04 აპრილი 2024 - 23:28

ლუდოვიკო ეინაუდი - თანამედროვეობის ყველაზე თვითმყოფადი კომპოზიტორი

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპოზიტორის ლუდოვიკო ეინაუდის შემოქმედება, რომელიც სხვადასხვა ეპოქის მუსიკალური კულტურის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და ეთნიკურ-ფოლკლორული მოტივების, კლასიკური და პოპულარული მუსიკის სინთეზით იქმნება, ყოველთვის განსაკუთრებული ჟღერადობით, იშვიათი ემოციურობითა და ექსპრესიით გამოირჩევა. მეტიც, იტალიელი კომპოზიტორი, რომელმაც საკულტო ფილმების „ხელშეუხებლების“, „მამის“ და „მომთაბარეთა მიწის“ მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა, ნეოკლასიციზმის ერთადერთი წარმომადგენელია, ვისი ალბომი Elements, გამოსვლისთანავე მოხვდა ბრიტანული ჩარტის საუკეთესო ოცეულში.  

მუსიკა - ბავშვობის სიყვარული

ნიჭიერი კომპოზიტორი კლასიკური მუსიკის მექაში - ალფრედო კაზელის, ლოდოვიკო როკასა და ალბერტო ფრანკეტის მშობლიურ ტურინში დაიბადა 1955 წლის 23 ნოემბერს. მუსიკა მომავალმა კომპოზიტორმა ადრეული ბავშვობიდან შეიყვარა დედის წყალობით, რომელიც მცირეწლოვანი ლუდოვიკოსთვის ძილის წინ უკრავდა ფორტეპიანოზე ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. არ ჩამორჩა დონა ელენას არც მეუღლე, ჯულიო ეინაუდი, რომელსაც საკუთარი გამომცემლობა ჰქონდა და არა მხოლოდ იტალიელების ლიტერატურულ გემოვნებაზე ზრუნავდა, არამედ შვილსაც მუდმივად ამარაგებდა მსოფლიო შედევრებით, ბაბუა, ლუიჯი ეინაუდი კი, რომელიც მეტად გავლენიან ეკონომისტად და პოლიტიკოსად ითვლებოდა, შვილიშვილს ისტორიას და გეოგრაფიას ასწავლიდა. სხვათა შორის, 1948 წელს პარლამენტის გადაწყვეტილებით უფროსი ეინაუდი იტალიის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი გახდა და კოლეგების პატივისცემასთან ერთად იტალიელების სიყვარულიც დაიმსახურა.

პრივილეგირებულ ოჯახში გაზრდილ ლუდოვიკოს, ნაცნობები წარმატებული ბიზნესმენის ან პოლიტიკოსის კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან მაინც მუსიკა აირჩია, დრო არ დაკარგა და ადრეული ასაკიდანვე შეუდგა მუზიცირებას, ჯერ აკუსტიკურ გიტარასა და ფორტეპიანოზე ისწავლა დაკვრა, მერე კი, რამდენიმე მარტივი ნაწარმოები შექმნა.  

თვითმყოფადი სტილი

სკოლის დასრულების შემდეგ ლუდოვიკო მილანში გაემგზავრა და ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიაში ჩააბარა, რომელიც 1982 წელს დაასრულა. მართალია, თავიდან ეინაუდი, ნაკლებად ფიქრობდა პიანისტის კარიერაზე, რადგან მუსიკის შესწავლის და ახალი ნაწარმოებების შექმნის პროცესი უფრო მოსწონდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ამგვარი შეზღუდვით მხოლოდ თვითონ იზარალებდა, რადგან ვერასდროს იგემებდა იმ სიამოვნებას, რომელიც საკუთარი შემოქმედების პუბლიკისთვის გაზიარებას და საავტორო შესრულებას მოჰქონდა.  

ძალიან გაუმართლა ეინაუდის, როცა ლუჩანო ბერიო - მე-20 საუკუნის იტალიური საკომპოზიციო სკოლის უმსხვილესი წარმომადგენელი გაიცნო, რომელმაც მოგვიანებით მის რამდენიმე საორკესტრო ნაწარმოების საპრემიერო შესრულებას უდირიჟორა. სწორედ ბერიომ ურჩია ახალბედა კომპოზიტორს თვალსაწიერის, მუსიკალური საზღვრების გაფართოება და კლასიკური ნაწარმოებების გააზრებით თამამი ექსპერიმენტების ჩატარება. ლუდოვიკომ გაითვალისწინა პედაგოგის რჩევა, თუმცა მთელი 10 წელი დასჭირდა საკუთარი სტილის მოსაძიებლად, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ 31 წლის ასაკში ჩამოაყალიბა. ეინაუდიმ კომპლექსური სტრუქტურის თანამედროვე მუსიკა, ავანგარდული ჟღერადობა გააერთიანა და სრულიად ახალი მუსიკალური ენა შექმნა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას.  

კინომუსიკა

კინომუსიკით კომპოზიტორი 1980-იან წლებში დაინტერესდა, როცა საკუთარ უნიკალურ სტილში გააფორმა მიკელე სორდილიოს და დომინიკ ტამბასკოს ფილმები და Grolla d’Oro-ს პრესტიჟული მუსიკალური პრემიაც დაიმსახურა, თუმცა მსოფლიო აღიარება ბევრად გვიან, მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა, როცა მინისერიალის „დოქტორ ჟივაგოს“ საუნდთრეკი შექმნა. 

მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა ეინაუდისთვის 2010-იანი წლები, რადგან კომპოზიტორმა ერთდროულად რამდენიმე კინოჰიტზე იმუშავა - დარენ არონოფსკის „ასტრალის“, რასელ ქროუს „წყლის მაძიებლების“ და კლინტ ისტვუდის „ჯონ ედგარის“ ჩათვლით, თუმცა, ყველაზე წარმატებული მაინც ოლივიე ნაკაშისა და ერიკ ტოლედანოს დრამა „ხელშეუხებელნი“ გამოდგა, რომლის საუნდთრეკი ნამდვილ შედევრად და კომპოზიტორის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

სხვა თემები