17 მაისი 2024 - 09:00

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კლიმატის ცვლილების მიმართულებით, ევროპამ ყველა ანტი-რეკორდი სრულად მოხსნა. რა ხდება?

2023 წელს ევროპაში ტყის ხანძრების, წყალდიდობებისა და ცხელი დღეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ნათქვამია გლობალური კლიმატის ცვლილების შესახებ მომზადებულ ანგარიშში, რომლის ძირითადი ასპექტებიც Deutsche Welle-მ შეისწავლა. 

რა ხდება?

კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგები სულ უფრო აშკარაა ყველგან და ამ მხრივ, არც ევროპაა გამონაკლისი. ეს კიდევ უფრო ნათელი გახადა ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის - Copernicus Climate Change Service (C3S)-ისა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ მომზადებულ უახლეს ანგარიშში მოცემულმა მონაცემებმა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ, ევროპაში 2023 წელს ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა, ხოლო 2007 წლიდან ანალოგიური ათეულის სათავეში მოექცა. 

შესაბამისად, 2023 წელს ყველა ანტირეკორდი სრულად მოიხსნა. კერძოდ, 1991 წლის შემდეგ, 2020 წელთან ერთად, ეს იყო ყველაზე ცხელი წელი ევროპაში. ზოგადად, გასული წელი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების თვალსაზრისით, ევროპისთვის ძალიან რთული იყო და სხვადასხვა დონეზე სერიოზული პრობლემების არსებობა დადასტურდა, -  ამბობს C3S-ის დირექტორი კარლო ბუონტემპო კლიმატის მონიტორინგის შედეგების შეჯამებისას. „2023 წელს ევროპამ განიცადა ტყის ყველაზე დიდი მასშტაბის ხანძრები, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, ამასთანავე - საშინელი წყალდიდობები, არანორმალური სიცხის პერიოდები სანაპირო ზონაში, თუმცა ასევე - ყველაზე მეტი ნალექი“, - განაცხადა ბუონტემპომ.

წყალდიდობების შედეგად მიყენებულმა ზარალმა თითქმის 11 მილიარდი ევრო შეადგინა

საერთო ჯამში, 2023 წელს ევროპაში ჩვეულებრივზე თითქმის 7%-ით მეტი ნალექი დაფიქსირდა. მდინარეების მესამედში წყლის დონემ მოიმატა, რამაც წყალდიდობები გამოიწვია. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგად, ევროპაში, დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. ქარიშხლებს 63 ადამიანი ემსხვერპლა, ტყის ხანძრის შედეგად კი 44 ადამიანი დაიღუპა. ექსტრემალური ამინდისა და კლიმატის ცვლილების შედეგად ევროპისთვის მიყენებულმა ზარალმა 13,4 მილიარდ ევროს მიაღწია, ამ თანხის 80%-ზე მეტი წყალდიდობებზე მოდის. "კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისი ჩვენი თაობის ყველაზე დიდი გამოწვევაა. კლიმატის დაცვისთვის საჭირო ხარჯები მაღალია, მაგრამ თუ არაფერი გაკეთდება, ზარალი კიდევ უფრო მეტი იქნება", - ამბობს სელესტე საულო, WMO-ს გენერალური მდივანი. 

ექსტრემალური სიცხე ევროპაში სულ უფრო ხშირდება

მეცნიერთა თქმით, ექსტრემალურ ამინდსა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის შედეგებიც სულ უფრო აქტუალური ხდება. ბოლო 20 წლის განმავლობაში, უკიდურესი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თითქმის 30%-ით გაიზარდა. მთელ ევროპაში წლის განმავლობაში ფიქსირდება სულ უფრო მეტი დღე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა საგანგაშოდ მაღალია. უფრო მეტიც, უკიდურესად ცხელი დღეების რაოდენობით, 2023 წელს ყველა რეკორდი მოიხსნა. მეცნიერები ექსტრემალურ სიცხეს უწოდებენ ჰაერის ტემპერატურას, რომელიც 46 გრადუს ცელსიუსზე მაღალია და ასეთ პირობებში საჭიროა სპეციალური ზომების მიღება, რათა ჯანმრთელობის რისკები თავიდან იყოს აცილებული.

გასული წლის ივლისში სამხრეთ ევროპის ქვეყნების 41%-ში ძლიერი, ძალიან ინტენსიური ან ექსტრემალური სიცხე დაფიქსირდა, რამაც ბევრ ადამიანში ე.წ. „სითბური სტრესი“ გამოიწვია. ეს ტერმინი აღწერს ეფექტს, რომელსაც იძლევა ჰაერის მაღალი ტემპერატურა სხვა ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ჰაერის ტენიანობა, ქარის სიჩქარე, მზის რადიაცია. სითბურმა სტრესმა, რომელსაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში განიცდის, შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს. გარდა ამისა, ის ზრდის სითბური დარტყმის რისკს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, მოხუცებსა და ქრონიკულად დაავადებულ ადამიანებში. იმავდროულად, ანგარიშის ავტორთა აზრით, არანორმალური სიცხის გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე ჯერჯერობით სათანადოდ არ არის არც აღქმული და არც შეფასებული. 

მყინვარების დნობა და ტყის ხანძრები

2023 წელს, გვალვამ ევროპაში მყინვარებიც დააზარალა. ყინულის დნობა, მათ შორის მთის მწვერვალებზე, დაფიქსირდა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეს განსაკუთრებით ძლიერად მოხდა ალპებში. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ზამთარში ძალიან ცოტა თოვლი მოდიოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ალპურმა მყინვარებმა დაკარგეს დარჩენილი მოცულობის დაახლოებით 10%, - ნათქვამია C3S-ის მოხსენებაში. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უკავშირდება სითბო, თოვლი და გვალვა ერთმანეთს არის ის, რომ არასაკმარისი თოვლის საფარის გამო, ალპურ მდინარე პოში წყლის დონე საშუალოზე დაბალი იყო მთელი წლის განმავლობაში. ამის გამო ჩრდილოეთ იტალია წყლის ნაკლებობასა და გვალვას განიცდიდა. 

გარდა ამისა, სიცხე და გვალვა ტყის ხანძრებს იწვევს. 2023 წელს მთელ ევროპაში ტყეები იწვოდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის უნდა ითქვას, რომ ერთი წლის განმავლობაში ლონდონის, პარიზისა და ბერლინის მასშტაბის ტერიტორია დაიწვა. ევროპაში ტყის ყველაზე დიდი ხანძარი საბერძნეთში გაჩნდა. ხანძრის შედეგად განადგურებული რეგიონი საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ტერიტორიას ორჯერ აღემატებოდა. 

გარდა ამისა, ევროპა არის კონტინენტი, რომელიც სხვებზე სწრაფად თბება და აქ ტემპერატურა ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე - გლობალურად. C3S-ის ვიცე-დირექტორის სამანტა ბერჯესის თქმით, ეს, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის კონტინენტის არქტიკასთან სიახლოვეზე არის  დამოკიდებული. იმავე ბერჯესის თქმით, ევროპაში ჰაერის გაუმჯობესებულმა ხარისხმა გამოიწვია ნაკლები მიკროსკოპული ნაწილაკებიც, რომლებიც მზის შუქს ასახავს და ხელს უწყობს გაგრილებას.

და აი, კარგი ამბავიც: მეტი „მწვანე“ ენერგია!

ალტერნატიული წყაროებიდან გამომუშავებული ამ რაოდენობის ელექტროენერგია ევროპაში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა, როგორც ეს 2023 წელს მოხდა. უფრო მეტიც, მისი მთლიანი მოცულობის 43% „მწვანე“ იყო. შედარებისთვის, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 36%-ს მიაღწია. შემოდგომისა და ზამთრის ქარები, ისევე როგორც მდინარის მაღალი დონე, წყლისა და ქარის გამოყენებით მეტი ელექტროენერგიის წარმოების საშუალებას უზრუნველყოფდა. ამრიგად, ზედიზედ მეორე წელია, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებამ წიაღისეული საწვავიდან მიღებულ ენერგიას გადააჭარბა. თუმცა სიხარული ჯერ კიდევ ნაადრევია, რადგან როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, 2023 წელს სათბურის აირების ემისიები კვლავ იზრდება და ეს გლობალურ დათბობაზე პირდაპირ აისახება. 

სამწუხაროდ, ამბობს ბუონტემპო, კლიმატის ცვლილების შედეგები ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში გაქრება. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მომავალში სხვა ანტირეკორდები დამყარდება, სანამ კლიმატი არ დასტაბილურდება, - დასძენს სამანტა ბერჯესი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ამ ზაფხულს ევროპაში ტემპერატურის ახალი რეკორდი მაინც არ დაფიქსირდეს. ეს გამოწვეულია იმით, რომ წელს მთავრდება ელ-ნინიოს ეფექტი (ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა, თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში), რომელიც კლიმატზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.

სხვა თემები