთვი ორ ან სამ ნაწილად იყოფა და ამის შედეგად, უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა. ფიზიკოსები მიხვდნენ, რომ ამ ენერგიის გამოყენებით შესაძლებელი იყო ძლიერი ბირთვული ბომბის დამზადება, რომელსაც მთელი ქალაქების განადგურება შეეძლო. სწორედ მისი შექმნის მიზნით, დაარსდა ე.წ. „ურანის კავშირი“ (Uranverein), რომელსაც დიდი ინდუსტრიის წარმომადგენლები და სამხედრო ლობისტები მხარს უჭერდნენ. საქმეში ბირთვული მეცნიერებიც ჩაერთნენ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გასაიდუმლოებული იყო, ინფორმაციამ ნაცისტური გერმანიიდან გაქცეული მეცნიერების წყალობით გაჟონა. მათ შორის იყო ალბერტ აინშტაინი, რომელმაც 1939 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი გააფრთხილა. ბუნებრივია, რომ ნაცისტების მიერ საიდუმლო იარაღის შემუშავების ამბავმა მთელი მსოფლიო შეაშფოთა.

ამ ინფორმაციაზე აშშ-ის პასუხი მანჰეტენის პროექტი გახდა. მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში, 1942 წლის ზაფხულში, რობერტ ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით, ურანისა და პლუტონიუმის გამოყენებით, ატომური ბომბის შექმნის პროგრამა დაიწყო. ნაცისტური რეჟიმის მიერ ანალოგიური პროექტის განხორციელების შიშმა აშშ-ის ადმინისტრაცია აიძულა, დაუყოვნებელი და გადამწყვეტი ქმედებები დაეწყო. უზარმაზარი ფინანსური ინვესტიციების წყალობით, ოპენჰაიმერსა და მის გუნდს ბირთვული იარაღის წარმატებული გამოცდის მომზადებისა და განხორციელებისთვის მხოლოდ სამი წელი დასჭირდა. 1945 წლის 6 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენა სამხედრო ბირთვული იარაღი. კერძოდ, ვაშინგტონმა ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომური ბომბი სახელად - "ბიჭუნა" . დარტყმის ტალღის შედეგად, დაახლოებით 70 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ 200 000 ადამიანი კი  რადიაციის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. სამი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, კიდევ ერთი ამერიკული ატომური ბომბი, პლუტონიუმის „მსუქანა“ ჩამოაგდეს ქალაქ ნაგასაკიში, რის შედეგადაც კიდევ 74 000 ადამიანი დაიღუპა. 

რას ამბობენ ფერმ-ჰოლის სტენოგრაფები?

”მთელი ამ ისტორიიდან არცერთი სიტყვის არ მჯერა”, - განაცხადა ვერნერ კარლ ჰაიზენბერგმა, გერმანელმა თეორიულმა ფიზიკოსმა, 1932 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიკაში და მესამე რაიხის ბირთვული პროექტის ხელმძღვანელმა, როდესაც ჰიროსიმას შესახებ მოხსენება მოისმინა. იმ დროს ჰაიზენბერგი და სხვა ცხრა წამყვანი ბირთვული ფიზიკოსი, რომლებიც გერმანიაში მიმდინარე კვლევებში იყვნენ ჩართული, სტაჟირებაზე გაგზავნეს ფერმ-ჰოლში, კემბრიჯთან ახლოს მდებარე ინგლისურ დასახლებაში. ბრიტანელები ფარულად უსმენდნენ მათ საუბრებს, რათა ნაცისტების ბირთვული პროექტების შესახებ რაც შეიძლება მეტი გაეგოთ. შესაბამისად, ყველა ოთახი მოსასმენი მოწყობილობებით იყო აღჭურვილი. ჩანაწერების განსაიდუმლოება კი მხოლოდ 1992 წელს მოხდა.

ჰაიზენბერგის ნიჰილიზმს სხვა ფიზიკოსებიც იზიარებდნენ. მათი უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ეს იაპონიის კაპიტულაციისკენ მიმართული ფანდი იყო. ოტო ჰანის თქმით, მას არ სჯეროდა, რომ ასეთი ბომბის შექმნა მომდევნო 20 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო. ჰაიზენბერგისა და ჰანის რეაქცია ადასტურებს, რომ გერმანული პროგრამა ბირთვული იარაღის ფაქტობრივი შექმნისგან შორს იყო. შეერთებულმა შტატებმა გერმანიის ურანის პროექტის განვითარების დონე აშკარად გადაჭარბებით შეაფასა და ეს მხოლოდ ფერმ-ჰოლის ჩანაწერების წყალობით გახდა ნათელი, - ამბობს DW-სთან საუბარში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გერმანელ-იაპონელი ისტორიკოსი ტაკუმა მელბერი.

როდესაც მანჰეტენის პროექტი აქტიურ ფაზაში იყო, ნაცისტების ბირთვული იარაღის პროგრამა უკვე, ფაქტობრივად, მკვდარი გახლდათ. გერმანელმა მკვლევრებმა გააცნობიერეს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ვერ გადაჭრიდნენ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას - იზოტოპების იზოლირებას ატომური ბომბის შესაქმნელად. მათ ვერ შეძლეს ბირთვული დაშლის ჯაჭვური რეაქციის წარმატებით დაწყება და ვერც ურანით გამდიდრების ეფექტიანი გზა იპოვეს. 1942 წლის ივლისში პროგრამა დაიხურა და მისი კვლევა გერმანიის ცხრა სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტში გადანაწილდა. 

ისტორიკოს მელბერის თქმით, 1942 წლამდე პროგრამა სამხედრო პროექტი იყო, შემდეგ კი სამოქალაქო გახდა. განახლებული ინიციატივის მიზანი იყო ბირთვული რეაქტორის შექმნა, რომელსაც მცირე მასშტაბით ბირთვული დაშლა შეეძლო. ჰაიზენბერგმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს ექსპერიმენტები კვლევით რეაქტორზე ქვის სარდაფში, ჰაიგერლოხის ციხესიმაგრის ეკლესიის ქვეშ, დღევანდელი ბადენ-ვიურტემბერგის ტერიტორიაზე. თუმცა საქმე წინ არ წასულა და რეაქტორი ვერ ამუშავდა, რადგან არ იყო საკმარისი ურანი ჯაჭვური რეაქციის დასაწყებად. თუმცა მკვლევრები საბოლოო შედეგთან ძალიან ახლოს იყვნენ. დღეს ითვლება, რომ რეაქტორში 50%-ით მეტი ურანი რომ ყოფილიყო, გერმანელები პირველი ბირთვული რეაქტორის შექმნას შეძლებდნენ. 

წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები

რატომ ჩაიშალა ნაცისტური ბირთვული პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით წამყვანი მეცნიერები მონაწილეობდნენ პროექტში? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ნაცისტურმა გერმანიამ საუკეთესო სპეციალისტები დაკარგა. ებრაული და პოლონური წარმოშობის მრავალი მეცნიერი იძულებული გახდა, დევნის გამო გაქცეულიყო. მაგალითად, ებრაელი ფიზიკოსი ლიზა მაიტნერი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო და ჰანისა და შტრასმანის მიერ ბირთვული დაშლის აღმოჩენაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ზოგიერთი მათგანი, ვინც გერმანია დატოვა, მოხვდა დიდ ბრიტანეთში ან შეერთებულ შტატებში, სადაც ისინი მანჰეტენის პროექტს შეუერთდნენ. გარდა ამისა, გერმანიაში დარჩენილი ბევრი მეცნიერი ფრონტზე გამოიძახეს. ომმა ასევე გამოიწვია კვლევისთვის საჭირო ნედლეულის დეფიციტი, - განმარტავს ტაკუმა მელბერი. უპირველეს ყოვლისა, საუბარია გამდიდრებულ ურანსა და რეაქტორების გაგრილებისთვის საჭირო წყალზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პოლიტიკური მხარდაჭერის ნაკლებობა იყო. საბოლოოდ, სწორედ ამან შეაჩერა სამეცნიერო პროგრესი „მესამე რაიხში“. ჰიტლერს არ ესმოდა ამ წამოწყების მნიშვნელობა და 1942 წელს მისი დაფინანსება შეწყვიტა, - ამბობს ისტორიკოსი მელბერი. მანჰეტენის პროექტთან შედარებით, გერმანულ წამოწყებას მხარდაჭერა საერთოდ არ ჰქონია. მასში 500 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ე.ი. იმ დროისთვის შეერთებული შტატების მთელი შრომის ბაზრის დაახლოებით 1%-ი, მთავრობამ კი დაახლოებით ორი მილიარდი აშშ დოლარი გამოჰყო. დღეს ეს თანხა 24 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტია. 

რეაქტორები ბომბების ნაცვლად

ფერმ-ჰოლში გაკეთებული საიდუმლო ჩანაწერები ნაცისტების წარუმატებლობის კიდევ ერთ მიზეზს ააშკარავებს. თავად ამ პროექტის მონაწილე მეცნიერები, თავიანთი მორალური ღირებულებების პერსპექტივიდან, ატომური ბომბის შექმნის წინააღმდეგი იყვნენ და მის ფარულ საბოტაჟს ეწეოდნენ. ცნობილმა გერმანელმა ფიზიკოსმა, კარლ ფრიდრიხ ფონ ვაიცსაკერმა, რომელიც პროექტში მონაწილეობდა, მოგვიანებით, ბირთვული იარაღის შექმნაზე უარი განაცხადა. "ვფიქრობ, წარმატებას იმიტომ ვერ მივაღწიეთ, რომ ფიზიკოსების უმრავლესობას არ სურდა, ეს პროექტი გამოსულიყო. ჩვენ ყველას რომ გვდომოდა ომი გერმანიას მოეგო, წარმატებასაც მივაღწევდით“, - განმარტა მან. ჰიროსიმას ატომური დაბომბვის დღეს ჰაიზენბერგმა აღიარა: „არასდროს მეგონა, რომ ბომბს გავაკეთებდით და გულის სიღრმეში ძალიან მიხაროდა, რომ ეს იქნებოდა რეაქტორი და არა - ბომბი“. ფერმ-ჰოლში მყოფი გერმანელი მეცნიერები  იმედოვნებდნენ, რომ ბირთვულ ბომბს შექმნიდნენ ამერიკელები და ბრიტანელები, ბირთვულ რეაქტორს კი - გერმანელები.

სხვა თემები