16 მარტი 2024 - 21:45

 „პალესტინელი მანდელა“ - შეძლებს თუ არა, ისრაელის საპატიმროში მყოფი მარვან ბარღუთი, პალესტინის ავტონომიას უხელმძღვანელოს?

ფოტო: Getty Images

იმის ალბათობა, რომ ისრაელის საპატიმროში მყოფი პალესტინელები, შესაძლოა, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებში გაცვალონ, სულ უფრო იზრდება. ამ ფონზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მოძრაობა „ფათჰის“ ლიდერი მარვან ალ-ბარღუთი. პალესტინის ავტონომიის პოტენციურ პრეზიდენტად სწორედ ამ უკანასკნელს განიხილავენ. „ჰამასის“ მოთხოვნით, მძევლების გაცვლის ნებისმიერი ახალი შეთანხმების ფარგლებში ბარღუთი უნდა გათავისუფლდეს, თუმცა, ისრაელი ამის წინააღმდეგია. შეთანხმდებიან თუ არა მხარეები და საერთოდ, ვინ არის „პალესტინელი მანდელა“, BBC-მ გაარკვია. 

რა ხდება?

მარვან ბარღუთი, მეტსახელად "პალესტინელი ნელსონ მანდელა", ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პალესტინელი პატიმარია. 2002 წელს, „ფათჰის“ მებრძოლთა ფრაქცია „ტანზიმის“ ყოფილი ლიდერი ისრაელელმა სამხედროებმა დააპატიმრეს. მრავალი მკვლელობისა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის, მას სასამართლომ 5 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ისრაელის გაზეთ Ma'ariv-ის ცნობით, გასული წლის თებერვალში ბარღუთი ოფერის ციხიდან სხვა საპატიმროში გადაიყვანეს და სამარტოო საკანში მოათავსეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ისრაელის ციხის ხელმძღვანელობამ მიიღო ინფორმაცია, რომ ალ - ბარღუთი სხვადასხვა არხის მეშვეობით მუშაობს, რომ დასავლეთ სანაპიროზე არეულობა და მესამე აჯანყება დაიწყოს“.  

ვინ არის ბარღუთი?

ბარღუთიმ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 15 წლის ასაკში, მოძრაობა „ფათჰიში“, რომელსაც ამჟამად გარდაცვლილი იასირ არაფატი ხელმძღვანელობდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ბარღუთი ხან ციხეში ხვდებოდა, ხან ტოვებდა საპყრობილეს. პირველი ინტიფადის დროს ისრაელელებმა ის იორდანიაში გადაასახლეს, რათა აჯანყებაში მონაწილეობა არ მიეღო. მას უფლება მისცეს დაბრუნებულიყო 1990-იანი წლების ოპტიმისტური სამშვიდობო მოლაპარაკებების პერიოდში, რადგან ამ პროცესებს ბარღუთი მხარს უჭერდა. თუმცა, როდესაც შეთანხმება ვერ შედგა და ამან მეორე, ბევრად სისხლიანი ინტიფადა გამოიწვია, ბარღუთიმ დაიწყო საჯარო გამოსვლები, როგორც საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა მისი პოლიტიკური კარიერა, ბარღუთიმ ახალი მხარდამჭერები მოიზიდა. 

წლების განმავლობაში ბარღუთი თავს წარმოაჩენდა ერთადერთ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია პალესტინის დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები გააერთიანოს. „ის დაახლოებულია „ჰამასთან“ და არაერთხელ ახლდა ამ დაჯგუფებას, განსაკუთრებით, „პატიმრების დოკუმენტის“ ფარგლებში. მან მოახერხა და აიძულა „ჰამასი“ და „ფათჰი“, შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ბარღუთიმ იცის, როგორ გააერთიანოს ხალხი და ამიტომაც ჰქონდა ყველანაირი შანსი, 2021 წლის  საკანონმდებლო არჩევნები მოეგო“, - ამბობს ჟან-პოლ შანოლო, პარიზის კვლევითი ცენტრის -Institut de Recherche et d'études Métiterranée- ს ხელმძღვანელი „ფრანს 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა, 2021 წელს, პალესტინის ტერიტორიაზე არჩევნები არ ჩატარებულა. 2004 წელს იასირ არაფატის გარდაცვალების შემდეგ, მაჰმუდ აბასი პალესტინის ავტონომიის ერთადერთი პრეზიდენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად 2009 წელს დასრულდა, აბასმა არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადადო და ამის მიზეზად აცხადებდა იმას, რომ ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის არჩევნებში ჩართვაზე უარი თქვა. თუმცა, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აბასის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი დამარცხების თავიდან აცილება იყო. „ისრაელისა და პალესტინის საკმაოდ სანდო გამოკითხვების მიხედვით, ბარღუთს აბასის დამარცხების სერიოზული შანსი ჰქონდა. პალესტინის მოსახლეობაში ავტორიტეტი მას ჯერ კიდევ აქვს“, - ამბობს შანოლო.

პალესტინური გამოკითხვების მიხედვით, ბოლო წლებში ბარღუთი ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული ფიგურა გახდა. ის მნიშვნელოვნად უსწრებს აბასს (რომლის გადადგომასაც გამოკითხულთა 90% ითხოვს) და ჰამასის ლიდერს, ისმაილ ჰანიას. პალესტინური ფრაქციების დიდ დაპირისპირებაში ბარღუთი შუალედურ პოზიციას იკავებს - მას პატივს სცემენ როგორც სეკულარული ნაციონალისტები, ასევე - ისლამისტები, რომელთაგან ბევრთან მან ახლო ურთიერთობა სწორედ ციხეში დაამყარა. „ჰამასიც“ კი, რომელსაც დასავლეთისადმი მეგობრულად განწყობილი წრეები სძულს და ბარღუთი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება, დიდი ხანია მის  გათავისუფლებას ითხოვს.

ბარღუთი მხარს უჭერს მშვიდობიან წინააღმდეგობას, მაგრამ არც უარს ამბობს ძალადობაზე, როგორც ოკუპაციის დასრულების საშუალებაზე. ციხეში ყოფნის პერიოდში ის პალესტინის პოლიტიკაში ცენტრალურ როლს ასრულებს და ისრაელის გვერდით პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მოწოდებას აგრძელებს. თუმცა, ბარღუთის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილებიდან ჩანს, რომ ისრაელთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ის კრიზისის დასრულების შესაძლებლობად აღარ მიიჩნევს. 2015 წელს, Guardian-ის სვეტში მან დაწერა: „რეალური პრობლემა არის ის, რომ ისრაელმა მშვიდობას ოკუპაცია ამჯობინა და თავისი კოლონიური პროექტის განხორციელებისთვის მოლაპარაკებები კვამლის ფარდად გამოიყენა. მსოფლიოს ყველა მთავრობამ იცის ეს მარტივი ფაქტი და მაინც, ყველა ისეთ პოზას იღებს, თითქოს წარსულის წარუმატებელ რეცეპტებთან დაბრუნებამ შეიძლება თავისუფლებასა და მშვიდობამდე მიგვიყვანოს “. 

დატოვებს თუ არა საპატიმროს ბარღუთი?

თავად ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მოთხოვნებს, რომლებიც  დიდი რაოდენობით პალესტინელის გათავისუფლებას გულისხმობს, „ბოდვა“ უწოდა. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორისა და პოლიტოლოგის და ისრაელის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრის, მეირ მასრის თქმით, რთული წარმოსადგენია, რომ ისრაელის მთავრობამ გაათავისუფლოს ბარღუთი „ისტორიული პრეცედენტების გამო“, რაც გულისხმობს შეთანხმებას, რომლის შედეგადაც სინვარი გაათავისუფლეს. „ისრაელს ყველა მიზეზი აქვს, რომ ის ციხეში ჰყავდეს“, - განუცხადა „ალ-ჯაზირას“ ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა ხალედ ელგინდიმ. ”ეს არის ძველი კოლონიური სტრატეგია - გათიშე და იბატონე! ნეთანიაჰუ ძალიან არის დაინტერესებული, რომ დასავლეთ სანაპირო ღაზას დააშოროს და აბასი, მთელი თავისი ნაკლოვანებით, ადგილზე დარჩეს”, - დასძენს ის. 

ითვლება, რომ ბარღუთი, რომელიც ჯერ კიდევ „ფათჰის“ ცენტრალური კომიტეტის წევრია, პალესტინის სხვადასხვა ფრაქციის გაერთიანების შესაძლებლობის რწმენას ინარჩუნებს. თუმცა, „ფათჰი“ - „ჰამასის“ განხეთქილების შემდეგ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა, ეს არც ისრაელისთვის არის კარგი ამბავი. პალესტინის გაერთიანებულ ფრონტთან ურთიერთობის პოტენციურ სირთულეებს ბარღუთის რეპუტაცია ემატება. „ბარღუთის გათავისუფლება მოითხოვს გარკვეულ პრაგმატიზმს, რომელიც არც ნეთანიაჰუს მემარჯვენე კაბინეტს აქვს და არც - თავად ნეთანიაჰუს“, - აცხადებს ელგინდი. ”როგორც ჩვენ ვხედავთ, თავიანთი ელექტორატის ძირითად ინსტინქტებზე აპელირების გარდა, მათ არაფერი აინტერესებთ“, - დასძენს ის. 

ექსპერტთა ნაწილის აზრით, ისრაელს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ ბარღუთი გაათავისუფლოს. გარდა ამისა, მათი აზრით, იმის შანსი, რომ ომის დასრულების შემდეგ ის შეიძლება ლიდერი გახდეს, მცირეა. ისრაელი არ დაეთანხმა „ჰამასის“ მოწოდებას ტყვეების გაცვლის შესახებ და მძევლების უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. „მსგავსი გაცვლები ძალიან იშვიათად ხდება და ყველაფერი შეიძლება წუთიდან წუთამდე შეიცვალოს. თუ გაათავისუფლეს, დიახ, მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება, მაგრამ ამჟამინდელ ქაოსში მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ“, - ამბობს შანოლო. ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ფრანგი ექსპერტის, ფრედერიკ ენსელის თქმით, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ბარღუთი დასთანხმდება „აიღოს მთავარი პასუხისმგებლობა პალესტინის ხელისუფლების სათავეში და კერძოდ, ღაზაში“. 

სხვა თემები