21 მარტი 2024 - 15:03

მართალია თუ არა, რომ გერმანიაში უკრაინის ომის გაყინვის სურვილი იზრდება?

ფოტო: Jesco Denzel/dpa/picture alliance

გერმანელი სოციალ-დემოკრატები პაციფისტური ლოზუნგებით საარჩევნო ქულების მოპოვებას ცდილობენ, - ასეთია ექსპერტების შეფასება. მათი აზრით, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ „პუტინმა ევროპაში თავისუფლება არ გაყინოს“. 

რა ხდება? 

გერმანიაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ დისკუსიის ტონი იცვლება. სწორედ ამაზე მიუთითებს გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული კომენტარები და უკრაინაში კონფლიქტის „გაყინვის“ მოწოდება. მსგავსი შინაარსის განცხადება ბოლო ხანებში უკვე ორჯერ გააკეთა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ როლფ მიუტცენიხმა. ექსპერტებს აინტერესებთ, ხდება თუ არა ეს ახალი პათოსი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და მისი პარტიის საარჩევნო ტაქტიკა. სავარაუდოდ, პაციფისტური ლოზუნგებით ამომრჩეველთა გულის მოგება გამიზნულია 9 ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის და ეს განსაკუთრებით, გათვლილია აღმოსავლეთ გერმანიის ელექტორატზე, სადაც შემოდგომაზე, ერთდროულად, რეგიონული საპარლამენტო არჩევნები სამ მიწაზე გაიმართება. რას წერს გერმანული მედია ამ თემაზე, Deutsche Welle-მ შეისწავლა. 

FAZ: "პირდაპირ თქვით, რომ დანებების დროა!"

კონსერვატიული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ) აქვეყნებს სტატიას სათაურით "მაშინ პირდაპირ თქვით!" აღნიშნულ პუბლიკაციაში საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში განწყობის ცვლილება შემდეგნაირად არის აღწერილი. „ჩნდება ცუდი განცდა, უფრო სწორად კი, წინათგრძნობა, რომელსაც აძლიერებს ინდივიდუალური შენიშვნები, მიმიკური მინიშნებები ან დაბალი ხმით ნათქვამი შეფასებები: ხომ არ კარგავს გერმანია ამ მომენტში რწმენას უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობის მიმართ? არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც „რუსებისა“ და მათი სასტიკი ძალისადმი პატივისცემა, როგორც ჩანს, განსაკუთრებით დიდია, არამედ გერმანიის დასავლეთ ტერიტორიებზე სულ უფრო ხშირად ისმის გამაფრთხილებელი მოწოდებები სიტუაციის „რეალისტური“ შეფასების შესახებ. აღნიშნული მოსაზრებების მიხედვით, თითქოს ორწლიანი ომის შემდეგ, საჭიროა ახალი იმპულსები და ახალი მცდელობები მშვიდობის მისაღწევად“, - წერს FAZ-ი.

”როგორც ჩანს, - განაგრძობს გამოცემა, - პაპის ბოლო განცხადებას, რომ თეთრი დროშის აღმართვა ზოგჯერ შეიძლება ნამდვილი წინდახედულობის მანიშნებელი იყოს, ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი იზიარებს. თუმცა ისინი ამაზე ღიად არ საუბრობენ“. სწორედ ამიტომ, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ჟურნალისტი მოუწოდებს გერმანელ პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ ისეთი გამონათქვამების გამოყენება, როგორიცაა „გაყინვა“ და „მოლაპარაკება“ ან „რუსეთისადმი სხვანაირი მიდგომა“. სტატიის ავტორის აზრით, უმჯობესია გულწრფელობა: „მაშინ პირდაპირ თქვით: არა "გაყინვა", არამედ - "დანებება". 

გაზეთი Die Welt-ი კომპრომისულ განწყობას ქმნის

FAZ-ის მიერ აღწერილი სენტიმენტების მაგალითია სტატია სახელწოდებით „კომპრომისის დღეც მოვა“, რომელიც სხვა კონსერვატიულ გაზეთში, Die Welt-ში გამოქვეყნდა. მისი ავტორია გამოცემის მთავარი კომენტატორი ჟაკ შუსტერი, რაც პუბლიკაციას დამატებით წონას ანიჭებს. „მოსკოვმა დაიწყო ეს ომი იმ რწმენით, რომ უკრაინას რამდენიმე დღეში დაიპყრობდა. უკრაინელების სიმტკიცის წყალობითა და დასავლური იარაღის მიწოდების სისტემით, მსგავსი არაფერი მომხდარა. უკრაინის სამხედრო აღჭურვისთვის დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მომავალშიც, რათა „რაც შეიძლება მეტი დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება მოხერხდეს“. ”თუმცა რუსეთის უპირატესობის გათვალისწინებით, - განაგრძობს Die Welt-ის კომენტატორი - მხოლოდ მეოცნებეებს სჯერათ სერიოზულად, რომ კიევი ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს სიტუაციას, როდესაც რუსებისგან ყირიმის გათავისუფლებას მაინც მოახერხებს. მოგვწონს ეს თუ არა: დადგება დღე, როცა კომპრომისი მიიღწევა. აღნიშნული კომპრომისი კი დათმობებს გამოიწვევს და იმედია, ეს ორივე მხარეს შეეხება“. 

სოციალ-დემოკრატებს წინასაარჩევნო ქულების დაგროვება  სურთ

სოციალ-დემოკრატიული პარტიის გავლენიანი ფიგურის, როლფ მიუტცენიხის დაჟინებული განცხადებები მიუნხენის რეგიონული გამოცემა Merkur-ისთვის შემდეგ კითხვებს აჩენს: „ასახავს თუ არა ეს პოზიცია შოლცის ახალ კურსს, მათ შორის, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით? იზიარებს თუ არა მიუტცენიხი პაპის პოზიციას, რომელმაც დაიწყო საუბარი „თეთრ დროშაზე“ და არის თუ არა ის ფოკუსირებული იმ გერმანელ ამომრჩეველზე, რომელიც უკრაინისთვის TAURUS-ის რაკეტების მიწოდებას სკეპტიკურად უყურებს?“.

საინფორმაციო არხ n-tv -ს კომენტატორიც თვლის, რომ როლფ მიუტცენიხის განცხადება ომის „გაყინვის“ შესახებ, რომელიც ბუნდესტაგში, გერმანული Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ მომავალი კენჭისყრის ფონზე გაკეთდა, ასახავს არა მხოლოდ მის პირად აზრს, არამედ მისი თანაპარტიელის - ოლაფ შოლცის ავტორიტეტისა და მთელი SPD-ს საარჩევნო პოზიციების განმტკიცებისკენ არის მიმართული. ”ომის გასული ორი წლის განმავლობაში, შოლცი ცდილობდა, შეექმნა იმ ადამიანის იმიჯი, რომელიც გერმანელი ხალხისთვის უსიამოვნების თავიდან აცილებას ცდილობს. კანცლერის ოფისში ამომრჩეველთა მადლიერების იმედი აქვთ“,- ამბობს ჟურნალისტი. 

თუმცა კომენტატორის აზრით, არ შეიძლება არ შევამჩნიოთ აშკარა წინააღმდეგობა ზოგიერთი გამოჩენილი სოციალ-დემოკრატის მიერ ომის „გაყინვის“ იდეის მხარდაჭერასა და გერმანიის მთავრობის რეალურ ქმედებებს შორის, რომელიც სწორედ მოცემულ ეტაპზე უკრაინას დახმარებას უზრდის. „საკუთარი ქმედებებისგან მუდმივი დისტანცირება აშკარად აჩვენებს, რომ SPD-ს არ აქვს საკუთარი გეგმა და მკაფიო პოლიტიკური კურსი, რაც სულ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ პარტიას მომავალ არჩევნებზე ქულების მოპოვება სწორედ უკრაინის ხარჯზე სურს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამით სოციალ-დემოკრატები რადიკალური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) და ვაგენკნეხტის პოზიციებს ამყარებს. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც გერმანიის კანცლერი უკრაინის ფართო ევროპული მხარდაჭერისთვის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე - ოდესმე", - აღნიშნავს n-tv-ს ჟურნალისტი და იხსენებს პრორუსი, მემარჯვენე პოპულისტების კურსს AfD-დან და მემარცხენე პოპულისტების მოსაზრებებს "სარა ვაგენკნეხტის კავშირიდან" (BSW).

"იაფი პოპულიზმის" მკაცრი კრიტიკა

„უკრაინის ომის უბრალოდ გაყინვა არ შეიძლება, როგორც ამას SPD-ს ფრაქციის ხელმძღვანელი როლფ მიუტცენიხი გვთავაზობს, მითუმეტეს, აგრესორ პუტინის სასარგებლოდ“, - წერს გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის რეგიონული გაზეთი Stuttgarter Zeitung-ი. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ სოციალ-დემოკრატები ამ გზით ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ სარა ვაგენკნეხტისა და „მისი მემარჯვენე რადიკალი კონკურენტების“ „იაფ პოპულიზმს“. გამოცემის აზრით, ასეთ ძალისხმევაში გასაკიცხი არაფერია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში ომის „გაყინვაზე“ აპელირებით. "მშვიდობის წყურვილი სუფევს არა მხოლოდ SPD-ში, არამედ - აღმოსავლეთ გერმანიასა და პოლიტიკური სპექტრის კულუარებშიც. რა თქმა უნდა, უკრაინელები უკვე ორი წელია ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ დაასრულონ ეს ომი. თუმცა უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა საბოლოოდ არ გაყინოს თავისუფლება ევროპაში“, - ხაზს უსვამს Stuttgarter Zeitung-ი. 

სხვა თემები