დაბნელების დერეფანი: კარმული ვალების გასტუმრების პერიოდი

ასტროლოგებისა და ეზოთერიკოსების მტკიცებით, წლევანდელი წელი ორმაგად რთულია, რადგან ნაკიან წელს გაზაფხულისა და შემოდგომის დაბნელების დერეფნებიც ემატება, რომლებიც წელს კარმული, ამიტომ განსაკუთრებით მძიმე იქნება, რადგან ყველას მოუწევს ბედისწერასთან ანგარიშის გასწორება.
ნაკლებად სანუგეშო პროგნოზის მიუხედავად, მაინც არ ღირს გულის გატეხა, რადგან ძველ ვალდებულებებთან ერთად დაბნელების დერეფანი ახალ შესაძლებლობებსაც მრავლად მოიტანს, მთავარი სიმტკიცის შენარჩუნება და სწორი არჩევანის გაკეთებაა, მით უფრო, რომ პერიოდი ორ დაბნელებას შორის - საუკეთესო დროა ბედის პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის, ცვლილებების განხორციელებისა და ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლისთვის.
დაბნელების დერეფნის ნეგატიური გავლენა
დაბნელების დერეფანი - ასტროლოგიური პერიოდია მთვარისა და მზის დაბნელებას შორის. გაზაფხულის დერეფანი 25 მარტს, სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, მთვარის თითქმის 4-საათიანი დაბნელებით გაიხსნა და 8 აპრილს, მზის დაბნელებით დაიხურება, რომელიც მხოლოდ 4 წუთს გაგრძელდება ვერძის ნიშანში.
აღსანიშნავია, რომ მთვარის დაბნელება მეტწილად ქალბატონებზე, მათ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, მაშინ, როცა მამაკაცების განწყობასა და საერთო მდგომარეობას მზე განსაზღვრავს. თუმცა, სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა ყველას ერთნაირად მართებს, მით უფრო, რომ ნეგატიური გავლენა მთვარის დაბნელებამდე ორი-სამი დღით ადრე იწყება და მზის დაბნელების შემდეგაც რამდენიმე დღით ნარჩუნდება.
მართალია, დაბნელებების პერიოდში ადამიანებს მეტწილად ემოციები, უმიზეზო შიშის და განგაშის გრძნობა უჩნდებათ, იმპულსურად მოქმედებენ და ყველა წვრილმანზე ღიზიანდებიან, რაც ხშირად კონფლიქტის და გაუგებრობის მიზეზი ხდება, მაგრამ ზოგიერთი პირიქით, ციური მნათობების დაბნელებისას აპათიას და დეპრესიას, ემოციურ და ფიზიკურ გამოფიტვას განიცდის, ყველაფრისგან გაქცევის და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი უჩნდება.
დაბნელების პერიოდში მთვარე პლანეტა კეტუსთან „შეკრავს ალიანსს“, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, რაც სულიერ ზრდას აფერხებს და არც თავად ადამიანს ინდობს, რომელსაც ფიზიკური და სულიერი ტკივილის განცდას, გარისკვას, ნაკლებად სასიამოვნო გადაწყვეტილების მიღებასა და არჩევანის გაკეთებას აიძულებს, რათა ერთგვარი განწმენდისა და კათარსისის გზით გადავიდეს სულიერი განვითარების ახალ ეტაპზე.
გამბედაობის გამოჩენა და პარტნიორთან სამუდამოდ დამშვიდობება მოუწევთ მათ, ვისი ურთიერთობაც კონფლიქტებით, მუდმივი ეჭვიანობითა და ბრალდებით, ჯინითა და უკმაყოფილებითაა დამძიმებული, თუმცა, ძალიან გაუმართლებთ მათ, ვინც დიდი ხანია ცდილობს პარტნიორის მოხიბვლასა და მისი გულის მოგებას.
მართალია, მზის დაბნელება ადამიანებს ვერძისთვის ჩვეულ შეუპოვრობას შემატებს და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების სურვილს გაუჩენს, მაგრამ ბევრის ქცევა არაადეკვატური და გაუაზრებელი, სპონტანური და ემოციური იქნება.
ასტროლოგების მტკიცებით, მთვარის დაბნელებას სხვებზე მეტად ვერძისა და სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშები, განსაკუთრებით მარტისა და სექტემბრის, ივნისისა და დეკემბრის მეორე ნახევარში დაბადებულები იგრძნობენ, მზე კი, ყველაზე მეტად იანვრის, აპრილის, ივლისისა და ოქტომბრის პირველ ნახევარში დაბადებულებს დაამახსოვრებს თავს.
რისი გაკეთება არ შეიძლება დაბნელების დერეფანში
განსაკუთრებით რთული დაბნელების დერეფანში 25 მარტი, 2 და 8 აპრილი იქნება, როცა ბევრს გაუჭირდება ემოციებს მორევა და ადეკვატურად მოქმედება, მით უფრო, რომ ამავე პერიოდში მოუწევს კარმული ვალების გასტუმრება, პარტნიორული ურთიერთობის გადახედვა და ან სამუდამოდ დასრულება ან რადიკალურად შეცვლა და ახლებურად გაგრძელება.
მოემზადეთ, რადგან სწორედ ახლა შეგახსენებენ თავს ძველი ვალები, შეცდომები და დაუსრულებელი საქმეები, რომელთაც ვეღარ გადადებთ და ყველაფრის ერთდროულად შესრულება-გამოსწორება მოგიწევთ. არაა გამორიცხული განმეორდეს ის მოვლენებიც, რომლებიც არასწორად წარმართეთ, ეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები, თუმცა არ ღირს საქმის მოგვარება თაღლითობით და სიცრუის თქმით.
მოერიდეთ ხალხმრავლობას, ხმაურიან წვეულებებს და ალკოჰოლის ჭარბად მიღებას, რადგან ერთი-ორად მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა, თავი შეიკავეთ კამათსა და დისკუსიაში ჩაბმისგან, ნუ დააგროვებთ წყენას და ბრაზს, უმჯობესია ისწავლოთ პატიება, რითაც თვითონაც იხეირებთ.
არ ღირს დაბნელებების პერიოდში კრედიტის აღებაა, ფულის სესხება და ვალად გაცემა, კაპიტალის დაბანდება და მსხვილი საყიდლების სპონტანურად გაკეთება, ძველ საქმეზე ხელაღებით უარის თქმა და ახალი სამსახურის მოძიება. არ გაანაწყენოთ ბედისწერა, არ სცადოთ საკუთარი პრობლემების და პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება, რადგან ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ პრობლემებთან პირისპირ შეხვედრა.
რისი გაკეთება შეიძლება დაბნელების დერეფანში
რთული პერიოდის ნაკლები დანაკარგით გასავლელად მაქსიმალურად „მოიმარაგეთ“ პოზიტივი, გაუფრთხილდით ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს, იმოქმედეთ მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით და არ სცადოთ საკუთარი სურვილების სხვის ხარჯზე ასრულება, რადგან სწორედ ამ პერიოდის მონაგარი განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას რამდენიმე წლის მანძილზე.
გაითვალისწინეთ, რომ დაბნელების დერეფანში ხშირად ბრუნდებიან ადამიანები წარსულიდან, რაც მათთან დაშვებულ შეცდომებსა და გამოსწორების აუცილებლობაზე მიანიშნებს. ეცადეთ ყველა კონფლიქტი მშვიდად, ზედმეტი ბრალდების და ანგარიშსწორების გარეშე გაარკვიოთ, რათა თქვენსავე შეცდომებთან ერთად არ „გაიჭედოთ“ დერეფანში.
მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, გადახედეთ ძილისა და კვების რეჟიმს. აუცილებლად ჩაატარეთ იმ გარემოსა და ადამიანების „რევიზია“, სადაც დღის დიდ ნაწილს ატარებთ, ეცადეთ ორი კვირის მანძილზე მხოლოდ სანდო და საიმედო, პოზიტიურ და თქვენს მიმართ კეთილად განწყობილ ადამიანებთან დაიჭიროთ საქმე. ხშირად იფიქრეთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გსურთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველა სურვილი და გადაწყვეტილება კარგად გააზრებული და მოფიქრებული უნდა იყოს, რადგან ასტროლოგების მტკიცებით, სწორედ დაბნელების პერიოდში ჩაფიქრებული სრულდება ყველაზე სწრაფად.