25 მაისი 2024 - 10:32

ნიშნავს თუ არა მცენარეული საკვები ჯანსაღი კვების რეჟიმს?

ფოტო: shutterstock.com

გერმანიის კვების საზოგადოებამ (DGE) ჯანსაღი და დაბალანსებული კვების შესახებ თავისი რეკომენდაციები განაახლა: ნაკლები ხორცი, მეტი ბოსტნეული, ხილი და პარკოსნები. ეს კარგია როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის, ისე ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში გარემოსდაცვითი ასპექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ მწვავე დებატები და კრიტიკა სწორედ ამან გამოიწვია. ოპოზიციის, უფრო სწორად კი, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლები „მწვანე“ სურსათის მინისტრს, ჯემ ოზდემირს კვლევის ინსტრუმენტალიზაციაში ადანაშუალებენ. მათი აზრით, უწყების ხელმძღვანელმა კვების პროგრამა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს მოარგო. შესაბამისად, გარემოზე ზრუნვა ახალ რეკომენდაციებში თითქმის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ადამიანების ჯანმრთელობა. გერმანიის პრევენციული მედიცინის აკადემია (DAPM), სხვა საკითხებთან ერთად, მცენარეული პროდუქტებისთვის სასარგებლო თვისებების ავტომატურად მინიჭებასა და ცხოველური პროდუქტების მხოლოდ მავნე თვისებებზე აპელირებას არასწორად მიიჩნევს. 

არის თუ არა მცენარეული საკვები სწორი კვების საფუძველი?

"ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად დროულია რეკომენდაციებში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და მდგრადობის ასპექტების ჩართვა, რადგან კვებაზე რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში, ეს რეკომენდაციები ჯანმრთელობის ასპექტებს  ემთხვევა", - განუცხადა DW-ს დიეტოლოგთა ფედერალური ასოციაციის ხელმძღვანელმა უტა კიოპკემ. მისი თქმით, DGE-ის რეკომენდაციები გამოიყენება როგორც საფუძველი დიეტოლოგებისთვის, რათა მათ 65 წლამდე ასაკის ჯანმრთელ  ადამიანებთან იმუშაონ.

ამავე დროს, კიოპკე აღნიშნავს, რომ გერმანიაში კვების რეალური მდგომარეობა DGE-ის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციებისგან შორს დგას. "ადამიანები დიდი რაოდენობით გადამუშავებულ საკვებს მიირთმევენ. მათ არ აქვთ ინტერესი, საჭირო დრო ან კულინარიული გამოცდილება, რომ ეს რეკომენდაციები ყოველდღიურად დაიცვან", - ამბობს ის. კიოპკეს განმარტებით, სწორედ ამიტომ არის განათლება და კონსულტაცია ამდენად მნიშვნელოვანი. კრიტიკას არ იზიარებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკის დიეტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელიც. "ჯანსაღი კვების რაციონი და მცენარეული დიეტა მჭიდროდ არის დაკავშირებული. მცენარეული დიეტა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა", - ხაზს უსვამს ჰანს ჰაუნერი. თუმცა, რა თქმა უნდა, მცენარეულ პროდუქტებს შორის მავნეც გვხვდება. მაგალითად, ასეთია პალმის ზეთი. ახალ რეკომენდაციებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ DGE ამ პროდუქტის შესახებ თავის სხვა ანგარიშში წერდა. მათემატიკური მოდელი, რომელიც ამ რეკომენდაციებს საფუძვლად დაედო, ითვალისწინებს გერმანელების კვების ამჟამინდელ ჩვევებს, პალმის ზეთი კი გამოიყენება ძირითადად ინდუსტრიაში და არა - ყოველდღიურ ცხოვრებაში, - განმარტავს პროფესორი. 

რა პრობლემა აქვს მარცვლეულს? პასუხობენ დიეტოლოგები

მწვავე კრიტიკა გამოიწვია მარცვლეულის რეკომენდებულმა რაოდენობამაც. DGE დღეში 300 გრამის მიღებას გვირჩევს. გერმანიის პრევენციული მედიცინის აკადემიაში აცხადებენ, რომ ასეთი პორცია უტოლდება 45 ჩაის კოვზ შაქარს და ამან შეიძლება ჭარბი წონის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებს დიდი პრობლემები შეუქმნას. თუმცა, DGE აზუსტებს, რომ ეს რეკომენდაციები გაცემულია 18-დან 65 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომლებიც ჭამენ როგორც მცენარეულ საკვებს, ასევე - ხორცს. მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები კი მომავალში გამოქვეყნდება. 

"კალორიების სამი მეოთხედი მცენარეულ საკვებზე უნდა მოდიოდეს. მარცვლეული კი გერმანული კვების კულტურის ნაწილია: გერმანელები კალორიების 20%-ს პურის სახით იღებენ", - ამბობს ჰანს ჰაუნერი. ამასთანავე, გლუტენის აუტანლობა გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს აქვს. „ვისაც ეს პრობლემა აქვს, შეუძლია მიირთვას ბრინჯი, სიმინდი ან მარცვლეულის ისეთი კულტურები, როგორიცაა წიწიბურა ან ქინოა“, - გვირჩევს პროფესორი. ის, სხვა საკითხებთან ერთად, დიეტასთან დაკავშირებულ ქრონიკულ დაავადებებს სწავლობს და დიეტოლოგიაში ახალ კონცეფციებს ავითარებს. 

კრიტიკის საპასუხოდ ის ხაზს უსვამს, რომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ნახშირწყლების ხარისხი და მარცვალი მთლიანი უნდა იყოს. "ცეხვილი ფქვილი შეიცავს უამრავ ბოჭკოს, რაც ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე - მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია და ვიტამინები. ბოლო ორი მათგანი წვრილად დაფქვის დროს იკარგება. გარდა ამისა, ის არ ამაღლებს სისხლში შაქრის დონეს ასე სწრაფად", - ამბობს მიუნხენელი მეცნიერი. ის დარწმუნებულია, რომ ჭარბი წონის მქონე და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებსაც კი შეუძლიათ ასეთი პროდუქტების ჭამა.

მართალია თუ არა, რომ კვირაში მხოლოდ 1 კვერცხის ჭამაა დასაშვები?

ერთადერთი, რასაც პროფესორი ჰაუნერი ახალ რეკომენდაციებში არ ეთანხმება, არის ის, რომ DGE კვირაში მხოლოდ 1 კვერცხით შემოფარგვლას გვირჩევს. ეს შეზღუდვა ძალიან მკაცრად ხომ არ ჟღერს? "უხერხული ფორმულირებაა. საქმე იმაშია, რომ კვერცხის ეკოლოგიური ბალანსი უფრო ცუდია, ვიდრე - მცენარეული ცილის", - ამბობს მეცნიერი, რომელიც DGE-ს თავადაც უწევდა კონსულტაციას. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი სამეცნიერო მონაცემები კვერცხის სარგებელსა თუ მავნებლობაზე, ორაზროვანია. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ კვერცხს არაფერი აქვს საერთო ჯანმრთელობასთან. სხვა მონაცემებით კი, მისი მიღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს. "კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს და ამან შეიძლება ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის დონე გაზარდოს. თუმცა, თუ ვინმე იტყვის, რომ კვირაში 3 კვერცხს ჭამს, ეს დასაშვებია. აღნიშნული რეკომენდაციები ხომ მხოლოდ სახელმძღვანელოა. ისინი გამოქვეყნებულია იმისთვის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, თუ რისი შეცვლა შეუძლიათ ეკომეგობრულობის მიმართულებით“,- ასკვნის მეცნიერი. 

ზოგადად, კვების რეჟიმი დიდ როლს ასრულებს თანამედროვე დაავადებების, მათ შორის, სიმსუქნის განვითარებაში, - ხაზს უსვამს მიუნხენის დიეტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მისი თქმით, „მზარდი მტკიცებულებების წყალობით, ცნობილია, რომ გულის შეტევების 40-დან 50%-მდე სწორედ არასწორი კვებით აიხსნება. დიეტის დაცვით, შეგვიძლია ჩვენი სიცოცხლე 10 წლით გავიხანგრძლივოთ“. კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, სიმსუქნისა და რამდენიმე სახის კიბოს პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. მაგალითად, ასეთია მსხვილი ნაწლავის კიბო. „პოტენციალი უზარმაზარია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კვება ყველა დაავადებისა და სიკვდილიანობის 20-30%-ზეა პასუხისმგებელი“, - ასკვნის მეცნიერ-დიეტოლოგი. 

სხვა თემები